ჯანო ანანიძე: ნაკრები რომ ვერ თამაშობს, მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის

AutoSharing Option
რამდენიმე წელიწადია, ჯანო ანანიძეს ქართველ ჟურნალისტთან აღარ ულაპარაკია.

საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ახალი კონტრაქტი უკვე აღარ უკრძალავს მასმედიასთან ურთიერთობას და...

მოსკოვის "სპარტაკის" 20 წლის ფეხბურთელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკლუბო ამბებზეც ვისაუბრეთ (შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში "სახალხო გუნდმა" ჯანო "როსტოვში" გაანათხოვრა. - ავტ.) და ეროვნულ ნაკრებზეც...

- შეთავაზებები ევროპული კლუბებიდანაც ხომ გქონდა?
- "სპარტაკთან" კიდევ სამი წლით მაკავშირებს კონტრაქტი და თავად ვერაფერს გადავწყვეტდი. სხვებს აღარ ჩამოვთვლი, არნემის "ვიტესი" კი ძალიან იყო დაინტერესებული.

კლუბის წ
არმომადგენლები (მათ შორის, გიორგი ქინქლაძეც) რამდენჯერმე იყვნენ მოსკოვში, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

სხვა რუსულ კლუბებს "როსტოვი" ვარჩიე. ჩემზე მეტად ვის უნდა, რომ ევროპაში ვთამაშობდე, მაგრამ მოსკოველებს ჩემი გაყიდვა არ სურთ და ხომ არ გავიპარები?! ჯერ "სპარტაკში" არაფერი დამიმტკიცებია და ევროპაში ვის ვუნდივარ?

კარიერის ბოლომდე რუსეთში თამაშს ნამდვილად არ ვაპირებ, ევროპულ კლუბში თამაში მსურს და ამის დროც მოვა!

- ჯანო ანანიძეს გამძლეობა არ ჰყოფნის, მთელი მატჩი მაღალ დონეზე რომ ჩაატაროსო, ეთანხმები ამ მოსაზრებას?
- ამას მაშინ რატომ არ ამბობდნენ, 17 წლისამ "სპარტაკში" ზედიზედ სამი მატჩი სრულად რომ ვითამაშე? ალბათ, ჯანსა და აღნაგობას გულისხმობენ, თორემ ცოტაა ფეხბურთელი, გაბარიტების მიუხედავად, სუნთქვისა და გამძლეობის პრობლემა რომ არა აქვს? არ მაძლევდნენ საკმარის დროს, თორემ რას ვერ ვუძლებ? მათამაშე მთელი მატჩი და თუ 85-ე წუთზეც ისეთივე ენერგიული ვეღარ ვიქნები, როგორიც თამაშის დასაწყისში, მერე მისაყვედურე!

სისულელეა, თითქოს მალე ვიღლები და სირბილი აღარ შემიძლია. არ ვეწევი, არ ვსვამ და გამძლეობა რატომ არ უნდა მქონდეს? პირიქით, საკლუბო ტესტების დროს ყოველთვის სამეულში შევდივარ.

ასეთ ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ - ვისაც რა უნდა, ის თქვას, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ.

- 17 წლის ასაკში ჩინებული დებიუტი გქონდა კლუბშიც, ნაკრებშიც... მერე რა მოხდა, რატომ ვეღარ "გაიზარდა" ჯანო ანანიძე? მიზეზი მხოლოდ მცირე სათამაშო დროში უნდა ვეძებოთ თუ შენც დააკელი რამე?
- ოთხი წელიწადი "სპარტაკის" ბაზაში ვცხოვრობდი... საერთოდაც, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბოლო დროს "გულაობა" დავიწყე და ამიტომ ვეღარ ვთამაშობდი, მწარედ ცდება.

ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ასე არ არის. ტრავმები მქონდა, მენისკის ოპერაციაც გავიკეთე. როცა არ გათამაშებენ, ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელია. მერე მამაც გარდაიცვალა და ამოვვარდი კალაპოტიდან... სამი წლის წინ თამაშის დროს გაცილებით თავისუფალი ვიყავი, ახლა კი რაღაცნაირად დაძაბული, შებოჭილი ვარ მოედანზე. სილაღე მხოლოდ სათამაშო პრაქტიკას მოაქვს, რაც უნდა ბევრი ივარჯიშო, თამაშის გარეშე ვერ გაიზრდები. როცა კლუბში არ მქონდა სათამაშო პრაქტიკა, სრულფასოვნად ვერც ნაკრებს ვეხმარებოდი. სექტემბრამდე, როცა სანაკრებო მატჩები გველის, ფორმაში აუცილებლად შევალ. სულ რუსეთში თამაშს ნამდვილად არ ვაპირებ. მით უმეტეს, არც არის "ჩემი" ჩემპიონატი, პირველობა, სადაც ჩემი კომპლექციის ფეხბურთელს თამაში უადვილდება. მოვმაგრდები და ევროპაში წავალ...

- არ ნანობ, თავის დროზე, "სპარტაკთან" ასეთ ხანგრძლივ ხელშეკრულებას რომ მოაწერე ხელი?
- გარკვეულწილად, ვნანობ, მაგრამ იმ დროს დიდი არჩევანი ნამდვილად არ მქონია. კონტრაქტი რომ გავაფორმე და კარგად ვთამაშობდი, ძლიერი კლუბები მერე გამოჩნდნენ.

"სპარტაკისთვის" მადლობის მეტი რა მეთქმის, ფეხბურთის თამაში სწორედ მოსკოვურ კლუბში ვისწავლე.

16 წლის ბიჭი პირველ გუნდში გადამიყვანეს. ამ ასაკის, მით უმეტეს, ჩემი აღნაგობისა და წონის ყმაწვილს რომ ძირითად გუნდში გადაგიყვანენ, პატარა საქმე არ არის და ამისთვის ვალერი კარპინის მადლობელი ვარ.

"მალიორკაში" ან "ხეტაფეში" ყოფნას "სპარტაკში" თამაში მირჩევნია, ევროთასზე ასე უფრო მოვხვდები. წამიკითხავს, ანანიძე რუსეთს ხელფასის გამო "მიაკვდაო"... ამის მთქმელებმა რომ იცოდნენ, სინამდვილეში რამდენს ვიღებ, ნახევარზე მეტი თავს მოიკლავდა. ევროპაში 30 ათასს გადაუხდიდნენ, "როსტოვში" კი 100 ათასს იღებსო. ნეტავ მართლა ვიღებდე!

- ეროვნულ გუნდზეც ვილაპარაკოთ. რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?
- კლუბში არც ერთ ჩვენგანს არ ეშინია გახსნის, ბურთის მიღების, შეტევის წამოწყების, ნაკრებში კი... ახსნაც კი მიჭირს, რა გვაკლია. რაღაცნაირად შებოჭილი ვართ. არის თამაშები, როცა სამ-ოთხ პასს ვერ ვაბამთ ერთმანეთს. ესპანეთსა და საფრანგეთთან თამაშებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ფინეთი?! კაცნაკლულმა გუნდმა კინაღამ აქეთ გაგვიტანა გოლი...

- ყველას გვახსოვს, როგორი იმედით ელოდა ქართველი ქომაგი თემურის დანიშვნას. დღეს კი მის გადადგომას ითხოვენ...
- რომ წავიდეს, ვინ მოვა? მერე ახალმოსულიც წავიდეს და ასე გაუთავებლად? ნაკრები რომ ვერ თამაშობს, მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის, მინდორზე ხომ მოთამაშეები ვართ და უფრო მეტი ჩვენზეა დამოკიდებული.

მწვრთნელი თამაშის დროს ხომ ვერ დაგირეკავს და გეტყვის, რა შეცვალო? თითქოს შებოჭილი ვართ, დაცვიდან შეტევაში ბურთის წაღება გვიჭირს. უკვე მივეჩვიეთ, რომ ნებისმიერი სიძლიერის მეტოქეს აუცილებლად კონტრშეტევაზე უნდა ვეთამაშოთ...

ფეხბურთის თამაში უნდა გსიამოვნებდეს, მე კი, ნაკრებიდან რომ მოვდივარ, არავის დანახვა აღარ მინდა ხოლმე...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

რატი შელეგია
kvirispalitra.ge


ასევე იხილეთ:
ლეგიონი: დვალიშვილის გოლი, ანანიძე სასტარტოში და ყენიას დებიუტი [VIDEO]

ჯანო ანანიძე: სადებიუტო მატჩში ჩემს თავს 3-ს პლუსით ვუწერ
ჯანო ანანიძე: არტიომ ძიუბამ გაიტანა, ახლა კი ჩემი დროა!
ჯანო ანანიძე: შემოთავაზება რუსეთის საზღვრებს გარედანაც მქონდა
მკითხველის კომენტარები / 8 /
საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთი შემაძულა ზოგადად.
კნოპსი
19:58 01-08-2013
0
კარგი ბიჭი ხარ ჯანო!!!წარმატებებს გისურვებ!!!აუცილებელი არ აის უზარმაზარი აღნაგობის იყო,ესპანელები მეტრანახევრები არიან,მაგრამ ყველაფერს იგებენ!!!ოღონდ კიდევ სამი წელი რუსეთში არ დარჩე,რაც შეიძლება მალე გაეცალე...
akhali
17:42 30-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული