ამაზე ერთმა ჩვენმა კოლეგამ იხუმრა - ქეცბაიამ ოჯახი აწყობილ კვიპროსზე დატოვა, გიორგი სააკაძემ კი პაატა სპარსეთში დაუტოვა შაჰ-აბასსო...
მგონი, ამ ხუმრობაში სიმართლის დიდი ნაწილია. მგონი,
ჩემი პირადი აზრია და მას ვერ ექნება პრეტენზია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია მისი ლოგიკა, ვინც სამშობლოს ემართლება და რამეს ამადლის, რადგან სანამ ადამიანი არსებობს, მას მეტის და მეტის გაკეთება შეუძლია თავისი ქვეყნისთვის.
როცა იცი სამშობლოსთვის თავდადების უამრავი მაგალითი, როცა შენი მომავალი ვერ იქნებოდა ამ წარსულის გარეშე, როცა ცხოვრობ შენი ქვეყნისთვის მარცხიან ეპოქაში, დიახაც, იმ ქვეყანას შენი სამსახური არ უნდა დაამადლო.
იქნებ ახლა ამას თემურ ქეცბაიაც ხვდებოდეს. პირადად მე, როცა ჩვენი დროის გმირის, გიორგი ანწუხელიძის გმირობას ვუყურებ, მიჩნდება განცდა, რომ ვერასდროს ვიქნებით საქართველოსთან მართალნი და ჩვენ, ყველა, იმ ბიჭების გარდა, ვინც სისხლი დაღვარა და იმ ხალხის მიღმა, ვინც ბოლომდე უკომპრომისოდ ემსახურა სამშობლოს, თუნდაც სისხლი არ დაეღვაროს, ყველა ვტყუით.
უბრალო ადამიანს შეცდომის დაშვების უფლება აქვს. სანამ ქეცბაიას მოვკითხავდე, უნდა დავწერო, რომ მეც დამიშვია ამ ფრონტზე კომპრომისი და მეც მაქვს ჩემი წილი მძიმე ჯვარი, არ ვარ უცოდველი, მართალი ჩემს ქვეყანასთან და ეს ყველაზე კარგად მე ვიცი.
ვიცი, მაგრამ ეს შექმნილ სიტუაციას არ ცვლის.
ხელფასის შემცირების შემდეგ ქეცბაიას თავისუფლად შეეძლო კონტრაქტი გაეწყვიტა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ეს უკვე მისი პიროვნული გმირობაა. თუ ამ სიმაღლეზე ასვლა შეგიძლია, ამ ნაბიჯის ყვედრებით უცებ ძირს არ უნდა დაეშვა.
სულაც არ მაქვს იმის განცდა, რომ ყველა ღირსეულმა მოქალაქემ აუცილებლად საქართველოსთვის იარაღით ხელში უნდა იომოს. ადამიანს ვერავინ წაართმევს შიშის უფლებას. მძაგს ყველა ომი, თუმცა გმირები მეტწილად ომებიდან ჩნდებიან ჩვენში. ქვეყნისთვის, რომელიც პერმანენტულად ბრძოლის ქარცეცხლშია გახვეული, ეს ბუნებრივია, თუმცა გმირებს მხოლოდ ომი არ ქმნის.
ჩემთვის გმირია ფეხბურთელი თემურ ქეცბაია. იქნებ მისი ყველა თამაში საქართველოს ნაკრებში პროფესიონალიზმის ზეობა იყო და არა - პატრიოტიზმისა, მაგრამ საიდანაც გინდა მიუდექი, ის იმ დროის გმირია.
მაშინ სათამაშო კლასი იმხელა გვქონდა, დღეს ბარე ორი გრანდი რომ ინატრებდა, თუმცა ევროპული ფეხბურთისა არაფერი გვესმოდა. გვინდოდა - ვთამაშობდით, გვინდოდა - დავრბოდით, გვინდოდა - ვიდექით. ქეცბაია კი სულ თამაშობდა. დამდგარი და ბედს შეგუებული ქეცბაია საქართველოს ნაკრებში არ მინახავს.
მან, როგორც რიგითმა ქართველმა, თავისი ცხოვრების პირველ ნაწილში ღირსეულად მოიხადა სამშობლოს წინაშე ვალი და გააკეთა ალბათ იმაზე მეტიც, ვიდრე რიგითი ადამიანი აკეთებს, თუმცა მან თავისი ბოლო სიტყვებით ბევრ რამეს გადაუსვა ხაზი.
პოლონეთთან მატჩი რომ დასრულდა, ქეცბაია თავდახრილი შევიდა გასახდელში. იყო სტვენაც, მაგრამ უმრავლესობამ ქეცბაიას დიდ ფეხბურთელობას ვერ გადააბიჯა და ეს უკვე კარგია.
ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ, თვითონაც ნანობს საქართველოს ნაკრების სათავეში მოსვლას. ძალიან ნანობს. ნეტავ, მართლა არ მოსულიყო. არაფერია იმაზე მტკივნეული, როცა ბავშვობის ლეგენდები შენ თვალწინ ხუნდებიან.
რთულია. მოწყენა და შავი ფიქრები გიპყრობს, მაგრამ აბა, დღევანდელ ცხოვრებაში იოლი რა არის?!
ჩემთვის ყველაზე რთული იმ ცივ და საზიზღარ საღამოს თავდახრილი თემურ ქეცბაიას დანახვა იყო. იქნებ თემურმა კიდევ გამოიხედოს ყინჩად. მისი ცხოვრება ჯერ წაუკითხავი წიგნია.
ეს კია, რომ საქართველოსთან ყველანი ვტყუით... ერთეულების გარდა...
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"