"ნეტავ ისე გადამიყვარდეს ფეხბურთი, რომ ამ ჩანაფიქრზე ხელი ამაღებინა, მაგრამ..."

AutoSharing Option
33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი ახლა თავისუფალი აგენტია. ვეტერანმა მცველმა, ვინც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 93 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, სეზონი "სამტრედიაში" ჩაამთავრა და საქართველოს თასის ფინალშიც ითამაშა, რომელშიც მისი გუნდი "დინამოსთან" 0:5 განადგურდა.

რას ფიქრობს ხიზანიშვილი მის მომავალზე, აპირებს თუ არა მწვრთნელობას, როგორ უცქერს ეროვნული ნაკრების პერსპექტივებს? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს მასთან ინტერვიუში იპოვით...

- თავდაპირველად, ახლახან დასრულებული სეზონის შეფასება უნდა გთხოვოთ...
- სეზონს პირადად ჩემთვის დადებითად შევაფასებდი, რომ არა თასის ფინალი. რაც იქ მოხდა, ყველამ ვნახეთ.
ეს იყო ბოლო აკორდი და, შესაბამისად, სეზონს მთლიანობაში პოზიტიურად ვერაფრით შევაფასებ.

ფაქტია, ახალი გუნდი გვყავდა, ახალი სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით, მაგრამ თითოეულმა მოთამაშემ ვიცოდით, რას ითხოვდნენ ჩვენგან... მოხდა ის, რაც მოხდა... ბოლოს აქცენტი თასზე იყო გადატანილი. ძალიან კარგი იქნებოდა, ევროთასებზე გავსულიყავით, მაგრამ...

- გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. თქვენც წამოხვედით "სამტრედიიდან"?
- ჩემსა და "სამტრედიას" შორის კონტრაქტი გაფორმებული იყო მაისის ბოლომდე. ხელშეკრულება მორჩა და...

- რაიმე ვარიანტი ხომ არ ჩანს?
- ჯერ არაფერი. რა ვიცი, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. თუ იქნება ინტერესი, განვიხილავ ყველა საინტერესო წინადადებას.

- როგორც ვიცოდით, ხულიან სპერონის გამოსათხოვარ მატჩში უნდა მიგეღოთ მონაწილეობა თემურ ქეცბაიასა და გიორგი ნემსაძესთან ერთად. საქართველოს თასის ფინალის გამო ვერ წახვედით ლონდონში?
- კი, ასე იყო. სპერონისთან ერთად არაერთი წელი ვითამაშე. ძალიან კარგი ადამიანია, ჩემი ახლო მეგობარი... გამოსათხოვარი მატჩი რომ დაგეგმა, მაშინვე დამირეკა. ის დრო იყო, "ჩიხურას" პირველი ნახევარფინალური მატჩი 1:0 რომ მოვუგეთ. ავუხსენი შექმნილი ვითარება. ხუმრობით მითხრა, "ჩიხურას" ქომაგი ვარ საპასუხო მატჩშიო... ძალიან უნდოდა, მეც ჩავსულიყავი ლონდონში, მაგრამ...

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. რას იტყვით კახა ცხადაძის დებიუტზე? იმედით უყურებთ ნაკრების მომავალს?
- რამდენიმე ფეხბურთელს კახა პირადად იცნობს, რამდენიმესთან ჯერ არ უმუშავია. შორიდან რასაც ვხედავ და მესმის, ძალიან კარგი ატმოსფეროა ეროვნულ გუნდში და ეს ძალიან მახარებს.

ცხადაძეს სჭირდება დრო. ის კვალიფიციური მწვრთნელია. ახლა ნაკრების მთავარი მიზანი მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მომზადებაა. ეს ძლიერ მეტოქეებთან თამაშებით უნდა მოხდეს.

ცხადაძის მოსვლა ურთულეს კალენდარს დაემთხვა - ჯერ გერმანია შინ, მერე გასვლაზე ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი პოლონეთი, მერე შოტლანდია, ისევ გერმანია... მე მჯერა ცხადაძის...

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ამა თუ იმ კანდიდატის განცხადებას, რომ სურს ეროვნულ გუნდში თამაში, მესმის ამ ემოციის. რომ არა ემოცია, ფეხბურთი კი არა, საერთოდ ცხოვრება იქნებოდა შეუძლებელი. ხედავს ფეხბურთელი, რომ არ არის სანაკრებო სიაში და ეს ახალ სტიმულს აძლევს მას. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ყველა ემოცია უნდა მოექცეს და ჩაჯდეს დასაშვებ ფარგლებში.

თავისთავად, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა დაისახოს მიზნად, რადგან ეს ისევ და ისევ საქართველოს ნაკრებს გამოადგება.

- ინტელექტი მინდორსა თუ მინდვრის გარეთ, ფეხბურთის ნიუანსების ცოდნა, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი, უდიდესი საფეხბურთო გამოცდილება - განა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ზურაბ ხიზანიშვილმა მწვრთნელობაზე იფიქროს?
- რაღა დაგიმალოთ და, ასეთი შეფასების მოსმენა სასიამოვნოა. რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას... მგონი, შემიძლია რაღაც გავაკეთო ამ მიმართულებით. ეს ჯერ მხოლოდ ჩემი წარმოდგენაა, მაგრამ ადამიანი ხომ იმისთვის არსებობს, რომ გამოსცადოს საკუთარი თავი, ნახოს, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი.

არის ბევრი ჩემი უახლოესი მეგობარი, ვინც ამთავრებს ან უკვე დაამთავრა კარიერა და უნდა მოჰკიდოს, ან შეიძლება, უკვე მოჰკიდა კიდეც ხელი ბიზნესს ამა თუ იმ სფეროში. მე ეს არ შემიძლია. მე საკუთარი თავი მხოლოდ და მხოლოდ მწვანე მინდორზე წარმომიდგენია, რადგან ფეხბურთმა მომცა ყველაფერი და ის არის ჩემი ცხოვრების კრედო.

ჩემმა რამდენიმე მეგობარმა დაიწყო მწვრთნელობა და მეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან რთული საქმე. მეც მესმის და ვიცი. ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ ისე გადამიყვარდეს ფეხბურთი, რომ ამ ჩანაფიქრზე ხელი ამაღებინა-მეთქი, მაგრამ... არ გამოდის...
ალეკო კაკაურიძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
მალადეც მუშნი
reso
19:16 07-06-2015
0
ეს წაყვანილი ყავს ცხადაძეს ავსტრიაში, ამან თუ ითამაშა კიდევ ნაკრებში .........
zura
09:46 08-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული