სანაკრებო თემაზე: როგორ მოვიყვანოთ საფეხბურთო გაზაფხული

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძე და ჯაბა კანკავა. ასეთი განწყობა უნდა სუფევდეს ნაკრებში
ვინ იცის, დამოუკიდებლობის წლებში რამდენჯერ დაგვიწერია ეს წინადადება ახალი იმედებით, დიდი განცდითა და მოლოდინით. სულ ტყუილად - ვიწყებდით და იმ იმედიანი დასაწყისის მუღამი სულ მალე ქრებოდა ხოლმე.

ოდესღაც ნავსი უნდა გატყდეს. წელი ყოჩაღად უნდა დავიწყოთ და მერე ამ დასაწყისს გაგრძელება ჰქონდეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლი კარგა ხანია, დაიწყო. ჩვენი მატარებელი ამ ციკლში უკვე ჩავლილია. წელი კი, ვალდებულნიც ვართ, მოგებით გავხსნათ - მალტის დამარცხება შეგვიძლია. მერე ამ პატარა გამარჯვებას სხვა,
უფრო სოლიდური მოგებები უნდა დავაშენოთ.

რა გვინდა ჩვენ?
ხალხს მოსწყინდა უსაფუძვლო იმედები, საფუარით მოტანილი უსაგნო ოპტიმიზმი, რომელიც მხოლოდ ქართული ფეხბურთის, ჩვენი გენის ყოვლისშემძლეობას ეფუძნება. ერთი კია - როცა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და როცა ბირთვიც ახალია, ცხვირჩამოშვებულად წერას ვერ დაიწყებ.

არადა, ეს ოხერი ნიჰილიზმიც რომ ძალუმად შეპარულა ჩვენს გულებში?! ქართველ გულშემატკივარს აღარავისი სჯერა - არც სახელოვანი ვეტერანების, არც მოქმედი ჩინოსნებისა თუ ფეხბურთელების და, ასე განსაჯეთ, ხშირად - არც ჟურნალისტების. ამდენი წარუმატებლობით გატანჯული ქომაგი ყველას ერთ ქვაბში ხარშავს.

ერთ-ერთი ჩემი წერილის ქვემოთ ისეთ კომენტარს წავაწყდი, თმა ყალყზე დამიდგა. მავანი წერდა, ამ კაკაურიძემ ხომ ტვინი წაიღო, რა უნდა ელაპარაკო, ისიც კი არ იცის, რომ ჩივაძე, შენგელია, ხურცილავა და სხვები საქართველოს ნაკრებში არ თამაშობდნენო...

ღმერთი, რჯული - ვიცი! სულ წვრილად ვიცი იმ სისხლიანი ოციანების ამბები, სახელმწიფოებრიობა და ღირსების დიდი ნაწილი რომ დავკარგეთ; ვიცი "მენშევიკების" მიერ ნაღალატევი ჩვენი სამშობლოს მაშინდელი სვე; იქნებ ფრანგული ემიგრაციის ცხოვრებისაც რამე გამეგებოდეს და ისიც არ შეიძლება, არ ვიცოდე, რომ სანაკრებო ასპარეზზე ჩვენი დიდი ფეხბურთელები ასევე დიდი, მაგრამ სხვების სამშობლოს ისტორიას წერდნენ. ვიცი, მაგრამ აქ მთავარი სხვაა.

ჩვენ ერთად უნდა მოვერიოთ იმ საერთო ნიჰილიზმს, ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს რომ დაუნდობლად ანადგურებს. თუ ქომაგმა არ ირწმუნა ფეხბურთელების, თუ ფეხბურთელმა არ დაიჯერა, რომ გულშემატკივარი მის გვერდითაა, თუ ერთ მუშტად არ შევიკარით და "ერთ სისხლ და ერთ ხორც" არ ვიქეცით, ისე არაფერი გამოვა.

ქართული საფეხბურთო თემის გაერთიანება კი ისე არაფერს შეუძლია, როგორც საქართველოს ნაკრების წარმატებას. ფეხბურთი საქართველოში მხოლოდ სპორტი არ არის და თუნდაც პატარა გამარჯვება ახალი გმირობების მისაღწევად აგვანთებს ხოლმე.

სამწუხაროდ, ისეა, რომ მალტის დამარცხება თავიდან გვაქვს სასწავლი და ოთხშაბათს უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია. სამიზნედ პირდაპირ გერმანიას ნუ გავიხდით და გვახსოვდეს, რომ ფიფას რეიტინგში ფარერები გვისწრებს...

თურმე, გვყოლია...
ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას თვალს რომ გადავავლებდი ხოლმე, უიმედობის განცდა მიპყრობდა და ლამის იყო, მეც დავთანხმებოდი თემურ ქეცბაიას მთავარ პოსტულატს, რომლის მიხედვითაც, დღეს საქართველოს თუნდაც საშუალო ნაკრების შესაქმნელად საკმარისი ფეხბურთელები არ ჰყავს.

ახალი სანაკრებო სია მომეწონა, ის ძველს აშკარად ჯობია. ნაკრებში ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს და იმ სიაში საუკეთესოები არიან. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ გავიხსენეთ, რომ არა მხოლოდ "ჩამშლელი", "წამრთმევი" და "მოჭიდავე", არამედ შემქმნელი ფეხბურთელებიც გვყოლია.

ლევან ყენიას, გიორგი ჭანტურიას, ჯანო ანანიძის, ვაკო ყაზაიშვილისა და სხვათა პოტენციალი საკმარისი კი უნდა იყოს საიმისოდ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარ საჯარიმოში არ გამოვიკეტოთ და ქართული საფეხბურთო გემოვნებისთვის აგრერიგად მიუღებელი "ბეი-ბიგი" არ ვითამაშოთ.

ერთიც - დღეს საქართველოს ნაკრებში შანსი უნდა მიეცეს აბსოლუტურად ყველა კანდიდატს, რათა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კახა ცხადაძეს ჰყავდეს შეთამაშებული, ჩამოყალიბებული გუნდი.

მომავალი ციკლისთვის წინა ციკლს ჯერ კიდევ მაშინ ვწირავდით, როცა ის დაწყებული არ იყო. მიმდინარე ევროშესარჩევი კი ნაღდად უნდა ვანაცვალოთ სამუნდიალეს. მით უმეტეს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს ისევე ვეღარ ვიხილავთ, როგორც საკუთარ კეფას.

მერებაშვილის საგა
გიორგი მერებაშვილის აღშფოთებას ცხადაძის ნაკრებში პირველ კონფლიქტს ვერ დავარქმევდი. კონფლიქტი ორმხრივი უფრო ვიცი და იმიტომ. ეს უფრო ფეხბურთელის წამიერი სისუსტის გამოვლინება მგონია.

რა თქმა უნდა, მერებაშვილი დარწმუნებულია, რომ მას სანაკრებო შანსი ეგრევე ეკუთვნის. რა თქმა უნდა, მას სჯერა, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა. მერებაშვილი როცა თამაშობდა, გამორჩეული იყო ახლა უკვე დაშლილ ოფი-ში და მის რწმენას, ცხადია, ესეც ამძაფრებს...

მერებაშვილი ადამიანია და მას აქვს ადამიანური სისუსტეების გამოვლენის უფლება, მაგრამ როგორც ერთი რიგითი ქომაგი, მას ვერაფრით დავეთანხმები. ქვემოთ შევეცდები ავხსნა, რატომაც.

ნაკრები, რომელი ქვეყნისაც უნდა იყოს ის, რეზინის არაა და იქ ყველა მსურველი ვერ დაეტევა. შევახსენებ გიორგი მერებაშვილს, რომ სხვადასხვა დროსა და შემთხვევაში სხვადასხვა ეროვნულ გუნდში არ გამოუძახებიათ მსოფლიო ფეხბურთის მართლა ვარსკვლავები, რომელთა უმრავლესობასაც... თავჩაღუნული გაუგრძელებია შრომა. რას ვიზამთ, ალბათ, ქართველი ფეხბურთელის სიამაყე, მისი "ეგო" უფრო მძაფრია, ვიდრე, ვთქვათ, ფრანგი ან ესპანელი ვარსკვლავისა...

მერე: ნაკრებში ერთხელ არგამოძახება არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული გუნდის კარი შენთვის მუდამ დაკეტილი იქნება. ზაფხული კარს მოგვადგა. ზაფხულში ავსტრიული შეკრებაა და... იქნებ სჯობდა პირადულის გვერდზე გადადება და იქამდე ლოდინი.

პირადულის გვერდზე გადადება მაშინ, როცა ნაკრების ახალი თავკაცი სულ ახლახან მოვიდა პოსტზე. ის აშენებს ახალ გუნდს, ერკვევა სიტუაციაში, ეძებს მისთვის სასურველ ვარიანტებს;

პირადულის გვერდზე გადადება მაშინ, როცა ზედ კარზე გვადგას დაუნდობელი და ყოვლისმმუსვრელი მსოფლიოს ჩემპიონი - გერმანია.

ვერაფრით დავიჯერებ, რომ კახა ცხადაძემ მერებაშვილი დაჩაგრა. სწორედ ცხადაძემ გადაადგმევინა მას ფეხბურთში პირველი ნაბიჯები და თვითონ გიორგის ყველაზე კარგად უნდა ახსოვდეს ეს.

ამ ამბავში ერთი ჭეშმარიტება გამოსჭვივის - სანამ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ერთიანობა იყო, შედეგიც გვქონდა. ცხადაძე ჯერ არ მოსულა და პირველი ბომბი თუ არა, "ხლაპუშკა" მაინც აუფეთქეს. მგონი, ჩვენ შეცდომებზე ვერასოდეს ვსწავლობთ. სხვისას ვინ ჩივის, ვერც საკუთარი შეცდომებიდან გამოგვაქვს დასკვნები.

ახალი საფეხბურთო ცხოვრება
სამყარო იღვიძებს, გაზაფხული ძალას იკრებს, ქართულ ფეხბურთს კი ჯერაც საღათას ძილით სძინავს. მალტასთან მატჩი ამ ვითარებაში სცდება ევროპული ფეხბურთის ჯუჯასთან ერთ რიგით შერკინებას და ჩვენთვის გაცილებით დიდ მასშტაბებს იძენს.

მალტასთან მოგებით უნდა დავიწყოთ თვისებრივად ახალი საფეხბურთო ცხოვრება - მოგებებით, ფრეებით, წაგებებით... ოღონდ ნაღდი, მჩქეფარე, სტადიონზე მისვლის და მოგების წყურვილით სავსე.

ერთ მადლიან დღეს ჩვენც შეგვიძლია, ჩვენს ქუჩაზე საფეხბურთო გაზაფხული მოვიყვანოთ! შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ!
ამ გაზაფხულს კი თან დიდზე დიდი საერთო-სახალხო სიხარული მოჰყვება, ასე რომ მოგვენატრა და გაგვიიშვიათდა!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენ შეცდომებზე ვერასოდეს ვსწავლობთ. სხვისას ვინ ჩივის, ვერც საკუთარი შეცდომებიდან გამოგვაქვს დასკვნები.წლებია მას გავიძახი,ესმარტო ფეხბურთს არ ეხება,ზოგადად ქართველებს გვახასიათებს ეს,სახელმწიფოებრივ დონეზეც კი,ხო თავი საქართველოში კიმფორტულად და უსაფრთხოდ ეგრძნო!გან ეს ჩვენი მთავარი სისუსტე დ სირცხვილი არ არის?
bacho
20:24 25-03-2015
0
Axali imedit da shemartebit
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული