ბაჩანა ცხადაძე: გერმანიის წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" დაბრუნებულ ბაჩანა ცხადაძეს აზერბაიჯანულმა საიტმა azerisport.com-მა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, სადაც სხვასთან ერთად, 29 მარტს გერმანიასთან შეხვედრის შთაბეჭდილებებზეც ჰკითხა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის ჩემპიონატის 27-ე ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილ "ინტერს" ლიდერ "ყარაბაღთან" უწევს უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩის ჩატარება. მეორეადგილოსანი "ინტერი" ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება.

- რას მოელით "ყარაბაღთან" მატჩისგან?
- თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით. შევეცდებით, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

- "ინტერს" "ყარაბაღისთვის" ოთხნახევარი წელია, არ მოუგია. იცით ამის შესახებ?
- ნებისმიერი სერია, ადრე თუ გვიან, მთავრდება. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ჩემპიონობა გვინდა და
ვხვდებით, რომ მიზნის მისაღწევად სხვა შანსი ალბათ აღარც მოგვეცემა.

- გერმანიასთან სანაკრებო შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარეთ. რა გახდა მარცხის მიზეზი?
- ურიგოდ არ გვითამაშია, კონტრშეტევებითა და მოკლე პასებით გვსურდა ფონს გასვლა. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვინდოდა. მიზეზი, ალბათ, ისევ და ისევ სათამაშო კლასში სხვაობაა.

- თითქოს გერმანელებმა იმაზე ძლიერად ითამაშეს, ვიდრე მოელოდით...
- ასეთი ძლიერი გუნდი მანამდე არ მინახავს. დღევანდელი გერმანია ძალიან მძლავრია.

- რატომ არ მოგცათ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შანსი და შეგიშვათ მოედანზე?
- გერმანიის წინააღმდეგ თამაში ძალიან მსურდა, მაგრამ ბევრი რამ ისე არ აეწყო. ჯერ ერთი, მწვრთნელს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა - ტრავმების გამო ამისულაშვილი და ოქრიაშვილი გამოგვაკლდნენ. შანსი ლევან ყენიამ მიიღო, რომელმაც მანამდე მალტასთან გამართულ შეხვედრაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული