თვალსაზრისი: რა არის ატმოსფერო?

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ ზურაბ ხიზანიშვილი ნაკრებში აღარ გამოიძახა, ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელს სანაკრებო კარიერა დაამთავრებინა.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. რაც უნდა კარგი ფეხბურთელი იყო, უსასრულოდ ვერ ითამაშებ ნაკრებში.

ჩვენი ეროვნული გუნდის ბოლო ორ შეხვედრას თუ გადავხედავთ, არასასურველი შედეგი ფინეთთან და ბელორუსთან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ზურაბ ხიზანიშვილის შეცდომებმა.

რა თქმა უნდა, თუ მწვრთნელი ფეხბურთელის გამოცდილებას და კლასს ენდობა, შეცდომების გამო მას ნაკრებიდან არ მოკვეთავს, მაგრამ ისეც ხდება, რომ ნდობა მუდმივი არ არის.

ხიზანიშვილის შეცდომებს წინ უძღოდა მისთვის კაპიტნობის ჩამორთმევა.
ზურამ
ამის გამო უარი არ თქვა ნაკრებში თამაშზე. არადა, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიეღო, ვინ იცის, იქნებ უფრო მომგებიან პოზიციაში დარჩენილიყო.

უარის თქმა ნაკრებზე - ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება. ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ისე დაითხოვა ნაკრებიდან ქეცბაიამ, რომ ამ ფეხბურთელებს უარი არ უთქვამთ ნაკრებში თამაშზე. აქ უკვე მწვრთნელის რეპუტაციას მიადგა ჩრდილი, დამსახურებული ხალხი ნაკრებიდან ისე მიაბრძანა, რომ არავითარი ეტიკეტი, არავითარი ფორმა, თითქოს არაფერი, შენი დრო ამოიწურა და კარგად იყავი.

უცნაურია, მეტი რომ არა. ქეცბაიაც ხომ ფეხბურთელი იყო და ბევრიც უნახავს ამ საქმეში. არ ვიცი, სად ნახა მან მწვრთნელის მხრიდან მოქმედების ასეთი ფორმა - საქართველოში, საბერძნეთში, ინგლისში თუ კვიპროსზე.

ქეცბაიაც ვერ იქნება სულ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მოვა დრო და სხვა გუნდის გაწვრთნა მოუწევს, თუ კარგ ადგილზე გადასვლას დაუმიზნებს. იქ ისე არ იქნება, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში - მწვრთნელის რეპუტაციას ლამის რენტგენზე გაატარებენ.

ალექსანდრე ჩივაძე ორჯერ იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მაშინ ფეხბურთელების უფრო მდიდარი არჩევანი ჰქონდა საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელს. შედეგი ფეხბურთელების შესაფერისი ჰქონდა თუ არა მაშინდელ ნაკრებს, საკამათოა, ხოლო რაც შეეხება მწვრთნელს, ჩივაძეზე ვერავინ იტყოდა, ფეხბურთელებთან რამე შეეშალაო.

მე არ დავსწრებივარ ჩივაძის თეორიულ მეცადინეობებს, მაგრამ იმას კი ვამჩნევდი, რომ მისი მწვრთნელობის დროს ნაკრებში არასასიამოვნო დაძაბულობა არ არსებობდა. ჩივაძეს შეეძლო კარგი ატმოსფეროს შექმნა.

რინუს მიხელსს ვერ შეადარებ ბობი რობსონს თუ იუპ დერვალს, მაგრამ რობსონს ერთი თვალის შევლებით ეტყობოდა, რომ ინგლისის ნაკრებში ის დაძაბულობის და ბოღმის დამნერგავი ვერ იქნებოდა. მიხელსსთან ვერც დერვალი მივიდოდა ახლოს ტაქტიკურ-შემოქმედებითი უნარებით, მაგრამ ვარსკვლავურ გერმანიის ნაკრებს მართლა ფეხბურთს ათამაშებდა.

ძველი ამბები სულ სხვა განზომილების ქვეყნებსა და მწვრთნელებზე ალბათ იმიტომ გამახსენდა, რომ ფეხბურთი ძალიან ტრადიციული თამაშია, დროს თავისი მიაქვს, მაგრამ რაც ათადან და ბაბადან მოდის, ის რჩება - გუნდის შენების პროცესს ატმოსფერო და მწვრთნელის ტაქტიკურ-შემოქმედებითი უნარები განაპირობებს.

დღეს საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი პრობლემა ერთი კაცია. ფეხბურთელებს ბევრი რამ არ გამოაქვთ შიდა სამზარეულოდან, მაგრამ იმდენი კი ვიცით, რომ გუნდში არასასურველი დაძაბულობა და შფოთია.

ხიზანიშვილმა კი თავისი უკვე ითამაშა. სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება "ქაისერისფორთან" და სხვა გუნდის მოძებნა არ გაუჭირდება. ის ჯერ 31 წლისაა.

ზურა თავიდანვე ალღოიანი მცველი იყო. თბილისის "დინამოს" მწვრთნელებმა მისი ნიჭი სათანადოდ ვერ შეაფასეს და ხიზანიშვილიც თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა. ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ ახლოს იყო ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა.

ზურა მაინც ბრიტანეთში დარჩა, შოტლანდიურ "დანდიში". მალე ის შოტლანდიური პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. "დანდიში" მას აღარავინ გააჩერებდა და "გლაზგო რეინჯერსში" გადაიყვანეს.

ხიზანიშვილმა ჩემპიონთა ლიგაც დააგემოვნა აიბროქსულ კლუბში. შემდეგ ისე მოხდა, რომ "რეინჯერსის" ძირითადში აღარ ხვდებოდა, მაგრამ მალევე დაამტკიცა, რომ მწვრთნელისგან ამის ღირსი არ იყო - ინგლისური პრემიერლიგის "ბლექბერნში" გადავიდა. მარკ ჰიუზს ისე მოაწონა თავი, რომ "ბლექბერნმა" ის "რეინჯერსიდან" გამოისყიდა.

ტრავმები, ზედმეტი წონის პრობლემა, ალბათ სხვა მიზეზებიც - ხიზანიშვილის კარიერა აღმა ვეღარ წავიდა. მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად რჩებოდა საქართველოს ნაკრებისთვის. ასეთი ალღოიანი მცველი ქართულ ფეხბურთში კარგა ხანი არ გამოჩენილა...

ბევრს არ ესიამოვნა, ხიზანიშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში ნაკრებში პრემიების თემაზე რომ ილაპარაკა (იხილეთ ვრცლად). არადა, ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ მარტო ნაკრებში გამოძახებისთვის ეროვნული ფედერაციები უკვე გარკვეულ თანხას უხდიან ფეხბურთელებს.

ხიზანიშვილს შეეძლო მწვრთნელისთვის კითხვის დასმა, პრინციპული პოზიციის დაკავება, ხმის ამოღება, როცა ამის საჭიროება იყო ხოლმე.

კობიაშვილი, იაშვილი, ხიზანიშვილი... მათ ცუდ დროს მოუწიათ ნაკრებში თამაში და ასევე ცუდ დროს მოუწიათ ნაკრებიდან წასვლა.

საქართველოს ეროვნულ გუნდს სახე არც მანამდე ჰქონია და ახლაც არ აქვს. ატმოსფერო კი სხვა საქმეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხიზანიშვილის, ოქრიაშვილისა და კანკავას გარეშე - ქეცბაიამ ნაკრები გაცხრილა
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
ზურაბ ხიზანიშვილი: საქართველოსთვის ვთამაშობ და არა სამკლაურისთვის
მკითხველის კომენტარები / 3 /
დავით მშვენიერი სტატიაა, მაგრამ როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ხიზანაზე, კობიზე და იაშკაზე. ფაქტია, რომ ამხანაგური თამაშია და არ გამოიძახა, არსად თქმულა აღარასდროს გამოვიძახებო. კანკავა და ოქრიაშვილიც არ გამოიძახა, ვითომ ნაკრებიდან მოკვეთა? როცა უკვე ვეტერან ფეხბურთელებზე წერთ სულ იხსენებთ, რომ ყოველთვის ჩამოდიოდნენ ნაკრებში სათამაშოდ და თავს არ ზოგავდნენ ნაკრებისთვის (იგულისხმება ხიზანა, კობი, იაშკა,კალაძე, არველაძე და ა.შ.), ეს ხალხი გუნდის ბირთვს წარმოადგენდა და იმ გუნდზე ხშირად თქმულა როგორ გაუფრთხილდნენ ფეხებს ფეხბურთელები ამა თუ იმ თამაშში. ალბათ დამეთანხმებით თქვენც გსმენიათ, რომ ზოგჯერ ეს ბიჭები, რბილად რომ ვთქვათ 100% არ დახარჯულან, ვაღიაროთ რომ ასეა. ხოდა დაისვენოს ხიზანამ ამხანაგურში რა დაშავდება?
katlego
17:15 07-11-2012
0
ხალხო, რა გჩირთ... დაძაბულობას მწვრთნელი კი არა ჟურნალისტები ქმნით... ჯერ სიტუაცია არ გარკვეულა, არავინ არაფერი იცით და ეგრევე სტატიები რო დამპალი ქეცბა, ხიზანიშვილი მოკვეთა ნაკრებიდან ისე რომ არაფერი უთქვამსო, მერე ოქრიაშვილი, კანკავა... ინტერვიუები: ხომ არ მოუკვეთიხარ ნაკრებიდან, ხომ არაა დაძაბულობა თქვენს შორის, რატომ შეგცვალათ და ასე შემდეგ! რა უბედურებაა ეს? დაანებეთ ამ კაცს თავი... დიდი ხანია გავლენა არ მოუხდენია გარეშე პირს ნაკრების შიდა სამზარეულოზე და ვამპირებივით მოწყურებულია ჟურნალისტები რომ "რაღაცას მიაღწიონ... ნუ ხლართავთ ინტრიგებს და აცალეთ ამ კაცს, ნაკრების განვითარების ერთ-ერთი საფეხურზე აგვიყვანოს, თორე ჩემპიონებს რო ვერ გაგვხდის ყველამ კარგად იცის, და კიდე ძალიან დიდი ხანი რომ ვერ გავხდებით ჩემპიონები ეგეც უნდა იცოდეთ... სანამ ეს დამოკიდებულება იქნება!!! არაპროფესიონალიზმია უბრალოდ და მეტი არაფერი! მარტო სენსაციის და ინტრიგის ძიება არაა ჟურნალისტიკა!
adamiani
17:37 07-11-2012
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული