პოლონეთის ნაკრები - ვაღიაროთ მეტოქის სიძლიერე!

AutoSharing Option
უკვე რამდენი წელიწადია, ჩვენთვის ყველა მეტოქე ძლიერია! კი ბატონო, საბედნიეროდ, გიბრალტარის დონის "მეტოქეებიც" არსებობენ, მაგრამ როცა ფინეთის, საბერძნეთის, ისრაელის, ლატვიის, შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებთან მატჩები ჩაივლიდა, მაშინვე ამ გუნდების სიძლიერესა და ჩვენს სისუსტეზე ავლაპარაკდებოდით.

ჰოდა, ასე გრძელდება უკვე დიდი ხანია და არც ის დაგვვიწყებია, ფართოდ რეკლამირებული უცხოელი მწვრთნელების ხელმძღვანელობითაც მოასპარეზე ჩვენს ნაკრებს ასევე არაერთი უსიამოვნო მოგონება რომ დაუტოვებია.

სამწუხარო რეალობაა: უკვე მერამდენე წელიწადია, თითქმის ყველა მეტოქე, შინ თუ გარეთ, საქართველოსთან მატჩის წინ "უეჭველ" სამ ქულას გეგმავს; ალბათ, კარგად ხვდებით, რომ
იმ "კატეგორიას" არ ვგულისხმობთ, ესპანეთი, საფრანგეთი ან გერმანია რომ მიეკუთვნებიან: აი, ერთ დროს რომ "ზემოდან დავყურებდით", იმ ნაკრებებთან განცდილი პერმანენტული წაგებ(ებ)ის გამო გვწყდება ხოლმე გული.

ახლაც, როცა პოლონეთის ნაკრებთან გველოდება შეხვედრა, რაღა თქმა უნდა, მეტოქის სიძლიერეზე უნდა ვილაპარაკოთ, მით უფრო, რომ ჩვენების შესაძლო წარუმატებლობის შემთხვევაში, "ვიღაცებს" თავის გასამართლებელი მიზეზი ექნებათ: ნახეთ, რა გუნდთან წავაგეთო?!

ჩვენგან განსხვავებით, პოლონელებმა ეს შესარჩევი ციკლი მშვენივრად დაიწყეს: გიბრალტართან სტუმრად "დაგეგმილ" გამარჯვებას (7:0) ჯგუფის უპირობო ფავორიტთან და, საერთოდ, დღესდღეობით მსოფლიოს უძლიერეს გუნდთან, გერმანიის ნაკრებთან მოგება (2:0) მოჰყვა!

აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში, პოლონელებმა პირველად შეძლეს გერმანელთა დამარცხება და ამ გამარჯვებით ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი ისედაც განიმტკიცეს.

ისე, უნდა ვაღიაროთ: პოლონურ ფეხბურთში დღესდღეობით მართლაც ნიჭიერი თაობა "წამოვიდა" და ბევრის აზრით, ამ ფორმაციის გუნდს სერიოზული მიზნების მიღწევაც შეუძლია.

ვარსკვლავური თაობა
პოლონურ ფეხბურთში გამორჩეული შემსრულებლები ადრეც მრავლად ყოფილან და, ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ამ ქვეყნის 70-იანი წლების ნაკრები გვახსენდება. ჰო, ეს მართლაც "გადატრიალებასავით" იყო იმდროინდელ ფეხბურთში: კაზიმეჟ გურსკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე პოლონეთის ნაკრები 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, მერე კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩაატარა ზეწარმატებულად და ინგლისის ნაკრები 1974 წლის მუნდიალის მიღმა დატოვა!

თუმცა ეს კიდევ "დასაწყისი" იყო: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარებულ 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა! თანაც, იმ მუნდიალზე პოლონელები თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელის, ვლოძიმეჟ ლიუბანსკის გარეშე გაემგზავრნენ, თუმცა კაზიმეჟ გურსკის გუნდში სხვაც არაერთი გამორჩეული ფიგურა იყო: მეკარე - იან ტომაშევსკი, მცველები - ვლადისლავ ჟმუდა და იერჟი გორგონი, ნახევარმცველები - კაზიმეჟ დეინა და ჰენრიკ კასპერჩაკი, თავდამსხმელები - რობერტ გადოხა, ანჯეი შარმახი და, რაღა თქმა უნდა, გჟეგოჟ ლატო!

ამის შემდეგ პოლონელებმა ზედიზედ სამ მუნდიალზე იასპარეზეს და 1982 წელს კვლავაც ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ! თუმცა, 70-იანი წლებისგან განსხვავებით, 80-იან წლებში პოლონელებს, ფაქტობრივად, ერთადერთი საერთაშორისო დონის (თანაც, როგორი!) ვარსკვლავი ჰყავდათ: ზბიგნევ ბონეკი ხომ წლების განმავლობაში ტურინის "იუვენტუსში" ბრწყინავდა და მიშელ პლატინისთან ერთად შეუდარებელ "დუეტს" ქმნიდა!

დროებითი კრიზისი
90-იანი წლებიდან პოლონეთის ნაკრებს "ჩავარდნა" ჰქონდა: გუნდი ვერაფრით ახერხებდა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გასვლას. ასე გრძელდებოდა XXI საუკუნის დასაწყისამდე: პოლონეთის ნაკრებმა 2002 და 2006 წლების მუნდიალზე იასპარეზა, თუმცა ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდა.

აი, რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, საინტერესოა აღინიშნოს, რომ პოლონელებს კონტინენტის პირველობაზე დებიუტი... 2008 წელს ჰქონდათ და ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ლეო ბეენჰაკერი გახლდათ, - ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი პოლონეთის ნაკრების... 93-წლიან ისტორიაში!

პოლონელებმა 2012-შიც შეძლეს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება და დიდია იმის ალბათობაც, რომ იმავე წარმატებას ამ შესარჩევი ციკლის შედეგების მიხედვითაც მიაღწიონ.

90-იან და მომდევნო წლებში პოლონურ ფეხბურთში არაერთი ისეთი მოთამაშე იყო, ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში რომ ასპარეზობდნენ: ერჟი დუდეკი, ტომაშ ვალდოხი, ტომაშ ჰაიტო, მაცეი ჟურავსკი, ტომაშ ფრანკოვსკი (ეს ორი უკანასკნელი ქართველ გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს "ვისლას" შემადგენლობიდან), მიხალ ჟევლაკოვი, იაცეკ ზელინსკი, იაცეკ ბაკი, პიოტრ შვერჩევსკი, ები სმოლიარეკი და ანჯეი იუსკოვიაკი.

სხვათა შორის, იუსკოვიაკს ბევრი მიიჩნევდა ლუბანსკისა თუ ლატოს მემკვიდრედ, მაგრამ ამ ნიჭიერ ფორვარდს მხოლოდ ეპიზოდური გამონათებები ჰქონდა ხოლმე.

რესურსიც ამას ჰქვია!..
პოლონეთის ნაკრების ისტორიაში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როცა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რომელიმე სპეციალისტს სამი ან მეტი წლით უმუშავია. ჰოდა, წარმატებებსაც ისინი აღწევდნენ: ზემოთ ნახსენები კაზიმეჟ გურსკისა და ლეო ბეენჰაკერის გარდა, ანტონი ჰეხნიჩეკი, პაველ იანასი და ფრანციშეკ სმუდა უნდა ვახსენოთ.

შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული კი, პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 57 წლის ადამ ნავალკა გახლავთ, თავის დროზე არცთუ ურიგო ნახევარმცველი, რომელიც "ვისლაში" ასპარეზობდა და თავისი ქვეყნის ნაკრებშიც 1978 წლის მუნდიალზე იასპარეზა.

რაღა თქმა უნდა, ზოგიერთი წინამორბედისაგან განსხვავებით, ნავალკას მართლაც გამორჩეულ თაობასთან უწევს მუშაობა და ამის დასტურად ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიც გამოდგებიან.

...პოლონური სამეკარეო "სკოლა" ოდითგანვე განთქმულია და ადამ ნავალკას განკარგულებაში ინგლისში მოასპარეზე სამი მაღალი დონის მეკარეა: 24 წლის ვოიცეხ შჩესნი ("არსენალი"), 34 წლის არტურ ბორუცი ("ბორნმუთი") და 29 წლის ლუკაშ ფაბიანსკი ("სუონსი").

დაცვის ხაზში ყველაზე ცნობადი სახე, რაღა თქმა უნდა, ლუკაშ პიჟჩეკია - 29 წლის მარჯვენა მცველი უკვე დიდი ხანია დორტმუნდის "ბორუსიას" წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევა; ასევე უცხოურ გუნდებში ასპარეზობენ პოლონეთის ნაკრების სხვა წამყვანი მცველებიც: 26 წლის კამილ გლიკი ("ტორინო"), 24 წლის პაველ ოლკოვსკი ("კიოლნი"), 27 წლის არტურ იენდრჟეიჩიკი ("კრასნოდარი") და "სტიაუას" 30 წლის ტანმაღალი სტოპერი ლუკაშ შუკალა;

ნახევარდაცვაში პოლონელებს დღესდღეობით მართლაც სოლიდური დანაკლისი აქვთ: დორტმუნდის "ბორუსიას" კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და პოლონეთის ნაკრების კაპიტანი, 28 წლის იაკუბ (კუბა) ბლაშჩიკოვსკი უმძიმესი ტრავმის მერე კვლავაც ვერ მომჯობინდა ბოლომდე; თუმცა, მის გარდა, პოლონელებს სხვაც არაერთი ჩინებული ნახევარმცველი ჰყავთ: 22 წლის გჟეგოჟ კრიხოვიაკი ("სევილია"), 26 წლის კამილ გროსიცკი ("რენი"), 24 წლის მაცეი რიბუსი ("ტერეკი") და ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი იტალიურ "ემპოლიში", 20 წლის პიოტრ ზელინსკი.

ლეგიონერების გარდა, პოლონეთის ნაკრების შუახაზში ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე ორი გამოცდილი ფეხბურთელიც უნდა გამოვარჩიოთ: 32 წლის სებასტიან მილა ("შლიონსკი") და 29 წლის ტომაშ იოდლოვეცი ("ლეგია").

ბლაშჩიკოვსკის ტრავმის გამო პოლონეთის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ვის უნდა გაეკეთებინა, თუ არა რობერტ ლევანდოვსკის - აწ უკვე "ბაიერნის" 26 წლის ფორვარდი სამართლიანად მიიჩნევა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად!

ძალიან საინტერესო ფეხბურთელია ჰოლანდიური "აიაქსის" 20 წლის ფორვარდი არკადიუშ მილიკი, რომელსაც პოლონეთის ნაკრების თავდასხმის ხაზში სერიოზული კონკურენცია უწევს 23 წლის ლუკაშ ტეოდორჩიკთან ("დინამო", კიევი) და ასევე 23 წლის მიხალ კუხარჩიკთან ("ლეგია").

ისე, პოლონეთის ნაკრებს რამხელა რესურსი აქვს, რომ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის გარდა, სხვადასხვა მიზეზით თბილისში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი არ ჩამოუყვანია: "რომას" 24 წლის მეკარე ლუკაშ სკორუპსკი, გერმანიასა და რუსეთში მოთამაშე მცველები: 30 წლის გჟეგოჟ ვოიტკოვიაკი ("მიუნხენ 1860"), 27 წლის სებასტიან ბიონიში ("ლევერკუზენი"), 31 წლის იაკუბ ვავრინიაკი ("ამკარი") და 30 წლის მარცინ კომოროვსკი ("ტერეკი").

ნაკრებში ადამ ნავალკას მოსვლის შემდეგ "უკანა პლანზე" გადაინაცვლეს როგორც გამოცდილმა ლეგიონერმა ნახევარმცველებმა: 30 წლის ლუდოვიკ ობრანიაკმა ("ვერდერი"), 29 წლის სლავომირ პეშკომ ("კიოლნი"), 28 წლის ეუგენ პოლანსკიმ ("ჰოფენჰაიმი"), 28 წლის ადრიან მიერჟიევსკიმ ("ალ ნასრი"), ასევე ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე ვეტერანმა ფორვარდებმა - 31 წლის პაველ ბროჟეკმა ("ვისლა"), 32 წლის მარცინ რობაკმა ("პოგონი") და 29 წლის დავიდ ნოვაკმა ("კრაკოვია").

აქვე უცხოურ გუნდებში მოთამაშე ის პოლონელი ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ, ასევე სხვადასხვა მიზეზით 14 ნოემბერს თბილისში რომ ვერ ვიხილავთ: ესპანური "ელჩეს" 27 წლის მეკარე პრზემისლავ ტიტონი, "ბრიუგეს" 27 წლის ნახევარმცველი ვალდემარ სობოტა, "ვოლფსბურგის" 24 წლის ნახევარმცველი მატეუშ კლიხი და იტალიაში მოასპარეზე ორი ახალგაზდა შუახაზელი - 23 წლის პაველ ვშოლეკი ("სამპდორია") და 22 წლის რაფაელ ვოლსკი ("ბარი").

რესურსიც ამას ჰქვია!..

ქართულ-პოლონური დაპირისპირებები
1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
14.06.97. კატოვიცე.
პოლონეთი-საქართველო 4:1
გოლები: 0:1 შ. არველაძე (25), 1:1 ლედვონი (38), 2:1 ტჟეჩაკი (45), 3:1 ბუკალსკი (30), 4:1 ნოვაკი (90)
პოლონეთი: შამოტულსკი, სკჟიპეკი, კუკელკა, მიხალსკი, კალუჟნი, სოკოლოვსკი, ლედვონი, ბუკალსკი, დემბინსკი (86. ადამჩიკი), ნოვაკი, ტჟეჩაკი (60. კუხარსკი).
მწვრთნელი: კშიშტოფ პავლაკი
საქართველო: ზოიძე - ნ. ლობჟანიძე, ცხადაძე, კალაძე, კობიაშვილი (72. ყაველაშვილი) - გოგიჩაიშვილი (46. ა. არველაძე), ნემსაძე, ჯამარაული (46. კიკნაძე), ქეცბაია - ქინქლაძე - შ. არველაძე.
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კაპიტანი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: ლედვონი - კობიაშვილი, ლობჟანიძე, ნემსაძე
არბიტრი: გ. ბენკო (ავსტრია)

11.10. 97. თბილისი. "ბორის პაიჭაძე"
საქართველო-პოლონეთი 3:0
გოლები: 1:0 ა. არველაძე (55), 2:0 ცხადაძე (70), 3:0 ქეცბაია (75)
საქართველო: ტოგონიძე - ნ. ლობჟანიძე, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე - ყაველაშვილი, ნემსაძე, ქეცბაია (88. კიკნაძე), გახოკიძე (63. ჯამარაული) - ა. არველაძე (82. გოგიჩაიშვილი), შ. არველაძე.
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კაპიტანი: კახა ცხადაძე
პოლონეთი: კლაკი, ლაპინსკი, ვალდოხი, იუჟვიაკი, კოზმინსკი, მაიაკი, სვერჩევსკი (61. ლედვონი), ივანი, ბჟეჩეკი, იუსკოვიაკი (83. კუხარსკი), გილევიჩი (73. ბუკალსკი).
მწვრთნელი: იანუშ ვოიციკი
გაფრთხილება: ნ. ლობჟანიძე, ყაველაშვილი, გახოკიძე, ნემსაძე - ივანი, ბჟეჩეკი, მაიაკი, ლაპინსკი.
გაძევება: მაიაკი (60), ყაველაშვილი (77)
არბიტრი: ლ. მიხელი (სლოვაკეთი)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამხანაგური მატჩი
10.08.11. ლუბინი
პოლონეთი-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (36)
პოლონეთი: შჩესნი, ვოიტკოვიაკი, იედლოვიეცი, გლოვაცკი, ვავრინიაკი, პოლანსკი (76. დუდკა), მურავსკი (85. მატუშჩიკი), ბლაშჩიკოვსკი (90. რიბუსი), მიერჟიევსკი (60. პეშკო), ობრანიაკი (79. პავლოვსკი), ლევანდოვსკი (60. ბროჟეკი).
მწვრთნელი: ფრანტიშეკ სმუდა
საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხუბუტია, ამისულაშვილი (46. გრიგალავა), კალაძე - კანკავა (73. დაუშვილი), კობიაშვილი (80. დ. კვირკველია) - თარგამაძე, შ. გრიგალაშვილი (62. კაშია), მარცვალაძე (62. ვაწაძე) - დვალიშვილი (46. ს. გურული).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
კაპიტანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: ბლაშჩიკოვსკი - თარგამაძე, კობიაშვილი
არბიტრი: ა. შანდორი (უკრაინა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვავავა, ძლივს არ გამოჩნდა ადეკვატური ადამიანი, ვინც შეაფასა პოლონელების ძემადგენლობა და ძალა :) თუმცა გულმა მაინც ვერ მოუთმინა :"ვიღაცებს" თავის გასამართლებელი მიზეზი ექნებათ: ნახეთ, რა გუნდთან წავაგეთო?! : ))))))))))
dave
17:48 13-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული