10:20 08-09-2015
ირლანდია-საქართველო 1:0 - მეტი სითამამე და შემოქმედება გვჭირდება! [VIDEO]
AutoSharing Option
თუ ჩვენებისთვის ამ შეხვედრას არ ჰქონდა პრაქტიკული მნიშვნელობა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიის ნაკრებისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის თამაში იყო.
შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა: ტრავმირებული ჯანო ანანიძე მოედნის ცენტრში გურამ კაშიამ შეცვალა. ძირითადში ანანიძის ნაცვლად მყოფი ზურაბ ხიზანიშვილი კი ცენტრალურ მცველად მოგვევლინა.
ორივე გუნდის დამრიგებელმა ის განლაგება აირჩია, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. საქართველომ იმთავითვე ბურთის კონტროლზე გააკეთა აქცენტი, რასაც მასპინძლები არ ელოდნენ.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ტოლი არაფერში დაუდო საშინაო ასპარეზზე მუდამ კარგად მოთამაშე მოწინააღმდეგეს და იყო ეპიზოდები, როცა ირლანდიას ბურთიც კი დაუმალა.
მეტოქემ კი მომენტი მატჩის დასაწყისშივე შეგვიქმნა. ჰულაჰანმა უოლტერსს უპასა, ამან კი ქართველთა კარში გოლების გატანას დაჩვეული რობი კინი მონახა. აშკარად გადავრჩით. გადავრჩით და მოწინააღმდეგის კარისკენაც გავიხედეთ. ოქრიაშვილი-ნავალოვსკი-მჭედლიძის ტრიომ შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშა. შეტევას ემპოლელი ფორვარდი აგვირგვინებდა, თუმცა... გატანა ვერ მოახერხა.
ამის შემდეგი ეპიზოდი ვაკო ყაზაიშვილისა იყო. ვიტესელი დიდებულად გაძვრა ოთხ მოწინააღმდეგეს შორის და მჭედლიძეს მიაწოდა ბურთი, ვისაც მცველებმა ხეირიანად არ დაარტყმევინეს.
საერთოდ, ყაზაიშვილი მატჩის პირველ ნახევარში აშკარად საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯაბა კანკავასთან ერთად. ეს უკანასკნელი მართლაც ჩინებულ ფორმაშია, კარიერის პიკშია და სულო ცოდვილო, მგონი, ფრანგულ "რეიმსზე" უკეთეს კლუბსაც იმსახურებს...
24-ე წუთი, პირველი ტაიმის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი: თორნიკე ოქრიაშვილი ვარდნაში, "მაკრატელათი" ცდილობს გატანას, მაგრამ ბურთი ფეხზე კარგად ვერ "აჯდება".
თორმეტ წუთში კი ირლანდია ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტს ქმნის. "სამყურათა" გაჭიანურებული შეტევისას სიმუს კოულმენი უძლიერესად ურტყამს საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით, თუმცა ნუკრი რევიშვილი მოწოდების სიმაღლეზეა და ბურთს იგერიებს.
ტაიმის ბოლომდე ირლანდია შტურმის მოწყობას ცდილობს, თუმცა ჩვენი მცველები ძალიან დამაჯერებლად მოქმედებენ. ყველა საიმედოა, თუმცა განსაკუთრებით საბა კვირკველიას გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. ისე ჩანს, რომ ის საქართველოს ნაკრების დაცვის ახალ ლიდერად ყალიბდება...
ირლანდიელთა თავკაცმა მარტინ ონილმა მეორე ტაიმი ცვლილებით დაიწყო - რობი კინის ნაცვლად მინდორზე კიდევ ერთი ფორვარდი, შეინ ლონგი გამოჩნდა. შეტევაში ისევ თამამები ვართ - აქეთ ოქრიაშვილი აქტიურობს, იქით ლევან მჭედლიძე ურტყამს შეი გივენის კარში...
დაახლოებით მეორე ტაიმის მეხუთე წუთიდან ირლანდიამ პრესინგი აამუშავა. უნდა ითქვას, რომ ცხადაძის გუნდის არსენალში ამ კომპონენტის საწინააღმდეგო იარაღი არ აღმოჩნდა.
მართალია, თანამედროვე ირლანდია კლასით დიდი ვერაფერია, მაგრამ ის კი შეუძლია, რომ მეტოქე არ ამოასუნთქოს, როგორც გუშინ გააკეთა და აკი შედეგიც მიიღო...
ტაიმის დასაწყისში სიმუს კოულმენმა, რომელიც საუკეთესო იყო ირლანდიელთა რიგებში, ორჯერ დაარტყა რევიშვილის კარში. ერთხელ ბურთი ასცდა მიზანს, ერთხელაც ჩვენმა მეკარემ ივარგა.
რობი ბრეიდის ჩაწოდების შემდეგ სიტუაცია ხიზანიშვილმა განმუხტა. ჯეფ ჰენდრიკის შეტევას კი ურთულესი დარტყმა მოჰყვა და რევიშვილმა გაჭირვებით დააფიქსირა ბურთი ხელებში...
ირლანდიამ მაგრად შემოგვიტია და ამის ოდნავ მაინც შენელება იყო საჭირო. აქ ცხადაძემ თამამ სვლას მიმართა - თამაშში გიორგი პაპუნაშვილი ჩართო. თუმცა ახალგაზრდა შემტევმა, სამწუხაროდ, ვერ გაამწვავა ქართველთა მოქმედება. მოდით, ეს გამოუცდელობას დავაბრალოთ, თორემ პაპუნაშვილის პოტენციალი ყველამ იცის...
...და ოთხ წუთში გოლიც მივიღეთ. მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა ჰენდრიკმა, რომელმაც ოთხ ქართველს აუარა გვერდი და კარიდან ორიოდ მეტრში საგოლე პასი ლანგრით მიართვა უოლტერსს, ამ უკანასკნელმა კი მცველთან ბრძოლაში ბურთს ფეხი მიჰკრა და კარში შეაგორა.
დარჩენილ დროში ცხადაძემ შეცვლებით სცადა ქულის გადარჩენა. შედგა მათე ცინცაძის დებიუტი. თავის გამოჩენის შანსი მიეცა ლევან ყენიასაც. მაგრამ ამ დროს ტრავმა მიიღო მჭედლიძემ და რაკი ცხადაძეს სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა, მოედანზე ათნი დავრჩით. ვეღარც თამაში გავამწვავეთ და ირლანდიასთან ამჯერადაც წავაგეთ (ამ ნაკრებთან საქართველოს ეროვნული გუნდი 7 ოფიციალური მატჩიდან შვიდივეში დამარცხდა).
საბოლოო ჯამში, დუბლინში ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მარტინ ონილის კრებულმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. მას ჩვენზე მეტად სჭირდებოდა ეს 3 ქულა. და მაინც, თავდადებას საქართველოს ნაკრების ვერცერთ ფეხბურთელს ვერ დავუკარგავთ და ვერც იმას უარვყოფთ, რომ ფეხბურთს ვთამაშობთ და ძველებურად აღარ ვწვალობთ.
ცოტა მეტი სითამამე, მეტი შემოქმედება, მეტი ფიზიკური მომზადება და შედეგი მოვა. ჯერჯერობით კი ირლანდია საქართველოზე უკეთესია.
ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი. VIII ტური
07.09.15. დუბლინი. "ავივა სთედიუმი". 20 000 მაყურებელი
ირლანდია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 უოლტერსი (69)
ირლანდია (4-3-1-2): გივენი - კოულმენი, ოში, კლარკი, ბრეიდი - ჰენდრიკი, ველანი, მაკარტი - ჰულაჰანი (75. მაკლინი) - უოლტერსი, კინი (46.ლონგი).
სათადარიგოები: ფორდი, რენდოლფი, კრისტი, დოილი, კეო, მაკგიდი, მეილერი, ქუინი, ვარდი, უილსონი
მწვრთნელი: მარტინ ონილი
საქართველო (5-4-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი (81. ყენია), ნავალოვსკი - კაშია (77. ცინცაძე), კანკავა, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (65. პაპუნაშვილი) - მჭედლიძე.
სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, დაუშვილი, კაკაბაძე, მერებაშვილი, ფოფხაძე, ცხადაძე, ვაწაძე
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: ველანი (74), მაკლინი (76)
არბიტრი: იშტვან ვადი (უნგრეთი).
შოტლანდია-გერმანია 2:3
გოლი: 0:1 მიულერი (18), 1:1 ჰუმელსი (28-საკ. კარში), 1:2 მიულერი (34), 2:2 მაკარტური (43), 2:3 გუნდოგანი (54)
შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, მარტინი, ჰენლი, მულგრიუ, ბრაუნი (82. კ. მარტინი), მაკარტური, ფორესტი (81. რიჩი), მელოუნი (60. ანია), მორისონი, ს. ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
გერმანია: ნოიერი, ჩანი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, კროოსი, შვაინშტაიგერი, მიულერი, გიუნდოგანი, იოზილი (90. კრამერი), გიოტცე (86. შურლე).
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
გაფრთხილება: მორისონი, მელოუნი.
პოლონეთი-გიბრალტარი 8:1
გოლები: 1:0 გროსიცკი (8), 2:0 გროსიცკი (15), 3:0 ლევანდოვსკი (19), 4:0 ლევანდოვსკი (29), 5:0 მილლიკი (56), 6:0 ბლაშიკოვსკი (59-პენ), 7:0 მილიკი (72), 8:0 კაპუსტკა (74), 8:1 გოსლინგი (87)
პოლონეთი: ფაბიანსკი, ოლკოვსკი (87. მილა), შუკალა, გლიკი, რიბუსი, ბლაშჩიკოვსკი (62. კაპუსტკა), კრიხოვიაკი, მაჩინსკი, გროსიცკი, მილიკი, ლევანდოვსკი (66. ზელინსკი) .
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
გიბრალტარი: პერესი, რ. ჩიპოლინა, ჯ. ჩიპოლინა, ბარნეტი, გოსლინგი, უოლკერი, ლ. კაშიარო (79. ლოპესი), ბარდონი, გარსია, კომბსი (46. რ. კაშიარო), დუარტე (68. ბოსიო).
მწვრთნელი: ჯეფ ვუდი
დარჩენილი მატჩები
8 ოქტომბერი
საქართველო-გიბრალტარი
ირლანდია-გერმანია
შოტლანდია-პოლონეთი
11 ოქტომბერი
გერმანია-საქართველო
პოლონეთი-ირლანდია
გიბრალტარი-შოტლანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ფფფფფ
0
0
ნუ გადამრიეთ რაა ,, რა პოტენციალიაქვს პაპუნაშვილს ხალხო იქნება მე ვერ ვხედავ?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული