როცა ფეხბურთის თამაში გინდა, მაგრამ... საქართველოს უგუნდოთა ნაკრები

AutoSharing Option
ამ წერილის დაწერა დღეს ქართულ ფეხბურთში შექმნილმა ურთულესმა ვითარებამ გვიკარნახა. საიდუმლო არავისთვისაა: ქართული ფეხბურთი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა უფსკრულთან და არც ასეთი სუსტი პირველობა გვქონია.

უნდა შევთანხმდეთ: ასეთ დროს ქართულ ფეხბურთს, ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი უგუნდოდ იყოს.

იმთავითვე განვსაზღვროთ - ეს ბიჭები არ ითხოვენ "ოქროს მთებს". მათი ერთადერთი სურვილია, რომ ფეხბურთი ითამაშონ. მხოლოდ რამდენიმე ისეთ ფეხბურთელზე ვიტყვით, დღეს რომ უგუნდოდ არიან. მართალია, ზოგიერთი მათგანი საქართველოს ჩემპიონატში თამაშს უარობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში,
ასე არაა.

მანამდე ვისურვებდით ერთს: ამ ბიჭების უგუნდოდ ყოფნას ბოლო მალე უნდა მოეღოს, რადგან მათი უმრავლესობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატია...

ალეკო ამისულაშვილი (32 წლის)
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის მომავალი, სავარაუდოდ, უახლოეს 2-3 დღეში უნდა გაირკვეს. ამისულაშვილი ახლოს იყო გორის "დილაში" გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. არის თბილისის "დინამოს" ინტერესიც. ამისულაშვილთან დაკავშირებით ახსენეს მისი ყოფილი კლუბი ბაქოს "ინტერი" და, ასე განსაჯეთ, ქობულეთის "შუქურაც"...

გია გრიგალავა (25 წლის)
ეროვნულ გუნდს უთამაშებლობის გამო ჩამოშორდა. ახლა ის "ცხინვალთან" ერთად ემზადება და სასურველ წინადადებას ელის. თუ არაფერი გამოჩნდა, ალბათ, ცუდი არ იქნება, თუ ცხინვალელებს ევროპალიგაზე დაეხმარება.

დავით სირაძე (33 წლის)
გამოცდილი ფორვარდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს. "დაჩიადან" დაბრუნების შემდეგ მისი მსურველი ჯერ არ ჩანს. ტენდენცია ჯერაც ისეთია - როგორც ჩანს, ქართველი მწვრთნელები, პირველ რიგში, პასპორტში იყურებიან.

ჯაბა დვალი (30 წლის)
საქართველოს ჩემპიონატის ყოფილი საუკეთესო ბომბარდირი ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი შენაძენი უნდა იყოს. ერთი ეგაა, დვალის გადაბირების მოსურნე კლუბს გარკვეული თანხის (საუბარი არ არის დიდ ფულზე) გადახდა მოუწევს კიშინიოვის "დაჩიასთვის".

ოთარ ხიზანეიშვილი (33 წლის)
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს შეუძლია ფეხბურთის თამაში და მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბოლო დროს "ზესტაფონში" გარჯისას, როცა უმოკლეს დროში აღიდგინა სათამაშო ფორმა და გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. წესით, მისი დამატება საქართველოს ჩემპიონატის ბევრ კლუბს წაადგება.

ლაშა სალუქვაძე (33 წლის)
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კანდიდატი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქართული კლუბისთვის პირდაპირ მისწრება იქნებოდა მისი სამსახური.

დავით თარგამაძე (25 წლის)
ასეთ ასაკში ფეხბურთელს ვერაფრით მოვუწონებთ დონეცკის "შახტარის" დუბლებში მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშს. შესაძლოა, მისი კარიერისთვის ამ ეტაპზე უკეთესიც კი იყოს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება და კარიერის თავიდან აწყობა...

რევაზ თევდორაძე (27 წლის) 
მეკარეს უთამაშია არაერთ ქართულ კლუბში, აზერბაიჯანსა და ლატვიაში. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი.

გიორგი ფოფხაძე (28 წლის)
საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია და არაერთ უცხოურ გუნდშიც. თანაბრად ძლიერია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ბოლოს პოლონურ "იაგელონიაში" იყო, სადაც გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიგო.

თორნიკე გორგიაშვილი (27 წლის)
თავის დროზე, "ზესტაფონში" თამაშისას, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახლდათ. ბოლო დროს მოუკლო, თუმცა ისეთ ასაკშია, რომ კიდევ შეუძლია, ძველ დონეს დაუბრუნდეს.

შესაძლოა, რომელიმე ფეხბურთელი გამოგვრჩა, მაგრამ ვინც ჩამოვთვალეთ, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში არც ესენი უნდა დაიკარგონ.

კიდევ ერთხელ ვამბობთ - საამისო ფუფუნება, უბრალოდ, არ გვაქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელები!
სახელმწიფო დაფინანსებით გაკეთდეს უმაღლესი ლიგისთვის უგუნდოთა კლუბი, სადაც შეიკრიბებიან მხოლოდ საუკეთესო ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ფეხბურთელები. ისინი სტაბილურად მიიღებენ ანაზღაურებას 2000 ლარის ოდენობით, კვირაში ერთხელ აუცილებლად ჩააბარებენ ტესტს ფიზიკურ მომზადებაში და კერძო კლუბებიდან დაელოდებიან მიწვევას. ოფიციალური თამაშებისთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვდებიან ფიზიკური ტესტის უკეთესად ჩამბარებლები.
მწვრთნელები ხელფასის ნაცვლად მიიღებენ სოლიდურ პრემიებს მხოლოდ მოგებული თამაშის შემთხვევაში.
ასე ქართული ფეხბურთის დონე უფრო სწრაფად ამაღლდება, უგუნდო ფეხბურტელებიც აღარ გვეყოლებიან და საუკეთესო მწვრთნელებიც ერთად მოიყრიან თავს!!!!
გუჯა კახაძე
14:28 01-07-2015
0
ამათ ფეხბურთი არ უყვართ და არც ფეხბურთის თამაში უნდათ, მხოლოდ ფული აინტერესებთ და ამიტომ არიან უგუნდოთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული