არ უნდა დავმჯდარიყავი! - კახა ცხადაძის ბოდიში და ოპტიმიზმი

AutoSharing Option
გუშინ, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ბოლო ორი სანაკრებო მატჩი (უკრაინასა და პოლონეთთან) შეაფასა. გარდა ამისა, ეროვნული გუნდის დამრიგებელმა სხვა არაერთ საინტერესო საკითხზეც ილაპარაკა...

- თავდაპირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით მსურს, სამძიმარი ვუთხრა თბილისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. უნდა გითხრათ ისიც, რომ ველაპარაკე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და ისინი მზად არიან, საკმაოდ სოლიდური თანხით დაუდგნენ გვერდით სტიქიით დაზარალებულებს...

ახლა გადავალ ბოლო ორი მატჩის ანალიზზე.
დავიწყებ ყველაზე უსიამოვნოთი. ის, რაც მოხდა პოლონეთთან შეხვედრის ბოლო ოთხ წუთში, ეს იყო წარმოუდგენელი და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მომხდარში საკუთარ თავს ვადანაშაულებ. როცა მეორე გოლი გავუშვით, დავჯექი. არ უნდა დავმჯდარიყავი.

როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა სწორედ მაშინ ჩათვალეს, რომ ყველაფერი დასრულდა...

მას შემდეგ, რაც პოლონეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაწინაურდა, 25 წუთის განმავლობაში სერიოზული ფეხბურთი ვითამაშეთ. აღმოჩნდა, რომ მეორე გოლმა გაგვტეხა. ეს ევროპელს არასოდეს მოუვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. არ უნდა დავმჯდარიყავი!..

ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო იმაზე, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ კონცენტრაცია...

ყველანაირად გავარჩიე უკრაინასა და პოლონეთთან მატჩები. აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან თითქმის ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში უპირატესობა გვაქვს. მაგალითად, კარისკენ 15-ჯერ დავარტყით. თუ ამ ორ შეხვედრას გავამთლიანებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 1070 თუ 1080 გადაცემა გააკეთა...

თუ უფრო დეტალურად ჩავუღრმავდებით, უკრაინასთან მატჩის პირველი ტაიმი შესანიშნავად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში განვახორციელეთ დაგეგმილი შეცვლები და ამან ტაიმის დასაწყისში ცოტა არია თამაში...

ორი გაშვებული გოლის შემდეგ სულ სხვა თამაში წავიდა. ჩვენი მხრიდან ხშირი იყო კარში დარტყმები და ბურთიც ჩვენი იყო. ამან მოიტანა რწმენა, რომ შეგვიძლია პირველ ნომრად თამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია...

პოლონეთთან შეხვედრას რაც შეეხება, პირველი 25 წუთი ჩავაგდეთ. რომ არა ლორიას ორი "სეივი" და ამისულაშვილის თავგანწირული თამაში, რომელმაც ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ანგარიში სხვა იქნებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ პოლონეთთან მატჩში აქტიურები იყვნენ ჩვენი გუნდის მარჯვენა და მარცხენა მცველები...

უკრაინასთან 27 ფლანგური გადაცემა შესრულდა, პოლონეთთან - 20. ვარშავაში იყო ბოლო, გამამწვავებელი პასების ნაკლებობა და ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ...

ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ, ვქმნით ახალ თამაშს და ამ პროცესში შეიმჩნევა ბევრი პოზიტივი. მესმის, რომ ქომაგს აინტერესებს შედეგი. თავის მხრივ, ის მართალია და გვჯერა, შედეგიც გვექნება...

როცა გამოქვეყნდა სანაკრებო სია, იმთავითვე გაისმა კითხვები ამასთან დაკავშირებით - დიახ, ჩვენ ძველი ნაკრებიდანაც ვუხმეთ ფეხბურთელებს. ეს იმიტომ, რომ გაგვერკვია, ვინ შეიძლება გამოგვადგეს ახალი გუნდის მშენებლობის პროცესში და ვინ - არა...

ამასთან ერთად, მინდა ვთქვა ისიც, რომ ეროვნული ნაკრების სრულფასოვანი წევრები არიან მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი და ლაშა დვალი. ჩემი აზრით, აუცილებელია, კოორდინირებულად ვიმუშაოთ ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან, რადგან ამ ბიჭებს მხოლოდ ვარჯიში კი არა, სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ.

- ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებში თვალსაჩინოა მარჯვენა მცველის პრობლემა. რას იტყვით ამაზე?
- მოდით, ნუ ვიტყვით ასე... მე მიმაჩნია, რომ უჩა ლობჟანიძემ პოლონეთთან საკმაოდ კარგად ითამაშა. სხვა საქმეა, რომ მხოლოდ მას ვერ დავეყრდნობით. არჩილ არველაძესთან ერთად ვისაუბრეთ ამ თემაზე და უნდა შეიქმნას სია, რომელშიც რამდენიმე ფეხბურთელი გვეყოლება მოაზრებული ერთ პოზიციაზე...

ავიღოთ თუნდაც მარცხენა მცველის პოზიცია. აქ გვყავს გიორგი ნავალოვსკი და გვყავს გია გრიგალავა. ჩვენ გრიგალავასაც მოვიაზრებთ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. თუმცა ჯერ მასთან ვერ დავამყარეთ კონტაქტი...

საერთოდ, ავსტრიულმა შეკრებამ საკმაოდ ბევრი რამ გამოაჩინა. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ გოგიტა გოგუას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, მათ შორის, საყრდენის პოზიციაზეც და ეს ძალიან კარგია. გოგუათი კმაყოფილი დავრჩი, ოღონდ, ეგ იყო, რომ ბოლოს ჰემატომა აღმოაჩნდა, კუნთი გაუწყდა...

იგივე ცინცაძე ავიღოთ. მას ყველანაირი პირობა აქვს, რომ იქცეს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. სხვა საქმეა, როცა ფეხბურთელს ვარჯიშზე უყურებ. იქ მას სხვანაირად აფასებ. კმაყოფილი დავრჩი ცინცაძით და იმავე პაპუნაშვილითაც. ნაკრების კანდიდატად შეგვიძლია მოვიაზროთ აგრეთვე ნიკა კაჭარავა...

ცინცაძის შეშვება მინდოდა პოლონეთთან მატჩში, მაგრამ მაინც გადავიფიქრე. ძალიან სათუთი თემაა... ახალგაზრდა ფეხბურთელი, ასეთი თამაში...

- რამდენად გაამართლა თქვენ მიერ არჩეულმა ტაქტიკურმა სქემამ?
- ამ სქემას სჭირდება ერთი რამ - სამი ცენტრალური მცველის წინ უნდა იყოს ერთი ფეხბურთელი. მეორე ტაიმში მინდორზე ბუბა დაუშვილი შევუშვით და იმ ბოლო ოთხ წუთამდე ყველაფერი იყო კარგად...

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ პრესინგზე, მის ნაირსახეობაზე... მაგალითად, ეგრეთ წოდებულ "მეორე პრესინგზე". სწორედ ამის შედეგად აართვა ბურთი მეტოქეს ჯანო ანანიძემ და გადააწოდა გიორგი ნავალოვსკის, რომლის დარტყმულიც ძელს მოხვდა...

არ მოვერიდებით ცვლილებებსაც. მაგალითად, სერიოზულ თამაშში სანდრო კობახიძეს აღარ დავაყენებთ საყრდენის პოზიციაზე. მას სხვა ადგილს შევურჩევთ.

- ლუკას ჰუფნაგელი "ფრაიბურგში" გადავიდა, აკაკი გოგია - "ბრენტფორდში". ვიცით, რომ როლანდ გიგოლაევსაც აკვირდებით...
- ჩვენ გვახარებს ჰუფნაგელის პროგრესი და ის, რომ ასეთ ძლიერ გუნდში გადავიდა. ასევე ისიც, რომ აკაკი გოგია ითამაშებს ინგლისის ჩემპიონშიფში. გოგიას აუცილებლად დავუძახებთ საქართველოს ნაკრებში. რაც შეეხება გიგოლაევს, მას ჩვენ მოვიაზრებთ მარცხენა მცველის პოზიციაზე და ჯერჯერობით ვაკვირდებით. მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე კი გვყავს უფრო კვალიფიციური მოთამაშეები. ასე რომ, შანსი ყველა მოთამაშეს ექნება...

- ადრე საქართველოს ნაკრებში სულ იყო კონფლიქტები. ამ შემთხვევაში როგორაა? მოგყვებათ გუნდი?
- საერთოდ, არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც სკამზე ჯდომით კმაყოფილი იქნება. ინდივიდუალური საუბრებითა თუ მიდგომით შევძელით, რომ დღეს გუნდში კარგი კლიმატია...

ერთი ვარჯიში იყო მხოლოდ ავსტრიულ შეკრებაზე, რომელიც ჩავარდა, ბიჭებმა ვერ შეასრულეს დავალებები... მერე მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, ასეთი რამ აღარ განმეორდება, ეს დღე დავივიწყოთო. მეორე დღეს ჩვენ ჩავატარეთ ფანტასტიკური ვარჯიში...

ახლა ჩვენს ფეხბურთელებს აღარ აქვთ გაყინული თვალები, ეს თვალები ბრძოლის ჟინითაა ანთებული... პირადად ჩავაწერინე კონტრაქტში ის პუნქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უნდა დაიკავოს მინიმუმ მესამე ადგილი. მე მჯერა, რომ ჩვენს ნაკრებს ამის ძალა შესწევს.

ჩვენ ვუმატებთ. ჯერ შედეგი არ არის, მაგრამ თუნდაც შეტევაში ლაგდება თამაში. მალტა "დავახრჩვეთ". ლამაზი ფეხბურთით არ მოგვიგია, მაგრამ ახლა შედარებით დალაგებულია შეტევაში თამაში.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრისას საქართველოს ნაკრები მეექვსე კალათაში იქნება. ეს საქმეს ართულებს...
- რა თქმა უნდა... ჩვენთვის ყველა ქულას აქვს ოქროს ფასი. ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროშესარჩევი ციკლის დარჩენილი მატჩები შედეგიანად ჩავატაროთ.

გვჭირდება ნაკრებში დაზვერვის დეპარტამენტი?
...პრესკონფერენციის ბოლოს სიტყვა აიღო ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა.

- დღევანდელი ფეხბურთი ომია და ომში საჭიროა დაზვერვა. ალბათ, კარგი იქნებოდა, ნაკრებში შეგვექმნა "დაზვერვის დეპარტამენტი" და ვეტერანი ფეხბურთელებისთვის მიგვეცა მოწინააღმდეგეების გაშიფვრის საშუალება...

კახა ცხადაძე:
- თქვენ იცით, რომ დიდ პატივს გცემთ. ამ ეტაპზე არის ფორმირებული საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 12 თუ 14 ასისტენტი იყოს სამწვრთნელო შტაბში, როგორც ეს არის ანჩელოტის ან მოურინიოს შემთხვევაში. მე მოვისმენ ყველა თქვენს აზრს და ინფორმაციას. ამას გპირდებით!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
კახა ცხადაძის მსჯელობები საინტერესოა ის გამოცდილი მწვრთნელია რა თქმა უნდა ბევრი მუშაობაა საჭირო რომ გაუმჯობესდეს ნაკრების თამაში წაგებები მწარეა და დასანანი განსაკუთრებით იასეთი რაც პოლონთთან მოხდა როცა გუნდი იბრძოდა არ უდებდა ტოლს მრისხანე მეტოქეს ვერ ვიტყვი რომ პოლონეთი მოგებას არ იმსახურებდა მაგრამ ამ ანგარისით ნამდვილად არა ფეხბურთელებმა გული არ გაიტეხონ თამაშს ყოველთვის აქვს აზრი იმედი ყოველთვის არის მთავარია არ დაიკარგოს იმედი იყოს ბრძოლის ჟინი და გამარჯვებებიც აუცილებლად იქნება ფარერები თითქმის სულ აგებდნენ მაგრამ აი საბერძნეთს ორივე მატჩი მოუგეს იმ საბერძნეთს რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო
ემზარი
10:16 23-06-2015
0
ოთხი თამაშიდან სამი წააგო და მწვრთნელი მაინც კმაყოფილია. სულ მომავლის იმედათ არიან ეს საცოდავები, აბოლებენ ხალხს და გასდით კიდეც. ამბობენ ნიჭიერი თაობები მოვიდაო და ეს სასაფლაოზე ეძებს ფეხბურთელებს. ჩვენს მარჯვენა მცველს, რომ მწვრთნელი შეაქებს მისი რა უნდა იწამო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული