მათე ვაწაძე: ამას აუცილებლად გამოვასწორებთ...

AutoSharing Option
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ერთადერთი გოლი დანიური "ორჰუსის" 26 წლის შემტევმა მათე ვაწაძემ გაიტანა.

გოლი კი ისეთი გამოვიდა, ნაღდ ფორვარდს რომ შეჰფერის - მათემ ნახტომში, მძლავრი თავურით აიღო მეტოქის კარი.


"ლელო" ვაწაძეს ავსტრიაში, ეროვნული გუნდის პოლონეთში გამგზავრებამდე დაუკავშირდა და ეს მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

- მათე, შეაფასეთ უკრაინასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩი...
- ჩემი აზრით, თამაშის ხარისხი უკეთესი იყო, ვიდრე წინა შეხვედრებში. ამის მიუხედავად, შედეგით ყველანი ძალიან უკმაყოფილონი ვართ.

- რამდენად რთული იყო ორბურთიანი ჩამორჩენის
შემდეგ ფსიქოლოგიური მხნეობის შენარჩუნება?

- კარგია, ეს რომ შევძელით, ბოლო წუთები შეტევაში გავატარეთ. შეგვეძლო, მეორე გოლიც გაგვეტანა, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ...

- რას იტყვით საკუთარ თამაშზე?
- ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი, ჯობია, ეს სპეციალისტებმა გააკეთონ. რაც შეეხება საერთო სურათს, ყველა ფეხბურთელი შეეცადა, მაქსიმუმი დაედო მინდორზე. ვფიქრობ, რომ არა დასანანი შეცდომა პირველი გოლისას, სასურველ შედეგს მივაღწევდით.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ვახერხებთ საგოლე მომენტების გამოყენებას? რა გვაკლია?
- მომენტებს დღეს ყველა აფუჭებს. ჩემი აზრით, მთავარია შევქმნათ ბევრი საგოლე სიტუაცია მეტოქის კართან და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ მათგან მეტი წილი გამოვიყენოთ...

- გულშემატკივარს თქვენი საკლუბო ამბებიც აინტერესებს. "ორჰუსი" დანიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. რას აპირებთ? რჩებით გუნდში?
- ჯერ კონკრეტული არაფერია. შეიძლება ითქვას, მოლაპარაკების პროცესში ვარ.

- შეთავაზებები არის?
- ამ ეტაპზე არ მსურს, დავკონკრეტდე, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ დიახ, შეთავაზებები მაქვს - ძირითადად ევროპული გუნდებიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული