[ოთხშაბათის საკითხავი] უნდა წავიდეს თუ არა ვაისი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ერთი მოგებაც კი არ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. შედეგი ისეთია, კარგს ვერაფრით უწოდებს კაცი. ასე იყო, არის და იქნება: მას შემდეგ, რაც ეს დალოცვილი ფეხბურთი არსებობს, რა საკადრო რესურსიც უნდა ჰყავდეს, გუნდის შედეგზე პირველი და მთავარი პასუხისმგებელი პირი მაინც მწვრთნელია.

ქართულ საფეხბურთო კულუარებში უკვე ამბობენ, ფეხბურთის ფედერაცია სლოვაკ მწვრთნელს ახალ კონტრაქტს უმზადებსო და იქვე საწინააღმდეგო მოსაზრებასაც გაიგონებთ...

ჩვენ გამოძიებას თავი ვანებოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ დღევანდელი დღე. "პრო და კონტრას" პრინციპით გავარკვიოთ, უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმირ
ვაისი
ეროვნული გუნდის დამრიგებლის პოსტზე...

რატომ უნდა დარჩეს?
დავიწყოთ იქიდან, რომ ვლადიმირ ვაისმა აუცილებლად უნდა ჩაამთავროს მიმდინარე შესარჩევი ციკლი. სხვანაირად რომ მოხდეს, ახალი მწვრთნელი სანამ სიტუაციაში გაერკვევა, ციკლიც დასრულდება.

ვაისი უნდა დარჩეს თუნდაც შემდეგ ციკლში იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ნაკრები ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებითაც გუნდი ვერ ახტება თავზე მაღლა. მას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ასე რომ, ტოპ-მწვრთნელის მოყვანა შედეგს ვერ მოგვცემს, საშუალო დონეს კი ვაისიც აკმაყოფილებს.

სლოვაკ მწვრთნელს არ აქვს შედეგი, მაგრამ მან რამდენჯერმე დაამტკიცა თავისი სამწვრთნელო კლასი. რაღა შორს მივდივართ, მოლდოვასთან მატჩი ავიღოთ. თუ არ გადავუხვევთ ოდინდელ საფეხბურთო ჭეშმარიტებას და ჩავთვლით, რომ მეორე ტაიმს იგებს მწვრთნელი, მაშინ თუნდაც კიშინიოვური შეხვედრის მეორე ნახევარში ვაისი შესანიშნავი იყო.

ფაქტები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. მან ორი შეცვლა გააკეთა და ორივე, რომ იტყვიან, "ათიანში" გაარტყა. გიორგი მერებაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა გოლები გაიტანეს. საერთოდაც, ვაისის შეცვლებმა თამაში საჩვენოდ შეცვალა. კარგი ტაიმები საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა შეხვედრაში ჰქონდა...

ერთი შეხედვით, სლოვაკი მწვრთნელი რბილი კაცია, მაგრამ გარეშე თვალისთვის მაინც მას აქვს დისციპლინა საქართველოს ნაკრებში. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს და არ მგონია, შიგნით მკვეთრად სხვა სურათი იყოს.

ვაისმა იცის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. მაგალითად, ჩემი აზრით, მან ამ ეტაპზე ძალიან რთულ ამოცანას გაართვა თავი და სწორად იყენებს გიორგი არაბიძეს, ეს კი იოლი საქმე სულაც არ არის - ჯერ, ფეხბურთელის ხასიათიდან და მერე მისი თამაშის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

მას რამდენჯერმე შეუძლია თამაშის გადაწყობა და არ მიეკუთვნება მშიშარა მწვრთნელთა კატეგორიას.

რატომ უნდა წავიდეს?
ქვეთავის პირველი წინადადება ძალიან მოკლე, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ტევადი გამოვა. ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს არ აქვს შედეგი. ეს კი ნებისმიერი მწვრთნელისთვის განაჩენია.

მეორე ფაქტორი - არასტაბილურობა. პრაქტიკულად, არ ყოფილა ვაისის ფორმაციის ნაკრებისათვის მატჩი, რომლის ტაიმებიც გუნდს თანაბრად ჩაეტარებინოს. ერთხელ და ორჯერ რომ მომხდარიყო ეს, მაშინ კიდევ თვალს დახუჭავდა კაცი ან ტენდენციად არ შერაცხავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გარემოებამ სისტემატური, სწორედაც ტენდენციის ხასიათი მიიღო.

თუნდაც, მოლდოვასთან მატჩი გავიხსენოთ. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები საერთოდ არ იყო მინდორზე. მეორე ნახევარში გამოსწორებულმა თამაშმა კი მოსაგებად არ იკმარა და მოლდოვიდან ის შედეგი ვერ ჩამოვიტანეთ, რომელიც ყველას ძალიან გვსურდა.

სასტარტო შემადგენლობის შერჩევა სლოვაკი მწვრთნელის სუსტ წერტილად მიმაჩნია. სწორედ ასეთ დასკვნას გამოვიტანთ, თუ დავაკვირდებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოღვაწეობას.

მოლდოვასთან მატჩს კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ. ის ძალიან ბევრი რამის გამო იყო ნიშანდობლივი და, თითქოს, საქართველოში ვაისის მუშაობას სრულად ასახავდა. დარწმუნებული ვარ, სლოვაკ სპეციალისტს სწორად რომ შეერჩია სასტარტო შემადგენლობა, მოლდოვაში აუცილებლად გავიმარჯვებდით.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი მიხედვით, ქვეყნის მთავარი გუნდი დღეს ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობების მქონეა და სულაც არ სჭირდება უცხოელი მწვრთნელი, რომელიც ქართველზე მეტ ხელფასს აიღებს.

მორიგი მიზეზი ის არის, რომ ბევრის აზრით, "ქართველს ქართველისა უკეთესად ესმის".

ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები. ფაქტია, მწვრთნელი დღეს არ არის საქართველოს ნაკრების ერთადერთი პრობლემა და, შეიძლება, არც პირველია, მაგრამ რას ვიზამთ - ზოგადად, პოსტი და თანამდებობაა ისეთი, გინდა თუ არა, პირველად მას უნდა მიადგე.

ვაისი ვაისად და, რა ვუყოთ იმას, ევროპულ ტოპ-ლიგებში ქართველი ფეხბურთელები საერთოდ რომ აღარ თამაშობენ? ან იმას, საქართველოს ნაკრების არაერთ წევრს ჰაერივით რომ სჭირდება სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში.

ან იმას რა ვუშველოთ, რომ ჩვენი ფეხბურთელების მოზრდილი წილი პროგრესზე მეტად იმაზე რომ ფიქრობს, როგორ იშოვოს დღეს იმაზე ცოტა მეტი, ვიდრე აქვს და არად დაგიდევთ იმ შედეგს, რომელიც ამ გაქცევას შეიძლება მოჰყვეს. ვგულისხმობთ არასაფეხბურთო ქვეყნებში კარიერის გაგრძელებას...

ამ შემთხვევაში ვაისი უფრო სიტუაციის მძევალი და მსხვერპლია, მაგრამ მწვრთნელი ხელისგულზე ჩანს და მისი მუშაობაც ყველასთვის განსჯის თემაა. არ ვიცი, რას ფიქრობს ვაისი, მაგრამ მე ასე მგონია: თუ ის დარჩა ეროვნულ გუნდში, მაშინ საქართველოს ნაკრებში რაღაცები უნდა შეიცვალოს.

ქვეყნის მთავარი კრებული ყველასია და ვაისისგან ცოტა მეტ გამჭვირვალობასაც ვისურვებდით. ფაქტია, რუტინული პრესკონფერენციები საქმეს ვერ შველის. კითხვის ნიშანი ბევრია. იქნებ უკეთესი ყოფილიყო, ერთად გვემსჯელა საქართველოს ნაკრების ჭირსა და ლხინზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 38 /
უნდა წავიდეს ვაისი და ვინც ეგ მოიყვანა ისინიც თან უნდა მიჰყვნენ. ცხადადზე არ უნდა გაეშვათ.
dato
15 ივნისი 2017 08:39
0
ნაკრები ზოგიერთ მონაკვეთში ისეთ თამაშს აჩვენებს მიკვირს, მგონია რომელიმე ძლიერი გუნდის თამაშს ვუყურებ...სამჭუხაროდ მხოლოდ მომენტებში. ამ კონტიგენტით ვაისი ღმერთი არაა ორი ტაიმი ერთ ტემპში ჩაატაროს ნაკრებმა და თან იფრინოს...იმედია ეს დროც მოვა, რის იმედსაც ახალგაზრდული შემადგენლობაა და სიმართლე უნდა ითქვას,ბოლოს და ბოლოს ცოტა ჟინიც გამოაჩინეს. ვაისი უნდა დარჩეს.
murtalo
15 ივნისი 2017 02:35
0
ბესიკის.- რავი კობიაშვილის და იაშვილს თუ ფული აკლიათ ?მაშინ არ ყოფილა ჩვენი ქართველების საშველი, გაუმაძღრები ვყოფილვართ და არც არაფრის იმედი აღარ უნდა გვქონდეს. ბოლოს და ბოლოს ინფრასტრუქტურის შენებით აკეთონ ფული,შექმნან ფირმები და მათ ააშენონ. ჩვენი მთავრობასავით ტენდერებს ნუ ჩაატარებენ, ეგეც დძნელიაა ??? :-)
დათო რუსთავიდან
14 ივნისი 2017 23:56
0
სტადიონები რომ ააშენონ და ინფრასტრუქტურა მოაწყონ ფულები უნდა დახარჯონ და ის არ ჯობია ეს ფულები თვითონ რომ დაითრიონ და გაიყონ. ეს ფეხბურთის ფედერაცია რომ მოვიდა რას ამბობდა წინაზე, აუდიტის ჩატარების საფუძველზე, რომ წინა ფედერაციამ სიჭინავას და არველაძის თამადობით დიდი ვალები დაგვიტოვესო, დიდი თანხები აქვთ არა მიზნობრივად გახარჯული. ვინმემ მოთხოვა მათ პასუხი? ელემენტარულად გამოძიება მაინც ჩატარდა? სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვინმე საუბრობს ამ თემებზე? ისინი იპარავდნენ და გაუვიდათ და ესენი რატომ არ მოიპარავენ? რავა მოთხოვს პასუხს ვინმე თუ?
ბესიკი
14 ივნისი 2017 23:34
0
დათო რუსთავიდან-გეთანხმები ძმაო და მეც მაგას ვიძახი რამდენი ხანია.რა გახდა 5-8ათასიანი სტადიონი 10-12ქალაქში.თუ მეტი იქნა ხომ უფრო კარგი.ოღონდ ბუნებრივი საფარით.სირცხვილი არაა ბათუმს და ფოთს სტადიონი არ ჰქონდეთ
კახა ქირია
14 ივნისი 2017 23:01
0
მეც უფრო წასვლისკენ ვიხრები და ვინმე ქართველი ჩაუდგეს სათავეში..რესურსი რაც გვაქვს კი ვხედავთ და მივხედოთ შიდა ჩემპიონატს.ვერ აყენებს სასტავს სწორად ეს მიმაჩნია მეც მთავარ მინუსად.
პაატა
14 ივნისი 2017 22:47
0
ბათუმში,გურიაში,ფოთში,ზუგდიდში,თელავში,ხაშურში,ახალციხეში და რუსთავში სულ 8 ხარისხიანი მოედანი რომ გაკეთდეს თავისი პატარა 3-5 ათასიანი ტრიბუნებით დავიჯერო შეუძლებელია ??? ნელნელა ჩემპიონატის დონეც აიწევს და ნაკრებსაც ეშველება .ამ ყველაფერს დავიჯერო ფედერაცია ვერ ხვდება ??? ფ
დათო რუსთავიდან
14 ივნისი 2017 22:06
0
ბიჭოო, პასი რო გააკეთო ფეხბურთელმა, ამას მწვრთნელი ჭირდება ?!

ანანიძე ვერ დავინახეო ფეხბურთელი რო იტყვის იმას ფეხბურთელ იქვია და მწვრთნელმა უდნა ასწავლოს მოედნის ხედვა? (ეთქვა მაინც, მინდოდა რომ მე გამეტანა მაგრამ შევცდი და მაპატიეთო (ვერ დავინახეო ბიჭო!!))

აზრზე არ არიან ფეხბურთის ეს ბიჭები. ფეხბურთელებიც არ არიან. სად თამაშობენ ნახეთ.

პრობლემა სულ სხვა რამეა. რატომ ხარჯავს (ყრის) სახელმწიფო წლების განმავლობაში უამრავ მილიონს?? რა საჭიროა ეს ძალით დაფინანსებული უბადრუკი კლუბები და ნაკრებები. ???
ირაკლი
14 ივნისი 2017 21:54
0
გყავდეს კვეკვესკირი და სათადარიგოში გეჯდეს უვიცობა კი არა დანაშაულია.
gela
14 ივნისი 2017 21:45
0
მოლდოვასთან მატჩამდე უფრო მეტად დარჩენის მომხრე ვიყავი,დღეს-???...შოკისმომგვრელი იყო ვაისის რჩეული ძირითადი კიშინიოვში..(((
ზაზა
14 ივნისი 2017 21:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული