- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]
ქართველ ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა, ეროვნულ გუნდთან ერთად მოლდოვაში ვყოფილიყავით. მავანი ადრე კი გვიკიჟინებდა, ნაკრების გასვლითი თამაშების ადგილზე ცქერა გეზარებათო, მაგრამ სულო ცოდვილო, ვინ ოხერი იტყვის უარს იმ დიდ ბედნიერებაზე, რასაც, თუნდაც, შენი ქვეყნის ჰიმნის უცხოეთში მოსმენა ჰქვია...
კიშინიოვურ შთაბეჭდილებებს ორ ნაწილად
რატომ ამხელა განსხვავება?
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს, ეს პირველად არ მომხდარა - ეროვნულმა გუნდმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, სლოვაკ დამრიგებელს კი უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს მოუხდა მის მიერ შეხვედრის წინ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.რა თქმა უნდა, ძირითადი შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ გავრისკავთ და ვიტყვით - მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ 5 (!) ნომინალური მცველით თამაში და ორი გამოკვეთილი ჩამშლელის დაყენება ვერ იყო მთლად სწორი ნაბიჯი.
ვაისის ჩანაფიქრი გულისხმობდა - ასაკოვანი მოლდოვა პირველ ტაიმში უნდა დაგვეღალა და მერე გაგვეტეხა. მეორე ტაიმი მართლაც კარგად ვითამაშეთ - კოლოსალური უპირატესობა გვქონდა, ორივე გოლი გავქვითეთ და კიდევ გვქონდა რეალური შანსები თავისი ხარიხებით (თუმცა ერთ მომენტში ჩვენც გადავრჩით)... მაგრამ ამან მოსაგებად აღარ იკმარა.
როცა საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ის ფეხბურთი, რომელიც უნდა ითამაშოს მოლდოვის დონის გუნდთან, შედეგიც მოვიდა და გოლებიც. ვაისმა კი, რომელსაც რამდენჯერმე მოუწია ტაქტიკური სქემის გადაწყობა, თამაშის წინ დაშვებული შეცდომები იმით გამოასწორა, რომ ორივე შეცვლა "ათიანში" გაარტყა - გიორგი მერებაშვილმაც და ვაკო ყაზაიშვილმაც გოლებით გამოიჩინეს თავი.
ეგ იყო, რომ უჩა ლობჟანიძე დაგვიშავდა და ჯერ უცნობია, რა დრო გაუცდება ყაზახური "ატირაუს" მცველს...
ფეხბურთის დაუწერელი წესი
არაერთხელ მინახავს უცნაური მსაჯობა, მაგრამ პირადად რასაც შევსწრებივარ, გამოვარჩევ ორს და ორივე... მოხდა კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე და თუ ამ შემთხვევაში მოლდოვის ნაკრები იყო მასპინძელი, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე "დაჩიამ" უმასპინძლა "ზესტაფონს"...როგორც ჩანს, მოლდოვაში მსაჯსაც ეთამაშები. დავანებოთ თავი იმას, რომ მასპინძელთა მეორე გოლისას ბურთმა აშკარად დატოვა (დაახლოებით 20-30 სანტიმეტრით გადასცდა ხაზს) მინდვრის ფარგლები. დავუშვათ, ეს არბიტრმა ვერ დაინახა (შეიძლებოდა, ვერც დაენახა), ისიც ადამიანია და მასაც შეიძლება, შეეშალოს...
მაგრამ ვერავინ გაიგო, რატომ "ჰპარავდა" ბატონი ანდრეას ეკბერგი ათ მეტრს მაინც საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ჯარიმისას?! ჩვენს კარში არჩათვლილი გოლი კი ვნახეთ და ისეთი თამაშგარე იყო, ამ შემთხვევაში ნამუსზე ხელი ვერ აიღო...
სკანდინავიელმა ნამატჩევს, თითქოს, აღიარა კიდეც თავისი შეცდომა, მაგრამ იმ გოლს ვინღა გააუქმებდა? აქ ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელზეც თამაშის დასრულების შემდეგ გურამ კაშიამაც ილაპარაკა - სანამ არბიტრის სასტვენი არ შეწყვეტს თამაშს, მატჩი გრძელდება და არ უნდა გაჩერდე! ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, ფეხბურთის დაუწერელი წესი!
მარეგულირებელი
ნიკა კვეკვესკირი რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, კიდევ უკეთესია, როგორც - პიროვნება. ასე მგონია: ფეხბურთის მერე რა სფეროშიც უნდა მოსინჯოს ძალა, ყველგან წარმატებული იქნება.მართალია, მოლდოვასთან მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა და აკეთებდა ყველაფერს, რასაც საქართველოს ნაკრები ითხოვდა. მას აქვს ერთი ფასდაუდებელი თვისება - არეგულიროს თამაშის ტემპი.
ზემოთაც ვთქვი - მწვრთნელის კომპეტენციაა შემადგენლობის შერჩევა, მაგრამ აზრის გამოთქმას ვინ დაგვიშლის? - მგონია, რომ ვაისი მაგრად შეცდა, როცა "კვეკვე" ძირითადში არ დააყენა. რომ არა ის, თამაშის შემოტრიალება გაჭირდებოდა...
არაბიძეზე
როცა საქმე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეხება, ზომიერზე ზომიერი უნდა იყო. ჩვენც ასე მოვიქცეთ და ვთქვათ, რომ გიორგი არაბიძეს ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ეს გამოჩნდა თუნდაც მოლდოვურ მატჩში.რაც მთავარია, არაბიძეს აქვს ყველა თვისება, რაც ლიდერს უნდა ჰქონდეს. მისთვის აბსოლუტურად უცხოა შიში და მოკრძალება. ნებისმიერი წერტილიდან ურტყამს მოწინააღმდეგის კარში და კიშინიოვში კინაღამ გოლი-შედევრიც გამოუვიდა...
ფაქტია, ბოლო წლების საფეხბურთო საქართველოში არ ყოფილა მისი დონის ტალანტი. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დიდ ფეხბურთელობამდე დიდი გზაა, მაგრამ ამ გზის გავლა სავსებით რეალურია.
ტრიბუნაზე ტოლი არ დავუდეთ
"ზიმბრუზე", რა თქმა უნდა, მეტი მოლდოველი გულშემატკივარი იყო, ვიდრე ქართველი, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველებმა მასპინძელ ფანებს ტოლი არაფერში დაუდეს და თუ ვერ აჯობეს, არც არაფერში ჩამორჩნენ.სტადიონზე მოვიდნენ კიშინიოვში მცხოვრები ქართველებიც. სოლიდური დელეგაცია ჩამოვიდა თბილისიდან. უნდა ითქვას, რომ "ქომაგებმა" ნამდვილი ცეცხლი დაანთეს ტრიბუნაზე და წამითაც არ დადუმებულან.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში რომ გარდატეხა შეიტანა, ამაში გულშემატკივრების ძალიან დიდი წვლილიცაა...
რა უნდა გადავიღოთ მოლდოვისგან?
მოლდოვის ნაკრები დღეს ისეთი გუნდია, მისგან ბევრს ვერაფერს ისწავლი, მაგრამ არის სათამაშო კომპონენტი, რომელშიც მათი მიბაძვა ნამდვილად არ გვაწყენდა. თეთრი შურით შემშურდა, როგორი აკურატულობით გამოიყენა მოლდოვამ საგოლე მომენტები. საგოლე დარტყმები მასპინძლებმა ისე შეასრულეს, რომ გიორგი მაკარიძე ვერაფერს გახდებოდა ვერცერთ შემთხვევაში. ის კი არა, ერთ ეპიზოდში დიდებულად ითამაშა და წამის ინტერვალით ორი ბურთი მოიგერია...
ერთიც: მწვავეზე მწვავე იყო მოლდოველთა კონტრშეტევები, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში. ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრების შესრულებითაც ვნახო ასეთი კონტრშეტევები. ეს კომპონენტი დღითიდღე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ ფეხბურთში.
ვაისის მომავალი
შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ბევრი აღარ დარჩა, მაგრამ ერთი უკვე ცხადია - ჩვენ ვერაფრით მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც გვინდოდა და ვერც იმას, რომელიც, მეტ-ნაკლებად, მისაღები იქნებოდა ჩვენთვის.ყველა ქვეყანაში ასეა - მწვრთნელის მუშაობა შედეგით იზომება და ფასდება. ცხადია, ამ მხრივ ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. ფაქტია - არ არის შედეგი და ვერც იმას ვიტყვით, რომ ვაისი წარმატებით მუშაობს საქართველოს ნაკრებში...
ძველ თემას აღარ მივუბრუნდებით. ერთხელაც აღარ დავწერთ იმას, რომ როცა უკვე გვქონდა ველოსიპედი, ახალი არ უნდა მოგვეგონებინა. ეგაა, სლოვაკი ისეთი მწვრთნელია, მასზე ხელაღებით აუგს ვერავინ იტყვის...
მეორე მხრივ, ვაისი მხოლოდ ეპიზოდურად პოულობს რაღაც ძაფს და მერე ისევ უშვებს ხელიდან. მის ხელში საქართველოს ნაკრები კვლავ რჩება ეპიზოდური გამონათებების გუნდად, რომელსაც საერთო არაფერი აქვს პროცესში გამარჯვებულ ნაკრებთან.
უნდა წავიდეს თუ არა ვაისი? შედეგი ამას პირდაპირ გვეუბნება, ცივი გონება კი ბოლომდე ვერ იმეტებს. უახლოესმა რამდენიმე მატჩმა ამ კითხვას ზუსტი პასუხი უნდა გასცეს. ვაისმა კი, როგორმე, სტაბილურობა უნდა ასწავლოს საქართველოს ნაკრებს.
გაგრძელება იქნება
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"