სკანდალი: შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ!

AutoSharing Option
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა ქართული საფეხბურთო თემისთვის შოკისმომგვრელი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ტყუილად გამოტოვა პოლონეთთან მატჩი.

მოდით, გავეცნოთ ლეგენდარული ფეხბურთელის დეტალურ განმარტებას: "ყოველი შესარჩევი მატჩის წინ უეფა ფეხბურთის ფედერაციებს უგზავნის იმ მოთამაშეთა სიას, რომლებიც ან დისკვალიფიცირებულნი არიან, ან ამ საფრთხის წინაშე იმყოფებიან. როცა ფეხბურთელის გასწვრივ არის "ვარსკვლავი", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი მომდევნო ყვითელი ბარათის შემთხვევაში ტოვებს მატჩს. შეიძლება ქართველებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო დისკვალიფიკაციის
ნიშანი და ამიტომაც არ ათამაშეს კანკავა", - თქვა ბონეკმა.

რაო? ნამდვილად არ გვეჩვენება - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პოლონეთთან მატჩი სულ ტყუილად გამოტოვა. მიმდინარე შესარჩევში მან პირველი ყვითელი ბარათი პოლონეთთან თბილისური თამაშისას მიიღო, მეორე კი - გერმანიასთან 29 მარტის მატჩში, ბასტიან შვაინშტაიგერთან შეხლისას. მესამე ყვითელი მას არ მიუღია!

დიდი, ძალიან დიდი სკანდალია. ისეთი, ფეხბურთის ფედერაციის ისედაც არცთუ მაღალ ავტორიტეტს კიდევ დაბლა რომ დასცემს.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ როგორც ევროპულ, ისე ჩვენს ფეხბურთში მომხდარა ასეთი ამბები. რაღა შორს წავიდეთ, ყველას გვახსოვს, რატომ ჩაეთვალა თავის დროზე "ბათუმს" წაგება ერევნის "არარატთან"; რატომ გაგვიუქმა ფიფამ ალბანეთთან მოგებული ამხანაგური მატჩი ან რისთვის ჩაეთვალა ლუქსემბურგთან წაგება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს...

სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ არათუ სხვის, საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ.

არადა, არსებობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, არსებობს სანაკრებო დეპარტამენტი და ელემენტარულად, ფიფას რეგულაციების სწორად წაკითხვა მაინც უნდა ხერხდებოდეს.

მართლაც და, რისი მაქნისია ის ფედერაცია და ის დეპარტამენტი, რომელიც ეროვნული გუნდის კაპიტანს სანაკრებო შეხვედრას ტყუილუბრალოდ გამოატოვებინებს?

ვაწყდებით პრობლემას, რომელსაც 21-ე საუკუნეში არამც და არამც არ უნდა ვაწყდებოდეთ - უეფას რეგულაციების არასწორ გაგებას. რეგლამენტში ხომ ყველაფერი გასაგებად, შავით თეთრზე წერია?!.

გასაგებია, რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ გააჩნია შეცდომის მასშტაბსაც. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში სანაკრებო ინტერესები ზარალდება და ილახება.

სულაც არ ვამტკიცებთ, რომ კაპიტნის მინდორზე ყოფნის შემთხვევაში კახა ცხადაძის გუნდი პოლონეთს დაამარცხებდა, მაგრამ ფაქტია - ქვეყნის პირველ გუნდს დიდი ძალა დააკლდა ვარშავაში.

აქვე ვთქვათ, რომ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა ევროშესარჩევი მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტებზე და ქართული მხარე 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.

როგორც უეფას რაპორტში წერია, დაირღვა შემდეგი პუნქტები: 1. გულშემატკივრები მინდორზე შეიჭრნენ; 2. გამოყენებულ იქნა პიროტექნიკა; 3. გერმანიასთან მატჩის ორგანიზება ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე. იგულისხმება დაბლოკილი კიბეები, დაკეტილი კარიბჭეები (ეს ძველი სენია), აკრედიტაციების ცუდი სისტემა, სტიუარდთა არაკვალიფიციურობა...

50 ათასი ევრო პატარა თანხა არ არის უზომოდ შეჭირვებული ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვთქვათ, რომ ეს წარსულია და რომ ამას აღარაფერი ეშველება, ესეც არ იქნება სწორი, რადგან ჩნდება შიში: ამ შენიშვნებიდან გამომდინარე, შევძლებთ კი სუპერთასის ღირსეულად მასპინძლობას?

შევძლებთ, ღირსეულად გავართვათ თავი ამ ამოცანას იმ პირობებში, როცა ქართული ფეხბურთის ზედა ეშელონებში კომპეტენციის დეფიციტი ჩანს?!.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოდით ვაღიაროთ,რომ ჩვენ გვინდოდა მოგვეგო გერმანიისთვის და პოლონეთისთვის.აბა წამოიდგინეთ,რომ გერმანიის,ან პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი შეცდომა დაუშვა და გუნდის კაპიტნები (შვაიშტაიგერი ან ლევანდოვსკი) არ ათამაშეს 2 თამაში და ორივე წააგეს.მერე აღმოჩნდა,რომ თურმე უნდა ეთამაშათ.ანუ,უფლება ჰქონდათ თამაშის(როგორც კაკნკავას)...ეხლა გეკითხებით ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს,იმ ფედერაციის ხემძღვანელობა თვითონვე 1 დღე კიდევ გაჩერდებიან გერმანული ან პოლონური ფეხბურთის სათავეში?
ახლა ამასაც გეკითხებით,მაშ ასეთი ქვეყნის ნაკრებმა,სადაც სინდის-ნამუსი არ აქვთ ფედერაციის ხემძღვანელებს,როგორ უნდა მოვუგოთ გერმანიას და პოლონეთს,სადაც ფეხბურთის სიყვარული და პრინციპი უფრო მაღლა დგას,ვიდრე საკუთარი ღირსება?
Zaza
18:48 24-06-2015
0
მიდი სიჭინავა არ გააბედიო ამათ არაფერი ,ხედავ რას გიპირებენ
reso
15:31 27-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული