ქართველ ჟურნალისტებზე არანაკლები რაოდენობით ესპანელი კოლეგები იყვნენ წარმოდგენილნი.
პრესკონფერენციაზე ვისენტე დელ ბოსკეს მოსვლა წინასწარ იყო დაანონსებული. სავარაუდო იყო, რომ იგი ერთ ფეხბურთელსაც იახლებდა, თუმცა ჩვენს წინაშე ერთბაშად ორი ვარსკვლავი წარსდგა - ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი და ჩავი.
თავდაპირველად მედიის ინტერესი სწორედ მათ დააკმაყოფილეს, დელ ბოსკე კი ისე მორიდებულად და შეუმჩნევლად დაჯდა დარბაზის შორეულ კუთხეში, რომ ბევრმა მისი მოსვლა ვერც შენიშნა.
იკერ კასილიასი:
- თბილისში ძალიან მოტივირებულები
საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით და ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებას სრული მობილიზაციით უნდა შევხვდეთ.
დღეს დილას თეორიული მეცადინეობა გვქონდა, სადაც საქართველო-ბელორუსის მატჩის ვიდეოჩანაწერი განვიხილეთ. საქართველოს ნაკრებიდან ლორიას, ანანიძესა და ოქრიაშვილს გამოვარჩევდი.
ესპანეთის ნაკრების წარმატებაში ვისენტე დელ ბოსკეს როლი განსაკუთრებულია. ყველა გამარჯვებას მას ვუძღვნით, იგია ჩვენი მამოძრავებელი ძალა.
ჩავი:
- საქართველოს ნაკრებს სერიოზულ მეტოქედ მივიჩნევთ, თუმცა მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ. გამარჯვებაც არ არის საკმარისი, თამაშის ის ხარისხი უნდა შევინარჩუნოთ, რითიც ბოლო წლებში ესპანეთის ნაკრები სხვებისგან გამოირჩევა.
ჩვენი სტილი ზუსტად იგივე დარჩება, როგორიც ევროპის ჩემპიონატიდან გახსოვთ. მოედანზე უნდა გავიდეთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.
ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობის შენარჩუნებაა და ეს ორი წელიწადი ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ, რათა ბრაზილიის მუნდიალზე ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ.
ვისენტე დელ ბოსკე:
- საქართველოს ნაკრები ბრძოლისუნარიანი და მზარდი გუნდია. არ ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება გაგვიადვილდება, თუმცა აქ მხოლოდ სამი ქულისთვის ვართ ჩამოსულები და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ.
ახალ შესარჩევ ტურნირში ეს ჩვენი პირველი მატჩია და აქ გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი და მნიშვნელობა აქვს.
- დავიდ ვილიასა და ფერნანდო ტორესის დუეტის აღდგენა ხომ არ არის მოსალოდნელი?
- ყველაფერს თამაშზე ნახავთ. ჩვენ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი 23 ფეხბურთელი გვყავს და მოედანზე ნებისმიერი მათგანი შეიძლება იხილოთ. მოხარული ვარ, რომ ჩემს მოთამაშეებს მოტივაცია არ აკლიათ.
- ამდენი ტიტულის მოპოვების შემდეგ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს მოტივაცია ხომ არ შეუმცირდათ?
- არა, მათთვისაც და ჩემთვისაც ახალი ტიტულებისთვის ბრძოლაც არანაკლები გამოწვევაა.
- რისი დამსახურებაა, რომ ესპანეთის ნაკრები, რომელიც ადრე ტიტულებს ვერ იგებდა, ბოლო წლებში ყველა დიდ ტურნირზე იმარჯვებს?
- ესპანურ ფეხბურთს ყოველთვის ჰყავდა ძლიერი თაობები, მაგრამ დიდ გამარჯვებებს ბოლო პერიოდამდე ვერ ვაღწევდით. ყველაფერი ერთიანი სისტემის დახვეწის დამსახურებაა, რაშიც დიდი წვლილი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიუძღვის.
- შეგიძლიათ თქვათ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იმ ფეხბურთელებს დაეყრდნობით, რომლებიც ესპანეთის ნაკრებში ამჟამად თამაშობენ?
- 2014 წლამდე ჯერ შორია და იქამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი გუნდის ბირთვი უკვე გამოკვეთილია. ბუნებრივია, ნაკრებში დამკვიდრების შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"