ზურაბ ხიზანიშვილი: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჯარიდან შინ ვბრუნდები

AutoSharing Option
2013 წლის სექტემბერში ზურაბ ხიზანიშვილმა თემურ ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და ეროვნული გუნდიდან წავიდა.
17 წლის ასაკში, იოჰან ბოსკამპის დროს დაწყებული სანაკრებო კარიერა 14 წელიწადს გრძელდებოდა და თუ არა ტრავმა, ხიზანიშვილი ეროვნული გუნდის უცვლელი წევრი იყო.

ნაკრებიდან კახა კალაძის წასვლის შემდეგ, ზურაბმა კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. მაგრამ ქეცბაიასთან, რომლის მხარდამხარ ნაკრებშიც უთამაშია და შოტლანდიურ "დანდიშიც", ურთიერთობები აერია და პრესიდან შეიტყო, რომ სამკლავური მოხსნეს...

"ჯვაროსანთა" მაისურით ხიზანიშვილმა უკანასკნელად პარიზში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ 2013 წლის 22 მარტს ითამაშა. 2013 წლის 6 სექტემბერს
კი იმავე საფრანგეთთან თბილისური მატჩისას სათადარიგოებს შორის იყო. ამას მოჰყვა ფინეთთან თბილისური დაპირისპირება, როცა გაბრაზებული თანაგუნდელებთან ერთად ავტობუსში არ ავიდა, მალე კი ნაკრებიდან წასვლის შესახებაც განაცხადა:

"მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად. დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ცხელ გულზე არ მიმიღია... 400-მდე მატჩი მაქვს ნათამაშები საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისისა და თურქეთის უმაღლეს ლიგებში, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე საამაყოა... თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელ გუნდში ჩემი ადგილი აღარ არის".

ხიზანიშვილის მშვენიერი თამაშებიც გვახსოვს და ჩავარდნებიც. ის ბოლო შესარჩევ ციკლში დამაჯერებელი არ იყო. მისი აზრით, ამას ნაკრებში არსებული მძიმე ფონიც განაპირობებდა...

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ქეცბაიას მემკვიდრე კახა ცხადაძემ ხიზანიშვილი გაფართოებულ სიაში დაასახელა.

33 წლის მცველი, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ახლა "სამტრედიაში" თამაშობს, ნაკრების ახალი თავკაცის ნდობამ გაახარა:

- ნაკრებში მოხვედრა ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ 33 წლის ასაკში - კიდევ უფრო მეტად. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიც 17 წლის ბიჭს, როცა იოჰან ბოსკამპმა ნაკრებში პირველად გამომიძახა.

სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მესმოდა, რამხელა ბედნიერება იყო ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში. ახლა ეს კარგად ვიცი და ამიტომ უფრო მიხარია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ჯარიდან სახლში ვბრუნდები.

- გულახდილად თქვით: ნაკრებში გამოძახებას ხომ აღარ ელოდით?
- ასე ვიტყვი: ბოლომდე იმედი გადაწურული არ მქონდა. იმიტომ, რომ ნაკრებში წლების განმავლობაში ვთამაშობდი, კახამ კი თავიდანვე თქვა, რომ გამოცდილებსაც დაუძახებდა. მაგრამ რა დასამალია და, ნაკრებში მოხვედრის დიდი იმედი და ამბიცია აღარც მქონდა.

- ამბიცია რატომ აღარ გქონდათ?
- ამ კონკრეტულ პერიოდს ვგულისხმობ. "სამტრედიაში" ახლახან ჩავირიცხე, თამაში დავიწყე და ფორმის აღდგენას ვცდილობ. კახას ამ ნდობას ასმაგად დავუფასებ.

- "სამტრედიაში" პირველი შეხვედრა, თასზე "ტორპედოსთან", არადამაჯერებლად ჩაატარეთ...
- ბუნებრივიც არის. ჯერ ერთი, ხელოვნურ საფარზე თამაში ჩემთვის უცხო იყო და მიჩვევა მჭირდებოდა. მეორეც - "დინამოდან" წასვლის შემდეგ კარგა ხანს უგუნდოდ ვიყავი. მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. ყოველ შემთხვევაში, ისე ნამდვილად აღარ ვარ, როგორც სამი თვის წინ და თან წონაშიც დავიკელი.

მაგრამ მე რომ მინდა და ვიცი, რა არის ჩემი საუკეთესო ფორმა, ცხადია, ისეთ კონდიციებში ჯერ არ ვარ. თუმცა ამ მიწვევამ ისეთი სტიმული მომცა, მარტის ბოლომდე ფორმის აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებ.

- იმედი დაგიბრუნდათ, რომ ნაკრებში 100 შეხვედრას ჩაატარებთ?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდა. ნაკრებში 100 მატჩი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს და საამაყოც იქნება. საფრანგეთთან გასვლაზე 91-ე მატჩი ჩავატარე და მას შემდეგ ნაკრების მაისურით მოედანზე აღარ გავსულვარ.

თუმცა სულაც არ ვფიქრობ, რომ გაფართოებულ სიაში მოხვედრა თამაშის გარანტია იქნება. ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას დამსახურება სჭირდება.

მე არ ვიცი, 100 შეხვედრას ჩავატარებ თუ დღევანდელ მაჩვენებელზე გავჩერდები. ეს ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუ ნაკრების დონეს კიდევ 3-4 წლის განმავლობაში დავაკმაყოფილებ, რატომაც არა?! სიამოვნებით ვითამაშებ. მაგრამ თუ ვიგრძნობ, რომ აღარ შემიძლია, თავად შევეშვები.

- საერთოდ, პრობლემა ისიცაა, რომ საქართველოში 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს აღარ სწყალობენ...
- მერე ეს კარგია?! მე რაც მინახავს, 30 წლამდე ფეხბურთელების უმრავლესობა ჯანისა და ენერგიის ხარჯზე თამაშობს. ევროპაში ფეხბურთით სიამოვნებას ამის შემდეგ იღებენ - ჭკუის, გამოცდილების, კლასისა და თავდაჯერების ხარჯზე.

საერთოდ, ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ 30 წლამდე უნდა ითამაშოს და მერე წავიდეს. აცალონ ხალხს, იქნებ, ქართულ ფეხბურთს კიდევ გამოადგნენ. ვინმე იტყვის, რომ 37 წლის იაშვილის "სამტრედიაში" თამაში ცუდია? ისტორიაში ჩაიწერება, რომ ამხელა კარიერის შემდეგ თამაში საქართველოს ჩემპიონატში დაასრულა.

იქნებ, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ მე და "იაშკა" "სამტრედიაში" ფულისთვის ჩავედით? მეგობრებსაც გვერდში უნდა დავუდგე და თუ ცოტა მაინც შეგვიძლია, ქართულ ფეხბურთსაც ვემსახუროთ. თუ ამ სურვილს ვერ ხედავენ, ახსნას არც დავიწყებ.

- რატომღაც, ბევრს ჰგონია, რომ შოტლანდიაში, ინგლისსა და თურქეთში ნათამაშებს სამტრედიაში ცხოვრება გაგიჭირდებათ...
- მეც და იაშვილიც სამტრედიაში ვცხოვრობთ და ჩვეულებრივ, გუნდთან ერთად ვემზადებით. აბა, როგორ იქნება?! ვარჯიშებზე თბილისიდან ხომ არ ვივლით?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხოდა გეიქცა სამტრედიაში და აგერ ქალი გოუშიშვლდა, მოდი ძამა შენ აწი ვერც სამტრედიას და ვერც ნაკრებს უშველი რამეს და ქალს მაინც მიხედე ბაბასაქ ცხონება.
fani
23:51 15-03-2015
0
ჩვენს ქვეყანაში ბოღმებს რა გამოლევს რადგან სამტრედიაში გადმოვიდა ყველა ლანძღავს ფულის მონაა და კალაძესთან გაიქცაო
დიტო
11:52 14-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული