ნუკრი რევიშვილი: ჩვენ 1981 წელი გვახსოვს და იქიდან ვიყურებით...

AutoSharing Option
"ლელოს" სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გორის "დილას" მეკარე ნუკრი რევიშვილია. ის იმდენად კარგი მონაცემების მქონე მეკარე აღმოჩნდა, 19 წლისა უკვე ლეგიონერი გახდა და ქუთაისის "ტორპედოდან" ყაზანის "რუბინში" გადავიდა...

რუსეთში გატარებული შვიდი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, "დილაში" ჩაირიცხა და გუნდს ძალიან გამოადგა წლევანდელ ევროსარბიელზე.

ძნელია, მეკარე რევიშვილს ნაკლი მოუძებნო, ის ძალიან საიმედოდ თამაშობს და იშვიათად უშვებს შეცდომებს.

რევიშვილი მნიშვნელოვანი კაცია ეროვნული ნაკრებისთვისაც. მისი
და გიორგი ლორიას სახით ჩვენს უპირველეს გუნდს მეკარის პრობლემა მოხსნილი აქვს.

რედაქციაში მოწვეულ რევიშვილს რამდენიმე თემაზე ვესაუბრეთ და მიგვაჩნია, რომ კითხვებზე გულწრფელი პასუხები მივიღეთ. მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ნუკრი რევიშვილი პასუხობს...

- პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მორიგი ოფიციალური მატჩი თბილისში, ფინეთთან ითამაშეთ. რამდენად კმაყოფილი დარჩით საკუთარი თავით?
- ფინეთამდე ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩშიც ვითამაშე, თემურ ქეცბაიამ ამით ნდობა გამომიცხადა. საფრანგეთის წინააღმდეგ მწვრთნელმა კარის დაცვა გიორგი ლორიას ანდო და, როგორც გამოჩნდა, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო. ფინეთთან მატჩი კი ადვილი არ გამოდგა, უნდა შეგვეტია, თუმცა თამაშს გავხსნიდით თუ არა, აქეთაც გვიტევდნენ.

სამწუხაროდ, ვერ შევძელით გულშემატკივრების გახარება. ცუდ შედეგზე ყველაზე უფრო ჩვენ, ფეხბურთელები ვნერვიულობთ, გულგრილად არ ვუყურებთ ამ ყველაფერს, პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. ფაქტია, საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლა რთულად მიდის. ადრე კახა ცხადაძე, მურთაზ შელია, შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი გვყავდნენ... რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას...

- სისტემატური აპელირებით იმაზე, რომ ადრე ასეთი ფეხბურთელები გვყავდნენ და დღეს სხვა რეალობაა, უნებლიეთ ხომ "მოუწოდებთ" გულშემატკივარს, რომ სტადიონზე აღარ მოვიდეს?
- არა, იმას როდი ვამბობ, რომ არაფერი შეგვიძლია; უბრალოდ, ილუზიები არ უნდა შევქმნათ. ამ ბოლო შესარჩევში მე-3 ადგილზე გასვლა საქართველოს ნაკრებისთვის რეალური იყო. ბელორუსსა და ფინეთს უნდა ვჯობნიდეთ...

- როცა მწვრთნელი ამბობს, საფრანგეთსა და ესპანეთს კონკურენციას ვერ გავუწევთ და მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთო, ეს თავიდანვე წამგებიან, კაპიტულანტურ პოზიციაში ხომ არ გაყენებთ? რეალობა ხომ იმასაც ითვალისწინებს, რომ გრანდი ნაკრებები ყოველთვის ვერ ამარცხებენ კლასით მათზე დაბლა მდგომ გუნდებს და ხანდახან მარცხდებიან კიდეც...
- თამაშის ხარისხი სასურველი ჯერაც არ არის, გამონათებები კი გვაქვს - საფრანგეთთან ფრედ ვითამაშეთ, ხორვატიას თბილისში მოვუგეთ... ხორვატიასთან მატჩიდან სამ დღეში სტუმრად ისრაელთან ვითამაშეთ, ძალაგამოცლილები ვიყავით და ამან განაპირობა წარუმატებლობა.

ჯგუფში ხორვატია რომ გვყავდა, მაშინ დალაგებული ატმოსფერი იყო და რა მოხდა შემდეგ, ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. მერე მოხდა კონფლიქტები ფეხბურთელებთან და იყო ვარდნა. არც ქეცბაიას და არც არავის დაცვას არ ვაპირებ...

- სანამ საქართველოს ნაკრებს ქეცბაია ჩაიბარებდა, გუნდს ექტორ კუპერი თავკაცობდა. მის დროს ნაკრებში თამაში არ გიწევდათ...
- კუპერი ნაკრებში არ მიწვევდა, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ მაშინ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა. მადლობელი ვარ ქეცბაიასი, ნაკრების კარი რომ მანდო. მისი მოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა "რუბინიდან" "ანჟიში" გადავედი.

გული მწყდება იმაზე, რაც ლატვიასთან შეხვედრაში მოხდა. რთული მომენტი იყო, ლატვიელმა მაგრად დაარტყა... მეკარე ხომ იმისთვისაა, რომ გადაარჩინოს გუნდი. ფინეთთან სტუმრად გამართულ შეხვედრაშიც უნდა გადამერჩინა გუნდი... საერთოდაც, ის თამაში მოსაგები იყო.

- ნაკრებში პირველად მაშინ გამოგიძახეს, გუნდს კლაუს ტოპმიოლერი რომ წვრთნიდა. თავიდან თითქოს კარგად წაგივიდათ ყველაფერი, მერე რა მოხდა?
- "ტოპის" დროს თავიდან მართლაც ნორმალურად იყო ყველაფერი, ვითამაშე ამხანაგურ შეხვედრებში ურუგვაისა და თურქეთთან, მერე კი უკრაინასთან გვქონდა მატჩი და მწვრთნელმა აღარ დამაყენა ძირითადში. ტოპმიოლერს ამის მიზეზი რომ ვკითხე, არაფერი მიპასუხა, უთანხმოებაც ამას მოჰყვა.

- რაც უნდა კარგი მონაცემები ჰქონდეს ფეხბურთელს, ყველას სჭირდება სწორ გზაზე დაყენება და ხელშეწყობა. ვინ იყო ის, ვინც ასე დაეხმარა ნუკრი რევიშვილს?
- ძალიან დამეხმარა მამუკა ჯუღელი. ის მხოლოდ ჩემი მენეჯერი კი არ არის, არამედ ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია. 15 წლის რომ ხარ, მთავარიც ის არის, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, სწორ გზაზე დადგე... ქუთაისის "ტორპედო", ნაკრები, "რუბინი" - ასეთი ნაბიჯები გადავდგი.

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის რთულია, როცა უცებ რუსულ პრემიერლიგაში მოხვდები. რაღაც-რაღაცები ადვილად მოვიდა და მეგონა, რომ რუსეთშიც ასე გაგრძელდებოდა.

ვისთანაც კი მიმუშავია, ყველაზე ძლიერი მწვრთნელი ჯერჯერობით ყურბან ბერდიევი გამოდგა. ძალიან ძლიერი სპეციალისტია, მათამაშებდა რამდენიმე მატჩს, მერე კი დამასვენებდა. თავიდან მეგონა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ პირიქით იყო...

- გორის "დილაზე" გადავერთოთ. წლეულს გუნდს ცოტა დააკლდა ევროპალიგის ჯგუფში შესასვლელად. წარმოუდგენელი იყო პლეი ოფში ვენის "რაპიდის" დამარცხება?
- "რაპიდი" ჩვენზე ძალიან მაღლა იდგა. იქამდე ჯერ დანიური "ოლბორგი" დავამარცხეთ და ალბათ, ბევრს არ ეგონა, თუ ამას მოვახერხებდით. მიმაჩნია, რომ "ოლბორგი" "ჰაიდუკზე" უკეთესი გუნდი იყო. ხორვატებმა, ალბათ, სათანადოდ ვერ შეგვაფასეს. ისიცაა, რომ სწორად და კარგად იმუშავა ჩვენმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა. "რაპიდთან" თბილისურ შეხვედრაში დოლიძეს ჰქონდა კარგი მომენტი, პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა "რაპიდის" კარში...

- რუსეთიდან "დილაში" რომ აღმოჩნდით, ბევრი ამასაც ვერ წარმოიდგენდა...
- რუსეთში ისეთი კანონი მიიღეს, რომ "კრასნოდარში" უკვე ლეგიონერად ვითვლებოდი. ჩემი რუსული პასპორტი მხოლოდ სავიზო საკითხში მეხმარებოდა. შემეძლო აზერბაიჯანისა და მოლდოვის ისეთ გუნდებში წასვლა, ევროტურნირებზე რომ თამაშობენ, მაგრამ აზერბაიჯანში თუ წახვალ, იქ უნდა დარჩე, იქიდან სხვაგან წასვლა უკვე ძალიან ძნელია.

ასე რომ, რვაწლიანი განშორების შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი.

- ალბათ, თქვენც შეამჩნევდით, რომ ამ რვა წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატი, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესი ვერ გახდა...
- ადრე დონე უფრო მაღალი იყო, ახლა ჩვენს ჩემპიონატს ძალიან რთული პერიოდი უდგას... რუსულ გუნდებში ვარჯიშზე "ორკარას" რომ თამაშობენ, ვერ მიხვდები, რომელია პირველი შემადგენლობა და რომელი - მეორე, ჩვენთან კი...

- წლევანდელი ევროთამაშების შემდეგ "დილას" ჩავარდნა ჰქონდა. რა იყო ამის მიზეზი?
- სწორედ ის, რაც უკვე გითხარით - არ მეგონა, თუ გიორგი ილურიძისა და ლაშა გვალიას წასვლა ასე დააზარალებდა გუნდს. ამას დაემატა ირაკლი დოლიძისა და ოთარ ხიზანეიშვილის ტრავმები... მოკლედ, სიტუაციაც აირია. ახლა კი, შეიძლება ითქვას, უკვე დავლაგდით. ალბათ, საჭირო იყო ის ცვლილებები, რაც მოხდა. რაღაც უნდა შეცვლილიყო...

Sportall.Ge

- ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "დილადან" წასვლას აპირებთ?
- მე მგონი, წავალ. მამუკა ჯუღელმა უნდა გამომიძებნოს გუნდი. რუსეთში უკვე ნათამაშები მაქვს. ძნელია იმ რუსულ გუნდში მოხვედრა, სადაც ადგილობრივი მეკარე ჰყავთ. უფრო იქ არის წასვლის შანსი, სადაც კარს ლეგიონერი იცავს. რუსეთში მეტწილად ასე აქვთ საქმე მოწყობილი - მეკარე და მცველები რუსები ჰყავთ, სხვა რგოლებისთვის კი ლეგიონერებს იწვევენ.

- საქართველოს ნაკრების მეკარეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ამ ურთიერთობას ძმაკაცური არ ეთქმის, თუმცა ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან მე, გიორგი ლორიასა და როინ კვასხვაძეს. უფრო ახლო ურთიერთობა კვასხვაძესთან მაქვს - ალბათ იმიტომ, რომ ქუთაისელები ვართ.

როცა "ანჟიში" ვიყავი, გაჯი გაჯიევი ზედიზედ ორ მატჩში დამაყენებდა და, რაც უნდა კარგად მეთამაშა, მომდევნო ორ შეხვედრაში უკვე სხვა მეკარეს ანდობდა კარს. ნაკრებში კი იმან უნდა ითამაშოს, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაშია.

- თანამედროვე უცხოელი მეკარეებიდან ვის გამოარჩევდით?
- მანუელ ნოიერს, დავიდ დე ხეას... იმ მეკარეებს, ხაზზეც რომ კარგად დგანან და ფეხითაც ჩინებულად რომ თამაშობენ. ბავშვობაში ვან დერ სარი მომწონდა. ადრე მეკარეები უფრო ხშირად უშვებდნენ კურიოზულ გოლებს, ვიდრე ახლა. განსხვავება ამაშიც არის.

- როცა კარში დგახართ, თანაგუნდელებს ხშირად უყვირით და კარნახობთ? დღევანდელ მეკარეს უკვე ისიც ევალება, რომ ლიბეროსავით ითამაშოს...
- ეს აუცილებელია. მაგალითად, როცა 2:0-ს იგებ, ფეხბურთელები ცოტათი ეშვებიან და ასეთ დროს თუ გაუშვი ბურთი, მეტოქეს ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვების საშუალებას აძლევ. ამიტომ მეკარე უნდა ცდილობდეს, შემოუძახოს თანაგუნდელებს და არ მოადუნოს ისინი. ეს და ლიბეროობა ვარჯიშით არ გამოდის, ეს მოაქვს გამოცდილებას.

"რუბინის" მეკარეების მწვრთნელი სპეციალურად მეკარეებისთვის განკუთვნილ ვიდეოს გვაჩვენებდა. იკერ კასილიასის უკან დამონტაჟებული კამერით ამ მეკარის მოქმედებები იყო აღბეჭდილი. ასეთ რამეს მატჩის რეპორტაჟის ყურებისას ვერ ნახავთ. ამ ვიდეოთი ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინეთ, რასაც სხვანაირად ვერ დავინახავდით.

- ქართულ სპორტულ მედიაზე რას იტყოდით? როგორია ის რუსულთან შედარებით?
- საქართველოში ჟურნალისტები ძალიან მომთხოვნები არიან. ასეა რუსეთშიც - ნაკრები რომ წააგებს, ერთი ამბავი ატყდება ხოლმე. ჩვენ 1981 წელი გვახსოვს და იქიდან ვიყურებით. რეალურად უნდა შევხედოთ ვითარებას, მეტი თავმდაბლობა გვმართებს. ჩვენი ნაკრების თამაში არ მოსწონთ, თუმცა მე ღიად არ ვიტყვი ბევრ რამეს. მთავარია, ნორმალური პირობები იყოს და ხალხმა გაიხაროს. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, საქმეც კარგად წაგვივა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიმართლე ბოლომდე რომ თქვას ძმაკაცებს აწყენინებს. დრო კი მიდის და ქართული ფეხბურთი ზარალდება!
ხორვატებთან მოგების შემდეგ 3 დღე გავიდა და ისრაელთან დავმარცხდით. ხორვატებმა კი 3 დღის შემდეგ ფრანგები დაამარცხეს. აღდგენა იმათ თუ მოასწრეს ჩვენ რატომ ვერ უნდა მოგვესწრო?
guja_kakhadze
14:24 09-11-2013
1
ისე რომელიმე ფეხბურთელი რომ რამეს იტყვის და ლანძღავენ ფეხბურთელი თავმდაბალი უნდა იყოსო, მწვრთნელი მოიქცევა გიჟურად და ნაგავია გასაგდებიაო. სათქმელსკი საბოლოოდ არავინ არ ამბობს ღიად. ხოდა ამიტო გვაქ საქმეც კარგად. ღიად არ თქვა ძამიკო არც შენ და არც სხვებმა და სულ ასე მოგვიწევს ყოფნა გენდრეს ფიზიოლოგიასთან. ისე კაი კაცია და კარგი ადმიანიც ეტყობა ნუკრის. ამგრამ ხმას თუ არავინ არ ამოიღებს დ ა გ ვ ე რ ხ ე ვ ა
temrazi
05:29 09-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული