პოლონეთი VS საქართველო - ურთულესი გამოცდა

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრები ვარშავაში
13 ივნისს, ვარშავის "ნაროდოვიზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში D ჯგუფის ლიდერს, პოლონეთის მთავარ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

რა თქმა უნდა, კახა ცხადაძის კრებულს ურთულესი გამოცდა ელის. ეჭვგარეშეა, პოლონელები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ეს თამაში მოიგონ და კიდევ უფრო გაიმყარონ ლიდერის სტატუსი. მით უმეტეს, ადამ ნავალკას გუნდს ძალიან რთული მატჩები დარჩა ჩასატარებელი...

ცვლილებები არ უნდა გაგვიკვირდეს
საქართველოს ნაკრები ამ მატჩისთვის ავსტრიაში მოემზადა. ჩვენებმა
ნაყოფიერად ივარჯიშეს და ერთი საკონტროლო მატჩიც გამართეს, რომელშიც მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ უკრაინასთან (1:2).


საქართველოს ნაკრების გარჯას ურიგო არ ეთქმოდა, თუმცა აშკარა იყო შეცდომებიც. ამიტომ გვგონია, რომ პოლონეთთან ოფიციალურ შეხვედრაში რამდენიმე პოზიციაზე უნდა მოხდეს ცვლილება.

არ გვგონია, კახა ცხადაძემ მეკარე გიორგი ლორია შეცვალოს. სამაგიეროდ, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მინდვრის ცენტრში და წინა ხაზში გარკვეული გადაადგილებები მოხდება. რატომღაც, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი გუნდის შეტევის ფორპოსტზე მათე ვაწაძეს ვიხილავთ, ვინც მშვენიერი გოლი გაუტანა უკრაინას - ეს იმ შემთხვევაში, თუ ვარჯიშზე მიღებული ტრავმა თამაშის საშუალებას მისცემს.

არც ის არის გამორიცხული, მარჯვენა მცველის პოზიციაზე უჩა ლობჟანიძე კახა ალადაშვილმა ჩაანაცვლოს. სამაგიეროდ, ის კი ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს პოლონეთთან მატჩში ვერ დაეხმარებიან გოგიტა გოგუა და ლევან მჭედლიძე.

ეს უკანასკნელი შესანიშნავ ფორმაში იყო და აკი დუბლიც გაუტანა "ინტერს". რაც შეეხება გოგუას, შესაძლოა, სწორედ მას მოეგვარებინა პრობლემა ჩვენი ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგზე...

საქართველოს ნაკრები პოლონეთთან მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, (რუსეთი), როინ კვასხვაძე (ოთელოსი, კვიპროსი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - ინტერი, აზერბაიჯანი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა თოთაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), კახა ალადაშვილი (სკა ენერგია, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია);
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი).

ნავალკა მაინც ფრთხილობს
რა თქმა უნდა, პოლონეთის ნაკრები ამ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს, მაგრამ მათი მთავარი მწვრთნელი ადამ ნავალკა მაინც ფრთხილობს.

"საქართველოს ნაკრებთან თამაში იოლი არ იქნება. ჩვენ უნდა დავიჭიროთ ბურთი და ამასთან ერთად, შევეცადოთ შეტევების დაგვირგვინებას. ჩვენ ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით მათ, თუ რას ვითხოვთ.

მახარებს კუბა ბლაშჩიკოვსკის დაბრუნება. ადრეც ვთქვი - მე ვიყავი დორტმუნდში, ვესაუბრე მას და ის მოტივაციითა სავსე. უდიდესი გამოცდილების ფონზე ბლაშჩიკოვსკი ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

საქართველოს ნაკრები ითამაშებს დაცვიდან და შედეგზე. ბოლომდე დაგვჭირდება მობილიზება, რადგან მოწინააღმდეგეს ახალი მწვრთნელი ჰყავს და თამაშის ორგანიზაციაც განსხვავებული იქნება იმისგან, რაც თბილისურ მატჩში იყო.

ჩვენთვის პრობლემაა დაცვის ხაზში რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა. ვუხმეთ მიხალ პაზდანს, ვინც შესანიშნავ ფორმაშია. რაც შეეხება "ლესტერის" მცველ მარცინ ვასილევსკის, მე მოკლედ ასე ვიტყოდი - ის ჩვენს სათამაშო მონახაზში ვერ ჯდება. საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჩვენი ერთადერთი ამოცანა გამარჯვებაა და შეგვწევს კიდეც ამის ძალა. მთავარია, თავიდან ბოლომდე არ დავკარგოთ კონცენტრაცია", - თქვა ნავალკამ.

ჯერაც არ არის ბოლომდე გარკვეული, ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრებთან მატჩში პოლონეთის ნაკრებისა და "სევილიას" ერთ-ერთი ლიდერი გჟეგოჟ კრიხოვიაკი. ის ტრავმას იშუშებს. აი, მისი კომენტარიც:

"წინ შვებულება გველის, მაგრამ ეს განწყობა გვერდით უნდა გადავდოთ. საქართველოსთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია".

პოლონეთის უპირველესი გუნდი ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), პრჟემისლავ ტიტონი (ელჩე, ესპანეთი);
მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), კამილ გლიკი (ტორინო, იტალია), მარცინ კომოროვსკი (ტერეკი, რუსეთი), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (ალ-იტიჰადი, საემიროები), ლუკაშ ბროჟი (ლეგია), რაფალ იანჩიკი (ლეხია), ტომაშ კეძიორა (ლეხი), მიხალ პაზდანი (იაგელონია);
ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (დორტმუნდი, გერმანია), კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), სლავომირ პეშკო (კიოლნი, გერმანია), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია, ესპანეთი), კრშიშტოფ მაჩინსკი (გუიჯოუ, ჩინეთი), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), არიელ ბორისიუკი, სებასტიან მილა (ორივე - ლეხია), კაროლ ლინეტი, დავიდ კოვნაცკი (ორივე - ლეხი), ტომაში იედლოვიეცი, მიხალ კუხარჩიკი (ორივე - ლეგია);
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), პატრიკ ტუჩინსკი (იაგელონია).

სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი: ფაბიანსკი, ბლაშჩიკოვსკი, შუკალა, ციონეკი, ვავრინიაკი, პეშკო, კრიხოვიაკი, იედლოვიეცი, რიბუსი, მილიკი, ლევანდოვსკი.
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (ან ალადაშვილი), კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, დვალი, ოქრიაშვილი (ან ყენია), კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი, ვაწაძე (ან ჭანტურია).

ვინ განგვსჯის?
პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრას იმსაჯებს 35 წლის ბელარუსი არბიტრი ალექსანდრ კულბაკოვი. მან მსაჯობა ძალიან ადრე, 16 წლის ასაკში დაიწყო. 23 წლისა უკვე ბელარუსის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ემსახურებოდა, ხოლო 25 წლისა ფიფას რეფერი გახდა.

2007 წელს შედგა მისი საერთაშორისო დებიუტი მატჩში, რომელშიც კვიპროსმა ევროშესარჩევ ციკლში შინ 3:0 მოუგო სან მარინოს.

ისტორიიდან
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება პოლონეთის ნაკრებთანაა დაკავშირებული. 1997 წელს, თბილისში, ჩვენს ახლანდელ მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გავუტანეთ.

მაშინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თავი არჩილ არველაძემ, კახა ცხადაძემ და თემურ ქეცბაიამ გამოიჩინეს.

დანარჩენ შემთხვევაში გამარჯვება პოლონელებს რჩებოდათ, ხოლო რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლს, მისი გახსენებაც კი აღარ გვინდა. სწორედ იმ გამანადგურებელი მარცხის (0:4) შემდეგ დასრულდა თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა საქართველოს ნაკრებში.

ურთიერთშეხვედრები
14.06.97. მჩ შესარჩევი მატჩი
პოლონეთი-საქართველო 4:1
0:1 შ. არველაძე (26), 1:1 ლედვონი (33), 2:1 ტრეშჩაკი (35), 3:1 ბუკალსკი (70), 4:1 ნოვაკი (90)

10.11.97. მჩ შესარჩევი მატჩი
საქართველო-პოლონეთი 3:0
1:0 ა. არველაძე (53), 2:0 ცხადაძე (66), 3:0 ქეცბაია (72)

10.08.11. ამხანაგური მატჩი
პოლონეთი-საქართველო 1:0
1:0 ბლაშჩიკოვსკი (36)

14.11.14. ეჩ შესარჩევი მატჩი
საქართველო-პოლონეთი 0:4
0:1 გლიკი (51), 0:2 კრიხოვიაკი (71), 0:3 მილა (73), 0:4 მილიკი (90)

ევრო 2016. საკვალიფიკაციო. VI ტური. D ჯგუფი
13 ივნისი
პოლონეთი-საქართველო 20:00
ირლანდია-შოტლანდია 20:00
გიბრალტარი-გერმანია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 5 3 2 0 16-3 11
2. გერმანია 5 3 1 1 9-4 10
3. შოტლანდია 5 3 1 1 11-5 10
4. ირლანდია 5 2 2 1 11-4 8
5. საქართველო 5 1 0 4 4-9 3
6. გიბრალტარი 5 0 0 5 1-27 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მთავარია ღირსეულათ ვითამაშოთ ხოლო როდესაც უმოტივაციოთ თამაშობ ადილად დამარცხდები უბრძოლველად ეს სირცხვილია ასეთ თამაშის ყურებას სულ რომ არ უყურო ჯობია შეიძლება დამარცხდე მაგრამ აცვენო თამაში მეტოქეს ღირსეული წინაარმდეგობა გაუწიო მაყურებელმა დაინახოს პოტენციალი რომ შეგიძლია და თავს არ დაზოგავს გიგულშემატკრივებს გაგამხნევებს შეგიყვარებს ხოლო როდესაც ისე ითამაშებ რომ შეგაძულებს ფეხბურთს ასეთ შმთხვევაში ჯობია სულ უარი განაცხადო ეროვნული ქვეყნების დონეზე თამაშს იმიტომ რომ ქვეყნის ღირსება ილახება იმედი მაქვს რომ ასახელებთ ქვეყანას და არავის დასაცინი არ გავხვდებით გისურვებთ წარმატებას იღბალს და გამარჯვების სიხარულს
ემზარი
12:25 13-06-2015
0
მკვდრების თამაშია
zura
17:13 13-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული