მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა

AutoSharing Option
მუდამ ასე იყო: მოყოლებული სადებიუტო ციკლიდან (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი), ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრას ყოველთვის განსაკუთრებული იმედით ველოდით! თანაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ისიც "გვავიწყდებოდა", თუ როგორი იმედგაცრუება გვქონდა წინა ციკლში;

"წარუმატებლობა წარსულს ჩაბარდება და იქნებ ახლა მაინც შევძლოთ სანუკვარ ფინალურ ეტაპზე გასვლაო", - აი, ასეთი იმედით შევცქეროდით ხოლმე აქამდე ჩატარებულ ათ წილისყრას და გამონაკლისი არც გუშინდელი დღე იყო.

ჰო, იმის გარდა, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად "შესაბამისი" ნაკრებია (ასევე, "შესაბამისი"... ფეხბურთელებით) საჭირო,
ცოტა იღბალმაც უნდა გადმოგხედოს ხოლმე. არადა, აწ გასრულებული ათი შესარჩევი ციკლიდან, სულ მცირე, ორჯერ მართლაც არ მოვხვედრილვართ "სიკვდილის ჯგუფში" და, საერთოდაც, იმ ორივე შემთხვევაში თუნდაც პლეი ოფის საგზურის მოპოვებაც არავის უნდა გაჰკვირვებოდა, მაგრამ ეს ოცნება ოცნებადვე გვრჩებოდა...

და აი, მორიგი იმედიანი განწყობის დღეც დადგა: 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა მოეწყო და დადგინდა, საქართველოს ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, შოტლანდია და გიბრალტარი იქნებიან!

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ბევრად უარეს ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით და, ასევე, იმის ალბათობაც იყო, რომ შედარებით სუსტი მეტოქეები გვყოლოდა; ყოველ შემთხვევაში, პირველი კალათიდან გერმანიის ნაცვლად, ალბათ, იდეალური იქნებოდა, თუ საბერძნეთი "ამოვიდოდა"; მეორე კალათიდან "ამოსულ" ირლანდიას, ვფიქრობთ, არაფერი დაეწუნება, რამეთუ შეიძლებოდა, ბევრად უფრო ძლიერი გუნდებიც შეგვხვედროდნენ (მაგალითად, ბელგია, უკრაინა, ხორვატია, შვედეთი, შვეიცარია თუ დანია);

აი, მესამე კალათიდან "ამოსულ" გუნდებში კი არ გაგვიმართლა: ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი პოლონეთის ნაკრები ბევრად უფრო ძლიერ გუნდად მიგვაჩნია, ვიდრე სხვა სავარაუდო მეტოქეები (ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, ავსტრია თუ რუმინეთი);

რაც შეეხება მეოთხე კალათას, ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა ბევრად უარესი (თუნდაც, სომხეთი ან ჩერნოგორია) ან უკეთესი ვარიანტი (ლატვია ან ბელორუსი) ყოფილიყო.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება მთავარიც: როგორც ჩვენ ვფიქრობდით "სასურველ" და "არასასურველ" მეტოქეებზე, იგივე განწყობა ექნებოდათ სხვა გუნდების ქომაგებსაც. ეგ კი არა, ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ვინ იცის, იქნებ იმასაც ნატრობდნენ, V კალათიდან მაინცდამაინც საქართველოს ნაკრები გვერგოსო...

ოცნებას მაინც ვერავინ დაგვიშლის...
ფეხბურთის გულშემატკივრებმა უკვე იციან, რომ ევრო 2016-ის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი იასპარეზებს და იქ მოსახვედრად ბევრი ჩვენნაირი ნაკრების შანსიც გაზრდილია! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეორეადგილოსანი ხომ ავტომატურად ხვდება ფინალურ ეტაპზე. ამას გარდა, მესამე ადგილიც ერთობ ფასეული გახდა: საუკეთესო მესამეადგილოსანი ავტომატურად ხვდება ფინალურ ეტაპზე, დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი დაწყვილდება და აქედან ოთხი საუკეთესო საფრანგეთში იასპარეზებს.

ჩვენს ჯგუფში სიტუაციას თუ გადავხედავთ, უპირველესად, ის უნდა გვიხაროდეს, რომ თბილისში დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ხილვის საშუალება გვექნება! რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ გერმანიის ნაკრები ამ ჯგუფის უპირობო ფავორიტია!

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებს აქამდე სამჯერ დავუპირისპირდით და სამივე მატჩში დავმარცხდით.

არანაკლებ უსიამოვნო ბალანსი გვაქვს ირლანდიასთანაც - ხუთი მატჩი და ხუთი წაგება! თანაც, ირლანდიელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ (ცნობილი ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი მარტინ ონილი), მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ, რომ ამ გუნდთან თავისუფლად შეიძლება წარმატების მიღწევა; ეგ კი არა, დღევანდელი გადმოსახედიდან, მესამე კალათიდან "ამოსულ" პოლონეთის ნაკრებს უფრო მეტი კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს და შორს რომ არ წავიდეთ, "დორტმუნდის" ტრიოსა (რობერტ ლევანდოვსკი, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, ლუკაშ პიშჩეკი) თუ ერთიმეორეზე ძლიერი მეკარეების (ვოიცეხ შჩესნი, არტურ ბორუცი, ლუკაშ ფაბიანსკი) ხსენებაც საკმარისი იქნება.

სხვათა შორის, პოლონელებთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს: ორი წაგება და ერთი მოგება;

რაც შეეხება შოტლანდიის ნაკრებს, უკვე წლებია, ეს ნაკრები ვერც ღირებულ წარმატებას აღწევს და ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და ნაკრების დღევანდელი თავკაცი გორდონ სტრაჩანი ვერც მაღალი დონის შემსრულებლებით იამაყებს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სულაც არ მოჩანს უტოპიად იმაზე ფიქრი, რომ საქართველოს ნაკრებს (ისე, როგორც - პოლონეთს, ირლანდიასა თუ შოტლანდიას) თავისუფლად შეუძლია არამხოლოდ მესამე ადგილისათვის, არამედ... მეორისთვისაც ბრძოლაც!

აი, რაც შეეხება გიბრალტარს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია: ისე, როგორც ჩვენ, დანარჩენი გუნდებიც ხომ უპრობლემოდ შეძლებენ ევროპის საფეხბურთო "ოჯახის" დებიუტანტებთან დაგეგმილი 6 ქულის აღებას.

ვნახოთ, ვნახოთ - ისე, როგორც წინა ათი შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ, ახლაც იმედიანი განწყობა გვაქვს...

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი
A ჯგუფი
ჰოლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, ლატვია, ისლანდია, ყაზახეთი
B ჯგუფი
ბოსნია, ბელგია, ისრაელი, უელსი, კვიპროსი, ანდორა
C ჯგუფი
ესპანეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი
D ჯგუფი
გერმანია, ირლანდია, პოლონეთი, შოტლანდია, საქართველო, გიბრალტარი
E ჯგუფი
ინგლისი, შვეიცარია, სლოვენია, ესტონეთი, ლიტვა, სან მარინო
F ჯგუფი
საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი, ჩრდ. ირლანდია, ფარერები
G ჯგუფი
რუსეთი, შვედეთი, ავსტრია, ჩერნოგორია, მოლდოვა, ლიხტენშტაინი
H ჯგუფი
იტალია, ხორვატია, ნორვეგია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, მალტა
I ჯგუფი
პორტუგალია, დანია, სერბეთი, სომხეთი, ალბანეთი, საფრანგეთი (კონკურსგარეშე)

D ჯგუფის კალენდარი
2014
7 სექტემბერი
საქართველო-ირლანდია
გერმანია-შოტლანდია
გიბრალტარი-პოლონეთი

11 ოქტომბერი
შოტლანდია-საქართველო
პოლონეთი-გერმანია
ირლანდია-გიბრალტარი

14 ოქტომბერი
გიბრალტარი-საქართველო
პოლონეთი-შოტლანდია
გერმანია-ირლანდია

14 ნოემბერი
საქართველო-პოლონეთი
გერმანია-გიბრალტარი
შოტლანდია-ირლანდია

2015
29 მარტი
საქართველო-გერმანია
შოტლანდია-გიბრალტარი
ირლანდია-პოლონეთი

13 ივნისი
პოლონეთი-საქართველო
ირლანდია-შოტლანდია
გიბრალტარი-გერმანია

4 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
გერმანია-პოლონეთი
გიბრალტარი-ირლანდია

7 სექტემბერი
ირლანდია-საქართველო
შოტლანდია-გერმანია
პოლონეთი-გიბრალტარი

8 ოქტომბერი
საქართველო-გიბრალტარი
ირლანდია-გერმანია
შოტლანდია-პოლონეთი

11 ოქტომბერი
გერმანია-საქართველო
გიბრალტარი-შოტლანდია
პოლონეთი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
5 ადგილზე გავალთ როგორც ყოველთვის. და მერე დაიწყებენ რა მეექვსეზე ხო არ გავსულვართ მე-5-ზე გავედით ეს უკვე პროგრესიაო :D
0
გარანტია არც გიბლარტართან არსებობს,უბრალოდ ყველა თამაშში თავდაუზოგავი ბრძოლაა საჭირო და შეიძლება მეორე ადგილსაც გამოვკრათ ხელი.
ჯ.ჩ.
15:13 24-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული