კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრები შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მიაღწევს!

AutoSharing Option
ახლახან  საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე "პირველ არხზე" დავით მინაშვილის გადაცემა "არენას" სტუმრობდა.

ეროვნული გუნდის თავკაცმა, სხვასთან ერთად, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს ნაკრების ფეხბურთელთა პოტენციალის გამოყენებას, რომელია გუნდში ყველაზე პრობლემური პოზიცია და რომელ სათამაშო სქემებს დაეყრდნობა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა, ერთგვარი თავის გაწირვა იქნებოდა ნებისმიერი სპეციალისტისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი გარკვეულ რისკებს შეიცავს. რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდის გაწვრთნა დიდი გამოწვევაა ჩემთვის.

რომ გითხრათ, მეშინია,
ასე ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, მაქვს საკუთარი თავისა და ფეხბურთელების იმედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი ბოლო დროს ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი, მათ უნდა ირწმუნონ საკუთარი ძალების და თუკი მაქსიმალურად და სწორად იმუშავებენ, აუცილებლად იქნება შედეგიც. მე ამის იმედი მაქვს.

- ფიქრობთ, რომ არის ფეხბურთელთა კონტინგენტი, რომლისგანაც გუნდი გაკეთდება?
- ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ფეხბურთელებს, რომ სწორი თამაშით და კარგი მომზადებით კომპენსირდება ოსტატობა, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე ჩვენს ნაკრებში არ იყოს ძალიან მაღალი. მაგრამ ვიმეორებ, თამაშის სწორად დაგეგმვითა და მაღალი დონის ფუნქციონალური მდგომარეობით, შეიძლება შედეგის მიღწევა.

შესაძლოა, დღეს საქართველოს ნაკრებში არ არიან ვარსკვლავები, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელები ნამდვილად არიან.

- წინა მწვრთნელის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს ნაკრებში 60-ზე მეტი ფეხბურთელი იყო გამოძახებული. ხომ არ ფიქრობთ, რომ კიდევ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც არ ყოფილან ეროვნულ გუნდში გამოძახებულნი, მაგრამ მათ აქვთ რესურსი, შესაძლებლობა და კლასი, ითამაშონ ნაკრებში?
- ერთი-ორი ასეთი ფეხბურთელი წარმომიდგენია და მაქვს სურვილი, რომ აუცილებლად ვნახო მათი შესაძლებლობები. თანაც, არის პოზიციები, სადაც პრობლემას ვხედავ.

არ დავმალავ და ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში ყველაზე მწვავედ შემტევი სტილის მარცხენა მცველის პრობლემა დგას. ეს ფეხბურთელი მოსაძიებელია და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მე საქართველოში ვიქნები და შევეცდები, მაქსიმალურად ბევრ თამაშს დავესწრო და ყველა ფეხბურთელი საქმეში ვნახო.

პრობლემურია იგივე მარჯვენა მცველის პოზიციაც. ახლა უჩა ლობჟანიძის ალტერნატივა არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად მოიძებნება. არ შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე იყოს დამოკიდებული.

- აპირებთ თუ არა იმ ფეხბურთელებთან დალაპარაკებას, რომლებსაც კონფლიქტი ჰქონდათ წინა მთავარ მწვრთნელთან? როგორ წარმოგიდგენიათ ვეტერანთა ყოფნა ნაკრებში?
- კონკრეტულ თამაშზე, მიუხედავად ასაკისა, გამოვიძახებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მზად იქნებიან. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ ჩამოდიოდნენ ეროვნულ გუნდში, მათთან აუცილებლად გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში ისინი უნდა დაბრუნდნენ იმ მოტივაციით, რომ მაქსიმალური სარგებელი მოუტანონ ნაკრებს.

მოგეხსენებათ, ნაკრებში მუშაობის სპეციფიკა ძალიან განსხვავდება კლუბში საქმიანობისგან. შეზღუდული დროის გამო ერთადერთი, რაზეც ნაკრების მწვრთნელმა შეიძლება იმუშაოს, გუნდის ფსიქოლოგიური და ტაქტიკური მომზადებაა.

სამუშაო ბევრია. პირველ რიგში, ნაკრების ახალ მწვრთნელს დრო სჭირდება, რომ თავისი სათამაშო ფილოსოფია ფეხბურთელებამდე მიიტანოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები საფეხბურთო თვალსაზრისით საკმარისად არიან ამ დონეზე განათლებულები.

მეორე - ფსიქოლოგიური მხარეა. გასაგებია, რომ ნაკრებების დონე განსხვავებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სიძლიერის ნაკრებთან შეიძლება თამაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სწორი თამაშითა და კარგი ფუნქციონალური მომზადებით.

ყოველთვის უნდა იყოს დასახული კონკრეტული მიზანი. თუ ფეხბურთელს არ აქვს მიზანი და მინდორზე მხოლოდ იმიტომ გავა, რომ კარგად ითამაშოს, ასე არაფერი გამოვა - კონკრეტულ თამაშზე უნდა იყოს კონკრეტული მიზანი.

- ფეხბურთის ფედერაციამ რა მიზანი დაგისახათ?
- მოთხოვნა იმისა, რომ ამ შესარჩევში კონკრეტულად ამ ადგილზე უნდა გავიდეს გუნდი, რა თქმა უნდა, არ არის. სხვათა შორის, თავად მოვითხოვე, რომ მომავალ შესარჩევში აუცილებლად იყოს მიზანი - მინიმუმ, მესამეზე უნდა გავიდეს გუნდი.

- ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში რამდენ ადამიანს მოიაზრებთ და თუ შეგიძლიათ უკვე მათი ვინაობის დასახელება?
- დღეს ფეხბურთი მეცნიერებაა. ძალიან დიდი ანალიზი სჭირდება თამაშს და მივიჩნევ, რომ რაც მეტი ადამიანი იქნება შტაბში, მით მეტი სარგებელი ექნება ნაკრებს - მით მეტი იდეა და აზრი გაჩნდება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, რადგან არსებობს ფინანსური საკითხი და ეს ყველაფერი შესათანხმებელია ფედერაციასთან.

- როგორ გესახებათ ასაკობრივი ნაკრებებთან და მათ მწვრთნელებთან თანამშრომლობა? ბევრის აზრით, უნდა არსებობდეს ერთიანი სისტემა ყველა ნაკრებისთვის...
- არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად ერთი სისტემით უნდა თამაშობდეს ყველა ნაკრები. მთავარია, რომ ბავშვები იყვნენ ამ მხრივ განათლებულები და როცა ეროვნულ გუნდში მოვლენ, არ ეშინოდეთ მის სისტემასთან მორგება.

რა თქმა უნდა, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან ვაპირებ ახლო ურთიერთობას და მათთან მოთხოვნაც მექნება, გაითვალისწინონ ის ფილოსოფია, რომლითაც თამაშობს მთავარი გუნდი. რა თქმა უნდა, საკუთარი ხაზისა და მიმართულების გატარებას მათ არავინ დაუშლის, თუმცა ძირითადი ნაწილი, რაც ეროვნული ნაკრების სათამაშოს სტილს შეეხება, ფეხბურთელებისთვის უცხო არ უნდა იყოს.

- გერმანიასთან მომავალ მატჩს უნდა შევეხოთ - სიმბოლურად ემთხვევა, რომ 1995 წლის 29 მარტს, გერმანიასთან მატჩში თქვენ იყავით ნაკრების კაპიტანი, 20 წლის შემდეგ კი, 2015 წლის 29 მარტს, თქვენ უკვე გუნდს მთავარ მწვრთნელად გაუძღვებით...
- თუ გახსოვთ, იმდენი მაყურებელი, რაც მაშინდელ შეხვედრას დაესწრო, ჩვენს ისტორიას არ ახსოვს... ანგარიშით 0:2 კი დავმარცხდით, მაგრამ თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ. 0:1-ზე შოთის შეეძლო გატანა, როცა მეკარე მოატყუა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო გატანა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფაქტია, ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმალისტია და სულ იქნება კრიტიკა, მაგრამ ამას შეგუებული ვარ - როცა ნაკრებში ვთამაშობდი, მაშინაც სულ იყო მოთხოვნა, რომ აუცილებლად მოგვეგო გერმანიისთვის, ინგლისისთვის, იტალიისთვის... ეს კარგია, მაგრამ ზომიერად (ეღიმება).

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე კი, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით მოდის, უფრო თამამად შეგვეძლება თამაში. სატურნირო მდგომარეობაც ისეთია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ ექნებათ ფსიქოლოგიური წნეხი, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამისგან თავისუფლები იქნებიან.

საერთოდ კი, მოედანზე მყოფ ფეხბურთელს უნდა სჯეროდეს, რომ იმის მიუხედავად, მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონია თუ ევროპის, თამაში და კარგი შედეგის მიღწევა ყველასთან შეიძლება.

- საქართველოს ნაკრების დაახლოებით 20-წლიან ისტორიაში, როდის გვყავდა საუკეთესო და ყველაზე უარესი გუნდები?
- უარესს ვერ დავასახელებ, რადგან ამის თქმის მორალური უფლება არ მაქვს. ყველაზე ძლიერი კი, ჩემი აზრით, ისტორიაში პირველი-ორი შესარჩევი ციკლების ნაკრებები იყო. პრინციპში, შედეგიც არ იყო ურიგო. მეორე ციკლში მეოთხე ადგილი კი დავიკავეთ, მაგრამ ჩვენ და მესამეადგილოსან პოლონეთს ერთნაირი ქულები გვქონდა...

იმ ორ ციკლში ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და სათანადო გამოცდილებით. მაშინ ის გუნდი რომ შენარჩუნებულიყო, მომდევნო ციკლში უკვე დიდი შანსიც გვქონდა ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ მოგეხსენებათ, შემდეგ ის გუნდი დაშალეს...

- თქვენი აზრით, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ნაკრებში კაპიტანს და ხომ არ აპირებთ გუნდში კაპიტნის ვინაობის საკითხის გადახედვას?
- აუცილებელია, ნაკრებში იყვნენ ლიდერები, რომლებიც გუნდს ფსიქოლოგიურად გაუძღვებიან. რაც შეეხება კაპიტნის საკითხის გადახედვას, ვფიქრობ, რომ ეს ნეგატიურად იმოქმედებს გუნდზე. ასე რომ, ჯაბა კანკავას შეცვლას არ ვაპირებ - მე ვიცნობ და ვენდობი მას. ის ძალიან კარგი ადამიანი, ფეხბურთელი და მაღალი დონის პროფესიონალია. სხვა რა არის კაპიტნობისთვის საჭირო?!

- დღეს რომ იყოს თამაში, რომელ 11 ფეხბურთელს დაეყრდნობოდით?
- ახლა შემადგენლობის დასახელებისთვის მზად ნამდვილად არ ვარ, თუმცა გონებაში მაქვს ორი სისტემა, რომლითაც ვაპირებ თამაშს. რა თქმა უნდა, ერთი იქნება ძალიან შემტევი, მეორე - უფრო შედეგზე მომართული. ამ ორი სისტემით ვითამაშებთ. რესურსი არის და ყველაზე მთავარია, ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

- უკვე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ნახევარი წელი ისევ მოგიწევთ ბაქოს "ინტერში" მუშაობა. როგორ შეუთავსებთ კლუბსა და ნაკრებში საქმიანობას, კლუბიდან თუ გქონდათ მხარდაჭერა?
- როდესაც ამ საკითხზე ბატონ ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძესთან ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით, შემდეგ შეხვედრა მქონდა ჩემს სპონსორთან, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ამ ადამიანმა პირადი გვერდზე გადადო და გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას... ამას ბევრი არ გააკეთებდა.

- ბოლოსწინა ტურში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგეთ უშუალო კონკურენტ "ნეფთჩის" (2:1). ცხრილში ძალიან წინ არ არის "ყარაბაღი" და გაქვთ ჩემპიონობის შანსიც, რაც თქვენი აზერბაიჯანული კარიერის მშვენიერი დასასრული იქნებოდა....
- რა თქმა უნდა. ის, რომ "ყარაბაღი" ძალიან მაღალი დონის გუნდია, ეს მან ევროლიგაზეც დაამტკიცა. თვითონ აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონეც საკმაოდ მაღალია.

"ინტერს" რაც შეეხება, გუნდი სტაბილურია, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს - 16 ტურში 24 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ 7 გავუშვით, რაც ევროპაში მესამე-მეოთხე შედეგია.

თუმცა, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შეტევაში მოვუმატოთ, უფრო აგრესიულები ვიყოთ და გავუწიოთ კონკურენცია პირველადგილოსანს, რომელთანაც ახლა 5 ქულა გვაშორებს. საამისოდ კი ორი შემტევი ფეხბურთელით გაძლიერება გვსურს."ინტერს" თასზე ბრძოლის რესურსიც აქვს - ფაქტობრივად, ორი შემადგენლობა გვყავს და შეგვიძლია როტაცია. მთლიანობაში, იმედი მაქვს, "ინტერს" მაჟორულ ნოტზე დავემშვიდობები.

- დაბოლოს, დადგა 2015 წელი და რას შეჰპირდებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს?
- ამ ეტაპზე, რაც შემიძლია შევპირდე, თავდაუზოგავი მუშაობაა. მაქსიმუმს გავიღებ, რათა გუნდმა კარგი შედეგი აჩვენოს. შედეგი ყველაზე მთავარია. არავინ თქვას, რომ შედეგი ცუდი თამაშით მიიღწევა. შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მივაღწევთ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არარი ეს მარტალი კაცი როგორებიც ფედერაციაში ზიან ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ტქვენს პატრონს დააბოლეტ ტქვენ ტქვენაირები
vaxo
11:26 20-01-2015
0
არარი ცხადაზე არველაზე ცეცაზე მაისურაზე ტუნდაც ჩივაზე ნაკრებში დასანიშნი იმიტომ რომ ჩუმად არიან და ხმას არიგებენ რომ მკვდარია აქ პეხბურტი იკავიტ ჩუმად და გაცოცხლდება
kaxelo
08:57 20-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული