[ახლო პლანით] ლაშა დვალი: ჩვენ წინა თაობის შეცდომებზე გავიზარდეთ...

AutoSharing Option
ლაშა დვალი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი მცველია, ეროვნულ ნაკრებში კი სადებიუტო მატჩი წლეულს ჩაატარა.

გულშემატკივარმა 2012 წელს, 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებიდან გაიცნო. სლოვენიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი, მისით ინგლისური "რედინგი" დაინტერესდა და 2013 წლის სექტემბრიდან დვალი ამ ინგლისური კლუბის ფეხბურთელი გახდა...

მაგრამ გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და იჯარით რიგის "სკონტოში" აღმოჩნდა. მერე იყო თურქული "ქასიმფაშა", სადაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით 2015 წლის 2 თებერვალს 4-თვიანი არენდით გადავიდა.

თურქულ სუპერლიგაში მისი დებიუტიდან
მალევე დვალი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შენიშნა და 29 მარტს, თვით გერმანიის ნაკრებთან სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა, თანაც - ძალიან კარგად.

მაგრამ ზაფხულში მას "ქასიმფაშას" დატოვებამ მოუწია და იმედია, მალე უფრო კარგ გუნდში ვიხილავთ...

სიზარმაცის წამალი
- ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარს. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი ეზოში და ბურთს გავაგორებდი. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ მამაჩემი, ირაკლი დვალი, ისევე, როგორც დედა, ბაბუა - თამაზ დვალი და ბიძაჩემი - ლევან ჭკუასელი.

ჩემი პირველი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოა", სადაც 6 წლისა შემიყვანეს. პირველი მწვრთნელი კი მამუკა ღვიტიძე გახლდათ, რომელიც ერთი წლით უფროსებში მავარჯიშებდა. საბოლოოდ, ამან ჩემზე ძალიან კარგი გავლენა მოახდინა - ასე უფრო ვიზრდებოდი. ღვიტიძესთან 6 წელი ვიყავი, 13 წლისა კი გუბაზ დოლიძესთან, "იბერია 2010-ში" გადავედი. ამ ორმა ადამიანმა მასწავლა ის, რაც შემდეგ გამომადგა.

ზარმაცი ვიყავი, მაგრამ ბურთს რომ დავინახავდი, ყველაფერი მავიწყდებოდა - ფეხბურთს ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობდი...

დიდების ფეხბურთი კი რიგის "სკონტოდან" დავიწყე, სადაც თამაზ პერტიამ ამიყვანა. დიდი შანსი მომცა შოთა არველაძემაც, რომელიც მენდო და ისეთი დონის ლიგაში მიმიწვია, როგორიც თურქეთის სუპერლიგაა - ამაზე ნებისმიერი ჩემი ასაკის ფეხბურთელი იოცნებებდა. ეროვნულ ნაკრებში კი პირველად თემურ ქეცბაიამ გამომიძახა, ხოლო კახა ცხადაძის დროს უკვე თამაშის საშუალებაც მომეცა...

იცით, ამ ყველაფერს რატომ ვყვები? უმადურობა ცუდი თვისებაა და არ მინდა, ის ხალხი გამომრჩეს, ვინც ჩემს კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

მეორედ ევროპის ჩემპიონატზე
- ცხადია, ნაკრებში მიწვევისა და თავის გამოჩენის შანსისთვის ვასილ მაისურაძისა და გია ცეცაძის მადლიერიც ვარ. ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა პატარა ამბავი არ არის. ბედნიერი ვარ, 18 წლისამ კონტინენტის პირველობაზე მეორედ რომ ვითამაშე...

როცა ფეხბურთზე შევედი და ვარჯიში სერიოზულად დავიწყე, გარკვეული მიზანიც დავისახე, მაგრამ ასეთ კარიერას ვერც წარმოვიდგენდი...

შემთხვევით არაფერი ხდება - მიმაჩნია, რომ მწვრთნელებისა და თითოეული მოთამაშის შრომა შედეგში აისახება. ევროპის ჩემპიონატზე იმიტომ გავედით, რომ სწორი მიდგომა იყო. თან იქ ურთულესი მეტოქეები გვყავდა, რომელთაც ბევრად უკეთესი პირობები აქვთ, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ინგლისს ორივე ციკლში ჯგუფში ჩავტოვებდით?

ბრიტანელები ამბობდნენ - ამ ქართველებმა გაგვამწარესო. არა მგონია, ეს პატარა ამბავი იყოს - სად მათი შესაძლებლობები და სად - ჩვენი? მაგრამ ფაქტია, რომ ვაჯობეთ.

ასე მგონია, რომ ჩვენი თაობა წინა თაობის შეცდომებზე გაიზარდა. სულ ვისმენდით: ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავდნენ, მაგრამ პროფესიონალიზმი არ ეყოთ და დაიკარგნენო. არ მინდა, მათი შეცდომები გავიმეორო. იქნებ, საქართველო ჩვენმა თაობამ მაინც გაახაროს.

ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ გამოსვლა ფეხბურთელს ამდიდრებს და უდიდეს გამოცდილებას სძენს. 17-წლამდელების ევროფინალმა ფეხბურთზე, ვარჯიშებისადმი მიდგომაზე სულ სხვა თვალით შემახედა. მართლაც სხვა დონეა და თუ გინდა, რომ ამ დონეზე თამაშის უფლება შეინარჩუნო, ბევრი რამ უნდა მოიკლო და იშრომო. ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არის, იმიტომ, რომ უდიდესი სტიმული გიჩნდება, როცა შენი ნაკრები ევროპის რვა საუკეთესოს შორის ხვდება. ნებისმიერ მოთამაშეს დიდი პერსპექტივა და პასუხისმგებლობა უჩნდება.

ამასთან, როცა გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი, წარსულის მიღწევებით არ უნდა იცხოვრო. ჩვენ ეს შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც.

ორი როლი და ნდობა შოთასგან
- მცველი ვარ, თუმცა გია ცეცაძემ ბელგიაში, ელიტრაუნდის მატჩებში, საყრდენ ნახევარმცველად მათამაშა. უცხო ამპლუა არ არის, რადგან მთელი ბავშვობა გამთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ტანი უცებ, მთელი 13-14 სანტიმეტრით ავიყარე და სისწრაფესა და გამძლეობაში მოვუკელი. ეს ჩვეულებრივი ამბავია და როცა ორგანიზმი შეეჩვია, ნელ-ნელა ძველი კონდიციები დავიბრუნე. სწორედ ამ პერიოდში დამწია დაცვაში გუბაზ დოლიძემ.

მაისურაძემ 17-წლამდელებშიც ამ პოზიციაზე მიმიწვია, მაგრამ ცეცაძე, უმთავრესად, საყრდენად მათამაშებდა. ჩემთვის ორივე პოზიცია ახლობელია და თამაში არც ერთ ამ ამპლუაში არ მიჭირს...

"სკონტოში" იჯარით ვთამაშობდი, როცა შოთა არველაძემ "ქასიმფაშაში" მიმიწვია. მასთან მუშაობის პერიოდი დიდი სიამოვნებით მახსენდება. თუმცა, იცით, რამ დამაღალატა? გუნდში იმ დროს მივედი, როცა მოსამზადებელი ეტაპი დასრულებული იყო, ფეხბურთელისთვის კი შეკრება ძალიან ბევრს ნიშნავს. ხუთი ტურის შემდეგ ვიგრძენი, რომ ისეთი ენერგია აღარ მქონდა, როგორც სხვას და თავს ძალას ვატანდი, თამაში რომ დამემთავრებინა.

შოთას დამსახურება იყო, რომ მოვუმატე. შოთა სტადიონზე მკაცრია, მოედნის მიღმა კი ძალიან მეგობრულია. გუნდში კარგად დამხვდნენ და სითბოს არ მაკლებდნენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ჩემი ქართველობის გამო შური ჩნდებოდა. ხომ იცით, ასეთ დროს როგორც ხდება - მწვრთნელი მოვიდა და თავისიანები მოიყვანაო... მაგრამ მისი გადადგომის შემდეგაც მათამაშებდნენ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, გამოდის, შოთას ნდობა გავუმართლე.

ალბათ, ჩემმა მონდომებამაც შედეგი გამოიღო...

ცხადაძის გამოხედვა
- ნაკრებში პირველ თამაშს რა დამავიწყებს. სამწუხაროდ, დასაწყისშივე ალეკო ამისულაშვილი დაშავდა და სასწრაფოდ მისი შეცვლა გახდა საჭირო. კახა ცხადაძემ სათადარიგოებში მსხდომებს შემოგვხედა, შეგვათვალიერა - ერთი, მეორე, მესამე და უკვე მე რომ მომადგა, გაჩერდა და დაიძახა - დვალი!

მოედანზე გაუხურებლად შევედი, ამის დრო არც იყო. თავიდან დაბნეული ვიყავი და ამის გამო, რამდენიმე პოზიციური შეცდომაც დავუშვი. რაც უნდა იყოს, მსოფლიოს ჩემპიონთან დებიუტი ძალიან ძნელია. მაგრამ მერე ნერვიულობა უცებ მომეხსნა.

რაც სხვას გაუკეთებია, შენც შეძლებ, უიმედოდ მოედანზე არ უნდა გახვიდე...

იმ დღეს, წესით, ჩემს ფლანგზე მიულერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იოზილსა და გიოტცეს ადგილებს ხშირად უცვლიდა. ამით, გერმანელები ჩვენს დეზორგანიზაციასა და დაღლას ცდილობდნენ. მართლა ძალიან მაგარი ნაკრებია, ბევრს მოძრაობდნენ და სულ პოზიციურ უპირატესობას გვიქმნიდნენ. მაგრამ რამდენჯერმე სამივეს წავართვი ბურთი და მერე თამამად ავთამაშდი.

გერმანელების წინააღმდეგ რომ ვითამაშე, ეს არ ნიშნავს რომ ჩემი ოცნებები ახდა. ეს დასაწყისია. წინსვლას თუ არ ვეცადე, ადგილზე გავჩერდები და ეს კარგად მესმის. კარიერა მხოლოდ გერმანიასთან თამაშით არ შემოიფარგლება.

შეხედულებები
- ტრადიციული კითხვა: "ბარსელონა" თუ "რეალი"?
- "ბარსელონა". ამ გუნდს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. სუპერთასი თბილისში რომ გაიმართა, რა თქმა უნდა, წავედი. ასეთი თამაში სუპერთასზე არ მახსენდება, ძალიან მაგარი ფეხბურთი იყო. ბოლოს ისეთ აზარტში შევედი, მინდოდა, პენალტების სერია დანიშნულიყო.

- აბა, "ბარსელონას" ვგულშემატკივრობდიო?
- კატალონიელებს კი ვქომაგობ, მაგრამ მინდოდა, თამაში დიდხანს გაგრძელებულიყო - ასეთ ლამაზ ფეხბურთს ყოველდღე ხომ ვერ ნახავ. თანაც პენალტების სერია ბავშვობიდან მიყვარს. ძალიან მიხარია, ეს თამაში ჩვენს ქვეყანაში რომ გაიმართა, თანაც - ძალიან მაღალ დონეზე. ამით უცხოეთში საქართველო გაიცნეს. ეს მეამაყება და მიხარია.

- თქვენი საყვარელი გუნდიდან გამომდინარე, კითხვას - მესი თუ რონალდო - აზრი აღარ აქვს...
- მე ორივეზე მაღლა "კიჭა" რონალდოს ვაყენებ. "იუთუბზე" მის თამაშებს სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. ახლანდელებში კი მესის თამაში მომწონს.

- თავისუფალ დროს კომპიუტერით ერთობით თუ ბარებში დადიხართ?
- ცუდი არც ერთია და არც მეორე. უბრალოდ, უნდა იცოდე, როდის რა გააკეთო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სათაური ჩაასწორეთ -სტატიას მერე წავიკითხავ - ახლო პლანით არასწორია -ახლო ხედით. პატივისცემით გთხოვთ გაასწოროთ.
იბერია
21:59 22-08-2015
0
კარგით რა ლევანდოვსკს დაიჭერდა ? :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული