საქართველოს ნაკრები: მაკარიძეც, ცინცაძეც და შესაძლოა, ხიზანიშვილი და კვეკვესკირიც

AutoSharing Option
ფოტოზე: მათე ცინცაძე
რამდენიმე დღეც და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იმ ფეხბურთელებს დაასახელებს, რომლებსაც სექტემბრის დასაწყისში ორი ოფიციალური მატჩი ელოდებათ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 4 მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

თუმცა, გერმანიასთან (ნოემბერში) და გიბრალტართან (ოქტომბერში) დაპირისპირებამდე ჩვენს უპირველეს გუნდს ორი უახლოესი მატჩი სექტემბერში ელოდება: 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიის ნაკრებს უნდა ვუმასპინძლოთ, 7 სექტემბერს კი - სტუმრად, ირლანდიასთან გვიწევს პაექრობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე საბოლოო სიას მომავალი კვირის
დასაწყისში გამოაქვეყნებს, როცა ამ უქმეებზე ევროპაშიც და საქართველოშიც მორიგი ტურის მატჩები გაიმართება.

ჰო, საქართველო შემთხვევით არ გვიხსენებია: შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებისათვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე ფეხბურთელი რომ იქნება, ეს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია. ასე, მაგალითად, საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე საქართველოს ნაკრების უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისათვის არის გამოძახებული.

ცინცაძე "დინამოში", ფაქტობრივად, შეუცვლელი ფეხბურთელია და, საერთოდაც, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატში ტაქტიკურად ყველაზე განსწავლულ მოთამაშედაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ცინცაძე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ, მერე 21-წლამდელთა ნაკრებშიც დააწინაურეს; ეგ კი არა, რამდენჯერმე ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული (შარშან, თემურ ქეცბაიას დროს), ახლახან კი კახა ცხადაძემ პოლონეთთან მატჩში ჩვენი ნაკრების განაცხადში შეიყვანა.

თუმცა ამ ნიჭიერ ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია და დიდია იმის ალბათობა, რომ ცინცაძის სადებიუტო შეხვედრა შოტლანდიასთან ან ირლანდიასთან შედგეს.

...კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში პირველად არის გამოძახებული პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე "ფეირენსეს" 25 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე. არცთუ შორეულ წარსულში მაკარიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ და ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა: საქართველოში კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში განა ბევრი შემთხვევაა, როცა 17 წლის მეკარეს ეროვნული ნაკრების კარს ანდობენ, თანაც, ოფიციალურ მატჩში?!.

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი მაკარიძე
ჰო, ასე მოხდა 2007 წლის 17 ოქტომბრის იმ მართლაც დაუვიწყარ საღამოს, როცა ჩვენი ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმა თავის შოტლანდიელ კოლეგას, ალექს მაკლიშს ტაქტიკური "დუელი" პირწმინდად მოუგო, ისე, როგორც ჩვენმა ნაკრებმა მოუგო ინგლისურ პრემიერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ შოტლანდიის ნაკრებს. ამ გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა 17 წლის გიორგი მაკარიძემ, არადა, მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები გამოდიოდნენ, როგორებიც იყვნენ დარენ ფლეთჩერი, ბარი ფერგიუსონი, კენი მილერი და სხვები.

სამწუხაროდ, ამის შემდგომ გიორგი მაკარიძის კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც ბევრს წარმოგვედგინა: ნიჭიერ მეკარეს საქართველოს ნაკრებში 2008 წლის მერე აღარ უთამაშია...

არ არის გამორიცხული, რომ შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებისათვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე ძველ-ახალი "სახე" ვნახოთ; ამის თქმის საფუძველს კი ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელთა უცხოური ვოიაჟები გვაძლევს. ასე, მაგალითად, საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე 17 აგვისტოს ბაქოში გახლდათ და იქაური "ინტერისა" და "ნეფთჩის" მატჩს დაესწრო, რომელიც აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული გუნდის" გამარჯვებით (1:0) დამთავრდა.

ზაურ სვანაძის დამოძღვრილ "ინტერში" ამ ახალ სეზონში ორი გამორჩეული ლიდერი (თანაც, ორივე - ახალწვეული) გამოიკვეთა და ორივე ჩვენებურია: 33 წლის ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი და 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. ხიზანიშვილისა და კვეკვესკირის ძალიან დიდი დამსახურებაც არის, რომ ბაქოს "ინტერმა" ევროპალიგაზე 2 ეტაპი გაიარა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მართლაც მრისხანე ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ნიკა კვეკვესკირი
სხვათა შორის, წლევანდელ ევროტურნირებზე "ინტერის" ერთ-ერთ მატჩს (გასვლაზე, ისლანდიურ "ჰაფნარფიორდურთან") ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც დაესწრო. ეს ყველაფერი კი იმას გვაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული, შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებისათვის გამოძახებულთა შორის ხიზანიშვილი და კვეკვესკირიც იყვნენ.

ხიზანიშვილს საქართველოს ნაკრებში 90 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ აბსოლუტურ რეკორდსმენს, ლევან კობიაშვილს (100 მატჩი) ჩამორჩება.

ჩვენს უპირველეს გუნდში "ხიზანამ" ბოლოს 2013 წლის 22 მარტს ითამაშა, აი, მის ახალ თანაკლუბელ ნიკა კვეკვესკირს (ეს მართლაც უნივერსალი ფეხბურთელი წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი მოთამაშე და კაპიტანიც გახლდათ) ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.

...გიორგი ჩიხრაძე რომ აზერბაიჯანში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების პოტენციურ კანდიდატებს აკვირდებოდა, კახა ცხადაძე წინა უქმეებზე უკრაინაში გახლდათ და ორ მატჩს დაესწრო: შაბათს, კიევის "დინამოსა" და ლვოვის "კარპატის" შეხვედრაში სტუმართა გუნდში ხომ 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოდიოდა, კვირას კი ჩვენი ნაკრების თავკაცი ოდესაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი "ჩერნომორეცი" 0:2 დამარცხდა.

"ჩერნომორეცში" 90 წუთი გაატარა მოედანზე გუნდის ახალწვეულმა, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ. სამაგიეროდ, 20 წლის გიორგი გადრანი ამ ახალ სეზონში მოედანზე ჯერ არ გამოჩენილა.

მეტოქე გუნდის ("ზორია") ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი 27 წლის ჯაბა ლიპარტია (უკვე მეექვსე სეზონია აქ ასპარეზობს), შეცვლაზე 75-ე წუთზე შევიდა.

დაბოლოს, დავძენთ, რომ არ არის გამორიცხული, კახა ცხადაძე ან გიორგი ჩიხრაძე ამ შაბათ-კვირას სხვა ქვეყანაში გაემგზავრონ საქართველოს ნაკრების სხვა პოტენციური კანდიდატების "საქმეში" სანახავად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
3 ში თუ 4 ში თამაშია და ნაკრების სია ჯერ არ დადებულა, რას ელოდება ?? თავის შვილმა იქნებ შემდეგ ტურში მაინც ითამაშოს 10 წუთზე მეტი რომ თქვას ფორმაშია და იმიტომ გამოვიძახეო??? თუ ნავტალინიდან აპირებს კიდე ფეხბურთელების ამოღებას???
Guja
19:57 25-08-2015
0
ებრალიძეს რატო არ იძახებს, ძაან კარგ ფორმაშია. რაღადროს ხიზანიშვილია, ასაკს რო თავი დავანებოთ ტიპს აშკარად წონის პრობლემა აქვს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული