მაკლიში: ოქრიაშვილს დისციპლინა და მოურინიოსნაირი აღმზრდელი სჭირდება

AutoSharing Option
dailyrecord.co.uk შოტლანდიის ნაკრების ექსთავკაც ალექს მაკლიშს ესაუბრა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მისი ახლო მეგობარი, ამჟამად შოტლანდიის ნაკრების თავკაცი გორდონ სტრაჩანი მასსავით გულაცრუებული არ დაბრუნდება საქართველოს ნაკრებთან ვიზიტის შემდეგ.

2007 წელს მაკლიშის შოტლანდია ევრო 2008-ზე მოხვედრის რეალური შანსით ჩამოვიდა საქართველოში და... 0:2 დამარცხდა.

4 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრები კვლავ ეწვევა საქართველოს, ამჯერად, ევრო 2016-ის საგზურისთვის.

"საქართველოში თამაში სახიფათოა, შეიძლება ბანანის ქერქზე ფეხიც აგისრიალდეს, როგორც ეს ჩვენ 2007-ში მოგვივიდა.

ჩვენ კარგი კამპანია გვქონდა, მოვუგეთ საფრანგეთს, მაგრამ ბოლოს ორი ქულით ჩამოვრჩით მას. საქართველოში მარცხი დიდი
დარტყმა იყო ჩვენთვის.

ბოლო წლებში ბევრჯერ მიფიქრია ამ თამაშზე და ახლა რომ შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში, შევცვლიდი ფორმაციას. უნდა აღვნიშნო, რომ ქართველებს კარგი მწვრთნელი ჰყავდათ მაშინ - გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შანსი აღარ ჰქონდა, მან შეძლო მთელი გუნდის ერთ მუშტად შეკვრა", - ამბობს მაკლიში.

მაკლიში სტრაჩანს ურჩევს, რომ თორნიკე ოქრიაშვილს უფრთხილდეს:

"თორნიკე მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ წინ დიდი მომავალი აქვს, მან ორი გოლი გაიტანა უკვე ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ოქრიაშვილი დიდი ფეხბურთელი დადგება, ცოტა დისციპლინას თუ მიხედავს. მას კარგი აღმზრდელი სჭირდება, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჟოზე მოურინიოა ედენ აზარისთვის.

სტრაჩანმა უკვე იცის მის შესაძლებლობებზე, რადგან "აიბროქსზე" უკვე ითამაშა მეორე ტაიმი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ".

ამასთან, მაკლიში დასძენს, რომ ახლა სტრაჩანის გუნდს მეტი შანსი აქვს, რადგან 2007-ში მეტოქე გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ახლაა.

შეგახსენებთ, რომ მაკლიში "გენკში" თორნიკე ოქრიაშვილის მწვრთნელი იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიახ, მიმაჩნია რომ თ.ოქრიაშვილი უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ნიჭთან ერთად დიდი შრომაა საჭირო, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. წარმატებებს ვუსურვებ!
მანჩო
21:25 03-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული