ფიქრები ეროვნულ გუნდზე: ახალი მწვრთნელი, ახალი გუნდი, მეტი პოზიტივი

AutoSharing Option
ფოტოზე: უშეცდომოდ მოთამაშე ლაშა დვალმა (მარცხნივ) 1997 წელს, საქართველო-იტალიის მატჩში კახა კალაძის ჩართვა გაგვახსენა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ორი მატჩი გამართა - ამხანაგური შეხვედრა მალტასთან და ევროშესარჩევი თამაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან.

რა თქმა უნდა, სამუშაო ძალიან ბევრია. შეიარაღებული თვალი სულაც არ სჭირდება იმის დანახვას, რომ მინიმუმ ორ პოზიციაზე ჯერ კიდევ მოსაძებნი გვყავს ფეხბურთელები,
თუმცა ამას ეშველება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს ერთ კვირაზე ნაკლები ჰქონდა გუნდის მოსამზადებლად, თამამად შეგვიძლია დავწეროთ - გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს. მართალია, ჯერ ძალიან მკრთალი, მაგრამ მაინც.

ჩვენ ვნახეთ ნაკრების მეტი შეტევა, ახალი ტაქტიკური სქემები თუ ფეხბურთელები...

შეგუების მომენტი
დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის სანაკრებო შეკრება განსაკუთრებული იყო და მათ ბევრი რამ გაითავისეს. ერთი კია - ერთბაშად ამდენ ტაქტიკურ ნოვაციასთან შეგუება გარკვეულ დროს მოითხოვს. კახა ცხადაძეს ხომ კონკრეტული მისია აქვს შესასრულებელი - მოახდინოს რევოლუცია ეროვნული გუნდის თითოეული ფეხბურთელის გონებაში. განსაკუთრებით, ბოლო წლების უძრაობის პერიოდის შემდეგ.

ვეცდებით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრის, სანდრო კობახიძის კონკრეტულ მაგალითზე ავხსნათ, რომ ახალი მწვრთნელის მოთხოვნებთან შეგუება გარკვეულ დროს მოითხოვს.

კობახიძემ მალტასთან ამხანაგური შეხვედრა დაიწყო მთელი მარჯვენა ფლანგის გამკონტროლებლად. მერე, ოთხმცველიან სისტემაში მოგვევლინა მარჯვენა მცველად. გერმანიასთან შეხვედრაში ითამაშა მარჯვენა და მარცხენა გარემარბად, მატჩი კი სულაც... საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაასრულა.

ნეგატივი და პარალელი
საქართველოს ნაკრებისთვის უზომოდ მოტივირებულ გერმანიასთან მატჩი გვარიანი ნეგატივით დაიწყო - პირველივე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა ბაქოს "ინტერის" ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი.

ამისულაშვილი ის კაცია, ვინც საქართველოს ნაკრების დაცვა უნდა შეკრას. მისი როლი "ინტერშიც" უდიდესია. აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებული ადგილი უნდა ჰქონდეს ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში.

იყო მეორე მომენტიც - ჩვენს სამწვრთნელო შტაბს ნაადრევმა ცვლილებამ საშუალება მოუსპო, მოგვიანებით კიდევ უფრო გაეძლიერებინა ჩვენი გუნდის თამაში. გავრისკავთ და ვიტყვით - რომ არა ამისულაშვილის ნაადრევი ტრავმა, გერმანიასთან შეხვედრაში აუცილებლად ვიხილავდით არნემის "ვიტესის" მოიერიშე ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს, რომელიც მალტასთან მატჩში მშვენივრად ჩაერთო თამაშში და აკი მეორე გოლიც გაიტანა...

მედალს მეორე მხარეც აქვს - ამისულაშვილის ნაცვლად მინდორზე 19 წლის ლაშა დვალი გამოჩნდა, ვინც მართლაც შესანიშნავად, შეუცდომლად ითამაშა უძლიერეს გუნდთან და 1997 წლის 10 სექტემბერი, თბილისური საქართველო-იტალია (0:0) გაგვახსენა. მაშინ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი დაშავდა და ის კახა კალაძემ შეცვალა. იტალიის ნაკრების შემტევი ხაზი იმ შეხვედრაში მართლაც "არანორმალურად" გამოიყურებოდა - კრისტიან ვიერი, პიერლუიჯი კაზირაგი, ჯანფრანკო ძოლა, ფილიპო ინძაგი, რობერტო ბაჯო...

სწორედ იმ სანაკრებო მატჩმა დაუდო სათავე კალაძის დიდებულ საფეხბურთო კარიერას და ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია ვინატროთ, რომ ლაშა დვალს კახა კალაძის წყალი გადასხმოდეს.

რატომღაც, ბევრს დღემდე ასე სჯერა - თითქოს, იტალიასთან მატჩი იყო კალაძის პირველი სანაკრებო შეხვედრა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. კი, კახამ თბილისში პირველად ჩაიცვა სანაკრებო ფორმა, მაგრამ მას იქამდე სამჯერ ეთამაშა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში.

დვალის თამაშზე კი კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ - მას შეცდომა საერთოდ არ დაუშვია. მშვენივრად ამოჰქონდა ბურთი, შედიოდა ორთაბრძოლებში, ერთ ეპიზოდში კი "პოდსებიაც" გააკეთა...

ყველაზე ძლიერები და ქართული საჩუქარი
თბილისში არაერთი ძლიერი გუნდი ჩამოსულა. შეიძლება, ვინმე შეგვედავოს, მაგრამ ჩვენი აზრი ესაა - გერმანიის ნაკრების დონისა და სიძლიერის ჩვენთან ჯერ არავინ გვიხილავს.

ჩვენთან გერმანია ერთხელაც იყო, ზუსტად 20 წლის წინათ, 1995 წელს და ზუსტად 29 მარტს. იმ ნაკრებს მეტი ვარსკვლავი ჰყავდა, ეს ცხადია, თუმცა ჩვენი სუბიექტური აზრია და ვისაც უნდა, ნუ დაგვეთანხმება - გუნდურობითა და საერთო სათამაშო კლასით ეს გერმანია იმ გერმანიაზე მაღლა დგას.

სხვა თუ არაფერი, იმ ნაკრებსა და დღევანდელ "ბუნდესმანშაფტს" შორის ერთი გვარიანი სხვაობაა და მას "მთავარი მწვრთნელი" ჰქვია. ბერტი ფოგთსისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისი შედარება იოახიმ ლიოვთან ოდნავ უხერხულადაც კი მიგვაჩნია.

ჩვენ გვინახავს თბილისში "ჰამბურგი" და დიდებული კევინ კიგანი, გერმანია და არანაკლები იურგენ კლინსმანი, ყველაფრის მომგები ესპანეთი, რომელსაც კრიზისი ეწყებოდა, მაგრამ ეს "ბუნდესმანშაფტი" მაინც შეუდარებელი იყო!

გერმანიამ ალალად გვაჯობა და მოგვიგო. და მაინც, საწყენია, რომ ორ კონკრეტულ ეპიზოდში, ჩვენივე შეცდომებით ვახეირეთ გერმანელები. განსაკუთრებით ეს ითქმის მარკო როისის მიერ გატანილი პირველი გოლისას.

ძველი დროის გადმონაშთი
პირადად ჩვენი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს: საქართველოს ნაკრები ჯერაც ვერ დაუსხლტა ბოლომდე უკანასკნელი წლების კლიშეს. ბიჭები კი ცდილობენ, მაგრამ ყოველთვის თამამად ვერ მიდიან შეტევაში. ხშირად თითქოს რაღაც "ძირითადი ინსტინქტი" ექაჩებათ უკან.

სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის გარემოება, რომ გერმანიასთან მატჩის პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთელების შესრულებით ზედმეტად ბევრი გრძელი, უმისამართო გადაცემა ვიხილეთ და ვერც შეტევაში მივდიოდით თამამად.

მეორე ტაიმში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. რა იყო ამის მიზეზი? პირველი, ალბათ, ის, რომ გერმანელებმა პირველივე ტაიმში "გააკეთეს" თამაში. მეორეც - ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ინტუიცია გვკარნახობს, რომ შესვენებაზე ეროვნული გუნდის დამრიგებელმა მოთამაშეებთან ამ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

კიდევ ერთი მიზეზი: რა რევოლუცია თუ ევოლუციაც უნდა განიცადოს ფეხბურთმა, როგორც არ უნდა შეიცვალოს ის და გადავიდეს კოლექტიურ "რელსებზე", თამაშს ყოველთვის იგებენ და ალამაზებენ ინდივიდუალისტები. მეორე ტაიმში გიორგი ჭანტურიამ საქართველოს თამაშს სხვა ელფერი შესძინა. გიორგის აქვს ერთი ფასდაუდებელი თვისება: მისთვის აბსოლუტურად სულერთია, ვინ არის მისი მოწინააღმდეგე. მისთვის შიში უცხოა.

ძალიან კარგი იყო ის, რომ საქართველომ მეორე ტაიმი უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველი. რა თქმა უნდა, არ არის კარგი ის, რომ მანუელ ნოიერის კარის ჩარჩოში ერთხელაც არ დაგვირტყამს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ მეორე ნახევარში მოვუმატეთ.

არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ბევრი ელოდა, რომ ორი ბურთით დაწინაურებული და თამაშის იშტაზე მოსული "ბუნდესმანშაფტი" საქართველოს ნაკრებისაგან ქვას ქვაზე არ დატოვებდა. არადა, გერმანელები ამის დიდოსტატები არიან. გავიხსენოთ, რა დამართეს მათ ბრაზილიაში მუნდიალის მასპინძლებს...

ჩვენი ავან-ჩავანი
საქართველოს ნაკრების გარჯის ანალიზისას არ უნდა დავივიწყოთ ერთი - ბიჭებს მოუხდათ შეხლა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მსოფლიოს ჩემპიონთან, რომელიც ძალიან მოტივირებული იყო და ჰაერივით სჭირდებოდა გამარჯვება.

ერთი რამ გვახარებს: საქართველოს ნაკრების ყველა სათამაშო რგოლში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელსაც ლიდერობა შეუძლია. ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის თამაშში დასალაგებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, მაგრამ ეს უკვე ჩანს.

ამ მატჩში გიორგი ლორიამ კარგად ითამაშა და რამდენჯერმე გვიხსნა. მას ჰქონდა წვრილმანი შეცდომები გამოსვლებზე, მაგრამ ეს ტენდენცია არ იყო. ნუკრი რევიშვილიც აქვეა - საქართველოს ნაკრებში დღეს მეკარის პრობლემა არ არსებობს.

უდიდესი კონკურენციაა სამი ცენტრალური მცველის პოზიციაზე. დავამატოთ ყველაფერ ამას ისიც, რომ გერმანიასთან მატჩის შემდეგ ლაშა დვალს აბსოლუტურად კანონზომიერი და ლოგიკური ამბიცია ექნება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისა.

მარცხენა ფლანგზე პრობლემა მოხსნილია. გიორგი ნავალოვსკიმ, როგორც მალტასთან, ისე გერმანიასთან შეხვედრებში, დაამტკიცა, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ის უბრალოდ შეუცვლელია. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან კარგად მოერგო კახა ცხადაძის დომინანტ სათამაშო სქემას.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე სელექცია უნდა გაგრძელდეს. გერმანიასთან შეხვედრაში უჩა ლობჟანიძის თამაში იდეალურისგან შორს იყო და ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ ქართულ ფეხბურთში ეს ყველაზე პრობლემატური პოზიციაა. ბოლოს და ბოლოს, ლობჟანიძეს ხეირიანი კონკურენტი სჭირდება. ამ თემას ჩვენს უახლოეს წერილში აუცილებლად შევეხებით.

ზაფხულში, საქართველოს ნაკრებში რუსული "სკა ენერგიას" მარჯვენა მცველის, კახა ალადაშვილის გამოჩენასაც ნუ გამოვრიცხავთ და ნურც იმას, რომ ამ პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელიც გამოჩნდეს, დღეს ძნელად რომ წარმოგვიდგენია.

გადავიდეთ საყრდენებზე. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ლიდერი და ძალიან კარგია, რომ ამ რთულ ეტაპზე ის საძებარი არ არის. ჯაბა კანკავა სწორედ ასეთია. გერმანიასთანაც მისაბაძი იყო, შრომობდა, პარტნიორებს იყოლიებდა, ბურთითა თუ უბურთოდ იბრძოდა.

ცხადაძე ორი საყრდენით თამაშობს. მათგან ერთი მეტადაა ორიენტირებული ჩაშლაზე, მეორე კი - შექმნაზე. შემქმნელობა გერმანიასთან მეტწილად კახა მახარაძეს ეკისრა. როგორც ჩანს, რთულია უზბეკეთის ჩემპიონატიდან პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში - ეს არ იყო მახარაძის საუკეთესო მატჩი. ფეხბურთელის გასამართლებლად კი ის ვთქვათ, რომ აქამდე მას მხოლოდ სამჯერ ჰქონდა საქართველოს ნაკრებში ნათამაშები და აქედან ორი შეხვედრა... 9 წლის წინათ, სულ ახალგაზრდას.

არ გვგონია, ვცდებოდეთ - ნახევარდაცვის ხაზში საქართველოს ნაკრებს კარგა ხანია, აღარ ჰქონია ამხელა შემტევი პოტენციალი. მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ჭანტურიას სათამაშო თვისებები რად ღირს. იმავე სანდრო კობახიძის უნივერსალიზმი, რომელიც ამ ნაკრებისთვის ასევე შეუცვლელ მოთამაშედ მიგვაჩნია.

არ დაგვავიწყდეს, რომ აქვე არიან ლევან ყენია, ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე. აუცილებლად უნდა დავწეროთ იმაზეც, რომ ცხადაძეს ჯერ არ გამოუყენებია კიდევ ერთი ტაქტიკური სქემა, რომელიც ასევე არის მის არსენალში - ეს არის 4-2-3-1. ამ სქემაში ანანიძე მინდვრის ცენტრში უნდა მოვიაზროთ. მით უმეტეს, ჩვენი აზრით, ცხადაძე აბსოლუტურად მართებულად მიიჩნევს, რომ ჯანოს ადგილი სწორედ იქ არის და არა რომელიმე ფლანგზე.

როგორც ნაკრების მწვრთნელმა თქვა, აუცილებლად მიეცემა შანსი გიორგი მერებაშვილსაც...

საქართველოს ნაკრების ეულმა ფორვარდმა, ლევან მჭედლიძემ ნორმალურად ითამაშა. ბოლომდე იბრძოლა და შეძლებისდაგვარად ეჭირა მოწინააღმდეგის მცველები, მაგრამ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აუცილებლად საძებარი ჰყავს ფორვარდი, რომელმაც "გოლი იცის".

თვითონ მჭედლიძისთვისაც კარგია, თუკი ამ პოზიციაზე დიდი კონკურენცია იქნება. გვჯერა, შანსი მიეცემათ ნიკოლოზ გელაშვილს (გამოჯანმრთელების შემდეგ, და თან არა ფლანგზე, არამედ შეტევის ფორპოსტზე), ლადო დვალიშვილს, მათე ვაწაძეს, ბაჩანა ცხადაძეს...

ნუ გამოვრიცხავთ, ცხადაძემ გამოსცადოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე რომელიმე ფორვარდი, და არა მხოლოდ ფორვარდი. თავისთავად, ეს უკვე სტიმული იქნება ჩვენი პირველობის მოთამაშეებისთვის, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ...

სამუშაო პროცესი გრძელდება
რა თქმა უნდა, ამას მასობრივი ხასიათი არ ექნება, მაგრამ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან თუ სხვა ასაკობრივი გუნდებიდან საქართველოს ნაკრებში ვიღაც მაინც დაწინაურდება.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული და სწორი პოზიცია უჭირავს - ფეხბურთელის ფიზიოლოგიურ მომწიფებას დრო სჭირდება და პროცესები ხელოვნურად არ უნდა დავაჩქაროთ.

ეს მართებული მიდგომაა და როცა ამ პოსტულატს ვუგანეთ, ლამის მთელი თაობა დაგვეღუპა. ისე კი, გამონაკლისი ყოველთვის არის და ამაში გერმანიის ნაკრებთან მატჩში ლაშა დვალის შესანიშნავმა თამაშმაც დაგვარწმუნა...

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაწვრილებითაა ინფორმირებული ყველა ქართველ ფეხბურთელზე, ვინც ეროვნული გუნდის კანდიდატად მოიაზრება.

აქვე დავწეროთ ისიც, რომ საქართველოს ბოლო ოფიციალური მატჩი გერმანიამდე პოლონეთთან ჰქონდა. იმ შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პირველ გუნდში გამოჩდნენ ალეკო ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა მახარაძე, ლაშა დვალი და ლევან ყენია. ეს ხომ ნახევარი გუნდია.

პოზიტივი და მომავალი
წაგების მოუხედავად, 55 ათასი გულშემატკივარი ისე წავიდა სახლში, რომ საქართველოს ნაკრების მიმართ სამდურავი სიტყვა არ დასცდენია. ფიზიკურადაც გავძელით და გერმანიას იმდენი კუთხური (7) ჩავუწოდეთ, რამდენიც ბოლო წლებში მხოლოდ ბრაზილიასა და ესპანეთს თუ მოუხერხებიათ...

მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების წინაშე დგას ერთი კონკრეტული ამოცანა - იპოვოს საკუთარი თამაში, ისეთი თამაში, რომელიც მომდევნო შესარჩევ ციკლში საშუალებას მოგვცემს, ლოგიკური მიზანი დავისახოთ.

ეს ასეა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ შესარჩევი ციკლის მატჩებში საქართველოს ნაკრები რომელიმე ფავორიტს მაინც "გაამწარებს"... ეს სადღეისო ამოცანაა, მომავალ შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებსაც და მის სამწვრთნელო შტაბსაც გაცილებით მეტს მოვთხოვთ...

გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საძებარი ყოველთვის უნდა იყოს და კონკურენცია უნდა გაიზარდოს ყველა პოზიციაზე და არა მარტო თავდასხმაში
vako
12:44 04-04-2015
0
თუ მართლა სჭირდებათ მარჯვენა მცველი - მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გამოაცხადოს სინჯები. მარჯვენა მცველი, რომელიც გაუძლებს 2 ტაიმის განმავლობაში შეტევასაც დაეხმაროს და თავის პოზიციაზეც დაბრუნდეს, ის აიყვანონ.
გუჯა კახაძე
14:21 04-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული