"საქართველოს ნაკრებში არის ხერხემალი, რის გარშემოც ახალი გუნდი უნდა აეწყოს"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორმა შეხვედრამ გულშემატკივარს ოპტიმიზმის გრძნობა გაუჩინა. ცხადია, ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის სამწვრთნელო შტაბს ჯერ კიდევ უამრავი სამუშაო აქვთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ოდნავი უკეთესობა უკვე შესამჩნევია.

საქართველოს ნაკრების აწმყოსა და მომავალზე გვესაუბრება თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გრიგოლ ცაავა, 80-იანების თბილისის "დინამოს" შესანიშნავი ნახევარმცველი, ვისაც ფეხბურთში ბევრი რამ უნახავს...

Sportall.Ge- გერმანიის ნაკრები მსოფლიოს უდიდესი გუნდია და მასთან თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია. ბიჭებმა ყველაფერი დადეს მინდორზე და როგორც ერთ რიგით ქართველ გულშემატკივარს, მათთან სასაყვედურო ა
რაფერი მაქვს.

რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრებმა გვაჯობა და უკეთესად ითამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშე მინდორზე ბოლომდე დაიხარჯა და ღირსეულად გამოიყურებოდა უძლიერეს მოწინააღმდეგესთან შეხვედრაში.

ერთიცაა: საქართველოს ნაკრებში ახლა ძალიან დიდი, ძირეული ცვლილებები ხდება. ეს პროცესები ერთ და ორ დღეში არ დასრულდება. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს.

- როგორც რიგით ქომაგს, ისე გკითხავთ - ჩანს თუ არა, რომ საქართველოს ნაკრები მეტს ფიქრობს შეტევაზე?
- კი, ეს აშკარად ჩანს. სამუშაო არის, მაგრამ ტენდენცია გამოკვეთილია. ჩვენს სისხლსა და გენში ზის შემტევი, შემოქმედებითი ფეხბურთი. წარსულის დიდი გამარჯვებების ლომის წილი სწორედ შემტევი ფეხბურთითაა მოპოვებული, რომლითაც დღეს ყველანი ვამაყობთ.

- მალტასთან და გერმანიასთან საქართველოს ნაკრებმა თამაში ერთი გამოკვეთილი ფორვარდით დაიწყო. რას იტყვით ლევან მჭედლიძეზე, როგორ შეაფასებთ მის გარჯას?
- ძალიან ნიჭიერი ბიჭია. იტალიის სერია A-ში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში თამაშობს და ამით ყველაფერია ნათქვამი. რომ არა ტრავმები, ლევანი დღეს სხვა დონეზე იქნებოდა. მჭედლიძეს სჭირდება რაც შეიძლება მეტი თამაში, მეტი პრაქტიკა და ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად გაგვახარებს გოლებით.

ერთიც უნდა გავითვალისწინოთ: ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებში გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი არის სპეციფიკური ფიგურა და ის დამოკიდებულია სხვა მოთამაშეთა მიერ შექმნილ მომენტებზე. მოკლედ რომ გითხრათ, მე ლევან მჭედლიძისა მჯერა.

- და მაინც, ალბათ, საძებარია ეგრეთ წოდებული საჯარიმოს ფორვარდი, რომელიც შეტევას დააგვირგვინებს. თავდასხმის ხაზში თვით მჭედლიძისთვისაც კარგი იქნებოდა კონკურენტის გამოჩენა. არადა, ქართველებს სულ გვყავდა ასეთი თავდამსხმელები - თუნდაც, ლეგენდარული რამაზ შენგელიას, თქვენი ყოფილი თანაგუნდელის მაგალითის გახსენება რად ღირს...
- სელექცია ამ კუთხით უნდა გაგრძელდეს. ერთი ცხადია - მოიძებნება ასეთი ფორვარდი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ ეს შემტევი, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემტევ პოტენციალს, ჩემი აზრია - ჩვენს გუნდს ამ მხრივ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.

- როგორ ფიქრობთ, მომავალ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, არის თუ არა რეალური ჯგუფში თუნდაც მესამე ადგილის დაკავება?
- კი, არის. ჩვენს ნაკრებში ამ ეტაპზე კონკურენტუნარიანი შემადგენლობაა. დავამატოთ ამას მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ფაქტორი და ვნახავთ, რომ ჩვენი ოპტიმიზმი უსაფუძვლო არ არის.

- რას იტყოდით ცხადაძეზე, როგორც მწვრთნელზე?
- თქვენის ნებართვით, მასზე საუბარს დავიწყებ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ფეხბურთელი იყო. იყო თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი და ასეა ახლაც. ეს არის უშრეტი ენერგიის პატრონი, ადამიანი, რომელიც მუდამ ეძებს პროგრესისკენ სავალ გზებს.

ცხადაძის სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, ის ჩვენ თვალწინაა - სადაც კი იმუშავა, ყველგან წარმატებული იყო. მჯერა, ამ კუთხით არც საქართველოს ნაკრები იქნება გამონაკლისი.

- თქვენ თავად იყავით ფეხბურთელი და დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებს აქვს "შიდა სამზარეულო", თუმცა ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ როცა საქმე ნაკრებს ეხება, იქ კონფლიქტის ადგილი არ არის...
- როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ყველას მეტი მოთმინება გვმართებს და უნდა ვიცოდეთ, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ეს საქართველოს პირველი გუნდია და როცა ჩვენს ეროვნულ სიამაყეს ეხება საქმე, პირადი ამბიციები ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ. ყველა ამოვუდგეთ მხარში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ყველაფერი გამოვა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის საქართველოს ნაკრებია, რომლის მაისურის ჩაცმაც აუხდენელ ოცნებად ექცა ქართული ფეხბურთის არაერთ თაობას, მათ შორის - ჩვენს თაობასაც.

- დაბოლოს, ერთ აქტუალურ თემაზეც - საქართველოს ნაკრებს თუ ჰყავს ლიდერი?
- ჩანს დღეს რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი. ვინმეს გამორჩევას მოვერიდები, დრო ამას უჩემოდ გააკეთებს. არის საქართველოს ნაკრებში "ხერხემალი", რის გარშემოც უნდა აეწყოს ახალი გუნდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხერხემალი კანკავა და ოქრი არიან!
guri
14:10 05-04-2015
0
საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია მაგრამ უფულობის გამო ვერ იმსახურებენ ყურადღებას სანამ არმოისპობა მსგავსი რაღაცეები არაფერი არგვეშველება, კარგია რომ სიჭინავა შეიცვალა იქნებ ახალმა პრეზიდენტმა მიხედოს ამ საკითხებს
gurmi
13:26 05-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული