პატრიოტთა თამაშები

AutoSharing Option
პატარა წრე შეიკრა. საქართველომ მეორედ მიიღო და დაუხარა თავი გერმანიის ნაკრებს. საქართველომ მეორედ მიიღო სხვაობა ნაღდ ფეხბურთსა და მონდომებულ მაზოხიზმს შორის.

საქართველომ მეორედ ისიამოვნა "ღირსეული" წაგებით გერმანელებისგან. საქართველომ პირველად იმღერა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. საქართველოში უფრო მეტი ქართველი დახვდა აეროპორტში გერმანიას, ვიდრე - საქართველოს. და საქართველომ ამ წაგების მიზეზი დაინახა. ის ერთი ბიჭი, რომელიც ბასტიან შვაინშტაიგერთან მივიდა... მივიდა რა.

ყველაზე მტკივნეული ჩვენი დაბინდული გონებისთვის იმ ბიჭის თემა იყო. და საქართველოს დიდ გულში ეგრევე გაიღვიძა პატრიოტიზმმა.

დილეტანტების ქართულ უბანში გვესიამოვნა ახალი პერსონაჟის
გამოჩენა, რომელიც იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი იყო და ერთ ტალღას მეორე ცვლიდა.

ბიჭი შვაინშტაიგერთან მივიდა და ეს ფოტო ეგრევე "გაბაზრდა". გერმანელებმაც "გააბაზრეს". არაგერმანელებმაც. ძაან მაგარი ფოტო იყო. იმაზე ბევრად ხოშიანი, ვიდრე ის, რაც ჩვენს საგაზეთო სივრცეში იბეჭდება. ანუ, იქ, იდეაში, კარგი თითქმის არაფერი იბეჭდება. იმ ფოტოებში არ ჩანს სპორტსმენის ხასიათი და ემოცია. იმ ფოტოებში ერთჯერადად მომენტი არის დაჭერილი და ფოტოს არ იმახსოვრებ.

საქართველო გერმანიას ფეხბურთს ეთამაშებოდა. ნუ, გერმანიამ ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ - არაფეხბურთი.
და პატრიოტებს ამ თამაშიდან ყველაზე უფრო შემდეგი მომენტები გაუსწორდათ.

* რომ ერთ ეპიზოდში ჯაბა კანკავამ გერმანელს თავი არ დაუხარა და შუბლი შუბლზე მიადო. გახსოვთ ეს ეპიზოდი? ფეხბურთთან მაგრად ახლოს არის.
* რომ ერთ ეპიზოდში ის ბოლო პასი არ გავიდა და მანამდე "იმენა დავხაზეთ, ბიჭო, ნემცების შტრაფნოიში". ეგ მომენტი როდის იყო, უკაცრავად?
* რომ ენერგიულად დავიწყეთ და ძველი ნაკრები ენერგიულად ვერ იწყებდა.
* რომ ჰიმნი მთელმა სტადიონმა იმღერა.
* რომ ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვიყავით.
* რომ გერმანიასთან თამაში დიდი ქართული საფეხბურთო რენესანსის პირველი ნაბიჯია.

და ფეხბურთი სად არის? გერმანიასთან ფეხბურთში არ ვთამაშობდით? თუ სტადიონზე უბრალოდ სამთავრობო დონეზე მოწყობილი კულტურულ-გამაჯანსაღებელი საღამო იყო?

პატრიოტების თამაშში ავიჭერით. ძაან ავიჭერით.

შარშან, "სან ანტონიოს" თამაშზე სტამბოლში ვიყავი. ღია ვარჯიშზე ერთ-ერთი ჟურნალისტი მიდის ტონი პარკერთან, იღებს დიქტოფონს და ალბათ, რაღაცას ეკითხება ტონის. საუბრის დროს, ჟურნალისტი გადაეხვია, ჩაეხუტა მისტერ პარკერს და აკოცა. ჟურნალისტი იყო მამაკაცი. რომელმაც, ალბათ, თავისი საყვარელი სპორტსმენი ნახა. და არც კი შეეცადა ემოციების დაფარვას. და დამიჯერეთ, იქ, დარბაზში არავინ მიაქცია ამას ყურადღება. ბევრმა დაინახა ეს ფაქტი, მაგრამ სხვისი ემოცია იმდენად ჩვეულებრივი მომენტი იყო, რომ ეს თემა გაატარეს. თურქეთში მამაკაცი ჟურნალისტი პარკერს ჩაეხუტა და ტიპმა ტონის აკოცა.

აზრზე ხართ, ჩვენთან რომელიმე ჟურნალისტმა ნოიერს ან... რა ვიცი, ვის, აუგენტალერს რომ აკოცოს, რა "ჰედლაინები" წამოვა?

არ დაუჩოქო!.. გაიხსენე, რომ ეს არაპატრიოტულია!.. ფუ, შენი ქართველობის დედაც!.. აუ, მაგ ტიპის სახელი არ იცით?.. ფეხზე არა, ბარემ... "იმაზე" ჩაეხუტე...

ეს ყველაზე პოპულარული ფრაზებია იმ ქართველის და შვაინშტაიგერის საინტერესო ფოტოს შემდეგ. ნუ, მე რაც გადავიკითხე, ყველაზე პოპულარული.

ფეხბურთი მოგების სურვილის და მუღამის გარეშე ვითამაშეთ. არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ გერმანიას მოვუგებდით და ყველას უნდოდა, რომ გერმანიასთან ბევრით არ წაგვეგო. რომელი უფრო არაპატრიოტულია, ჩაეხუტო საყვარელ სპორტსმენს, თუ მიხვიდე სტადიონზე იმის გამო, რომ შენმა საყვარელმა ნაკრებმა ცოტათი წააგოს? რომ სიგარეტი სკამზე არ ჩააწვა? რომ ჰიმნის შესრულების დროს არ დაიწყო "ესემესის" გაგზავნა? რომ თამაშის შემდეგ საერთოდ არ გახსოვდეს რა თამაშზე იყავი და უბრალოდ, სტადიონზე იმიტომ წახვედი, რომ ასე იყო საჭირო. მეორე დღეს რომ გკითხავენ, "ფუტბოლს" უყურეო, ამაყად გასცემ პასუხს - კი, ტო, "დაჟე იქ ვიყავი".

მე მესიამოვნა, რომ სტადიონზე კარგი გერმანულით აცხადებდნენ. უფრო მესიამოვნა, რომ იმ გამომცხადებელს ვიცნობ და მასთან ვმეგობრობ. მესიამოვნა, რომ სტადიონზე ბევრი ხალხი მივიდა და არ მესიამოვნა, რომ წავაგეთ.

ყველასთან არ უნდა აგებდე. უნდა ჩამოწერო, ვისთან შეიძლება წაგება. მსოფლიოს ჩემპიონთან წაგება მოსულა. შოტლანდიასთან მოსულა. მოსულა? ნუ, იყოს, მოსულა. მაგრამ ჩვენი ნაკრებისთვის ყველასთან წაგება მოსულა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არიან ტიპები, რომლებიც წინა არჩევნების დროს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ იყვნენ და დღეს ამ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან. ალბათ, ეს ჩვეულებრივი მომენტია. საქართველოში ასე უნდა ხდებოდეს.

რამდენიმე დღის წინათ საინტერესო სიტუაციას შევესწარი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უკვე გახუნებულ, მაგრამ ჯერ კიდევ ყვითელ ავტობუსში მგზავრმა კედელს მიაფურთხა. მძღოლმა შენიშვნა მისცა. და მძღოლს მთელი ავტობუსი მიაწვა. ვერ ხედავ, რა დღეში ვართ ყველა, არ გრცხვენია, ამ პატარა ბიჭს შენიშვნას როგორ აძლევ, რა იცი, რა უჭირს და რა პრობლემები აქვსო?! მძღოლმა იმ ბიჭს კინაღამ რაღაც აჩუქა. სამახსოვროდ. რომ ავტობუსში შემდეგ ასვლაზე ბიჭს უფრო გემრიელად მიეფურთხებინა კედლისთვის.

პატრიოტიზმი საკაიფო თემა გახდა. და ჩვენთან პატრიოტიზმით მართლა კაიფობენ. მაგრამ იუმორშიც გვეხაზება და ეს კაიფი არაბუნებრივი გამოდის.

ფეხბურთში გვეხაზება. სადაც უნდა ვითამაშოთ, იქ ვიბრძვით და ცოტათი ვაგებთ. ვერ ვთამაშობთ, არ ვიცით მოგება, არ გვიხარია სხვისი სიხარული და გვშურს.

გერმანია ჩამოვიდა, გერმანიამ მოგვიგო და გერმანიას მალე დაავიწყდება ამ ვიზიტის დეტალები. ალბათ, ანგარიშის გარდა.

ჩვენც არ გაგვახსენდება. არაფერი. ისედაც არაფერი არ გვახსოვს. რუტინული "ვიბრძოლეთ და წავაგეთ"-ს გარდა. ეს ფრაზა მალე ბოლო გზაზე გაცილების ქართული სლოგანი გახდება. მეზობლის გასვენებაში რომ მიდიხარ, და სასახლეზე შინდისფრად აწერია "ვიბრძოლეთ და წავაგეთ". მალე ასე იქნება.

და ავტობუსში მიფურთხების შემდეგ, ავტობუსში მოშარდვას დაუშვებენ. რომ იმ კონკრეტულმა ქართველმა პრობლემებს გული გადააყოლოს.

მე უფრო შვაინშტაიგერთან ინტერვიუ მესიამოვნებოდა. ან ნოიერთან. ან ხედირასთან. ქართველ ჟურნალისტებს ცოტა მეტი ერუდიცია და მარიფათი უნდა გამოევლინათ და საინტერესო თემა დაეჭირათ. მე მგონი, ასეთ ინტერვიუს, ცოტა არასტანდარტულ მიმოხილვას ყველა სიამოვნებით წაიკითხავდა.

და ყველაზე ბედნიერი ის ბიჭი იყო. შვაინშტაიგერთან რომ მიაჭრა. ძაან ბედნიერი იყო.

ჩვენ როდის ვიქნებით ბედნიერები?

ზურა თალაკვაძე
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 10 /
არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ გერმანიას მოვუგებდით და ყველას უნდოდა, რომ გერმანიასთან ბევრით არ წაგვეგო.-- გეტყობა პირველ რიგში შენ გინდოდა ნაკრებს გერმანიასთან არ წაეგო დიდი ანგარიშით. ... ამ უაზრო სტატიის წერას გირჩევნია სხვა რამ დაწერო, მაგრამ სახლში თუ ოფისში თბილად ჯდომა "ასწორებს" ამ ცივ ამინდებში და ...
antonio
13:54 13-04-2015
0
ისე ქართველი მეომრებისა თუ არა, ბორის პაიჭაძის, დავი ყიფიანის, მიშა მესხის საფლავებზე თუ ოდესმე დაუჩოქია ????? ეგ კითხეთ ჯერ!
ბერჯავახი
10:41 14-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული