საქართველო-უკრაინა 1:2 - სხვანაირი საქართველო [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში, მაგრამ ავსტრიულ ლინცში სხვანაირი საქართველო ვნახეთ და ის ტენდენციებიც გვენიშნა, სამომავლოდ რომ უნდა ჩავეჭიდოთ.

თავიდანვე ვთქვათ, რომ საქმე გვქონდა ძლიერ მეტოქესთან - საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდნენ კიევის "დინამოს", "შახტარისა" და "დნიპროს" ფეხბურთელები. ამ გუნდებმა კი, განსაკუთრებით, "დნიპრომ", ევროთასებზე წარმატებით ითამაშეს...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მოსალოდნელი არჩევანი გააკეთა. გნებავთ, ხუთი მცველი დაარქვით, გნებავთ - სამი. ფაქტია, რომ "კულუარის" მოთამაშეებს, გიორგი ნავალოვსკისა და უჩა ლობჟანიძეს შეტევაში აქტიურად ჩართვა დაევალათ.

მწვრთნელმა მართებულად გააკეთა აქცენტი მინდვრის ცენტრის კონტროლზე. შეტევის ფორპოსტზე კი ბაჩანა ცხადაძე ვიხილეთ. ცხადაძის ხელმძღვანელობით, მისი ვაჟი ეროვნული გუნდის ძირითადში პირველად გამოჩნდა.

დაანონსებული ნოვაცია - ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მწვრთნელმა მოსკოვის "სპარტაკის" შუახაზელი ჯანო ანანიძე დააყენა.

ნათელი იყო, რომ ცხადაძემ შეგირდებს შემოქმედებითი ფეხბურთი შეუკვეთა. თამაში ნახევარდაცვის ოთხეულს უნდა "გაეკეთებინა"...

პირველი ტაიმი: მწყობრად, აგრესიულად, ქართულად!
იმთავითვე უნდა დავწეროთ - პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ითამაშა გამართული, თანამედროვე ფეხბურთი და რაც მთავარია, ითამაშა ქართულად. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რაც უკრაინელთა მკაცრმა პრესინგმა გამოიწვია, ბურთი უაზროდ არ მოგვიშორებია.

თუ არ ვაჯობეთ უკრაინელებს, არც არაფერში ჩამოვრჩით - ასე შეიძლება შევაფასოთ შეხვედრის პირველი 45 წუთი. ცოტა მეტი კლასი და ცივსისხლიანობა რომ გვქონოდა, გოლსაც გავიტანდით.

პირველი სახიფათო მომენტი კი უკრაინამ შექმნა. მეხუთე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლა გარმაშმა მოიგო - ბურთი გიორგი ლორიას კარის მიმართულებით გაგზავნა, თუმცა არაზუსტად.

მე-15 წუთამდე ბურთს, ძირითადად, უკრაინის ნაკრები ფლობდა, თუმცა ამის შემდეგ თამაშის საერთო სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. საქმეში ჩავრთეთ მოკლე პასი და სწრაფი გახსნა, რაზეც უნდა აიგოს სამომავლოდ საქართველოს ნაკრების თამაში. მოვუმატეთ მოძრაობასა და პრესინგს.

პირველი მომენტი იქვე შეგვექმნა - მინდვრის ცენტრში გამწესებულმა სანდრო კობახიძემ მძლავრად დაარტყა მეტოქის კარში. იმ ეპიზოდში ბოიკო თავისიანებს ნაღდად ვერ გადაარჩენდა, თუმცა ბურთი მიზანს ასცდა.

იქვე ბაჩანა ცხადაძემ, უჩა ლობჟანიძემ და ვაკო ყაზაიშვილმა სამსვლიანი კომბინაცია ჩახლართეს, თუმცა ყაზაიშვილს დარტყმული აუცდა. ამის შემდეგ იყო პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების ერთადერთი შეცდომა - ლაშა დვალმა ბურთი დაკარგა, თუმცა სელეზნიოვმა დიდი მანძილით ააცილა კარს.

38-ე წუთზე კი უნდა გაგვეტანა - ქართველთა შორის ყველაზე აქტიურმა გიორგი ნავალოვსკიმ კარგი პასი მისცა ყაზაიშვილს, რომელმაც ერთი მეტოქე სისწრაფეზე ჩამოიშორა და თითქოს საგოლედ მოიქნია, თუმცა... დარტყმა მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი: საჩუქარი და ქართული ენდშპილი
ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოს ნაკრების გუშინდელი მატჩიდან მეორე ტაიმის პირველ ნახევარს ამოვჭრიდი. ეს იყო ჩავარდნა, რომელიც ცხადაძის გუნდს შეემთხვა.

ფაქტია - ფეხბურთელები ბოლომდე ცდილობენ კონცენტრაციის შენარჩუნებას, მაგრამ ეტყობა, ეს ჯერ ვერ გამოდის.

მეორე ნახევრის დასაწყისიდან ჩვენს გუნდში სამი ცვლილება მოხდა, ხოლო უკვე 50-ე წუთზე ვალდებულნი ვიყავით, ანგარიში გაგვეხსნა - აქტიურმა გიორგი ჭანტურიამ უკრაინელთა კარისკენ დაარტყა. ბურთი ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ლევან ყენიას მიუვიდა, ეს უკანასკნელი კი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ... მეკარე ბოიკოს ვერ აჯობა.

შვიდ წუთში კი უკრაინა დაწინაურდა. გოლამდე არტიომ კრავეცმა დაგვინდო, ხოლო მერე იქით გავუკეთეთ საჩუქარი - დვალმა ბურთი ლორიას მიუგორა, მაგრამ ისე ჩანდა, პასი ძლიერი გამოუვიდა, ჩვენმა კიპერმა ბურთი ვერ მიიღო და მოხვდა ძელს, საიდანაც კრავეცმა კარში მიუჩინა ადგილი.

ეს ეპიზოდი კურიოზული გოლების ნაკრებში აუცილებლად მოხვდება...

საქართველოს ნაკრები მოვლენათა ასეთმა განვითარებამ არია და ცხადაძეს გარკვეული დრო დასჭირდა, სანამ თავისი გუნდის თამაშს სიმწყობრეს დაუბრუნებდა. 64-ე წუთზე კი, თუ ტელეგამეორებამ არ მოგვატყუა, პენალტს ვიმსახურებდით - ნავალოვსკიმ ბურთზე აშკარად დაასწრო უკრაინელს, რომელმაც ქართველს ფეხში მოარტყა და გაზონზე დასცა, თუმცა ავსტრიელი არბიტრის სასტვენი დუმდა...

68-ე წუთზე უკრაინის ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახდა. კონოპლიანკამ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ წამით დაასწრო ლობჟანიძეს და ისეთი შეაგდო, როგორიც, ჩვეულებრივ, ვარსკვლავებს გააქვთ ხოლმე.

აუტსაიდერი საქართველო გატეხილი და საბოლოოდ განადგურებული ჩანდა, თუმცა ცხადაძის ბიჭებმა მაინც იპოვეს საკუთარ თავში ძალა და, ალბათ, ბოლო წლებში პირველად დარჩა ჩვენს მხარეს თამაშის ენდშპილი, თანაც - სერიოზულ მეტოქესთან.

74-ე წუთზე, შესვლაზე შესულმა მათე ვაწაძემ შესანიშნავი პასი მისცა ჭანტურიას, მაგრამ ბურთი უკრაინელი მეკარის ნადავლი გახდა.

79-ე წუთზე ნაღდი საგოლე მომენტი გვქონდა. ყენიამ რბილი პასი უბოძა კობახიძეს და ამანაც დაარტყა, თუმცა ბურთს უკრაინელთა მცველი ჩაუწვა და საფრთხეც განიმუხტა.

ორ წუთში გავიტანეთ გოლი, რომელსაც ალალად ვიმსახურებდით. ყენიამ ფლანგიდან დიდებული პასი გაუკეთა ვაწაძეს და დანიური "ორჰუსის" შემტევმაც ნახტომში თავურით ეფექტურად შეამცირა სხვაობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის დასრულებამდე ორი საგოლე შანსი კიდევ გვქონდა - ჯერ ანანიძის ეშმაკურად დარტყმული მოიგერია ბოიკომ, მერე კი ჭანტურიამ შეიწია მარჯვნიდან ცენტრისკენ და მძლავრად დასცხო - თითქოს, ბურთი ხარიხას გაეხახუნა.

შეფასება: როდის ვნახეთ ასეთი საქართველო?
გავრისკავთ და ვიტყვით - კახა ცხადაძის მესამე მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე საუკეთესო იყო მის ჯერაც მოკლე სანაკრებო საქმიანობაში. თუ მეორე ტაიმის პირველ ნახევარს არ ჩავთვლით, გუნდმა სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც მისგან ველით.

სხვა საქმეა, რომ გვაკლია გუნდური კლასი და შეტევაში თამაშიც ჯერ ისევ დასალაგებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ლინცში ერთ გატანილ ბურთს არ დასჯერდებოდა.

ჩვენგან ძალიან შორსაა ტერმინი "ღირსეული წაგება". ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს და ის სუსტების მოგონილია. ის კია, რომ ამ ნაკრებს, წლების განმავლობაში წაგებულის მენტალიტეტით დაღდასმულს, ჯერაც ოდნავი, მაგრამ უკეთესობა ემჩნევა.

ვეღარც კი ვიხსენებთ, როდის ვნახეთ ასეთი საქართველოს ნაკრები - შეცდომებით დამძიმებული, ორი ბურთით ჩამორჩენილი, მაგრამ ჟინიანი, მებრძოლი, ერთის გამტანი და მეორის კინაღამ შემგდები...

ამხანაგური მატჩი
09.06. ავსტრია. ლინცი
საქართველო-უკრაინა 1:2
გოლები: 0:1 კრავეცი (57), 0:2 კონოპლიანკა (68), 1:2 ვაწაძე (81)
საქართველო (5-4-1): ლორია - ლობჟანიძე (70. ალადაშვილი), ამისულაშვილი, დვალი, კაშია (46. სალუქვაძე), ნავალოვსკი - ყაზაიშვილი (70. ვაწაძე), ანანიძე, კობახიძე, ოქრიაშვილი (46. ყენია) - ცხადაძე (46. ჭანტურია).
სათადარიგოები: კვასხვაძე, რევიშვილი, მახარაძე, დაუშვილი, თოთაძე, პაპუნაშვილი, ცინცაძე.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
უკრაინა (4-5-1): ბოიკო - კსენძი, ხაჩერიდი, რაკიცკი, მოროზიუკი - გარმაში (46. სიდორჩუკი), გუსევი (46. შევჩუკი), როტანი (46. ტიმოშჩუკი), სტეპანენკო (46. რიბალკა), კონოპლიანკა (75. ოლეინიკი) - სელეზნიოვი (46. კრავეცი).
სათადარიგოები: პიატოვი, შევჩენკო, გლადკი, მალიშევი, პილიავსკი, კუჩერი, იარმოლენკო, ბუდკივსკი.
მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო
გაფრთხილება: ხაჩერიდი (7)
არბიტრი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ეგეთი კანონი ქონდათ 90-ანებში, ჰოდა ფეხბურთის მაგივრად ჟორდანია (და მის უკან მდგომნი) გამდიდრდა.
iraklis
11:32 12-06-2015
0
საქართველოს მართლაც გაუმარჯოს,მაგრამ ფეხბურთში ნამდვილად არაა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული,რა პროგრესი,რის პროგრესი ხალხო რეებს წერთ,საერთოდ აზრზე ხართ,ფეხბურთს უყერებთ თუ 'სვარკას'ვერ გამიგია,ვაი ჩვენს პატრონს უბედურს.
roma
11:16 12-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული