სანდრო კობახიძე: იქნებ პოლონეთივით ჩვენც გაგვივარდეს?

AutoSharing Option
დღეს, 25 მარტს, საქართველოს ნაკრები, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, მალტასთან წლის სადებიუტო მატჩს ჩაატარებს. 29 მარტს კი სეზონის მთავარი გამოცდა ელის - "დინამო არენაზე" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში "ჯვაროსნები" მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას შეხვდებიან.

ლუცკის "ვოლინის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ერთ-ერთი პირველი ლეგიონერი იყო, რომელიც შეკრებაზე გამოცხადდა. ის მომავალ შეხვედრებზე, სიახლეების მოლოდინსა და საკლუბო ამბებზეც გველაპარაკა:

- უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა შესარჩევი ეტაპის თამაშის გამო ტურის გადადება ითხოვა. ასეც მოხდა, დრო გამომიჩნდა და შეკრებაზე ნაადრევად ამიტომაც ჩამოვედი.

- ყველა მალტასა და გერმანიასთან
შეხვედრების მოლოდინში ვართ და გვაინტერესებს, როგორ ნაკრებს ვიხილავთ?

- ახალი მწვრთნელის მოსვლა ყოველთვის მოვლენაა და ჩვენც ეს გვაინტერესებს, ცხადაძის ხელმძღვანელობით რა სიახლეები იქნება, რა დავალებებს მოგვცემს, როგორ მოვემზადებით, რა ტაქტიკით ვითამაშებთ...

- მაინც რა ცვლილებებს ელით?
- ჩემი აზრით, ცვლილებები აუცილებლად იქნება და, ალბათ, აქცენტი სხვა ტაქტიკასა და სათამაშო სტილზე გაკეთდება.

- სამწუხაროდ, ხალხში ჩვენი ფეხბურთისა და მოთამაშეებისადმი ნდობა დაიკარგა. ამდენად, თქვენს თაობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. დღევანდელ ვითარებაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გასვლას არავინ ითხოვს, მაგრამ უფრო გამართული ფეხბურთის ხილვა ნამდვილად გვინდა...
- მე კითხვას შემოგიტრიალებთ: ნდობა შედეგის გამო დაიკარგა თუ უკმაყოფილების მიზეზი ჩვენი სათამაშო სტილი გახდა?

- არც ერთი არ გვახარებდა. ასე რომ, მიზეზი ორივე იყო. თქვენ რას ფიქრობთ?
- ნაკრებს არც ჩვენს თაობამდე ჰქონდა შედეგები და, სამწუხაროდ, ხალხს ჩვენც ვერ ვახარებთ. ნდობა ამიტომ დაიკარგა. მაგრამ ამას ჩვენზე მეტად არავინ განიცდის. ეს ნდობა ისევ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ. მთავარი კი შედეგია. კარგია, თუ იგებ და თან ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობ, მაგრამ ხალხს ჯერ შედეგი გაუხარდება და შემდეგ სხვა დანარჩენი.

სამწუხაროდ, ფეხბურთის სილამაზე გვერდზე გასწიეს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. დღეს მთელ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. მოგვწონს თუ არა, ამას ანგარიში ჩვენც უნდა გავუწიოთ და აქცენტი შედეგზე გავაკეთოთ.

- ცხადია, მოგება ყველას გაგვახარებს, თუმცა იმის ილუზია არავის აქვს, რომ გერმანიას მიწასთან გავასწორებთ. მსოფლიოს ჩემპიონთან ფრეც დიდი წარმატება იქნება. პირადად თქვენ ამ თამაშისგან რას ელით?
- მინდა, ჩემი ნათქვამი სწორად გაიგოთ და ზუსტად ასე დაწეროთ - კარგად მესმის, გერმანიასთან ჩვენი მოგება ბევრს არარეალური ჰგონია, მაგრამ მოედანზე გასული ფეხბურთელი მხოლოდ ამაზე უნდა ფიქრობდეს.

ისიც გასაგებია, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდი არ არის. ილუზიებში არ ვარ, მაგრამ თუ ტაქტიკურად სწორად ვითამაშებთ და დავალებებს ზუსტად შევასრულებთ, იქნებ პოლონეთივით ჩვენც გაგვივარდეს; იმედს წინასწარ ხომ არ მოვიკლავთ?!

პოლონეთზეც ფიქრობდნენ, წააგებსო და სენსაცია მოახდინეს. ჩვენ კი იქნებ ნერვები მაინც მოვუშალოთ...

- საკლუბო ამბებზეც გკითხავთ. სეზონის დასრულების შემდეგაც "ვოლინში" დარჩებით?
- უკეთეს გუნდში თამაში კი მინდა, მაგრამ ლუცკში სათამაშო პრაქტიკა მაქვს, გუნდი მე-5 ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის საკმაოდ რეალური შანსი აქვს. ამ გუნდში თავს ნორმალურად ვგრძნობ, მაგრამ იჯარა ზაფხულში მიმთავრდება და ჯერ მიჭირს იმის თქმა, მერე სად ვითამაშებ.

- სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს, მით უფრო თქვენთვის, რადგან "დნიპრომ" საკმაოდ გაგაწვალათ და მესმის, ამაზე აქცენტს რატომაც აკეთებთ...
- "დნიპრო" ერთადერთი გუნდია, სადაც ეს პრობლემა მექმნებოდა, სათანადო შანსი კი არასოდეს მეძლეოდა. თუმცა ყველაფერს სხვას ვერ დავაბრალებ. მთავარია, ახლა მაინც მოვხვდი კარგ გუნდში და ბედს არ ვუჩივი.

ნაკრებში თამაში რომ მინდოდა, "დნიპროდან" ამიტომ წავედი "კრივბასში", "არსენალში" და ახლა "ვოლინში", თორემ ავიღებდი ხელფასს და სკამზე ვიჯდებოდი. მარტო ფული ხომ არ არის მთავარი? ფეხბურთელს თამაში და პრაქტიკა სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სხვანაირად ვითამაშებთ! - კახა ცხადაძის პრესკონფერენცია და ვარჯიში [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
status quo მართლაა?
Komentator
20:19 25-03-2015
0
ღმერთმა ქანს მაგრამ,პოლონეთს კი არ გავარდნია,პოლინეთს იგროკები ყავს
bacho
15:44 25-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული