ფედერაციის პრეზიდენტმა გაამხილა, რომ საქართველოს სამი ძალიან მაგარი საფეხბურთო პროექტის განხორციელების შანსი ეძლევა, თუმცა, რადგან დეტალების დაზუსტებამდე ქართული ფეხბურთის პირველკაცი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, ექსკლუზიური ინტერვიუ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეფასებით დავიწყეთ:
- მეოთხე ადგილით კმაყოფილი ვერავინ იქნება. ასე რომ, ნაკრების გამოსვლას მეც ძალიან უარყოფითად ვაფასებ! დიახ, რთული ჯგუფი იყო, მაგრამ ხომ გვქონდა მესამე ადგილზე გასვლის შანსი?
- მწვრთნელის მუშაობით ხართ
- შედეგით... ვიცი, ახლა რაც უნდა მკითხოთ და პირდაპირ გეტყვით: ჩვენც ველით თემურ ქეცბაიას ჩამოსვლას. უპირველესად, ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე, მერე თავის სიტყვას ფედერაციაც იტყვის.
- ერთი თვეა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოში არ ჩამოსულა და არც ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს პასუხობს. ეს სწორი საქციელია?
- რა თქმა უნდა, არა. გულშემატკივართან კომუნიკაცია მწვრთნელს სწორედ მასმედიის საშუალებით უნდა ჰქონდეს. ამიტომაც ყველა მატჩის შემდეგ აუცილებელია სრულყოფილი ანალიზი და პასუხი ყველა კითხვაზე.
- თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს მომავალ შესარჩევ ციკლშიც უხელმძღვანელებს?
- დღეს მას ნაკრებთან კონტრაქტი აკავშირებს... ფედერაციამ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მუშაობისთვის ყველა პირობა შეუქმნა და ბუნებრივია, შეკითხვები ჩვენც გვაქვს: რა არ გავაკეთეთ, შედეგი უკეთესი რომ ყოფილიყო; რა არ გააკეთეს მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და ა.შ?
ესპანეთთან მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი არც მე მინახავს. იმედია, უახლოეს დღეებში ჩამოვა და თავის არგუმენტებს გაგვაცნობს.
- კონტრაქტში არ არის დაკონკრეტებული, რა მიზანი დაუსახეთ მწვრთნელს და პასუხს როგორ მოსთხოვთ? ეს არ არის ფედერაციის შეცდომა?
- დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ შედეგი ყოველთვის საჭიროა. ორი წლის წინ, როცა ქეცბაიას კონტრაქტი გავუგრძელეთ, მიზნებზეც ვილაპარაკეთ: ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება და გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეძლებს...
- მიგაჩნიათ, რომ ჩაეყარა საფუძველი მომავლის გუნდს?
- როცა ჩამოვა, შეგიძლიათ, ეს თემურ ქეცბაიას ჰკითხოთ.
- მას კი ვკითხავთ, მაგრამ სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გრძნობს პასუხისმგებლობას მისი დანიშნული მწვრთნელის შედეგის გამო?
- პასუხს ყველაფერზე ვაგებ, რაც ფედერაციაში ხდება, მაგრამ მე ხომ არ ვწყვეტ, რომელი ფეხბურთელები გამოიძახონ და ვინ რომელ პოზიციაზე ითამაშებს? ფედერაციის ვალია, ნაკრებ გუნდებს მზადებისა და თამაშისთვის ყველა პირობა შეუქმნას. ერთი მწვრთნელიც ვერ იტყვის, რომ ზვიად სიჭინავა მის საქმეში ჩაერია!
- ნაკრებში უცხოელი მწვრთნელების წარუმატებელი მუშაობის შემდეგ გულშემატკივრის იმედი ვერც ქართველმა მწვრთნელმა გაამართლა... არ არის ქართული ფეხბურთის საშველი?
- ამ კითხვაზე მე როგორ გიპასუხოთ? ისე კი, ჩემი აზრით, ფეხბურთელის გაზრდა არ შეიძლება, ფეხბურთელად უნდა დაიბადო!
- აღარ იბადებიან საქართველოში ფეხბურთელები?
- იქნებ მე არ ვიცი და სადმე დაიბადა ახალი მესხი, ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი... რომელი ერთი ჩამოვთვალო? კარგი ფეხბურთელები ახლაც გვყავს, მაგრამ რაღაც აკლიათ... როგორც ჩანს, მარილი გვაკლია, ლიდერი, "მოტორი" გვჭირდება...
- როგორ ფიქრობთ, ზურაბ ხიზანიშვილი დროულად წავიდა თუ კიდევ შეეძლო ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა?
- არა მგონია, რომ ხიზანა ნაკრებიდან წასულია. რატომ უნდა წასულიყო? ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ჩემი აზრით, ეს ცხელ გულზე თქვა. იმ ასაკის არ არის, ნაკრებისთვის დახმარება აღარ შეეძლოს. მაინც მგონია, რომ მაშინ ემოციამ სძლია...
- ცოტა ხნის წინ, როცა ოფიციალურად დაადასტურეთ, რომ საქართველო აღარ იბრძოლებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, უარის ერთ-ერთ მიზეზად რეგიონული პრინციპის დაცვა დაასახელეთ. თუმცა, ამბობენ, რომ რეალური მიზეზი სხვაა: ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ისეთი მხარდაჭერა აღარ გაქვთ, როგორიც წინა მთავრობის დროს...
- ეს არაფერ შუაშია... თავდაპირველად, "ევრო-2020"-ის მხოლოდ ერთი მატჩის მასპინძლობაზე იყო ლაპარაკი, დღევანდელი მდგომარეობით კი, მთელი ჯგუფის, ანუ 6 მატჩის მიღებაზე. ამისთვის, საჭიროა მინიმუმ ორი 50-ათასიანი სტადიონი და 8-9-ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში. გარდა ამისა, სასტუმროს დაახლოებით 30 ათასი ნომერი მთელი საქართველოს მასშტაბით...
სხვას რომ თავი დავანებოთ, გვაქვს ეს ყველაფერი? ასე რომ, ხელისუფლების მხარდაჭერა არაფერ შუაშია.
- ყველამ იცის, რომ სპორტის ამჟამინდელ მინისტრთან არცთუ სახარბიელო ურთიერთობა გაქვთ, თუმცა დღემდე თანამდებობაზე ხართ...
- იმიტომ, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადა 2015 წელს იწურება... მოსამზადებლად ერთი წელი მათაც სჭირდებათ და მეც მივიყვან ბოლომდე დაწყებულ პროექტებს. საქმის კეთებას ვაგრძელებ, არც კონფლიქტი მაქვს ვინმესთან. ვისაც ჩემთან აქვს პრეტენზია, მას ჰკითხეთ.
- რას გააკეთებს ზვიად სიჭინავა, როცა სფფ-ის პრეზიდენტი აღარ იქნება?
- ასეთ რამეებზე წინასწარ არასდროს ვფიქრობ, მაგრამ უსამსახუროდ ნამდვილად არ დავრჩები. რუსეთშიც ანტიკრიზისულ პროექტებზე ვმუშაობდი და ფეხბურთის ფედერაციაშიც იგივე მომიწია. არა მგონია, ერთ წელიწადში საქართველოში ყველაფერი იდეალურად დალაგდეს. ასე რომ, სადმე მოიძებნება ჩემი ადგილი... თუ არა და, როგორც იცით, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, დავბრუნდები რუსეთში და იქ ვიმუშავებ.
- გიფიქრიათ, რომ ოდესმე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდებოდით?
- არა, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა. ზუგდიდში ყველამ იცის, რომ თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი, ხშირად მიყვირია, მიჩხუბია... ეროვნული ჩემპიონატის გარიჟრაჟზე სტადიონის დამცავი ბადეებიც ბევრჯერ დამიმტვრევია.
ფედერაციის პრეზიდენტი რომ გავხდი, ვხუმრობდი კიდეც - ალბათ, ღმერთმა დამსაჯა, ახლა გამიხდა აღსადგენი, რაც ახალგაზრდობაში დამიმტვრევია-მეთქი (იცინის).
- ფედერაციის პრეზიდენტები იცვლებიან, რეზო არველაძე კი სულ გენერალური მდივანიაო, ალბათ, თქვენც ხშირად გსმენიათ. ხალხს დამატებითი სალაპარაკო რატომ მიეცით, როცა არჩილ არველაძეს შესთავაზეთ ფედერაციის სპორტული დირექტორობა?
- რეზო არველაძეს რაც შეეხება, ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: "ლენინ ჟილ, ლენინ ჟივ, ლენინ ბუდეტ ჟიტ!"
- ეს კარგია თუ ცუდი?
- ოთხი წელიწადია ერთად ვმუშაობთ და რეზო ძალიან მეხმარება. ყველა პროექტში გვერდით მიდგას. მასზე აუგს ვერ ვიტყვი და ვინმეს თუ აქვს პრეტენზია, თავად გაარკვიოს.
რაც შეეხება არჩილს, ძალიან კომუნიკაბელური და პოზიტიური ადამიანია და მისი დანიშვნა პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, რეზო არაფერ შუაშია (იცინის).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"
ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: თუ ზვიად სიჭინავა სამ დღეში არ გადადგება, მე წავალ!
ვთქვათ წავიდა გამოსავალია ეს????
სულ მწვრთნელს და ფეხბურთელებს რომ ვაბრალებთ ყველაფერს და ფედერაცია თავის პოლიტიკით მართალი რომ გამოდის ეს რას ნიშნავს???