თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დავით მინაშვილის 10 ნოემბერს საავტორო გადაცემა "არენას" ესტუმრა. ქეცბაიას უყვარს ხმაურიანი გამოსვლები, თუმცა ამ გადაცემაში მან საკუთარ თავს გადააჭარბა...

დარწმუნებულნი ვართ, თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ ქეცბაია ამ გადაცემას თუ ნახავს, სინდისის ქენჯნას იგრძნობს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოღვაწეობაზე საკუთარი აზრი გვაქვს და მისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, თუმცა ერთის კი მჯერა და ამაში ვერავინ და ვერაფერი გადამარწმუნებს - თემურს ჰქონდა, აქვს და ექნება სინდისი, თავისი ბუნებით ის მართალი კაცია. მაგრამ გუშინ მან ცხოვრების კრედოს, ოდინდელ გეზს
უგანა...

უბრალოდ, თემურ ქეცბაიამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ეროვნულ გუნდში.

არავინ იცის, როგორ დასრულდება პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩი, თუმცა პირადად ჩემთვის ორშაბათ საღამოდან ქეცბაია აღარ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მან ამ პოსტზე მუშაობა გუშინ დაასრულა. სულაც არ არის აუცილებელი, ეს აზრი ყველამ გაიზიაროს. ეს ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრია, საქართველოს ნაკრების ყველა თამაშზე ლამის ნახევარ სიცოცხლეს რომ ტოვებს...

ნუ იკითხავთ და, თურმე, "ჯვაროსანთა" ყველა წარუმატებლობა ჩვენი, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. ის კი არა, თურმე მავანთაგან მართულები ჩირგვში ვსხედვართ და მუდმივად იმას ველოდებით, რომ ეროვნულ გუნდს ფეხი დაუცდეს.

ეს სერიოზული ბრალდებაა. გვესმის, თემურმა ეს განცხადება მძაფრი ემოციური სტრესის ფონზე გააკეთა და "აფექტში მყოფ დამნაშავეს" ნაკლები მოეკითხება, თუმცა ფაქტი ჯიუტია - მან ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს მოღალატეობა დაგვაბრალა!
იხილეთ ვიდეო
ქეცბაია მინაშვილს: "შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვისაც ნაკრების წარმატება არ უხარია"
Sportall.Ge
დიახ, ჩემი აზრია და არ მგონია, აქ მარტო ვიყო - ნებისმიერი ქართველი, ვისაც რაგინდარა მიზეზით საქართველოს ნაკრების წაგება უხარია, მოღალატეა. ეს ნაკრები საქართველოსია, მისი ყველა თამაში ნამდვილი ომია ჩვენი სამშობლოსთვის, ომების წაგებას რომ მიეჩვია. კიდევ ერთი წაგებული ომი ვის უნდა უხაროდეს?!

აქამდე არ ვიცოდი და თურმე, ყველა ნეგატივი, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. მათ შორის ისიც, ჩვენს კლუბებში ხელფასი რომ დროულად არ რიგდება, სტადიონები რომ არ გვაქვს, ევროპაში რომ აღარავის უნდა ჩვენი ფეხბურთელები...

თუ ქეცბაიას ეპატიება ემოციურობა, ბროლისა არც ჩვენ ვართ. თემური ხშირად იგინება. გუშინდელ პირდაპირ ეთერშიც რამდენჯერმე იხმარა მთლად უცენზურო არა, მაგრამ სულ მცირე, არალიტერატურული გამოთქმები. ჟურნალისტმა კი მკითხველს უნდა სცეს პატივი. ის ვერც შეიგინება და ვერც დაიგინება.

ჟურნალისტი ვერ ააშენებს სტადიონს, ვერ გაზრდის ფეხბურთელს, ვერ დაარიგებს ხელფასებს - ქეცბაიას მისამართი შეეშალა. როგორ გინდა, აქ ინტერესთა თანხვედრაზე არ ისაუბრო? თუ ეს ყველაფერი ჟურნალისტმა უნდა აკეთოს, მაშ, რისი მაქნისია ფეხბურთის ფედერაცია? რისთვისღა არსებობს ის?

ერთადერთი, რაშიც ქეცბაიას ვეთანხმები, ისაა, რომ ახლა ნაღდად არ გვესუპერთასება, თუმცა ეს სუპერთასი ფეხბურთის ფედერაციამ დაუბევა თბილისს. მისამართი აქაც შეეშალა ეროვნული გუნდის დამრიგებელს.

კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა ქეცბაიასგან გადაცემის წამყვანის მისამართით. თემურის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება - ხორვატიის ეროვნული გუნდის თბილისში დაჩოქებაა. ნუთუ, მან ერთხელაც არ უყურა იმ თამაშის ტელეროპორტაჟს? იქ დავით მინაშვილი ლევან კობიაშვილის გოლისას კინაღამ გულის შეტევით მოკვდა. ამას ვერ დადგამ და ვერ ითამაშებ. თუ ეს შეუძლია, მაშინ მინაშვილი მსოფლიოს უდიდეს მსახიობთა კოჰორტაში ყოფილა.

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში თავისი მმართველობის დასასრულს გრძნობს და კადრულობს ყველაფერს, რაც დაშვებულია და დაუშვებელი. მინდა დავიჯერო, რომ მისი ეს არასწორი საქციელი ერთი შემცდარი კაცის სულის გულწრფელი ამოძახილია და მეტი არაფერი. თუ საქმე სხვანაირადაა, მაშინ ეს ძალიან ცუდია. ასე "სხვანაირად" პატარა კაცები იქცევიან.

ამ უპატიებელი დემარშის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ქეცბაია. მიყვარს, როგორც ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი, იმ ნაკრების სული და ჯიგარი...

მიყვარს, მაგრამ სულო ცოდვილო, ის კი ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იჯდეს ის... ევროპარლამენტში.

თემურმა იმაზეც დაიჩივლა, რომ სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სახელმწიფო მის კონტრაქტს აღარ აფინანსებს.
იხილეთ ვიდეო
"კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან... სულ ფეხებზე მკიდია"
Sportall.Ge
აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - რაგბის ნაკრები მსოფლიოს თასზე, აგერ, მერამდენედ გავიდა, კალათბურთელებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით და იქ უკვე შინაურები არიან, წყალბურთელებმაც ითამაშეს ევროფორუმზე... სახელმწიფო შედეგს უყურებს. ქართულ ფეხბურთში შედეგი არ არის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვინ ჩივის, გიბრალტარელ მეხანძრეებთან მოგებით ვყელყელაობთ.

ესაა ტრაგედია და არა ის, ქეცბაიას ახლა უკვე მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია რომ უხდის ხელფასს.

ქეცბაიამ თვითონ გამოჭედა თავისი მომავალი. ის არის ქართველი "სელფ მეიდ მენ" და ამიტომაც იმსახურებს პატივისცემას, თუმცა დაჟეჟილს გატეხილი სჯობია და სათქმელსაც ბოლომდე თქმა უხდება - როცა ის კვიპროსულ მზეზე ნებივრობს (გულწრფელად ვწერ - დამსახურებული და ალალია!), ქართველი ჟურნალისტები თოვლში, წვიმასა და ქარში ვცდილობთ ჩვენი მრავალტანჯული ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას და...

...და ბოლოს, თემურ ქეცბაიას უნდა ვუთხრათ: არ ვართ სამშობლოს მოღალატეები! არ გვიხარია საქართველოს ნაკრების წაგება!

ავი სიტყვა კი მთქმელს აუცილებლად დაუბრუნდება - ძველი, მრავალნაცადი ქართული სიბრძნეა. ნეტავ, პოლონეთთან არ დაუბრუნდეს. ნეტავ, არც არასდროს დაუბრუნდეს, თუმცა ცხოვრებას თავისი კანონები აქვს.

პირადად მე პოლონეთთანაც საქართველოს გულდამწვარი ქომაგი ვიქნები... ოღონდ, ჩემთვის უკვე უმწვრთნელო საქართველოს ნაკრებისა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 44 /
ეს კაცი გუშინ თქვენნიარ ჯურნალისტებზე საუბრობდა... ქეცბა მაგარია და ამაში მალე დარწმუნდებით!!!
თემური
11 ნოემბერი 2014 23:06
0
ქეცბაია დიდი ხანია წასასვლელია, ჯერ მარტო იმ სკანდალის შემდეგ ასიათასობით ლარს რომ იღებდა თვეში ხელფასს ამ გაღატაკებულ ქვეყანაში
zzz
11 ნოემბერი 2014 22:10
0
ქეცბო ჯიგარი ხარ
lasha
11 ნოემბერი 2014 22:08
0
გული მერევა უკვე ამ კაცის დანახვაზე. ფეხბურთელი მართლაც კარგი იკო, მაგრამ ადამიანი ნაგავი
besik61
11 ნოემბერი 2014 22:07
0
რომ დედა არ ყავს ჩემი ბრალი კი არაა თქვენი ყველას ბრალიაო და მართალიც არის, ბიზნესი და ტელევიზია ფულს არ დებს ხალხი ფეხბურთზე არ დადის, როცა დადის მის დღემში 10ლარიანი ბილეთის სიძვირეზე წუწუნებს. აბა რომელ ქვეყანაშია ფეხბურთი მთავრობის კისერზე? ისედაც საკმარის პრობლემა აქვს ქვეყანას კიდე ფეხბურთი რომ არ დაუმატონ... აი ამის თქმას ცდილობდა ქეცბაია და მართალიც იყო, გამოკითხვაც ამიტომ შემობრუნდა მის მხარეს
defender
11 ნოემბერი 2014 21:54
0
თუ პრობლემა არ არის, მაშინ ...წადი, წადი, წადი, ..................!!!!!
Merabi
11 ნოემბერი 2014 19:46
0
თუ ეს რეიტინგი და ეს კომენტარები საქართველოს მოსახლეობის განწყობას სწორად ასახავს მაშინ გამოდის, რომ ამ მოსახლეობის დიდ ნაწილს (ქეცბაიას მომხრეებს) ძალიან არასწორი წარმოდგენა აქ ფეხბურთის რაობის შესახებ. მათ ვურჩევ უყურონ ნებისმიერი ჩემპიონატის თუ სათასო მატჩს სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა კალიბრის გუნდები (ანუ ერთ ერთი ''უდავო ფავორიტი რომაა'').
qazwsx
11 ნოემბერი 2014 19:24
0
უკაცრავად მაგრამ ეს ის საიტი არ არის სადაც ქართული სპორტის ქომაგები ვაი გულშემატკივრებად აქციეთ? ახლა ქეცბაი გახდა ქვეყნის მტერი? კი ეს კაცი შეცდომებს უშვებს მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ 10_ჯერ მეტს უწერთ და აზვიადებთ თავი დანნებეთ ამ კაცს და ძირს ნუ უთხრით რაც შეხება მინაშვილის 2011 ში ყველა გახარებული ვიყავით და ქეცბაიას მოწინაღმდეგეც არავინ ჰყავდა ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და მინაშვილიც ყველანაირად ცდილობს რომ ქეცბაიას ძირი გამოუთხაროს და ნაკრები დაატოვინოს მაგრამ ქეცბო ის კაცია არაა რომ ტQვენ ლაპარაკზე იაროს მე ბოლომდე მჯერა ამ კაცის მაგრამ პოლონეთან თამაშის შემდეგ ის მიდის!
soso zurashvili
11 ნოემბერი 2014 17:02
0
**** ფეხბურთი ხომ არ ესმოთ და არ ესმით და რეპორტაჟს ისე არ წაიყვანენ ნახევარი თამაში მხოლოდ მსაჯობაზე შექმნიან იგავებს და საქმის მკეთებლებსაც ხომ სულ აკოპებში უზიან და ამას ეძახიან საქმის კეთებას. ფუი მაგათ.
zvidev
11 ნოემბერი 2014 16:59
0
საქართველოს ჩემპიონატის გაშუქების დონე(და ისიც მხოლოდ პირველი არხით არის) ისეთია,რომ უფრო ანტირეკლამაა!თან ემატება ინფრასტრუქტურა(სტადიონენი გასული საუკუნის ,მხოლოს ჭუჭყიანი პლასიკური სამებით)
ახალი
11 ნოემბერი 2014 15:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული