საქართველო VS შოტლანდია - მოდი, ვნახოთ საქართველო...

AutoSharing Option
დღეს, 4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შოტლანდიას უმასპინძლებს. D ჯგუფის შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "I არხი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კახა ცხადაძემ და გორდონ სტრაჩანმა პრესკონფერენცია გამართეს.


საქართველოს აღარ აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პრაქტიკული შანსი, მაგრამ გვაქვს მუდმივ საგზლად ქცეული იმედი. გვყავს ახალი მწვრთნელი, რომლის ხელშიც ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, თუმცა
ჯერ არ გვაქვს შედეგი და თუ ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით, ესეც უნდა გამოჩნდეს.

რა შეუძლია თანამედროვე საქართველოს? ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა ფაქტი ერთია და არა გვგონია, თვით ყველაზე დიდი სკეპტიკოსები არ დაგვეთანხმონ - მიუხედავად ქართულ ფეხბურთში არსებული უდიდესი კრიზისისა, ჩვენ გვყავს თაობა, საიდანაც შეიძლება საშუალოევროპულთან მიახლოებული ნაკრების გამოძერწვა, ოღონდ საამისოდ რამდენიმე ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს...

...ზემოთ ვთქვით, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი შანსი აღარ აქვს. ამის მიუხედავად, ეროვნული გუნდისა და მისი სამწვრთნელო შტაბისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შოტლანდიასთან შეხვედრის შედეგს.

ჯერ ერთი, ძლიერი მეტოქის დამარცხება გუნდს ფსიქოლოგიურად არგებს. მეორეც - ეს იქნება პირველი ოფიციალური მატჩი, რომელსაც კახა ცხადაძე მოიგებს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

შოტლანდია ჩვენზე ძლიერი და გამოცდილია. შოტლანდიას ჰყავს პრემიერლიგაში გამობრძმედილი ვარსკვლავები, თუმცა, თითქმის ყოველ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ერთ თამაშს მაინც განსაკუთრებულად თამაშობს და იქნებ ასეთი თამაში სწორედ დღეს, შოტლანდიასთან იყოს...

მით უმეტეს, ამის გამოცდილება გვაქვს - 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილმა საქართველომ თბილისში ძალზე ლამაზად (2:0) მოუგო შოტლანდიას და ევროპის ჩემპიონატისკენ სავალი ბილიკი ჩაუხერგა. მაშინ ჩვენ "ბავშვებით" ვითამაშეთ და ჩვენმა ბავშვებმა იმათ კაცებს მოუგეს.

რა ხდება შოტლანდიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებში? ჩვენი გუნდის სადღეისო მდგომარეობა რგოლების მიხედვით მიმოვიხილოთ...

მეკარეები
კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში სამ მეკარეს უხმო. გიორგი ლორია უკლუბოდაა, თუმცა ის ძალიან სჭირდება საქართველოს ნაკრებს. ამ სანაკრებო სიაში მხოლოდ ის არ "ემორჩილება" კახა ცხადაძის მიერ დანერგილ და ჩვენგან მოწონებულ წესს, რომლის მიხედვითაც, უკლუბო ფეხბურთელი, რა გაქანებისაც უნდა იყოს, სანაკრებო სიაში არ უნდა მოხვდეს.

სამაგიეროდ, სათამაშო პრაქტიკა ჭარბად აქვს ნუკრი რევიშვილს. ასე რომ, ცხადაძეს ბევრი ფიქრი მოუწევს მანამ, სანამ შოტლანდიასთან შეხვედრაში კარის დარაჯს დაასახელებს.

უნდა მივესალმოთ ნაკრებში გიორგი მაკარიძის დაბრუნებას. მაკარიძე კარგი იყო სულ პატარა. მერე მან რამდენიმე უცხოურ კლუბში ითამაშა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, როგორ გაიზარდა ის და ეს უნდა გავიგოთ. ის შოტლანდიასთან 2007 წელს მოგებულ იმ ლამაზ თამაშში ბრწყინავდა...

ამ ეტაპზე სანაკრებო სიაში არ არიან როინ კვასხვაძე და მიხეილ ალავიძე, თუმცა გვჯერა - ამ მეკარეებს ისევ მიეცემათ სანაკრებო შანსი.

მცველები
ნაკრებს უბრუნდებიან გიორგი ფოფხაძე და ზურაბ ხიზანიშვილი. ხიზანიშვილის დაბრუნების თემა გვარიანი განსჯის საგანი გახდა, ფეხბურთს უყვარს კამათი და ჩვენც შეგვიძლია ვიკამათოთ.

რა თქმა უნდა, ხიზანიშვილი აღარ არის იდეალურ ფორმაში და დიდი ალბათობით, ის ვეღარ ჩაატარებს ისეთ შეხვედრებს, რომლებშიც მისი თამაში ახლოს იყო იდეალურთან, მაგრამ კლასით შეუძლია, კონკურენცია ნაკრების დაცვაში და ბოლო დროს იქ დამკვიდრებულ, მართლაც ნიჭიერ ახალგაზრდებს განვითარებისთვის მეტი სტიმული მისცეს, აგრძნობინოს, რომ შეუცვლელი არავინაა...

მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრეტენზიას უჩა ლობჟანიძე და ოთარ კაკაბაძე აცხადებენ. კაკაბაძე სულ ჩვენ თვალწინაა და გვარიანად პროგრესირებს. ლობჟანიძე კი "ომონიაში" სასტარტოს კაცია. ეგაა, მას ცენტრალურ მცველად უწევს თამაში კლუბში და ეროვნულ გუნდში მარჯვენა მცველად, თუმცა თავს რომ არ ზოგავს, ფაქტია.

სიაში არ არის ახლახან "დიუსბურგში" გადასული ლაშა დვალი. სანაკრებო სია რომ იწერებოდა, დვალი ჯერაც უკლუბოდ იყო. მისი გამოუძახებლობის მიზეზიც ესაა, თუმცა გვჯერა - ლაშა კვლავ არაერთ მატჩს ჩაატარებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

ბოლო წამს ცხადაძემ ნაკრებს დაამატა გიორგი გველესიანი - საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი, უზომოდ ერუდირებული, ფეხბურთზე გადამკვდარი ახალგაზრდა.

ნახევარმცველები
ისევ და ისევ უკლუბობის გამო ნაკრებში არ არის გოგიტა გოგუა. სამაგიეროდ, ცხადაძემ უხმო გიორგი მერებაშვილს. მისი კარიერა ისე მიდის, ერთხელაც ვერ "აფეთქდა" ნაკრებში და ამაში მხოლოდ ფეხბურთელს ვერ დავადანაშაულებთ. ვნახოთ, იქნებ ცხადაძის ხელმძღვანელობით მოხდეს გადატრიალება მის სანაკრებო კარიერაში. ფაქტია - საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება ისეთი ინდივიდუალისტი, როგორიც მერებაშვილია, ვისაც კაცის მოტყუება და თამაშის გამწვავება შეუძლია.

ნაკრებშია ნიკა კვეკვესკირი, ვინც ერთ-ერთი საუკეთესოა აზერბაიჯანის იმ ჩემპიონატში, ორგუნდიანი დესანტი რომ გადასხა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ყველაფრიდან ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების წამყვანი რგოლი ნახევარდაცვა უნდა იყოს. ისიც ცხადია, რომ თუ თამაში დავალაგეთ, ამ ფორმაციის შუა ხაზს მოწინააღმდეგის კართან რაიმე სახეიროს შექმნა არ უნდა გაუჭირდეს.

მოულოდნელი დანაკლისი - ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, ვინც მართლაც შესანიშნავ ფორმაში იყო.

არ არის მათე ცინცაძე. ცხადაძემ ის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო და ირლანდიისთვის დაიბრუნებს.

თავდამსხმელები
სიაში არ არის გიორგი ჭანტურია. ამას რომ ვწერ, ცხენი შეკაზმული უნდა მყავდეს - უკლუბო ფეხბურთელს, რაგინდ ნიჭიერი და ბევრისშემძლე უნდა იყოს, ნაკრებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა იმისიც მჯერა, რომ ეროვნულ გუნდს ჭანტურია დიდ სარგებლობას მოუტანს, ოღონდ მთავარია - საკლუბო კარიერა ააწყოს.

ქომაგი ხედავს ჭანტურიას ნიჭს და გაღიზიანებულია, რომ ამდენ ხანს უგუნდოდაა. ბევრი ფიქრობს, რომ ჭანტურია საქმეს მთლად პროფესიონალურად ვერ უდგება და ზოგჯერ ის ჟურნალისტიც "შემოელანძღება", ჭანტურიაზე რომ წერს.

იქნებ ამაში იყოს კიდეც სიმართლის მარცვალი, მაგრამ დღევანდელ ქართულ ფეხბურთში, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი მოთამაშე, ინკუბატორის წიწილებივით რომ ჰგვანან ერთმანეთს, არ შეიძლება, ჭანტურიას ნიჭი დაიკარგოს. ის მალე იპოვის ახალ გუნდს და წინასწარი ინფორმაციით, ეს გუნდი კარგი უნდა იყოს. მეტი სტაბილურობა - ეს არის მთავარი, რაც ჭანტურიას კარიერას სჭირდება.

სხვა მხრივ კი, თავდასხმაში რაც ვართ, ეს ვართ - გიორგი პაპუნაშვილი ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება ხორვატიაში და ეროვნულს მერე შეუერთდება ირლანდიაში.

ევრო 2016. შესარჩევი. VII ტური. D ჯგუფი
4 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია 20:00
გერმანია-პოლონეთი 22:45
გიბრალტარი-ირლანდია 22:45

7 სექტემბერი
ირლანდია-საქართველო 22:45
პოლონეთი-გიბრალტარი 22:45
შოტლანდია-გერმანია 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები!!!!
0
წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული