აკაკი გოგია: გერმანიის წინააღმდეგ სამშობლოს სახელით თამაში მინდა

AutoSharing Option
"მიტელდოიჩე ცაიტუნგი" III ბუნდესლიგის "ჰალეშერის" ნახევარმცველ აკაკი გოგიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მის ოჯახს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და თავადაც სურს საქართველოს ნაკრებში თამაში.

გოგია 23 წლისაა და ის III ბუნდესლიგის "ჰალეშერის" ლიდერია. მან 32 თამაშში 11 გოლი გაიტანა. "ვოლფსბურგისა" და "აუგსბურგის" ყოფილი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს "ჰალეშერს" დატოვებს და უფრო მაღალ დონეზე მოსინჯავს ძალებს.

გერმანიაში მას ხშირად ანდის ეძახიან აკაკის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ "ჰალეშერის" ფანებმა იციან, რომ გოგია მიდის, მას არავინ უსტვენს, რადგან ძალიან უყვართ
და ფანებში პოპულარულია.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა დედაჩემს. შესაძლოა, ყველაფერი ამ საკვალიფიკაციო ეტაპისთვისაც მოესწროს. მთავარია, მოქალაქეობის საკითხი მოგვარდეს. 11 ოქტომბერს საქართველო ლაიფციგში გერმანიას ეთამაშება და დიდებული იქნება, თუკი მე ვითამაშებ ამ შეხვედრაში", - აცხადებს გოგია "მიტელდოიჩე ცაიტუნგთან".

თუმცა გოგია იმასაც ღიად აღიარებს, რომ სამშობლოსთან ცოტა გაუცხოებულია: "ბოლოს სამშობლოში 3-4 წლის წინათ ვიყავი. სამწუხაროდ, წელსაც არა მგონია, მოვახერხო ჩასვლა, თუმცა ტელეფონით ხშირად ვუკავშირდები ჩემი ოჯახის წევრებს".

სამშობლოში ბებია, ბაბუა და ბიძაშვილები ცხოვრობენ. ის გერმანიაში 9 წლის ასაკში, მშობელთან ერთად გადავიდა.

"ქართულად ვლაპარაკობ, მაგრამ გერმანულ სიტყვებს ვურევ. თუმცა გერმანულად უკეთ ვსაუბრობ, მაგრამ მაქვს ქართული აქცენტი. ქართულად წერა-კითხვა არ შემიძლია, სამწუხაროდ", - ამბობს გოგია.

"მიტელდოიჩე ცაიტუნგი" ასკვნის, რომ საქართველოს ნაკრები არ არის ვარსკვლავებით სავსე. ამიტომაც ანდი გოგია შეძლებს იქ დამკვიდრებას. მით უფრო, რომ ახალი სეზონიდან მას მეორე ან სულაც, მთავარ ბუნდესლიგაში ვიხილავთ.

ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ გოგიას საკითხი ახლა პირველად არ წამოჭრილა, თუმცა წლების წინ მისი დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო, აკაკის საქართველოს სახელით ეთამაშა. გოგია გერმანიის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა (17 და 19-წლამდელებში) და მთავარი გუნდის პერსპექტივაც ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თითოეულ ქართველს უნდა დაუყვავოთ და სამშობლოს დავუბრუნოთ, მით უმეტეს შემტევი ფეხბურთელების დიდი დეფიციტი გვაქვს, კაცს გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ასევე ვოლსბურგში და აუსბურგში
giorgi
08:51 09-05-2015
0
როისს ვეღარ ამოვაგდებ და დამაბრუნეთო ? რას ვიზამთ უნდა მივიღოთ უძღები შვილი და წარმატებები ვუსურვოთ
Heinrich
04:00 09-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული