დანია-საქართველო 2:1 - უსაჩუქროდ არც დანია დავტოვეთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 5 ივნისს შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა და მოკრძალებული შემტევი პოტენციალის მიუხედავად, დაწინაურებაც შეძლო.

ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა - ტრადიციულად, თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩის სერიოზული შეცდომის გარეშე ჩამთავრება მაინც ვერ შეძლო და მორიგი მარცხი იწვნია.

ირლანდიისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენი ნაკრები არ შერცხვა და ამბიციურ დანიელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ქართველებს შეეძლოთ, ოლბორგში არათუ ფრედ ეთამაშათ, არამედ გაემარჯვათ და ამით ფიფას სანაკრებო რეიტინგში პოზიციები გაეუმჯობესებინათ, მაგრამ საქართველოს ნაკრები კვლავ არ აღმოჩნდა ის გუნდი, რომელიც კლასით მასზე მაღლა მდგომ მეტოქეს
აჯობებდა.

საუბედუროდ, ჩვენს გუნდს უკვე დიდი ხანია, ისიც აღარ შეუძლია, აქა-იქ გაიბრწყინოს და ქართველი გულშემატკივრები იშვიათი წონადი გამარჯვებებით გაახაროს. ევროპაში კი ჩვენ მიერ დასაჯაბნი გუნდების სია თვალსა და ხელს შუა მცირდება.

გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, გიორგი ლორიას უხეში შეცდომა აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ბურთი ხეირიანად ვერ ამოიტანა, შეცვლაზე შესულ ნიკლას პედერსენს ჩააბარა და მანაც ერთი შეხებით დაუცველ კარში კურიოზული გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ქართველებს საქმე უკვე გაძლებაზე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაძლეს, რაც სრულიად ლოგიკური იყო.

მატჩის 89-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა ჯარიმა უზადოდ შეასრულა და სომხეთთან მოახლოებული ოფიციალური შეხვედრის წინ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დუბლინური მატჩის შემდეგ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა - დაცვის მარცხენა ფლანგზე დავით კვირკველია გიორგი ფოფხაძემ ჩაანაცვლა, უჩა ლობჟანიძე ძირითადიდან ამოვარდა და მისი ადგილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გურამ კაშიამ დაიკავა, რომელიც ირლანდიაში ნახევარდაცვაში ირჯებოდა; ცენტრფორვარდობა კი ნიკოლოზ გელაშვილის მაგივრად, ლადო დვალიშვილს დაეკისრა.

ქეცბაიამ მოედნის ცენტრში სამი ტიპური ჩამშლელი გაამწესა, ფლანგები კი ალექსანდრე კობახიძესა და ჯანო ანანიძეს ჩააბარა. ჯანო მარცხნივ მოქმედებდა, სანდრო კი, რომელსაც მარცხენაფლანგელად უფრო ვიცნობთ, მარჯვნივ თამაშობდა.

მატჩის საწყისი 20 წუთი დანიელთა მიერ ჩატარებული დროის საუკეთესო მონაკვეთი იყო. მორტენ ოლსენის გუნდი ტემპიანად და კომბინაციურად უტევდა და სწრაფი გოლის გატანაც შეეძლო - მე-3 წუთზე მრავალსვლიან შეტევას სიმონ პოულსენის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა; მე-16 წუთზე მასპინძელთა დაწინაურება უკვე ანდრეას კორნელიუსს შეეძლო, თუმცა მიზანმა მასაც უმტყუნა.

ამას კობახიძის არაზუსტი გასროლა მოჰყვა, რის შემდეგაც მეორე ნომრად მოთამაშე სტუმრები უფრო თამამად გადავიდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებლები კვლავ დანიელებს ჰქონდათ, მაგრამ მათ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უჭირდათ ქართველთა საჯარიმოში შეღწევა.

რა თქმა უნდა, სტუმრები მეტოქეს ხშირად ვერ აწუხებდნენ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ თამაშის გამწვავებას. მეტიც, 35-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა დაწინაურების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - ჯარიმის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და მისი დარტყმა დანიელთა მეკარე სტეფან ანდერსენმა მოიგერია. მახვილი კუთხიდან კი დამატებას კაშია ცდილობდა, რომელმაც მიზანს ააცილა.

მეორე ტაიმში დანიელები კიდევ უფრო უინიციატივონი ჩანდნენ. ქართველებმა მათი თამაშის მანერას ალღო საბოლოოდ აუღეს და მასპინძელთა იერიშებს დამაჯერებლად უმკლავდებოდნენ. მოედანზე უკვე აღარ ჩანდა ის რესურსი, რითაც დანიის ნაკრებს ქეცბაიას გუნდის გატეხვა შეეძლო. მოგვიანებით ქართველები დაწინაურდნენ კიდეც და გამარჯვების რეალური იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ...

ჩვენი ნაკრების კარში გასული გოლები უკვე გავიხსენეთ, დაწინაურებით კი 52-ე წუთზე დავწინაურდით, როცა შეცვლაზე შესულმა ირაკლი სირბილაძემ საჰაერო დუელი მოიგო და ბურთი კობახიძეს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი მეკარესთან პირისპირ ირაკლი ძარია გაიყვანა, რომელმაც ახლო მანძილიდან უნაკლოდ დაარტყა.

ამის შემდეგ უკვე სრულიად ლოგიკური იყო, საქართველოს ნაკრები მთლიანად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე რომ გადაერთო. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიერ განხორციელებულმა ყველა ცვლილებამ გაამართლა, მაგრამ სენსაციასთან მაინც ძალიან ახლოს ვიყავით.

საამისოდ ამჯერად ჩვენი გუნდი შემართებით იბრძოდა, მაგრამ კვლავ არ ეყო ერთი რამ - კლასი.

მოკლედ, საქართველოს ნაკრების აქტივში ვერც 5 ივნისის შეხვედრა ჩაიწერა. მარცხის შემდეგ რაიმე პოზიტივის დანახვა ძნელია და მხოლოდ იმას თუ გავუსვამთ ხაზს, დუბლინში განცდილი კატასტროფის შემდეგ გუნდმა დროულად რომ შეძლო შოკიდან გამოსვლა.

გლობალურად კი ვითარება უცვლელია - საქართველოს ნაკრებს ბრძოლა არ დავიწყებია, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა ვერ ხტება.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

05.06. ოლბორგი. ნორდიისკ არენა
დანია-საქართველო 2:1
0:1 ძარია (52), 1:1 პედერსენი (77), 2:1 ერიქსენი (89)
დანია საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1
ანდერსენი ლორია
იაკობსენი კაშია
ბიელანდი ხიზანიშვილი
ოკორე ხუბუტია
პოულსენი ფოფხაძე
სტოკჰოლმი დაუშვილი
ზიმლინგი კანკავა
რომედალი კობახიძე
ერიკსენი ძარია
ბრეითვაითი ანანიძე
კორნელიუსი დვალიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
მ. ოლსენი თ. ქეცბაია

დანია
12. ზიმლინგი - შიონე
46. რომედალი - კრონ-დელი
61. სტოკჰოლმი - კვისტი
62. ბრეითვაითი - პედერსენი
75. პოულსენი - მაკიენოკო
79. შიონე - კუსკი
სათადარიგოები: შმეიხელი, ანკერგენი, ვასი, ი. ჰანსენი, კ. ჰანსენი, ფიშერი

საქართველო
46. დვალიშვილი - სირბილაძე
63. ძარია - თარგამაძე
63. ანანიძე - ლობჟანიძე
73. დაუშვილი - გიგაური
87. ა. კობახიძე - გელაშვილი
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, თომაშვილი, კვირკველია, მ. კობახიძე, მაისურაძე

გაფრთხილება: დაუშვილი (57), გიგაური (86)

არბიტრი: ფ. ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 24 /
ქეცბაია, როგორც მწვრთვნელი, ვერ ხვდება მთავარს: ქართველი კაცის ხასიათში არ დევს ე.წ. "პრაგმატული" ფეხბურთი,- შეუძლებელია ქართველ ფეხბურთელს, "იტალიური" სტილის ფეხბურთი ათამაშო და რაიმე შედეგს მიაღწიო.. ჩვენ იმ დონის პროფესიონალები არ გვყავს, ვინმეს რომ კლასის ხარჯზე მოვუგოთ, ამიტომ, გონიერი მწვრთნელი უნდა ცდილობდეს, ქართველები ნიჭის და აღმაფრენის ხარჯზე ათამაშოს, როგორც ამას ჩივაძე აკეთებდა მაშინ, როცა თვითონ ქეცბაია იყო ნაკრების ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი.. მარტო ნიჭით და აღმაფრენით თამაში, ყოველთვის არ გამოვა, მაგრამ ხანდახან მაინც მიანიჭებ ყველაფრისგან გულგატეხილ გულშემატკივარს სიხარულს.. გული მიკვდება, როცა ვუყურებ რა უგულოდ და საცოდავად დასდევენ ჩვენი ფეხბურთელები, დანიის და მსგავსი საშუალო გუნდების ფეხბურთელებს ბურთის ასართმევად.. მაგ დონის გუნდებთან ადრეც ვაგებდით, მაგრამ ვუგებდით კიდევაც და ყოფილა შემთხვევა ბურთს არ ვანახვებდით ხოლმე საერთოდ.. ალბათ მეტყვით, რომ ახლა ქინქლაძის და ჯამარაულის კლასის ფეხბურთელების არ გვყავს მოედნის ცენტრში, მაგრამ არც გვეყოლება, მწვრთნელმა თუ არ მოინდომა. არანაკლები ბიჭები არიან: ყენია, ოქრიაშვილი, ჭანტურია, ანანიძე, მერებაშვილი.. მთავარია მწვრთნელმა დამუხტოს სათანადოდ ფეხბურთელი და ნებისმიერს შეუძლის თამაშის თავის თავზე აღება.. ჯამარაული უგუნდოდ და უთამაშებელი იყო, როცა ჩივაძემ ძირითადში დააყენა მრისხანე ბულგარეთთან და კაცმა გადათელა ბულგარელების ცენტრი. დინამოელმა გოგიჩაიშვილმა და გერმანიის ობერლიგიდან გამოძახებულმა ღუდუშაურმა ფლანგები დააწიოკეს, 2:1 მოუგეს ბულგარეთს, მაგრამ მინიმუმ 4 ბურთის სხვაობით უნდა მოეგოთ, იღბალს რომ არ ეღალატა მიშა ყაველაშვილისთვის.. ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ყელში ამოვიდა მწვრთნელების და კომენტატორების წუწუნი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძირითადში, ვერ ხვდებიან და რომ, ჩვენ თავდამსხმელებს გოლი ვერ გააქვთ.. როგორ უნდა გაიტანონ დალოცვილო, დარბის მარტო კინკილა კაცი, თავის საჯარიმოდან მოწინააღმდეგის საჯარიმომდე, იხსნება და პასი არ მისდის. ვაწაძის მსგავსი გოლის ალღოთი დაჯილდოებული ფორვარდი, 5 არ იქნება ევროპაში, მაგრამ შეუწყო ხელი ნაკრების მწვრთნელმა, ნიჭის გამომჟღავნებაში?!
miron
11:10 06-06-2013
0
რაღაც საიმედო მინდა ვთქვა,მაგრამ ვერაფერს ვიძახი.იმ ტაქტიკას რა ტაქტიკასაც ქეცბაია იყენებს არ ზის ქართველების გენში.ჩვენ ყოველთვის გვყავდა გამორჩეული ფორვარდები და არასოდეს ვყოფილვართ მეორე ნომრად მოთამაშეები. მერე რა, რომ მიზანის მიღწევა მაშინაც გვიჭირდა თავაწეულები მაინც დავდიოდით,მაყურებელს თუ შეტევა და ლამაზი ფეხბურთი არ აჩვენე ნულია მაშინ შენი ფასი...
qartveli
11:39 06-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული