საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის მე-2 წუთზე ალეკო ამისულაშვილმა ტრავმა მიიღო და კახა ცხადაძე იძულებული გახდა, ცვლილება მოეხდინა - მან არჩევანი დებიუტანტ ლაშა დვალზე შეაჩერა. თურქული "ქასიმფაშას" მცველმა როგორც ითამაშა, ყველას კარგად მოეხსენება.
ვერავინ იტყვის, რომ გერმანიას რაიმე კომპონენტში ვაჯობეთ, მაგრამ თუ ორიოდე მოთამაშეს გამოვარჩევდით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეს 19 წლის დებიუტანტი გახლავთ. ყველაზე მეტად სასიამოვნო ის იყო, რომ დვალი თამაშში გამოცდილი ფეხბურთელივით თამამად ჩაერთო და უმალ გულშემატკივრის სიმპათიაც დაიმსახურა.
მატჩის შემდეგ ცხადაძემ გუნდის პლუს-მინუსებზე რომ ილაპარაკა, დვალსაც შეეხო და მის ქმედებაში ერთი საინტერესო დეტალი გამოარჩია:
"მეორე ტაიმში პოზიტიური ის იყო, რომ ბურთის ატანა მცველებმა მოკლე პასებით დაიწყეს და თამაში გაგვიადვილდა. რა თქმა უნდა, დაცვიდან ერთი გრძელი გადაცემით საგოლე მომენტის შექმნა გერმანიის დონის ნაკრებთან შეუძლებელია. სხვათა შორის, დვალი ამას პირველ ტაიმშიც აკეთებდა და საერთოდ, ამ ბიჭით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის თამაშში ფანტასტიკურად ჩაერთო. მომეწონა, რომ დაცვიდან ბურთი ხშირად ამოჰქონდა და შეტევებს თამამად იწყებდა".
ლაშა დვალს უშუალოდ გერმანიასთან მატჩსა და მისი სამომავლო კარიერაზე ვესაუბრეთ:
- უპირველესად, ნაკრებში სადებიუტო შეხვედრის ჩატარებას გილოცავთ. მოედანზე დაკომპლექსებული არ გასულხართ. შიში საერთოდ არ გეტყობოდათ, არადა, დიდი გუნდების წინააღმდეგ ქართველ ფეხბურთელებს ეს ხშირად დასტყობიათ...
- მშიშარა ნამდვილად არ ვარ. ვფიქრობ, ნორმალური დებიუტი მქონდა. გავაგრძელებ ყოველდღიურად მუშაობას, კიდევ უფრო რომ მოვუმატო. ნაკრებში აქამდეც ვიყავი გამოძახებული, მაგრამ ეს ჩემთვის პირველი თამაში იყო და მიხარია, რომ დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩში მქონდა.
- ამისულაშვილი რომ დაშავდა და ცხადაძემ გითხრათ, მოედანზე გადიხართო, ანერვიულდით? რა იფიქრეთ ამ დროს?
- (იცინის) არაფერიც არ მიფიქრია, ეგრევე კუნთი გავახურე. ხომ გითხარით, შიში ნამდვილად არ მქონია. დასანანი ის არის, რომ ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვიშავდა.
- ზოგადად, გერმანიასთან თამაშზე რას იტყვით?
- მეორე ტაიმში თავი უკეთ წარმოვაჩინეთ, რადგან "ამოსვლას", ბურთის გათამაშებასა და თამაშის გამწვავებას უფრო ვახერხებდით. ბუნებრივია, თამაში დასახვეწი გვაქვს, მაგრამ ასე თუ გავაგრძელებთ, შედეგი აუცილებლად მოვა.
- წაგება არავის ესიამოვნა, მაგრამ ახლა მთავარია, რა ტენდენცია დაიწყო ნაკრებში. ყველა ამბობს, რომ ცხადაძემ შეტევების გამწვავება მცველებსაც დაგავალათ...
- დიახ, ასე იყო. თამაშის სტილი აშკარად შეცვლილია. ჩემი აზრით, მეორე ტაიმში კარგი სწორედ ის იყო, რომ გუნდმა სითამამე გამოაჩინა. რამდენჯერმე გერმანელთა პრესინგიდან თავის დაღწევა სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ.
- ძნელია, ტელევიზორით ნანახი ვარსკვლავის წინააღმდეგ რომ თამაშობ. ყველაზე მეტად რომელი გერმანელი ფეხბურთელი მოგეწონათ?
- გერმანელებში სუსტი ფეხბურთელი არ არის, ყველა ვარსკვლავია, მაგრამ განსაკუთრებით მაინც კროოსსა და შვაინშტაიგერს გამოვყოფ. ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები არიან.
- საკლუბო თემაზე გადავიდეთ. "ქასიმფაშასთან" იჯარა როდის გიმთავრდებათ?
- მაისში.
- შოთა არველაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. საინტერესოა, რა იქნება მაისის მერე? დარჩებით "ქასიმფაშაში" თუ ისევ "რედინგში" დაბრუნდებით?
- ჯერ არ ვიცი. შესაძლოა, "ქასიმფაშამ" გამომისყიდოს. შოთა რომ წავიდა, ეს არ ნიშნავს, რომ გუნდიდან ავტომატურად მეც მივდივარ.
- ანუ თქვენი ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობას "რედინგიდან" ტრანსფერის გამოსყიდვის რეალური სურვილი აქვს?
- როგორც ვიცი, დაინტერესებულები არიან, რადგან გუნდის ძირითად შემადგენლობაში უკვე 6 მატჩი ჩავატარე. რა თქმა უნდა, თურქების გადასაწყვეტია, გამომისყიდონ თუ არა, მაგრამ, ალბათ, ასე იქნება.
- ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების წევრებიდან, დღეისთვის, ყველაზე დიდ პროგრესს ორიოდე მოთამაშემ თუ მიაღწიეთ. გერმანიასთან შეხვედრა კი ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილებისთვის გამოგადგებათ. საინტერესოა, რა ნაკლს მიაქციეთ ყურადღება, რომელზეც უნდა იმუშაოთ?
- წმინდა საფეხბურთო კუთხით, ბევრი რამ მაქვს დასახვეწი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე იმუშაოს. თუ გერმანიასა და მსგავსი დონის ნაკრებებთან შეხვედრამდე დაიძაბები, მსოფლიოს ჩემპიონს ვხვდები და ვაიმე რა მეშველებაო, ასე არაფერი გამოგივა.
- სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ბევრისთვის - შეუძლებელი...
- ძნელია, მაგრამ სწორედ ამაზე უნდა იმუშაო - საკუთარ თავსა და ფსიქოლოგიაზე. სხვაგვარად თამაში ძალიან ძნელია.
- ევროპის ჩემპიონი სპრინტში, ბორზოვი, შეჯიბრებების წინა დღეს სვამდა და სტრესებს ასე ებრძოდა...
- მესმის, რომ ადამიანების ნაწილი ასე იქცევა, მაგრამ მერე ცუდ დღეში ვარდებიან. მე სტრესების მოხსნას ასე არ ვცდილობ.
- აბა, დაძაბულობას როგორ იხსნით?
- (იცინის) მე ნამდვილად არ ვსვამ.
- ბევრისთვის გამოსავალი ლოცვაა...
- დიახ, თამაშამდე ვლოცულობ და ეს ძალას მმატებს. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთს თამაშობ, კაცისკვლა ხომ არ არის? გასაგებია, რომ ძლიერი და ტიტულოვანი მეტოქე გიდგას პირისპირ, მაგრამ მოედანზე გასვლა უნდა გიხაროდეს, ამაში საშიში რა არის?!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
15:11 01-04-2015
ლაშა დვალი: ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთია, კაცისკვლა ხომ არ არის?!
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მახარადზის გამოცვლაა მემგონი საჯირო ტკვენ რას იტყვით
0
0
ბორზოვი არა მარტო ევროპის ჩემპიონი არამედ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიც იყო.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული