საქართველო-მალტა 1:0 - საღამომდე ლიდერები ვართ [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო
სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოფიციალური მატჩის მოგების გემო გაიხსენა. მართალია, ამას სუსტ მეტოქესთან მეტისმეტად მძიმე ბრძოლაში მიაღწია, მაგრამ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ იმას, რომ დამაჯერებლად ვეღარავის ვჯობნით და რაგინდარა მოგება სანატრელი გვაქვს.

გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ და ბეწვის ხიდზე გასულ თემურ ქეცბაიასა და მის ფეხბურთელებს გუშინდელი საღამო ცალხასად დადებითად უნდა შევუფასოთ. რა გასაკვირია, რომ ჩვენი ნაკრების თამაშში კვლავ ბევრი იყო წუნი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და რაც შეეძლოთ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. საბედნიეროდ, ქვეჯგუფის უიმედო
აუტსაიდერები შეხვედრის ბოლოს მაინც გავტეხეთ და კიდევ ერთი სამარცხვინო შედეგის მაგივრად, პრაქტიკული და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და ერთი დღით (სანამ დღეს ისრაელსა და ხორვატიას უთამაშიათ) ჯგუფის ლიდერობა მივიღეთ.

საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩა, თუმცა წინა მატჩებთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობა მცირედით მაინც შეიცვალა. როგორც მოსალოდნელი იყო, დისკვალიფიცირებული უჩა ლობჟანიძე დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლაშა სალუქვაძემ შეცვალა, იმავე ფრთაზე ქეცბაიამ წინ გიორგი მერებაშვილი გაამწესა, მაგრამ შესვენების შემდეგ მას კვლავ ალექსანდრე იაშვილი ამჯობინა და სწორადაც მოიქცა. ასევე მართებული გადაწყვეტილება იყო ლადო დვალიშვილის დავით სირაძით შეცვლა. ეს უკანასკნელი ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენედ იქცა ნაკრების გაჭირვების ტალკვესად და მერამდენედ გაიტანა აგრერიგ საჭირო გოლი.

გამარჯვების გოლის ავტორი ყოველთვის გამორჩეული ფიგურაა და ამიტიმაც სირაძის წვლილის შესახებ ბევრს აღარ ვისაუბრებთ. მის გარდა, აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ჯანო ანანიძე, რომელმაც საკუთარი უსაზღვრო ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა; დაცვაში უნაკლო იყო მალხაზ ასათიანი და ისიც გაგვახსენა, რა ჩინებული შემტევი იყო უწინ; და რა თქმა უნდა, კახა კალაძე, რომლის მარცხენა ფლანგზე გადაწევა აშკარად გამართლებული ნაბიჯი აღმოჩნდა. ჩვენმა კაპიტანმა უშუალო ფუნქციებიც მაღალ დონეზე შეასრულა და საგოლე პასიც შეასრულა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გამარჯვებას უპირველესად, კოლექტიური თამაშით მივაღწიეთ და ამ შედეგში სოლიდური წვლილი მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შეიტანა.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქართველმა გულშემატკივრებმა მატჩისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს და სტადიონი დაახლოებით ორი მესამედით შეავსეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენს ფეხბურთელებს აქტიური მხარდაჭერა არ მოჰკლებიათ და ნანატრ გოლს დიდი ზეიმიც მოჰყვა.

პირველ ტაიმში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შევქმენით, როცა გოგიტა გოგუას მიერ ჩაწოდებულ კუთხურს ალექსანდრე ამისულაშვილმა თავი დაუხვედრა და მიზნის მიღწევამდე სულ მცირედი დააკლდა. სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე ჩვენს ხელში იყო, მაგრამ თუკი დაცვით ფაზაში არა გვიჭირდა, შეტევის დასკვნით ნაწილში მოვისუსტებდით. მალტელებს თავიდანვე ეტყობოდათ, რომ უპირველესად, ფრეზე ფიქრობდნენ, მაგრამ ხელსაყრელი შემთხვევებისას ჩვენს ნახევარზეც გადმოდიოდნენ. ნამდვილად არ გაგვკვირვებია, რომ სტუმართა რიგებში მიქაელ მიფსუდი გამოირჩეოდა, რომელსაც სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, თანაგუნდელებთან შედარებით მაღალი კლასი მაინც ეტყობოდა.

საწყისი 45 წუთი მაინც უგერგილოდ ჩავატარეთ და ქეცბაიამ შესვენებისას ორი ცვლილება უყოყმანოდ განახორციელა. ამან აშკარად გაამართლა და ქართველებმა მეტოქის კარზე დაწოლა გააძლიერეს. ანგარიშის გახსნა შეეძლოთ გოგუასა და კალაძეს, მაგრამ ორივეს მიზანმა უმტყუნა. დრო გადიოდა და ნანატრი გოლი არ ჩანდა. ის კი არადა, მალტამ კინაღამ აქეთ გაგვიტანა – ნუკრი რევიშვილმა გვიხსნა, როცა მასთან პირისპირ გასული შკემბრის დარტყმა მოიგერია.

მალტელებს ყველაზე კარგად სიმულანტობით დროის გაყვანა გამოსდიოდათ. მოედანზე ხშირი კოტრიალით მათ საკმაო დრო მოიგეს. ზემოთ ასათიანის შეტევაში წასვლა ვახსენეთ და მისი სოლორეიდი ალბათ, თამაშის ულამაზესი ეპიზოდი იყო. მის გადაცემას სირაძე გამოეხმაურა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, სულ მალე ზუსტი და ეფექტური იყო მისი თავური, რომელიც კალაძის გამოზომილ ფლანგურ გადაცემას მოჰყვა...

მოკლედ, გუშინდელმა საღამომ ნერვიულობასთან ერთად დიდი სიხარული მოგვიტანა. ჩვენი მთავარი გუნდი იშვიათად გვაძლევს მასზე დადებით კონტექსტში საუბრის საშუალებას და მოხარულები ვართ, რომ ეს დღე სასიამოვნო გამონაკლისია. თავდადებისთვის საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი გამარჯვება მალე არა გამონაკლისი, არამედ კანონზომიერება იქნება.


საქართველო-მალტა 1:0

8.10. თბილისი. ეროვნული. 38 000 მაყურებელი

1:0 სირაძე (90. კალაძის პასით)

საქართველო მალტა
4-4-1-1 4-4-1-1
რევიშვილი ჰაბერი
სალუქვაძე ბრიფა
ასათიანი აგიუსი
ამისულაშვილი კარუანა
კალაძე მამო
მერებაშვილი კოენი
ხიზანიშვილი სიბერასი
კობიაშვილი პეისი
გოგუა ბაჯადა
ანანიძე შკემბრი
დვალიშვილი მიფსუდი

საქართველო
46. მერებაშვილი - იაშვილი
46. დვალიშვილი - სირაძე
73. ანანიძე - დაუშვილი
სათადარიგოები: ლორია, კვირკველია, კოშკაძე, გელაშვილი

მალტა
69. სიბერასი - რ. ფენეჩი
80. სკემბრი – პ. ფენეჩი
90. კოენი – გრიმა
სათადარიგოები: ჰოგი, სამიტი, ერერა, ზერეფა

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (32), კოენი (56), სკემბრი (59), აგიუსი (65)

არბიტრი: ა. ბლექი (ჩრდ. ირლანდია)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესარჩევის დამთავრების მერეც ლიდერები ვიქნებით.
გიორგი ჩაფიძე
03:37 09-10-2010
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული