"ბიჭებს ქეცბაიას ფაქტორი აღარ ბოჭავდა და ბევრად უფრო ლაღად შეუტიეს"

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილმა თბილისის "დინამოს" ფორმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ მოირგო. ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი თავის აზრს გვიზიარებს ახალ გუნდზე, საქართველოს ჩემპიონატზე, ეროვნული ნაკრების მომავალ მწვრთნელზე...

- დიდი ხნის შემდეგ თბილისის "დინამოში" დაბრუნდით. ახალ გარემოში თავს როგორ გრძნობთ?
- ასე თუ ისე, კარგი დებიუტი მქონდა და ფორმასაც ნელ-ნელა აღვიდგენ. მთავარია, გუნდში ატმოსფერო და პირობები მომეწონა და გახარებული ვარ, ევროპული გარემო ერთ ქართულ კლუბში მაინც რომ არის.

- ეროვნულ ჩემპიონატზე, ტემპსა და კლასზე რას იტყვით?
- ჩვენ თუ მხოლოდ ამას ვუყურეთ, გული აგვიცრუვდება.
მაგრამ წინ რომ გაიხედოთ და "დინამოს" მსგავსი პირობები კიდევ რამდენიმე კლუბსაც ჰქონდეს, ქართული ფეხბურთის წინსვლა და ევროპელების დონესთან ჩამორჩენის შემცირება წარმოუდგენელი სულაც არ იქნება.

- ევროპას მართლაც ძალიან ჩამოვრჩით. როგორ შეადარებდით საქართველოს ჩემპიონატს თურქეთის მაგალითს?.
- კლუბებმა ერთი ნაბიჯი წინ რომ გადადგან, ასეთი სიშორეც არ გამოჩნდება. მერე იმასაც ვიტყვით, რომ მათი დაწევაც შესაძლებელი ყოფილა. ამას დრო სჭირდება. მაგრამ გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ქართულ ფეხბურთს პოტენციალი გააჩნია. ამის თქმის უფლებას ის ფაქტი მაძლევს, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს.

- ამას მხოლოდ "დინამოზე" ამბობთ?
- "დინამოზეც" და სხვა გუნდებზეც. საინტერესო მოთამაშეები თითქმის ყველა კლუბში შევნიშნე. დაკონკრეტებას მოვერიდები, ვინმე გამომრჩება და მერე ჩემს თავზე გავბრაზდები. თუ მათ გასაქანი მიეცემათ, ბევრი მაღალ დონეზე ითამაშებს.

ახლა უცხოეთში წასვლის მეტი შანსია, ვიდრე ჩემი კარიერის დასაწყისში და, იმედია, თავის გზას იპოვიან. თავისთავად, "დინამოში" თამაში უკვე იმის შანსს იძლევა, რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბში წახვიდე.

სხვათა შორის, ახლა "დინამოში" უფრო მეტ პერსპექტიულ ფეხბურთელს ვხედავ, ვიდრე - "ქაისერისფორში".

- აბა, ეს ნიჭი სად იკარგება?
- თურქეთის ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა და ეს ფაქტორი მოთამაშეებს ერთ დონეზე გაჩერების საშუალებას არ აძლევს.

- პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენთან ლიდერები ფიზიკური მომზადების ხარჯზე იგებენ. მერე ჩამოვა ევროპელი, რომელთანაც ბრძოლა 90 წუთია საჭირო, ამისთვის კი მოუმზადებლები ვართ...
- ფიზმომზადებაც ბევრის პრობლემაა. "დინამოს" ამ კუთხით არაფერი უჭირს, მაგრამ 2:0-ზე მეტოქე ბრძოლას რომ წყვეტს, ეს ჩვენზეც მოქმედებს. ინგლისში ან იგივე თურქეთში ასეთი რამ გამორიცხულია.

- საქართველოს ნაკრების თემას ვერ ავცდებით. მთავარი მწვრთნელის პოსტი თავისუფალია...
- არც ვიცი, ვინ დავასახელო... ძალიან მომწონს შოთა არველაძე, მასთან მიმუშავია და ვიცი, მისი გუნდები როგორ გემოვნებიან და აზრიან ფეხბურთს თამაშობენ. ძალიან მომწონს კახა ცხადაძის ვარიანტიც, რადგან აზერბაიჯანში დიდ ხანს გაძლო და სულ წარმატებით მუშაობს. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. საქართველოს ჩემპიონატში კი ყველაზე წარმატებული და შედეგიანი გია გეგუჩაძეა. 2004 წელს "დინამო" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და ეს მართლაც დიდი გარღვევა იყო. მაგრამ შოთა და კახა უარზე არიან და საერთოდ, ჩვენს ნაკრებში მუშაობა ვინმეს სურს?

- ვიღაცა მაინც გამოჩნდება... ერთ სახალისო ამბავს გეტყვით: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან უცნობი შევიდა და უმტკიცებდა, ხილვა მქონდა, დიდი მწვრთნელი გავხდებიო და ნაკრების მწვრთნელად საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა...
- ასეთები კი გამოჩნდებიან, მაგრამ ჩვენ ხომ მწვრთნელზე ვლაპარაკობთ და არა - არასერიოზულებზე. არადა, სამწუხაროა, რომ ყველა სასურველი ადამიანი თავს იკავებს და მათი კარგადაც მესმის.

გიორგი დევდარიანის თქმის არ იყოს, ძნელია, ჭკუადმყოფელი კაცი ამ პრობლემებით სავსე ნაკრებში გერმანიასთან შეხვედრამდე საკუთარი ნებით მივიდეს.

- ნაკრებში დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?
- ჯერ ფეხბურთი არ დამიმთავრებია და როცა ქეცბაიას გამო თამაშზე უარი ვთქვი, დავაკონკრეტე, რომ ეროვნულ გუნდზე უარს მხოლოდ დროებით ვამბობდი. ნაკრები ასაკობრივი გუნდი არ არის, ვეტერანებზე უარს რომ ამბობდნენ. მაგრამ გააჩნია, ვინ დაინიშნება მწვრთნელად. თუ ის ჩათვლის საჭიროდ და ფორმაში ვიქნები, სიამოვნებით დავბრუნდები.

ჩემი აზრით, კიდევ არიან მოთამაშეები, რომელთაც მწვრთნელთან ასევე პრობლემა ჰქონდათ და ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებენ. ბევრის გამოყენება შეიძლება.

Sportall.Ge

- თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი სჭირდება ეროვნულ გუნდს?
- ანუ, მხოლოდ კვალიფიკაციას არ გულისხმობთ?

- არა, რა თქმა უნდა...
- ...შედეგი რომ უნდა გააუმჯობესოს. ეს თავისთავად ცხადია. ისეთი წყალწაღებული ფეხბურთიც არ გვაქვს, რომ პოლონეთი და ირლანდია სახლში გვიგებდნენ. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ამ ასაკში მათთან ბევრი უცხოელი ახლოსაც ვერ მოდის.

უკვე გითხარით კიდეც, "დინამოში" ისეთი ბავშვები ვნახე, ბევრი გრანდი რომ ისურვებდა. მაგრამ ეროვნული ჩემპიონატი ხელს ვერ გვიწყობს. ნაკრებში კი მათ მიმართ სტანდარტული მიდგომა არას გვარგებს. მწვრთნელს ყველა ფეხბურთელთან ლაპარაკი და მისი შემოტრიალება უნდა შეეძლოს. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. სხვის მაგალითზეც მინახავს - მწვრთნელი რთულ ფეხბურთელს ადამიანურად მიუდგა და მისი დამოკიდებულება სასიკეთოდ შეცვალა. უსიამოვნებით პრობლემები ვერ მოგვარდება.

ჩვენს ნაკრებსაც ისეთი მწვრთნელი სჭირდება, მოთამაშეები რომ "გახსნას", გაუგოს და მათი პლუსები გამოიყენოს.

გაიხსენეთ, პოლონეთთან პირველ ტაიმში ჩვენებმა რა თამამად და შემტევად ითამაშეს. ბიჭებს თემურის ფაქტორი აღარ ბოჭავდა, ანუ არ ჰქონდათ იმის შიში, რომ მატჩის შემდეგ დაძაბული ლაპარაკი ექნებოდათ და ბევრად უფრო ლაღად შეუტიეს, ვიდრე ოდესმე. მართალია, წავაგეთ, მაგრამ მატჩიდან მე ამ დადებით ფაქტორს გამოვყოფდი და გამოვიყენებდი. მგონია, რომ ჩვენი ნაკრების პოტენციალის გასაგებად ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო.

- კონფლიქტის შემდეგ ქეცბაიას ელაპარაკეთ?
- ველაპარაკე და პირდაპირ ვამბობ, რომ თემურთან პირადული წყენა ნამდვილად არ მქონია. შესაძლოა, ადამიანს ფეხბურთში ვერ გაუგო, მაგრამ ეს მტრობას ნამდვილად არ ნიშნავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
რა ლაპარაკი იცის ზოგიერთმა.ე.ი. სარდალი არ გჭირდება?რაც უფრო დაცემულია გუნდი და მას წამოაყენებ,ის უფრო დასაფასებელი არაა?ბორა მილუტინოვიჩი იმიტომაა მაგარი მწვრთნელი,რომ ქვესკნელში ჩავარდნილი ნაკრებები ამოიყვანა და ყველა მსოფლიოზე ათამაშა.არავის მოსვლია აზრად ერთხელ მაინც ეცადა ამ პიროვნებასთან დალაპარაკება.მაგრამ მაშინ რეზო ხომ ვერ იშოვიდა ფულს.
avoieee
24 ნოემბერი 2014 14:20
0
თემურმა შეცდომები დაუშავა და არც არავინ უარყოფს, მაგრამ ამ არაკაცს და დიახაც, რომ თავის თავზე ზრუნავდა და არა სხვაზე( ხელფასს ვგულისხმობ) ეგეთ ვაი პატრიოტს ხმა არააქვს ამოსაღები, მხოლოდ იმიტომ ილანძღება ეგ დედაკაცო, რომ თემურმა უვარგისობისთვის გააგდო ნაკრებიდან, ეგაა სიმართლე და არა ის რასაც შენ ბოდავ.გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება: კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია, გიო ქინქლაძე, შოთა არველაძე და მათი სხვა თანაგუნდელები რომლებიც საუკეთესოები იყვნენ საქართველოს ისტორიაში და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თავს დებდნენ სტადიონზე განსხვავებით ვაი ფეხბურთელისა, ხიზანიშვილისა!
deda-s
24 ნოემბერი 2014 12:58
0
რას ამბობ, ლაღათ რომ შეუტიეს სულ გოლები ყარეს რა.. ასე თემურის გარეშე იყო დანიასთან და საბერძნეთთან 5-0 ებს რომ ვაგებდით და თემურის ტაქტიკით მოუგეთ ხორვატიას.. ვნახავ ერთი რა ბიჭები ხართ, სულ მწვრთნელებს აბრალებთ თითქოს მაგრები იყოთ და მწვრთნელი გიშლიდეთ ხელს
ლადო
24 ნოემბერი 2014 12:45
0
კიდევ კარგი დრო ამოიწურა, თორემ ლაღად კიდევ მივიღებდით. ისე ამ კაცის თამაშები ნახეთ ნაკრებში და კარგად დააკვირდით გაშვებულ გოლებს.
abamidi
24 ნოემბერი 2014 12:08
0
ამ კომენტარების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვინც კომენტარებს წერს, 80 % -ს სიმართლის თქმის ან სურვილი, ან დავალება არ აქვს. მოკლედ, ასეთი ტიპის სოციალური ქსელის არსებობას არანაირი აზრი არ აქვს.
სიმართლის ხმამაღლა თქმა ხომ ისეთი დასჯადია, რომ უმეტესობას გულში გაფიქრების სურვილიც კი აქვს დაკარგული.
რა საშინელებაა, კაცმა საერთოდ ხმა აღარ უნდა ამოიღოს?
ხელფასებსა და პრემიებთან დაკავშირებით ხომ თავზე გადაუარეთ, არადა ხიზანიშვილს, საერთოდ არ სჭირდებოდა ეგ ფული, სხვებზე ზრუნვის გამო აყენებდა საკითხს. თქვენ კი ამის გამო ,,შიმშილა" დაარქვით და ისეთი დღე აყარეთ, თითქოს მთელ საქართველოს უფასოდ ემსახურებოდა რომელიმე თქვენგანი.
პოლონეთთან თამაშზე სიმართლე თქვა კაცმა და ისეთი ამბავი დაიმართეთ, სადაცაა ქეცბაიას წმინდანად შერაცხავთ და უკან დაბრუნებისთვის მუხლებზე დაუჩოქავთ.
deda
24 ნოემბერი 2014 11:56
0
ასეთი ბოღმით გაკეთებული საქმე არავის უნახავს.ზურა იყო დიდი ფეხბურთელი, ისე ბრიტანეთში წლების განმავლობაში არავის ათამაშებდა. ჩემი აზრით, თუ ლანძღვისგან თავს შევიკავებთ უფრო უკეთესი იქნება.
gizog
24 ნოემბერი 2014 11:14
0
ამას ვეტერანებშიც არ ვათამაშებდი, სანამ ღიპს არ დააგდებს. ელემენტარული გულშემატკივრის პატივისცემა არ აქვს.
ZVELI
24 ნოემბერი 2014 10:51
0
ადრე ვეჭვობდი, მაგრამ ბოლო პერიოდში ვრწმუნდები, რომ ქეცბაია ამათთან ცამდე მართალი იყო. არა რა, ქართველები!!!!!!!!!!!
jon toshak
24 ნოემბერი 2014 10:34
0
მე დინამოს პრეზიდენტის გამკვირვებია. რა მოტივით აიყვა ზურა დინამოში, მაშინ როდესაც ამდენი, მაგაზე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი გაუშვა რამოდენიმე თვის წინ დინამოდან. თუ გუნდის გაახალგარდავებაზე იყო აქცენტი და იმიტომ გაუშვა ფეხბურთელები, მაშინ ზურას აყვანა რას ნიშნავდა? თუმცა ზურას საწინაამღდეგოც არაფერი მაქვს.
gogi
24 ნოემბერი 2014 10:32
0
რესპონდენტის რა მოგახსენო, მაგრამ მეუღლე მართლაც რომ სუპერი ყავს.... სერიოზულად თუ ვიტყვი, დავძენ, რომ თემურის ფაქტორი არა პირველ ტაიმში, არამედ მეორეში უფრო იყო ანუ არ ათამაშა დაცვითი ფეხბურთი და შედეგიც მიიღო. ამდენი ხანი ფეხბურთშია ზურა და ასე პრიმიტიულად მსჯელობს.
iuri
24 ნოემბერი 2014 10:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული