როლანდ გიგოლაევი: საქართველოს ნაკრები ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძისთვის პოლონური "რუხის" 25 წლის მარცხენაფლანგელი როლანდ გიგოლაევი საინტერესო ფეხბურთელია.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, როლანდმა უკვე არაერთ გუნდში მოასწრო თამაში. მისი საფეხბურთო კარიერა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობაში დაიწყო. ამას მოჰყვა "ალანია", ისევ "ზენიტი", იმავე სანკტ-პეტერბურგის "დინამო" და ბოლოს - პოლონური "რუხი". გიგოლაევს უთამაშია რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის - ახალგაზრდულშიც.

"ლელო" მას პოლონეთში შეეხმიანა. თავდაპირველად, ფეხბურთელმა ბოდიში მოგვიხადა, ვარჯიში მეწყება და საუბრისთვის მზად ერთი საათის შემდეგ ვიქნებიო. ის საათიც მალე გავიდა და ჩვენი ინტერვიუც შედგა...

- როლანდ, საქართველოდან გაწუხებთ...

- ძალიან სასიამოვნოა. თბილისიდან ერთხელ უკვე დამირეკეს. თქვენი კოლეგა იყო...

- ალბათ ხვდებით, რაც გვაინტერესებს. თუმცა ჯერ ქართველ გულშემატკივარს უფრო ახლოს გავაცნოთ როლანდ გიგოლაევი...
- თბილისში დავიბადე. ოთხ წლამდე საბურთალოზე ვცხოვრობდი. მერე ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა და ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც ამ ქალაქში გადავდგი. მერე ჩავირიცხე სანკტ-პეტერბურგის ცნობილ საფეხბურთო სკოლა "სმენაში". ეს იგივე "ზენიტის" ფარმკლუბია. 17 წლიდან უკვე "ზენიტის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი ვიყავი.

18 წლისა, გუნდის ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა მიხმო ძირითად გუნდში და ამხანაგურ მატჩებში მომცა თავის გამოჩენის შანსი. მერე წელიწადზე მეტი დამაკარგვინა ტრავმამ. ამის შემდეგ იყო "ალანია", რის შემდეგაც "ზენიტში" ლუჩანო სპალეტიმ დამაბრუნა... მგონი, საკმარისია. ახლა კი იცით, რომ პოლონეთის "რუხში" ვთამაშობ...

- თქვენი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა რომელია?
- მარცხენა ფლანგზე ვთამაშობ, მცველობაც შემიძლია და ნახევარმცველის ფუნქციებსაც ვასრულებ. გააჩნია, რომელ პოზიციაზე ვჭირდები მწვრთნელს. ისე, ძალიან მიყვარს შეტევა. თანამედროვე ფეხბურთი ამას ითხოვს კიდეც ფლანგის მოთამაშისაგან.

- ვიცით, რომ რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ...
- მართალი ხართ. ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვითამაშე.

- პოლონეთის ჩემპიონატზე რას იტყვით?
- ექსტრაკლასა მაღალი დონის ჩემპიონატია. ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. იოლი მატჩები არ არსებობს.

- "რუხი" ტრადიციული კლუბია და რატომ თამაშობს ასე სუსტად მიმდინარე სეზონში?
- პოლონური მასშტაბით, "რუხის" ისტორია და ტიტულები ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. მიმდინარე სეზონში რომ ვერ აჩვენებს გუნდი კარგ შედეგს, თუმცა ეს დროებითი მოვლენა მგონია.

- საქართველოს ნაკრებზე თუ გსმენიათ რამე?
- როგორ არა?! ბოლოს ვნახე საქართველოსა და პოლონეთის თბილისური მატჩი. ჩემი აზრით, 0:4 უსამართლო ანგარიში იყო.

- ქართველ ფეხბურთელთაგან ვის იცნობთ?
- რამდენიმეს. მყოლია ქართველი თანაგუნდელებიც. მაგალითად, "ზენიტის" დუბლებში სოლომონ კვირკველიასთან ერთად ვიყავი. ის ახლა რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო შოთა გრიგალაშვილი. მითამაშია გიორგი ნავალოვსკის წინააღმდეგ. ვიცნობ "იაგელონიას" ნახევარმცველ ნიკა ძალამიძეს. ახლახან, ამ გუნდში მეორე ქართველი ფეხბურთელიც მოვიდა - გიორგი ფოფხაძე. მისი გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარი... ესაა, რაც უცებ გამახსენდა.

- პირდაპირ გკითხავთ: საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემოგთავაზონ, რას იტყვით?
- ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იქნებოდა. ჯერ იყოს შემოთავაზება და უმჯობესია, ამ საკითხს მერე დავუბრუნდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დავფიქრდე, მშობლებს, ოჯახის წევრებს უნდა დავეკითხო...

- "რუხში" დარჩენას დიდხანს აპირებთ?
- ამ ეტაპზე კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და სხვა არაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ ჩემი მოვალეობის შესრულებით ვარ დაკავებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული