* საქართველოს ნაკრები ბურთს 28,7%-ით ფლობდა. ტურში უარესი შედეგები მხოლოდ სან მარინოსა და ანდორის ნაკრებებს ჰქონდათ.
* საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა 35-ჯერ სცადეს დრიბლინგით ფონს გასვლა.
* ჯაბა კანკავამ ტურნირში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ის პოლონეთის ნაკრებთან მატჩში გუნდს დააკლდება.
* ქართველი ფეხბურთელები 440-ჯერ შეეხნენ ბურთს, გერმანელები - 1017-ჯერ.
* კროოსი, შვაინშტაიგერი და იოზილი საქართველოს ნაკრების მინდვრის მოთამაშეებზე მეტჯერ შეეხნენ ბურთს.
* საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს არ გაუკეთებიათ არც ერთი გამჭოლი პასი.
როდესაც გადაჭედილ "დინამო არენაზე" ბურთს მხოლოდ 28,7%-ით ფლობ და 90 წუთის განმავლობაში კარში ზუსტად ვერ ურტყამ, ძნელია, შემტევ ფეხბურთზე ილაპარაკო, თუმცა, მეორე მხრივ, მეტოქის ვინაობაც და სხვა მცირე პოზიტივებიც გასათვალისწინებელია.
თქვენ წინაშეა საქართველო-გერმანიის მატჩის სტატისტიკური ანალიზი...
საქართველოს ნაკრებისთვის ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსი ისევე თეორიულად დარჩა, როგორც ეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან 0:2 მარცხის წინ იყო. ამიტომაც ჩვენთვის უფრო საინტერესო იყო, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებდა კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრები დღეისათვის საუკეთესო საფეხბურთო ნაკრებთან.
სტატისტიკისთვის უმთავრესად ორ წყაროს გამოვიყენებთ - უეფას ოფიციალურ საიტს და საიტ whoscored.com-ს. ამ ორ წყაროს შორის მცირე უთანხმოებებიც არის, თუმცა მატჩის ძირითად არსს ორივე კარგად გადმოგვცემს.
ზოგადი სტატისტიკა
მაშ ასე, ორი გოლი გავიდა, ორივე ჩვენს კარში; ბურთის ფლობა 29%-71%; კარისკენ დარტყმები - 2-16; აქედან ზუსტი - 0-6; აცილებული - 2-8; დაბლოკილი - 0-2; ხარიხა - 0-2; კუთხურები - 7-8; თამაშგარეები - 2-3; ყვითელი ბარათები - 3-1; ჯარიმები - 15-10; პასები - 185-782; ზუსტი პასები - 152-720. როგორც ხედავთ, გერმანელთა უპირატესობა პირწმინდაა, განსაკუთრებით, დარტყმებში, ბურთის ფლობასა და პასებში.
მოდი, გავიხსენოთ ის ორი დარტყმა, რომელიც ნოიერის კარისკენ წავიდა (whoscored.com-ის ვერსიით, ასეთი დარტყმა სამი იყო).
პირველი: 52-ე წუთზე სანდრო კობახიძემ მარცხენა ფრთაზე გიორგი ნავალოვსკის გადააწოდა და მისი ჩაწოდება საჯარიმოში მოულოდნელად შეჭრილ უჩა ლობჟანიძეს მიუვიდა, მაგრამ ლობჟანიძე ფორვარდი არ არის და შემტევ ინსტინქტებს მოკლებულია, მისი დაუმუშავებლად დარტყმული კარს გადასცდა. არადა, მართლაც ხელსაყრელი მომენტი იყო. ერთადერთი ნახევრად საგოლე მომენტი მსოფლიოს ჩემპიონის კართან.
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ყველაზე ხელსაყრელი მომენტი თამაშში
მეორე: 58-ე წუთზე გიორგი ჭანტურიამ ჩამოაწოდა, ხოლო ლევან მჭედლიძემ ახლო მანძილიდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან ააცილა.
გერმანელებმა კი უკვე მე-5 წუთზე შეაწუხეს ქართველთა კარი და პირველი მერცხალი მარკო როისი იყო, რომელმაც თომას მიულერის პასის მერე სახიფათოდ დაარტყა.
მეტოქის ყველა დარტყმით აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ ორი გოლი:
პირველი გოლი: 38-ე წუთზე კახა მახარაძემ ბურთი დაკარგა. ჰუმელსმა წინ იოზილი მოძებნა. შეტევა ვერტიკალურად განვითარდა. იოზილმა საჯარიმოში გიოტცე დაინახა, რომელმაც იქვე მარკო როისს დაუგორა. მეკარე ამ შემთხვევაში უძლური იყო, რამე ეღონა - 0:1.
მეორე გოლი: 44-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში თომას მიულერს მიუვიდა - 0:2.
ტაქტიკური მონახაზი
საქართველოს ნაკრებმა 5 მცველით, 4 ნახევარმცველით და 1 ფორვარდით ითამაშა (2 განაპირა მცველი, 3 ცენტრალური მცველი, 2 საყრდენი ნახევარმცველი, 2 შემტევი); გერმანიამ კი 4-2-3-1-ს მიმართა, სადაც ცრუ ცენტრფორვარდი გიოტცე მოქმედებდა (დაახლოებით იმ სტილში, როგორითაც ერთ დროს ესპანეთი თამაშობდა ფაბრეგასით წინ). ჯარიმები
ქართველები უფრო ხშირად ჯარიმდებოდნენ. ეს ბუნებრივიცაა - ბურთი ლამის მუდამ მეტოქეს ჰქონდა. ყველაზე მეტჯერ გიორგი ჭანტურია დაჯარიმდა - 4-ჯერ (გაფრთხილებაც მიიღო); შემდეგ მოდის თორნიკე ოქრიაშვილი - 3. არადა, ამ ორმა ფეხბურთელმა თითო ტაიმი ითამაშა მხოლოდ. აღსანიშნავია, რომ იმათგან, ვინც უჯარიმოდ ითამაშა, 4 მცველია (ლობჟანიძე, კაშია, კვირკველია, ამისულაშვილი), თუმცა ეს უკანასკნელი მოედანზე ძალზე ცოტა ხანს იყო.
გერმანელები ყველაზე ხშირად წესს ჯაბა კანკავასა და გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ არღვევდნენ - 3-3-ჯერ. ლევან მჭედლიძე 2-ჯერ დაჯარიმდა და ორჯერ მის წინააღმდეგ იუხეშეს. ყველაზე სამწუხარო კაპიტნის ყვითელი ბარათია, ბასტიან შვაინშტაიგერთან წაკინკლავების გამო. მან ამ ტურნირზე მეორე ბარათი მიიღო და პოლონეთთან მატჩს 13 ივნისს დააკლდება.
გერმანელთაგან ტონი კროოსმა 3-ჯერ დაარღვია თამაშის წესი, ხოლო ყველაზე ხშირად იონას ჰექტორს ეუხეშნენ - 3-ჯერ.
საერთო ჯამში, უხეში თამაში არ ყოფილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველომ აგრესიას მეორე ტაიმში მოუმატა, პირველში კი მხოლოდ სამჯერ დაჯარიმდა.
პოზიტივები
ზოგადი სტატისტიკიდან თითქოს არ ჩანს ის პოზიტივი, რაც "დინამო არენიდან" გამოგვყვა, მაგრამ უბრალოდ მონაცემებს უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ. თავისთავად, დადებითია, როცა მსოფლიოს ჩემპიონის კართან 7 კუთხურს მოაწვდი, მაგრამ მარტო ესეც არ არის - თამაშის განმავლობაში ქართველებს 20-ჯერ გამოუვიდათ წარმატებულად დრიბლინგით ფონს გასვლა, რაც ასე აკლდა თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს (გერმანელების მაჩვენებელი არის 13). შემოგთავაზებთ მატჩის ტოპ-5 დრიბლიორს: ჭანტურია - 6; კობახიძე და გიოტცე - 4-4; იოზილი და კანკავა - 3-3.
ჩვენ აქ წარმატებული დრიბლინგი აღვნიშნეთ, მცდელობათა შეფარდება კი ასეთია - 35:18. საქართველოს ნაკრების ეფექტიანობა ამ კუთხით 57%-ია, ხოლო გერმანიის - 72%. თუმცა ის, რომ დრიბლინგით ვცადეთ გერმანიასთან წარმატების მიღწევა, უკვე დადებითია.
ცდა არ დაუკლია თორნიკე ოქრიაშვილს (8 მცდელობა), მაგრამ დრიბლინგით ჟერომ ბოატენგს ვერაფრით გასცდა.
საჰაერო ბრძოლები: ამ მხრივაც, ბიჭებს ვერაფერს დავუწუნებთ - ჩვენ 15 დუელი მოვიგეთ, გერმანელებმა ერთით მეტი.
რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში ლევან მჭედლიძე (6) და მატს ჰუმელსი (5) გამოირჩნენ. შეტევაში ლომივით იბრძოდა ჰაერში მჭედლიძე, რომელიც 9-ჯერ შეება გერმანელთა მცველებს (ძირითადად, ჰუმელსს). თუმცა პროცენტულად საუკეთესო თომას მიულერი იყო, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლების 75% მოიგო.
ორთაბრძოლები: ამ მაჩვენებლით გერმანელებს 29:28 ვაჯობეთ. მატჩში საუკეთესო კი ამ კატეგორიაში კანკავა იყო - 6.
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების მოქმედების არეალი (მარცხნივ), გერმანიის ნაკრების მოქმედების არეალი (მარჯვნივ).
რეიტინგები
whoscored.com-ის ვერსიით, რომელიც ადამიანურ ფაქტორზე წინ სტატისტიკურს აყენებს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მარკო როისი იყო 8,28 ბალით. მარკომ 6-ჯერ დაარტყა გიორგი ლორიას კარისკენ, ერთხელ მიზანსაც მიაღწია. როისზე ოდნავ ნაკლები შეფასება მიიღო მიულერმა - 8,25. მესამე ადგილზე კი ჰუმელსია - 8,2.
სხვათა შორის, ჩვენი და ავტორიტეტული სტატისტიკური გამოცემის მოსაზრებები დაემთხვა - ყველაზე სუსტი გერმანიის ნაკრებში მინდვრის მოთამაშეთაგან... დიახ, კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი იყო.
დავუბრუნდეთ საქართველოს ნაკრებს. ოთხმა ფეხბურთელმა დაიმსახურა 7 ბალზე მეტი შეფასება და ორი აქედან შეცვლაზე შემოვიდა. ყველაზე მაღალი ბალი მიიღო საბა კვირკველიამ - 7,38. გიორგი ჭანტურიასა და ახალგაზრდა ლაშა დვალს (კიდევ ერთი პოზიტივი კვირის მატჩიდან) 7,28-7,28 ბალი აქვთ; 7,04 - კანკავას.
ყველაზე დაბალი შეფასება უჩა ლობჟანიძემ (6,07) და კახა მახარაძემ (6,12) დაიმსახურეს.
ფოტოზე: შეფასებები
საუკეთესონი სხვა კატეგორიებში
პასის სიზუსტე - კაშია (88,2%); ბურთთან შეხება - კვირკველია, კანკავა (50-50); ჩაჭრა - კვირკველია (6); ბურთის გამოტანა სახიფათო ზონიდან - კვირკველია (14); ყველაზე მეტი პასი - კანკავა (29); ჩაწოდება - ნავალოვსკი (4).(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბრაზილია-გერმანია 1:7
ნამუსი გაქვთ??? სუს,კრინტი!!!