კახა ცხადაძე: გიგოლაევზე ჯერ თავი შევიკავეთ, გოგიას აუცილებლად მოვიწვევთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს ქვეყნის მთავარი გუნდის დამრიგებელი კახა ცხადაძეც ადევნებდა თვალს.


"ჩვენი 19-წლამდელები მძიმე ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ ვიცი, რომ ბიჭები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. პირადად მე კი მათი და, რაც მთავარია, გუნდის მთავარი მწვრთნელის მჯერა. ნაკრები სერიოზულად ემზადება. ახლა მთავარია, მოგების იმედი თავად მოთამაშეებს ჰქონდეთ და მწვრთნელის დავალება შეასრულონ.

სახელები არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან, პორტუგალიასა და თურქეთთან მოგება შეუძლებელია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამაშები თბილისში იმართება და ბევრი მაყურებელი მოვა", - ამბობს ცხადაძე.

თუ
ეროვნული გუნდის თავკაცის მუშაობას გავიხსენებთ, მას ახალგაზრდების დაწინაურება ყოველთვის ახასიათებდა. დავინტერესდით, ამჯერად სამიზნეში გიორგი დევდარიანის გუნდის რომელიმე ფეხბურთელი ხომ არ ჰყავს:

"საბედნიეროდ, საქართველოში ნიჭიერი ბავშვები არასოდეს გვაკლდა. იმავეს ვიტყვი დევდარიანის ნაკრების წევრებზეც. აქ ბევრი საინტერესო მოთამაშეა და ცხადია, სამომავლო პერსპექტივაში ნაკრებში მათი მიწვევა შესაძლებელი იქნება.

მთავარია, როგორ განვითარდებიან. ჩვენი ვალია, რომ მათზე ყველა ინფორმაცია გვქონდეს - ვინ რა მდგომარეობაშია და როგორ ფორმაშია".

ცხადაძეს როლანდ გიგოლაევის შესახებაც ვკითხეთ. პოლონური "რუხის" 25 წლის ფეხბურთელზე მან ამას წინათ თქვა, რომ ნაკრებში მისი მიწვევითაა დაინტერესებული. თბილისში დაბადებული გიგოლაევი რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, თუმცა თანახმაა, იფიქროს საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურის მორგებაზეც:


"გიგოლაევის ორი მატჩი ვნახე, თან ორივე პოზიციაზე - ის მარცხენა მცველად და ნახევარმცველად თამაშობს. მასზე წარმოდგენა შეგვექმნა, რა შეუძლია დაცვაში და ასევე, შეტევაში. ამჯერად, მისი მოწვევისგან თავი შევიკავეთ".

დავინტერესდით იმითიც, თუ რამდენად რეალურია ნაკრებში შემტევი ნახევარმცველის, აკაკი გოგიას თამაში. შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ის III ბუნდესლიგის "ჰალეშერიდან" ინგლისური ჩემპიონშიპის მეხუთეადგილოსან "ბრეტფორდში" ჩაირიცხა:


"ამ ბიჭით დაინტერესებულები ვართ. მთავარია, გოგიას წინსვლა და პროგრესი აქვს. ინგლისის ჩემპიონშიპის მოწინავე გუნდში მოხვედრა პატარა ამბავი არ არის. მას აუცილებლად მოვიწვევთ, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი თავადაც თუ ექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული