კახა ცხადაძე: თამაშის სტრატეგიაზე ჩემი შეხედულებები განსხვავებულია...

AutoSharing Option
გაზაფხულის პირველივე თვეში სანაკრებო თემა ძალზე აქტუალური იქნება: 25 და 29 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი მატჩი ელოდება, ჯერ - მალტასთან (ამხანაგური), მერე კი - მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან (ოფიციალური).

სწორედ 25 მარტს შედგება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძის დებიუტი. ქვეყნის ეროვნული გუნდის ისტორიაში მე-18 მწვრთნელმა ახალ ამპლუაში 9 მარტს პირველი პრესკონფერენცია გამართა - მცირე შესავლის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მერე კი ქუთაისში გაემგზავრა "ტორპედო"-"სამტრედიის" საპასუხო სათასო მატჩზე დასასწრებად...

ცხადაძის 31
თუმცა, კახა ცხადაძის გუშინდელი პრესკონფერენციის მთავარი თემა საქართველოს ნაკრების
გაფართოებული შემადგენლობა იყო, რომელიც ქართულ მედიას ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ გააცნო.

თავდაპირველად, ცხადაძის სიაში 29 რჩეული იყო, თუმცა, მას მერე, რაც ნაკრების თავკაცი "ტორპედო"-"სამტრედიის" სათასო მატჩს დაესწრო, სიას ქუთათურთა ფორვარდი ნიკა საბანაძე და სამტრედიელთა მცველი ლევან კაკუბავაც დაამატა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("ოფი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი ("დილა"), რევაზ თევდორაძე ("სამტრედია");
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი ("სამტრედია"), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), ლაშა თოთაძე ("დინამო", თბ), გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - "ინტერი", აზერბაიჯანი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი), ლევან კაკუბავა ("სამტრედია");
ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), გიორგი მერებაშვილი ("ოფი", საბერძნეთი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე ("ტოსნო", რუსეთი), ნიკა საბანაძე ("ტორპედო").

ამ 31 ფეხბურთელიდან ბევრია ისეთი, ვისაც კახა ცხადაძის წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ბოლოს აღარ იწვევდა (სხვადასხვა მიზეზის გამო): ნუკრი რევიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ოთარ მარცვალაძე, მათე ვაწაძე, ლევან ყენია...

კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზის მერე გამოიძახეს გიორგი მერებაშვილი, კახა მახარაძე, გიორგი ნავალოვსკი და რევაზ თევდორაძე.

აი, რაც შეეხებათ ლაშა დვალს, ლაშა თოთაძესა და ნიკა საბანაძეს, ამ სამ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მოკლედ, ისეთი თემაა, ცალკე საგაზეთო წერილს რომ იმსახურებს და მოდი, ამაზე ხვალინდელ ნომერში ვისაუბროთ. ახლა კი მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია, რომელსაც მონოლოგის სახით შემოგთავაზებთ:

პესიმისტური განწყობის გამო ზოგიერთს უხეშადაც მივმართე
- პრესკონფერენციაზე პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ და ივნისამდე ასე, "ჰაერში გამოკიდებული" ყოფნა მომიწევს. წინდაწინვე მინდა განვაცხადო, რომ ქართულ მედიასთან საქმიან და კორექტულ ურთიერთობას ვისურვებდი.

...ამას წინათ თბილისის "დინამოს" საშინაო მატჩს დავესწარი. ახლა ქუთაისში მივდივარ და მინდა, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობები ვნახო. უნდა ვაღიაროთ - ჩვენი პირველობა უფრო მეტად გაძლიერებას საჭიროებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს 17 თუ 19-წლამდელთა ნაკრებებში ერთიმეორეზე ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგრამ მათ უკვე პრაქტიკა სჭირდებათ, თანაც, სწორედ საქართველოს ჩემპიონატში უნდა დაკაცდნენ.

...იმასაც ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მაღალი დონის ლეგიონერები ჩამოგვეყვანა, რომელთა გვერდითაც გაიზრდებიან კიდეც ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფოს დახმარებაზე - თუ ქართული კლუბები ფინანსურად ვერ მოძლიერდნენ, ჩვენი ჩემპიონატის დონე ვერასდროს აიწევს.

...მიმაჩნია, რომ 20 წლის წინანდელი გერმანიის ნაკრები, რომელსაც მაშინაც 29 მარტს ვეთამაშეთ თბილისში, არანაკლები სიძლიერის გუნდი იყო, ვიდრე დღესდღეობითაა. იმასაც ვიტყოდი, რომ იმ თამაშში საქართველოს ნაკრებს თავი არ შეურცხვენია და შოთა არველაძეს ის მომენტი რომ გამოეყენებინა, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

...პრემიებთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება მაქვს - ბაქოს "ინტერში" ჩემ მისვლამდე ფეხბურთელები პრემიებს ყოველი თამაშის მერე იღებდნენ, თუმცა ეს პრინციპი შევცვალე და წახალისება მხოლოდ საბოლოო შედეგზეა დამოკიდებული. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები საერთო შედეგის მისაღწევად უნდა განეწყვნენ, თორემ ჩვენს დროს უელსის ნაკრებს შინ თუ გარეთ ვუგებდით, სხვა ცალკეული გამონათებებიც გვქონდა, მაგრამ მთავარ შედეგს მაინც ვერ ვაღწევდით. თუმცა, დღესდღეობით, პრემიების საკითხზე არც მიფიქრია და ფეხბურთელების აზრიც უნდა გავითვალისწინოთ.

...ამ ეტაპზე, ნაკრებში 29 ფეხბურთელი (პრესკონფერენციის შემდეგ ცხადაძემ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი დაამატა - რედ.) გამოვიძახეთ, გერმანიასთან მატჩის წინ კი 23 ფეხბურთელი დარჩება. სამწუხაროდ, მხოლოდ 21 მარტს შევიკრიბებით, ოთარ მარცვალაძე, ნუკრი რევიშვილი და გიორგი ნავალოვსკი კი 23-ში შემოგვიერთდებიან, რადგან წინა დღეს თამაში აქვთ.

...მალტასთან თამაში, რა თქმა უნდა, გენერალური რეპეტიცია იქნება ოფიციალური მატჩის წინ. თანაც, ალბათ, ყველა ელოდებით, რომ მალტასთან ეგრეთ წოდებულ "პირველ ნომრად" უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა. თუმცა ისიც საკითხავია, მოგვცემს კი ამის საშუალებას მერე გერმანიის ნაკრები? ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ და შანსი გამოვიყენოთ, თუგინდ, გერმანიის ნაკრები იყოს მეტოქე...

...ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თითქმის დაკომპლექტებულია: ერთ-ერთი თანაშემწე გია ცეცაძე იქნება, მეკარეების მწვრთნელად კვლავაც მამუკა აბუსერიძე იმუშავებს; ფიზმომზადების მწვრთნელი მილოშ იევტიჩი და ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი ჩემთან ერთად მუშაობენ "ინტერში" და მათ კვალიფიკაციაში დარწმუნებული ვარ. ვარძუკაშვილი, საერთოდაც, ძალიან ძლიერ სპეციალისტად მიმაჩნია და, სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების ყველა პოტენციურ კანდიდატთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტიც აქვს. ეგ კი არა, "გენკში" მოთამაშე თორნიკე ოქრიაშვილს უთქვამს, პირველად მოხდა, როცა საქართველოს ნაკრების ექიმმა დამირეკა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდაო. კიდევ ერთი ჩემი თანაშემწის ვინაობას კი უახლოეს მომავალში შეიტყობთ.

პოლონეთთან მატჩამდე გვექნება ავსტრიული შეკრება, მანამდე კი, 9 ივნისს, მაკედონიაში ამ ქვეყნის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშს ჩავატარებთ.

...ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ჩვენს უპირველეს გუნდს გარკვეული პაუზის მერე რომ უბრუნდება. ზოგიც ახალწვეულია, მაგალითად, კახა მახარაძის თამაშს ანტალიაში დავესწარი და არ არის პატარა ამბავი, როცა ქართველი ფეხბურთელი წლების განმავლობაში თავისი გუნდის ლიდერია. ვისურვებდი, რომ ჩვენს ნაკრებში რაც შეიძლება მეტი ასეთი ფეხბურთელი იყოს.

...წეღანაც ვთქვი, რომ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი პერსპექტიული ჭაბუკია და ამისთვის მათ მწვრთნელებს მადლობა ეკუთვნით. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში სულ სხვა მოთხოვნებია და ეს ნიჭიერი ბიჭები მენტალურადაც უნდა გაიზარდონ და ფიზიოლოგიურადაც უნდა აკმაყოფილებდნენ ეროვნული ნაკრების მოთხოვნებს.

...დღესდღეობით, ჩემთვის უმთავრესი ამოცანა ჩვენი ნაკრების თამაშის "დალაგებაა". არც იმას უარვყოფ, რომ ჩემი შეხედულებები თამაშის სტრატეგიასთან დაკავშირებით განსხვავდება იმისგან, რაც ადრე გვქონდა, მაგრამ ამაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ.

მე ყველა მათგანის მჯერა, თუმცა, როცა მათ ვესაუბრე, ზოგიერთს პესიმისტური განწყობაც შევამჩნიე და ამის გამო, ცოტა არ იყოს, უხეშადაც მივმართე. კიდევ ვიმეორებ, ახლა მთავარია, ნაკრებმა თამაში "დაალაგოს", გარედან მოყვანილი ფსიქოლოგის საჭიროებას კი ვერ ვხედავ.

ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე მე ვიზრუნებ, თანაც, მჯერა ამ ბიჭების და ვიცი, რომ ისინიც მაქსიმალურად მოინდომებენ.

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ნაკრებს მართლაც ღირსეული კაპიტანი ჰყავს. ჯაბა კანკავას შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საქმე,ბიძია საქმე და მერე ანალიზი.
0
ბურთს ვინ გაიტანს ხალხო, ბურთს!
tomas
16:50 10-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული