მათ შორისაა პოლონური "რუხის" მარცხენა ნახევარმცველი როლანდ გიგოლაევიც. გიგოლაევი რუსეთის მოქალაქეა, იქაურ ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, თუმცა, თბილისშია დაბადებული და პოლონურ ექსტრაკლასაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მქონე მარცხენაფლანგელმა კახა ცხადაძეც დააინტერესა. მიეცემა თუ არა როლანდ გიგოლაევს საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი და თვითონ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს - ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ რადგან 25 წლის ფეხბურთელმა უკვე დააინტერესა ქართველი ქომაგები, პოლონეთში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით. როლანდ
- თბილისში დავიბადე 1990 წლის 4 იანვარს. ოთხი წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავედით. ფეხბურთში ვარჯიშიც იქ დავიწყე საკმაოდ გვიან - 11 წლის ასაკში.
რამდენიმე წლის შემდეგ გადავედი სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში", რომელიც "ზენიტის" ფარმ-კლუბად მიიჩნევა. ჯერ ჭაბუკთა გუნდში ვთამაშობდი, 17 წლისა კი "ზენიტის" დუბლშემადგენლობაში მიმიწვიეს.
- იმ წლებში პეტერბურგში უკვე დაწყებული იყო უცხოელი მწვრთნელების ეპოქა. თქვენ რომელმა შეგამჩნიათ?
- 18 წლის ვიყავი, როცა დიკ ადვოკაატმა ძირითად გუნდში მათამაშა სკანდინავიურ კლუბებთან ამხანაგურ შეხვედრებში, მაგრამ მერე ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გამიცდა... ლუჩანო სპალეტის დროს ისევ გამომიძახეს და სეზონის მეორე ნახევარში, ფაქტობრივად, სულ ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, რამდენჯერმე განაცხადშიც მოვხვდი და დუბაის შეკრებაზეც მთავარ გუნდთან ერთად გავემგზავრე...
- ვლადიკავკაზის "ალანიაში" რატომღა გადახვედით?
- 2011 წელს "ზენიტთან" ჩემი კონტრაქტი ამოიწურა და კლუბთან შეთანხმების მიღწევა ვეღარ მოვახერხეთ. სწორედ მაშინ დამირეკა ვალერი გაზაევმა და მიმიწვია "ალანიაში"! ვლადიკავკაზურ კლუბში ორი სეზონი გავატარე...
- "ალანიაში" თითქმის ყველა სეზონში თამაშობდა ერთი ქართველი მაინც. გამონაკლისი არც 2011-12 წლები ყოფილა...
- ჩემ დროს "ალანიაში" მხოლოდ შოთა გრიგალაშვილი თამაშობდა. გახსნილი, სუფთა გულის ბიჭია, ადვილად დავმეგობრდით და ხშირი ურთიერთობაც გვქონდა. მერეც, როცა ვლადიკავკაზიდან ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გადავიდა, ჩემპიონატის მატჩებისას ერთმანეთს თბილად ვხვდებოდით.
- "ზენიტის" დუბლებშიც გყავდათ ქართველი თანაგუნდელი - სოლომონ კვირკველია...
- დიახ, ერთად ერთი სეზონი ვითამაშეთ, მაგრამ საბამ მაშინ ცუდად იცოდა რუსული ენა და ამის გამო ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდა. მეტიც - მასთან ურთიერთობა ძალიან რთული იყო (იცინის).
ყაზანის "რუბინში" გადასვლის შემდეგ კვირკველია უმაღლესი დონის მცველად ჩამოყალიბდა: ყურბან ბერდიევს ფეხბურთელების ამოცნობა არ ეშლება, საბას "კოჭებში შეატყო" ნიჭი, ენდო და ქართველმაც გაუმართლა! ამას წინათ ვნახე "რუბინის" მატჩი და ძალიან მომეწონა კვირკველიას თამაში. ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ხშირად ხვდება...
- ქართველი ფეხბურთელებიდან კიდევ ვის იცნობთ?
- ვიცნობ ნიკა ძალამიძეს, რომელიც ასევე პოლონეთში - "იაგელონიაში" თამაშობს. შეკრებაზე ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით და რამდენჯერმე გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში სწორედ "იაგელონიასთან" წავაგეთ 0:2, თუმცა, ძალამიძეს და გიორგი ფოფხაძეს ტრავმის გამო არ უთამაშიათ.
- პოლონეთის ჩემპიონატს იოლად შეეჩვიეთ?
- პოლონური ექსტრაკლასა მაღალი დონის ჩემპიონატია - რუსეთის პრემიერლიგას მხოლოდ ფინანსებით და სუპერვარსკვლავების სიმრავლით თუ ჩამოუვარდება. აქ კლუბების უმეტესობა თანაბარი ძალისაა და ყველა გუნდს შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება.
- მარცხენა ფლანგზე ხან ნახევარმცველად თამაშობთ, ხან - დაცვაში. უფრო კომფორტულად თავს რომელ პოზიციაზე გრძნობთ?
- ცაცია ვარ, პოზიციას კი ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც მწვრთნელი გადაწყვეტს, რა პოზიციაზეც უფრო ვჭირდები გუნდს, იქ ვთამაშობ. ისე კი, შეტევაშიც ხშირად მიმიწევს გული (იცინის).
- რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში გითამაშიათ...
- დიახ, რამდენჯერმე. ოფიციალურ მატჩებში სულ ორ-სამჯერ მივიღე მონაწილეობა. ახალგაზრდულ ნაკრებში ბოლოს 2011 წელს მიმიწვიეს.
- რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი როდისმე დაინტერესებულა თქვენით? ან თავად გიფიქრიათ რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაშზე?
- ეროვნული გუნდის წევრობა ყველა სპორტსმენის ოცნებაა. რუსეთის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც მითამაშია, ახალგაზრდულ ნაკრებშიც. ამის შემდეგ კი, ბუნებრივია, ეროვნულ ნაკრებზეც იწყებ ფიქრს! ყველას უნდა, ითამაშოს დიდ ტურნირებზე, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ...
- ალბათ, იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რომ დააინტერესეთ...
- მართლა?! მსგავსი არაფერი მსმენია და მით უმეტეს - მე არავინ დამკავშირებია... ჯერ თქვენმა ზარმა გამაკვირვა, საქართველოს ნაკრების თავკაცის დაინტერესებამ ხომ... ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დაინტერესებით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ!
- თუ გამოგიძახებენ, ითამაშებთ საქართველოს ნაკრებში?
- იმდენად მოულოდნელი ამბავი მითხარით, არც კი ვიცი, რა გითხრათ... ისე დავიბენი და ავღელდი, ოთახში ბოლთის ცემაც კი დავიწყე (იცინის). აქამდე ამაზე არ მიფიქრია და ნაუცბათევად პასუხის გაცემა გამიჭირდება... თუ როდისმე მიმიწვევენ საქართველოს ნაკრებში, გადაწყვეტილების მიღებამდე, ოჯახის წევრებს უნდა მოვეთათბირო!
- პოლონეთის ჩემპიონატს დავუბრუნდეთ - "რუხმა" რეგულარული პირველობა მე-14 ადგილზე დაასრულა და ექსტრაკლასაში დასარჩენად "ქვედა რვიანის" გუნდებთან მოუწევს ბრძოლა...
- სეზონი ცუდად დავიწყეთ. მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, მეორე წრეში დაგროვებული ქულები კი პირველ რვა გუნდს შორის მოსახვედრად აღარ გვეყო და მხოლოდ IX-XVI ადგილებისთვის თუ ვიბრძოლებთ... სხვა რა გზაა - რაც შეიძლება მაღალი პოზიცია უნდა დავიკავოთ და ექსტრაკლასას საგზური შევინარჩუნოთ.
- მომავალ სეზონშიც "რუხში" რჩებით თუ გაქვთ სხვა ვარიანტებიც?
- ჯერ არ ვიცი. კონტრაქტის თანახმად, გაისადაც "რუხში" უნდა ვითამაშო, თუმცა ჯერ მიმდინარე სეზონია დასამთავრებელი და ამ ეტაპზე, მხოლოდ დარჩენილ მატჩებზე ვფიქრობ. შვებულების დროს კი ფიქრისთვისაც მეტი დრო მექნება.
- რას უკავშირდება როლანდ გიგოლაევის საფეხბურთო ოცნება?
- გამორჩეულად საყვარელი კლუბი არ მაქვს. მთავარია, გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი... ოცნება? - ჩემპიონთა ლიგის მოგება! მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთხელაც არ მიმიღია მონაწილეობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში. ევროპის ლიგაზე მითამაშია, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოედანზე მოსმენის ბედნიერება კი ჯერ არ მქონია...
- ვიცი, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ნათესავი გყავთ. გაქვთ მათთან ურთიერთობა?
- ჩემი ნათესავების ნახევარზე მეტი საქართველოში ცხოვრობს! 1994 წლამდე ჩვენი ოჯახიც თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობდა. თბილისში ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. ბოლოს საქართველოში 2013 წელს ვიყავი რამდენიმე დღით...
ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge