მიუხედავად მეტოქის სისუსტისა, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. სასიამოვნოა ისიც, რომ გიბრალტარელთა კარში 4 გოლი გავიტანეთ და დამაჯერებლად მოვიგეთ, თუმცა, წესით, კიდევ მეტი უნდა გაგვეტანა...
დებიუტანტები
რა ვნახეთ გიბრალტართან? რა იყო ამ შეხვედრაში მთავარი? აქ, ალბათ, უფრო ზოგად ტენდენციებზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან მეტოქე იმდენად სუსტი იყო, მასთან მოპოვებული, თუნდაც დამაჯერებელი გამარჯვება შორს მიმავალი დასკვნების გამოსატანად არ ივარგებს.სამწვრთნელო შტაბმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. წინ გერმანიასთან გასამართი ლაიპციგური მატჩია. ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო დააკლდნენ ლევან მჭედლიძე, ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან ყენია.
ერთ-ერთი მთავარი ამ მატჩში ის იყო, რომ ვნახეთ დებიუტანტები. მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით, ეს ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირზე ითქმის, ვინც პირველი გოლისას მართლაც რომ დიდებული პასი მისცა მათე ვაწაძეს.
კარგად ითამაშეს ოთარ კაკაბაძემ და გუგა ფალავანდიშვილმაც. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიჭების ეროვნულ გუნდში გაშინაურებით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ გია გრიგალავა და ნიკა ძალამიძე.
ქართული ბლიცკრიგი და დიდი განსხვავება
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის მეორე ნახევარში პატარა ბლიცკრიგი მოუწყო გიბრალტარს და მაშინ გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი. სწორედ ამ მონაკვეთში გავიტანეთ სამი გოლი. წინ გერმანიასთან მატჩია და ჩანდა, რომ მეორე ტაიმში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა ძალები აშკარად დაზოგა. ვფიქრობთ, ეს დავალება სამწვრთნელო შტაბიდან მოდიოდა. ფეხბურთელებს მიეცათ მითითება, რაც შეიძლება, დიდხანს დაეჭირათ ბურთი.
სწორედ ამიტომ მოხდა, რომ მეორე 45 წუთში ევროპული ფეხბურთის აუტსაიდერს მხოლოდ ერთი გოლი გავუტანეთ. არადა, მეტიც შეიძლებოდა. გულშემატკივარმა რიგ ეპიზოდებში ნაკრებს უსტვინა. ხალხს გოლები უნდოდა. სტადიონზე, არცთუ კარგ ამინდში მოსულ კაცს ვერ აუხსნი, რომ ოთხ დღეში ლაიპციგში მსოფლიო გოლიათს უნდა დაეჯახო.
ფაქტი ერთია - ორ ტაიმს შორის დიდი განსხვავება იყო.
მეორე ფორვარდიც გვყოლია!
როგორც ვთქვით, გიბრალტართან თამაშით ბევრს ვერაფერს განსაზღვრავ, მაგრამ ფორვარდს კოჭებში ეტყობა. მჭედლიძე გასაგებია - ის დღეს ულაპარაკოდ ნომერ პირველია ქართველ თავდამსხმელებს შორის. მეორე ფორვარდიც გვყოლია - სწორედ ამის დასტურია მათე ვაწაძის მიერ შესრულებული დუბლი.არ ვიცი, რას დავაბრალო - სავიზო პრობლემებსა თუ სამწვრთნელო ამბებს, მაგრამ ასე მგონია: ვაწაძე აქამდეც მეტად უნდა გამოსდგომოდა ჩვენს ეროვნულ გუნდს და სამომავლოდ ეს ასეც უნდა იყოს.
ქართულ ფეხბურთს დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მათეს ნიჭი გაიფლანგოს - ფორვარდისა, ვინც გოლის გატანა იცის.
ვაკოს შოუ
რა თქმა უნდა, გიბრალტართან მატჩი ყველას ძალიან მალე დაგვავიწყდება. რა თქმა უნდა, მას სათვალავში არ ჩავაგდებთ. სამაგიეროდ, ვერ დავივიწყებთ ვაკო ყაზაიშვილის იმ დიდებულ სოლოს, თამაშის მიწურულს რომ შემოგვთავაზა და გოლით რომ დააგვირგვინა. ადრეც დავწერე და ახლაც ჩემს აზრზე ვრჩები - ყაზაიშვილი უნდა იყოს ის ფეხბურთელი, ვინც ჩვენი გუნდის შემოქმედებით ლიდერობას იკისრებს. მას საამისოდ ყველანაირი მონაცემი აქვს.
რა არ მოგვეწონა
არ იყო მოსაწონი საქართველოს ნაკრების ძალიან ხშირი ლტოლვა გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისკენ. რაც უნდა სუსტი იყოს მოწინააღმდეგე, მას ნებისმიერ შემთხვევაში დაფასება სჭირდება.არც თორნიკე ოქრიაშვილის ყვითელი ბარათი იყო სასიამოვნო. იმ დონის გუნდთან, როგორიც გიბრალტარია, შემტევმა გაფრთხილება არამც და არამც არ უნდა მიიღოს.
რევიშვილი და ჯუჯები
გიბრალტარს ორი საგოლე შანსი ჰქონდა. "ჯუჯებს" საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ნუკრი რევიშვილმა არ გაატანინა - ორივეჯერ ადგილზე დახვდა მათ "მოსაკითხებს". განსაკუთრებით ის მომენტია აღსანიშნავი, რიკოშეტით წასულ ბურთზე რომ მოასწრო რეაგირება. გიბრალტარელთაგან ყველას მეათე ნომერი, ლაიამ უოლკერი სჯობდა. დანარჩენები კი, ალბათ, სხვადასხვა სამსახურს მოსწყდნენ მშობლიური ქვეყნის სამსახურისთვის...
მატჩის სტენოგრამა
2" - ვაწაძის დარტყმა. ბურთს მცველი ეღობება.
4" - ყაზაიშვილის დარტყმულს მეკარე იგერიებს.
10" - ოქრიაშვილი-ყაზაიშვილის კომბინაციას ეს უკანასკნელი კარში დარტყმით ასრულებს. მეკარე ადგილზეა.
13" - კაკაბაძის ჩაწოდება და ყაზაიშვილის თავური. ისევ მეკარე.
16" - ვაწაძე ვარდნაში ცდილობს გატანას. ბურთი კარს სცდება.
25" - ქართველები მრავალსვლიან კომბინაციას ათამაშებენ. ყაზაიშვილი არაზუსტად ურტყამს.
28" - ოქრიაშვილის დარტყმა. ბურთი სტუმართა კარს ზემოდან სცდება.
30" - 1:0! კვეკვესკირს დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ გაჰყავს ვაწაძე. "ორჰუსის" ფორვარდი ზუსტად ურტყამს.
34" - კაკაბაძე აწვდის საჯარიმოში. ბურთი მეტოქე მცველს ხელზე ხვდება და პენალტი.
35" - ოქრიაშვილს 11-მეტრიანი გააქვს - 2:0!
39" - უოლკერის დარტყმულს მეკარე რევიშვილი იგერიებს.
45" - კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ვაწაძე თავით გზავნის მეტოქის კარში - 3:0!
52" - ჯოზეფ ჩიპოლინა შორიდან ამოწმებს რევიშვილის საიმედოობას.
57" - ვაწაძე შემობრუნებით ურტყამს. ბურთი კარს სცდება.
62" - ძალამიძის კუთხური და ვაწაძის თავური. ხარიხა!
70" - კაკაბაძე თავად ქმნის მომენტს, მაგრამ ახლოდან ვერ გააქვს.
71" - ვაწაძეს ორჯერ არ გაატანინა მეკარემ.
87" - ყაზაიშვილის დიდებული სოლო-რეიდი და ზუსტი დარტყმა 18 მეტრიდან - 4:0!
ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. IX ტური
08.10. თბილისი. "დინამო არენა". 10 000 მაყურებელი
საქართველო-გიბრალტარი 4:0
გოლები: 1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35-პენ), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)
საქართველო (4-2-3-1): რევიშვილი - კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა - კვეკვესკირი, კანკავა (58. ფალავანდიშვილი) - ოქრიაშვილი (58. ძალამიძე), ყაზაიშვილი, კობახიძე - ვაწაძე (74. ცხადაძე).
სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, ლობჟანიძე, კვირკველია, ხიზანიშვილი, გელაშვილი, მერებაშვილი, ფოფხაძე, ნავალოვსკი.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გიბრალტარი (4-5-1): პერესი - გარსია, რ. კაშიარო, რ. ჩიპოლინა, ი. ჩიპოლინა - გიოსლინგი, უოლკერი, ლ. კაშიარო (76. დუარტე), ბარდონი, კ. კაშიარო (85. იომე) - კაბრერა (46. პერესი).
სათადარიგოები: ნილი, რობა, ბოსიო, კლარკი, ბარნეტი, როვენგო, კუმბსი, გალინგი.
მწვრთნელი: ჯეფ ვუდი
გაფრთხილება: კაბრერა (15), ოქრიაშვილი (31)
მსაჯი: სერგეი ბოიკო (უკრაინა)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"