იღბალი სჭირდება მწვრთნელსაც. თემურ ქეცბაია წარმატებული ადამიანია, ოღონდაც მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, ყველგან და ყოველთვის წარმატებული ვერ იქნები.
წინა შესარჩევის პირველ შეხვედრაში მალტას მატჩის მიწურულს მოვუგეთ დავით სირაძის თავური გოლით. ისიც ისეთი თამაში იყო, წაგებაც შეიძლებოდა, მაგრამ უფრო ყისმათიანი ჩვენი ნაკრები გამოდგა.
ღმერთი იმას სწყალობს, ვისაც მხრებზე თავი აბია - კარგად არის ნათქვამი, მაგრამ კარგად თქმული ყოველთვის ვერ იქნება აქსიომა.
ქეცბაიამ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგო
დაცვით თამაშსაც შესრულება უნდა. ამას საუკეთესოდ იტალიელები აკეთებენ - ასეთია საყოველთაო აზრი, თუმცა იტალია ამას სულ სხვანაირად ასრულებს, ვიდრე საქართველო. მეტოქე დაკარგავს თუ არა ბურთს, იტალია მყის 5-6 ფეხბურთელით გადადის შეტევაში, ანუ იერიშში მინიმუმ ხუთი ფეხბურთელი მონაწილეობს.
საქართველოს ნაკრების რესურსი ისეთი არ არის, როგორიც იტალიის და საერთოდაც, იტალია და დიდი ნაკრებები ჩვენთვის მეტრი ვერ იქნებიან. ჩვენთვის მთავარია, რომ ნაკრებმა სახე მიიღოს; ახალგაზრდული ნაკრებიც იგივე მოდელს ამუშავებდეს; მივაღწიოთ იმას, რომ თქვან, ქართველები აი, ასე თამაშობენო.
ქართულმა ფეხბურთმა საკუთარი ხელწერა დაკარგა და რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ბრალი. ოღონდაც მწვრთნელი ამ ყველაფერში ის ღერძია, რომელმაც თავისებურად უნდა აამუშავოს მექანიზმი, ანუ მიმართულება მისცეს პროცესს.
ბელორუსთან ყველაფერი საჩვენოდ შეტრიალდა. მეტოქეს სამი ფეხბურთელი დაუშავდა და ყველა შეცვლა იძულებული გამოდგა. ეს არ იყო პატარა ფაქტორი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ბელორუსისთვის. კონდრატიევის გუნდი არ არის ესპანეთი და გერმანია, სამი საკვანძო მოთამაშე სრულფასოვნად რომ შეცვალოს.
ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა.
...ნაკრების ახალი კაპიტანი ჯაბა კანკავა 30-ე წუთზე გააფრთხილეს - პირველ ტაიმში კანკავამ ჩვენი კარიდან მარჯვენა ფლანგზე მეტოქის მწვავე შეტევა წესის დარღვევით ჩაშალა.
მსაჯს შეეძლო, მეორე გაფრთხილება მიეცა კანკავასთვის, მაგრამ გადავრჩით, ბულგარელი არბიტრი სტანისლავ ტოდოროვი ჩვენს მიმართ ტოლერანტული გამოდგა, თორემ წესების სრული დაცვით შეეძლო, კაცნაკლული დაეტოვებინა საქართველოს ნაკრები.
ბელორუსი ალღოიანი გუნდი გამოდგა. ათიოდე წუთი დასჭირდა, რათა დაენახა, თუ სად იყო ნაპრალი საქართველოს დაცვით ეშელონებში.
სტუმრები მეტწილად მარჯვენა ფლანგიდან ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. გია გრიგალავა მონდომებული კი იყო, მაგრამ უზადოდ ნამდვილად ვერ ითამაშა. როცა განაპირა მცველი შეტევაში არ ან ვერ ერთვება, მეტოქე აქეთ ცდილობს, თავისი თამაში მოგახვიოს.
მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე გურამ კაშია მყარად იდგა. ის საკმაოდ სწრაფია და შეტევაში წასვლაც შეუძლია. კაშია სანაკრებო დონის ფეხბურთელია, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ფლანგზე ის ზურაბ ხიზანიშვილზე უფრო ეფექტურია. ამის საშუალებას სისწრაფე აძლევს.
ხიზანიშვილი ვერ იქნებოდა კარგ ხასიათზე, ქეცბაიამ მას კაპიტნობა ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, ის მაინც სასარგებლო იყო მოედანზე, რამდენჯერმე წაიკითხა მეტოქის სვლა, რამდენიმე ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა ხარვეზებიც ჰქონდა.
ალექსანდრე ამისულაშვილი კარგად გაისარჯა. რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში გვითხრა, ჩვენ ფეხბურთელები ვართ, აბა, პარიკმახერები ხომ არაო. ეს იყო პასუხი იმ გამონათქვამებზე, ჯიუტად რომ იმეორებენ, ფეხბურთელი არ არის ნაკრებში და მწვრთნელმა რა უნდა მოახერხოსო.
მოსახერხებელი ერთია - ჯერ სახე, მერე კი შედეგი. სხვანაირად სულ იმაზე ვიქნებით დამოკიდებული, გაამართლებს თუ არა დაცვითი ტაქტიკა.
ახლა ესპანეთი გველის. საქართველოს აქვს დიდ გუნდებთან თამაშის გამოცდილება, თუმცა ასეთი ფეხბურთელები ამ ნაკრებში ცოტანიღა დარჩნენ. მოგებას ესპანეთთან არავინ მოსთხოვს საქართველოს, მაგრამ ილუზიებში რომ ვიყოთ, ამის უფლება, მგონი, გვაქვს - ყველა თამაშს ხომ ესპანეთიც ვერ მოიგებს.
ბევრს ეგონა, რომ საქართველო ხორვატიას დაამარცხებდა. ეს ფეხბურთია და მასზე ლაპარაკის დროს ბევრი რამით შეიძლება მანიპულირება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 1:0 - გამოცხადებული სიხარულის ქრონიკა
თორე ეგრე თეორიულად მანჩესტერი ან ლივერპული რომ თამაშობს რა ტქმა უნდა ზურა სწორია. ოღონდ ჩვენნაირ გუნდებს ეგ არ ეხება.
ასეთივე განლაგებით უნდა ითამაშონ ფინეთთან და მინსკში. მხოლოდ მას შემდეგ რაც გუნდი მოძლიერდება, ჩვენი გუნდი უფრო სწრაფ, აზრიან და თანამედროვე ფეხბურთს ითამაშებს უნდა გავთამამდეთ და უფრო მეტი დრო ბურთით სეტევაში ვატაროთ.