არასოდეს დანებდე! - ფიქრი საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
მარტი ახლოვდება და ახლოვდება საქართველოს ნაკრების ორი მატჩიც - ერთი ამხანაგური და ერთიც ევროშესარჩევი.

ქვეყნის უპირველეს გუნდს უკვე ოფიციალურად ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დაამტკიცა კახა ცხადაძე და ამოცანაც დაუსახა - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ან, სულ მცირე, პლეი-ოფის საგზურის მოპოვება.

სანამ კონტრაქტის მთავარ მიზანზე ვიტყოდეთ, ევროშესარჩევი ციკლის დარჩენილ შეხვედრებსა და მალტასთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე დავწეროთ.

მართალია, საქართველოს ნაკრების ევრომატარებელმა უკვე კარგა ხანია, ჩაიარა, მაგრამ ამ ციკლის დარჩენილ თამაშებში რამდენიმე ტენდენცია უნდა დავინახოთ...

გავიხსენოთ მოგების
გემო!

25 მარტს კახა ცხადაძე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. მეტოქე ევროფეხბურთის მარადი მაჩანჩალა, მალტის ნაკრებია, თუმცა ეს შეხვედრა სცდება ერთი რიგითი მატჩის ფარგლებს.

რიგიან ქვეყნებში ამბობენ, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო. საქართველოში, მეტადრე, ამ აჭრილი და არეული ქვეყნის ფეხბურთში, ასე ვერაფრით იქნება. აქ ბევრჯერ გვინახავს კარგად დაწყებული და ცუდად დამთავრებული საქმე. მაგალითისთვის რაღა შორს წავიდეთ? აგერ, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და აგერ - ჩვენ.

მალტა ბოლო დროს შეეჩვია მინი-სენსაციებს. მალტამ ერთხელ საქართველოც გაამწარა. ბოლოს ბულგარეთს გააწნა გვარიანი ალიყური და კინაღამ საშვილიშვილო სირცხვილი შეამთხვია იტალიას.

და მაინც - საქართველომ მალტასთან უნდა მოიგოს. უნდა მოიგოს, რადგან დღეს ჩვენი სანაკრებო ფეხბურთისთვის, უფსკრულის პირას რომაა, გამარჯვება ჰაერივით აუცილებელია.

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა საქართველოს ნაკრებს კარგა ხანია, არ უთამაშია.

შემდეგი წინას უნდა სჯობდეს
ევროშესარჩევ ციკლში ცალკე საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობისა და ცალკე მეტოქეთა გათვალისწინებით, ბევრს ვერაფერს მოვითხოვთ.

როგორი საქმეა - ჯერ ხახაში უნდა ჩავუვარდეთ გამძვინვარებულ გერმანიას, მერე კი მოდის საშუალოევროპული ნაკრებების მთელი წყება, რომელთაც მიზნად ევროპის პირველობაზე მოხვედრა აქვთ დასახული და თან საქართველოს ნაკრებსაც აღემატებიან.

თუ უკვე შეგუებულნი ვართ იმას, რომ ევროპის ჩემპიონატი უჩვენოდ ჩაივლის, გვინდა კონკრეტული ტენდენციები ვნახოთ საქართველოს ნაკრების თამაშში. სულაც არ მგონია, რომ მოვა თუ არა ცხადაძე, აიქნევს ჯადოსნურ ჯოხს და ყველა პრობლემა უმალ მოგვარდება, მაგრამ უკეთესობა კი უნდა გამოჩნდეს.

ქართველები არაერთხელ დაგვაღალატა მესიის მოლოდინმა, მეტადრე - დამოუკიდებლობის წლებში. 24 წელია, საქართველო ჯერაც ვერ შედგა სახელმწიფოდ და ამის მთავარი მიზეზი საერთო-ეროვნული იდეის არარსებობა და ჩვენი გამუდმებული, "მესიანისტური" მოლოდინი მგონია.

ცხადაძე არ არის და ვერც იქნება მესია. სამაგიეროდ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, მისგან მოვითხოვოთ და ველოდოთ, რომ:

* ყოველი სანაკრებო მატჩი უკეთესი იყოს, ვიდრე წინა.

* ვითამაშოთ მეტი ფეხბურთი, თუნდაც რისკის ფასად, რაკი ფეხბურთში მეტწილად მაინც ის იმარჯვებს, ვინც უტევს და არ წვალობს.

* უკიდურესი შეჭირვების ჟამს ნაკრები შეიკრას ერთ მუშტად, ერთ დიდ ოჯახად.

* ფეხბურთელებმა მოიშორონ შიშის დამღა და თუნდაც სანაკრებო მატჩებში მიიღონ სიამოვნება, რაკი არც დიდი და არც პატარა გამარჯვება აქამდე არსად და არასდროს გამოჭედილა შიშით.

* და მთავარი: ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნაკრებში მიღწეული წარმატება არის მათ კარიერაში უმთავრესი და ვერც ერთი საკლუბო ტიტული მას ვერასდროს გადასწონის.

ვიცოდეთ ჩვენი ადგილი
საქმის კეთებას ყველა რაღაც წერტილიდან იწყებს. ჩვენც უნდა დავიწყოთ, სხვანაირად არ გამოვა. რომ დავიწყოთ, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, სად ვართ.

მართალია, საქართველოში ჯერაც მრავლად იბადებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ სანაკრებო ასპარეზზე დღეს თავს ბევრი ვერაფრით მოვიწონებთ. სად არის დღეს ჩვენი რეალური ადგილი მსოფლიო საფეხბურთო რეიტინგში?

ვერ დავეთანხმები ფიფას და აქსიომად ვერ მივიღებ იმას, რომ ფარერებმა გაგვისწრეს, თუმცა ბევრით ვერც ვჯაბნით. საქართველო დღემდე უკეთესია, ვიდრე სან მარინო, ანდორა, ფარერები და ლიხტენშტაინი, მაგრამ ოდენ მათ შემდგომ ეშელონშია.

ასე რომ, სამუშაო ძალიან ბევრია და ჩვენი ქვეყნისთვის საფეხბურთო ღირსების აღდგენა ამ თაობისთვის მართლაც რომ ღირსების საკითხი უნდა იყოს...

NEVER SAY DIE!
კახა ცხადაძემ თვითონვე დასახა მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის. მერე ის მიზანი მწვრთნელის კონტრაქტში ჩაიდო და აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა - მუნდიალის საგზურის მოპოვება ან, სულ მცირე, პლეი ოფში გასვლა.

ახლა ეს უტოპიად მოჩანს. ამ ევროშესარჩევი ციკლის მერე, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ტენდენციები ვნახეთ, იქნებ ასე აღარც იყოს. ერთი კია - ცხადაძემ ორჯერ მაგრად გარისკა. ერთი მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა და მეორედ მაშინ, თამასა ამხელაზე რომ აუწია საკუთარ თავს.

რისკისა და შამპანურის ამბავი იქით იყოს და, ფეხბურთს ძალიან უხდება ასეთი სითამამე. მეტიც, ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მუღამიც ესაა.

ქვეთავის სათაურად ინგლისური ანდაზა მოვიყვანეთ, რომელიც დაახლოებით იმას გვიქადაგებს, რომ არასდროს, არც ერთ სიტუაციაში არ დავნებდეთ!

ინგლისური ფეხბურთი ამითიცაა სხვაზე მიმზიდველი, რაც იქ ხშირად ხდება - სამოყვარულო გუნდი ნაღდ პროფესიონალებს დაიფრენს ხოლმე პრესტიჟული სათასო მარათონიდან. ამხელა სხვაობა კი საქართველოს ნაკრებსა და მის მომავალ მეტოქეებს შორის ნაღდად არ არის.

ეს საქართველოს შანსია
ახლა ბევრი წერს და ლაპარაკობს იმაზე, რომ ევროპა იქით იყოს და, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები განწირულია და მას წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს.

რა თქმა უნდა, რთული იქნება, თუმცა სწორი ორგანიზების, იღბლიანი წილისყრისა და პატარა გამართლების შემთხვევაში, რატომაც არა?!

ვინ იფიქრებდა, რომ არაფრით გამორჩეული ლატვია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა? ვინ ელოდა ესტონეთს პლეი-ოფში? კოსტა-რიკამ სამუნდიალო ჯგუფში მსოფლიო ფეხბურთის გოლიათები დატოვა...

მოკლედ, ვცადოთ. ვინც ცდილობს და ეძებს, ის ოდესმე პოულობს კიდეც. ეს კია, რომ დღეს უფრო მეტად იმათ უმართლებთ, ვინც საქმეს სწორად აკეთებს და უფრო იშვიათად იგებენ ფურცელზე ფავორიტები.

ეს საქართველოს შანსია!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
იმაზე რაც არ არსებობს,როგორ უნდა იფიქრო.
ალბათ უნდა იფიქრო იმ შემოსავლებზე,რომლებიც არის,მაგრამ ფეხბურთი არ არის.
ტოტო
14:02 13-02-2015
0
კიდევ კარგი გიბრალტარი შეგვხვდა ჯგუფში და არა ფარერები,თორემ მერე ვნახავდით ფიფას რეიტინგები ცდება თუ ამ სტატიის ავტორი...მსოფლიო არა იხვი...ისევ ისე იქნება ყველაფერი...მაქსიმუმი ჯგუფში ბოლოს წინა ადგილია
მიშა
11:37 13-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული