გერმანია-საქართველო 2:1 - 11 წუთი სასწაულამდე [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩამდე
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ გიბრალტართან გამარჯვების შემდეგ ჩავიდა. გერმანია ლაიპციგში გამწარებული დაგვხვდა, რაკი ჩვენი მოგების კვალად, თავად დამარცხდა დუბლინში, ირლანდიასთან...

ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ბუბა დაუშვილი და ლევან ყენია ადრევე მოვისაკლისეთ. გიბრალტართან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. სასტარტოში გამოჩნდნენ გიორგი ნავალოვსკი, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია და ნიკა გელაშვილი.

ყველა ეს ცვლილება მოსალოდნელი იყო. ვიცოდით, რომ დაცვას ერთი ფეხბურთელი დაემატებოდა. ცოტა მოულოდნელი გვეჩვენა გიბრალტართან დუბლის შემსრულებელი მათე ვაწაძის გელაშვილით ჩანაცვლება. როგორც ჩანს, აქ სამწვრთნელო შტაბმა ის
გაითვალისწინა, რომ გელაშვილის კოზირი სისწრაფეა და კონტრშეტევებზე ის უფრო მწვავედ თამაშობს.

გერმანიას გამოაკლდა ირლანდიასთან დაშავებული მარიო გიოტცე. ცხადია, იოახიმ ლიოვის შეგირდების მიზანი გამარჯვება იყო. ქართველებთან მატჩამდე ბუნდესნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯიბეში (ოფიციალურად) არ ედო...

გმადლობთ, ნუკრი!
წერილის ფორმატი საშუალებას რომ მაძლევდეს, პირველ ტაიმში ორ სიტყვას დავწერდი და გავჩერდებოდი - ნუკრი რევიშვილი! საქართველოს ნაკრების მეკარე, რბილად რომ ვთქვათ, დიდებული იყო და ზოგჯერ აუღებელ ბურთებსაც იღებდა.

განსაკუთრებით გაამწარა რევიშვილმა "დორტმუნდის" ვარსკვლავი მარკო როისი, ვისაც არაერთი ასპროცენტიანი მომენტი შეექმნა, რამდენჯერმე კარს ააცილა, თუმცა რევიშვილი რომ არა, აუცილებლად გაიტანდა.

ერთხელაც დამტკიცდა, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში ორი მაღალი კლასის მეკარეა - რევიშვილი და გიორგი ლორია.

თავს გადავახტით
პირველ ტაიმში გერმანიას ჰქონდა ბურთი და ჰქონდა მომენტები. ეს ასე რომ იქნებოდა, ამას ყველა ველოდით. და მაინც, საკუთარ თავს გადავახტით. ყველამ მაგრად იმუშავა. დაცვამ, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

ეგაა, ხშირად გაუმართლებლად ვკარგავდით ბურთს. ძალიან კარგი იყო გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა, ვინც ერთხელაც დაამტკიცა, რომ ნაკრების ლიდერია.

შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა მანამ, სანამ...

ნოიერი რომ არა
27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დიდებული საგოლე შანსი შეექმნა. ნიკა კვეკვესკირმა გადააწოდა ვაკო ყაზაიშვილს, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და თორნიკე ოქრიაშვილი მონახა, რომელმაც კარში დროულად კი დაარტყა, მაგრამ მანუელ ნოიერმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა - ურთულესი ბურთი მოიგერია. ძალიან კარგი შანსი გვქონდა...

გერმანიამ კი დაწოლა გააგრძელა...

შევაჩერეთ!
პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში გერმანიის ნაკრებს, ასპროცენტიანს რომ იტყვიან, ისეთი საგოლე მომენტი აღარ ჰქონია. ლიოვის გუნდმა ვერც გადამწყვეტი შტურმი მოგვიწყო და აგრერიგად სასურველი გოლის გატანა მეორე ნახევრისთვის გადადო.

უკმაყოფილო გერმანულმა პუბლიკამ "ბუნდესმანშაფტი" გასახდელში სტვენით გააცილა, თუმცა ცხადი იყო, რომ მეორე ტაიმშიც დიდი წნეხის ქვეშ ვიქნებოდით.

როგორც ჩივაძემ
მეორე ტაიმი კახა ცხადაძემ ცვლილებით დაიწყო - გელაშვილის ნაცვლად მინდორზე მათე ვაწაძე გავიდა. იქვე, ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. კანკავამ თამაშის წესი დაარღვია მესუთ იოზილის წინააღმდეგ. 11-მეტრიანი თომას მიულერმა გარდასახა გოლად.

ასეთი რამ ალექსანდრე ჩივაძემ გააკეთა 1982 წელს, შოტლანდიასთან სამუნდიალე მატჩში, როცა საკუთარი შეცდომა გოლით გამოისყიდა, როგორც ნამდვილმა კაპიტანმა.

...და კანკავამ - კუთხურიდან მცველთაგან ამოტანილ ბურთს მარცხენათი მძლავრად დასცხო და ნოიერი გაშეშებული დატოვა - 1:1. აქ ის ჯაბა გამახსენდა, კარიერის დასაწყისში ძალიან ხშირად რომ უტყამდა შორიდან.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მეორე ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში. კიდევ სამი შანსი - კვეკვესკირის შორეულ დარტყმულს გერმანელთა მეკარე "ცხრიანიდან" ხსნის; მერე ვაკო ყაზაიშვილს ვერ გააქვს ახლოდან მას შემდეგ, რაც მცველს აბითურებს; დაბოლოს, ოქრიაშვილს შეექმნა კიდევ ერთი მომენტი, მაგრამ ნოიერმა ახლოდან დარტყმულს თითები წაჰკრა და მხოლოდ კუთხურს გამოვრჩით.

და მაინც
სასწაულამდე ზუსტად 10 წუთი დაგვაკლდა. გერმანელთა გოლამდე მინდორზე ზურაბ ხიზანიშვილი შევიდა. "ხიზანას" გამოცდილებისა და კლასის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისიცაა, რომ როცა დაცვა მაგრად დგას, ბოლო წუთებში ბევრი მწვრთნელი ერიდება ზედმეტი მცველის დამატებას.

გერმანელებმა უსწრაფესი კომბინაცია გაათამაშეს და შეცვლაზე შესულმა მაქს კრუზემ, იოზილის პასის შემდეგ, რევიშვილის კარში შეასრიალა ბურთი.

იმედიანი დასასრული
მატჩის გმირს, ნუკრი რევიშვილს რომ თავი დავანებოთ, მაგრად ითამაშეს კანკავამ, ყაზაიშვილმა და ოქრიაშვილმა.

თავი დადო მთელმა გუნდმა და ეს ბოლო შემთხვევა იქნება, როცა წაგებულს შევაქებთ...

ამით ქვეყნის მთავარმა გუნდმა შესარჩევი ციკლი დაასრულა. დასასრული იყო იმედიანი. მსოფლიოს ჩემპიონთან თუ შეგვიძლია თამაში, ესე იგი, ყველასთან შეგვიძლია - ეს აქსიომაა. მომავალ საკვალიფიკაციოში კი ჯგუფი ისეთია, იმედს რომ გაძლევს და ოცნების საღერღელს აგიშლის.

შემდგომ შესარჩევში კიდევ უფრო კარგ საქართველოს და უკეთეს შედეგს ველით. გუშინ ლაიპციგში მომავალი დავინახეთ...

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. X ტური
11.10. ლაიპციგი. "რედ ბულ არენა". 43 630 მაყურებელი
გერმანია-საქართველო 2:1
გოლები: 1:0 მიულერი (49-პენ), 1:1 კანკავა (53), 2:1 კრუზე (79)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - გინტერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი - კროოსი, გიუნდოგანი - მიულერი, იოზილი, როისი (90. ბელარაბი) - შიურლე (76. კრუზე).
სათადარიგოები: ლენო, ტერ-შტეგენი, ჩანი, კრამერი, მუსტაფი, რუდი, შვაინშტაიგერი, ვოლანდი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
საქართველო (5-2-2-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ნავალოვსკი - კანკავა, კვეკვესკირი (78. ხიზანიშვილი) - ყაზაიშვილი (89. კობახიძე), ოქრიაშვილი - გელაშვილი (46. ვაწაძე).
სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, ძალამიძე, გრიგალავა, კაკაბაძე, მერებაშვილი, ფალავანდიშვილი, ფოფხაძე, ცხადაძე.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: ნავალოვსკი (33), რევიშვილი (48), ოქრიაშვილი (71), ჰუმელსი (90)
არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

სტატისტიკა
31 კარში დარტყმა 8
19 ზუსტი დარტყმა 5
9 კუთხური 3
2 თამაშგარე 1
6 ჯარიმა 9
66% ბურთის ფლობა 34%

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
Sagol bichebiii..
beto
10:37 14-10-2015
0
Didi madloba pirvel rigshi chem xalxs da chems bichebs.. rtuli tamashis miuxedavad chven girseuli metokeoba gavuciet germanul mankanas da albat cota igbalic da mizans mivagcevdit. Gpirdebit gavaanalizebt kvela cuns da gamovascorebt. Minda xizanazec vtkva.. rtulia shemosvlaze tamashi tan mitumetes germaniastan.. vici is profesionali fexburtelia.. magram gpirdebit xizanas droebit davasveneb da asparezs axalgazrdebs davutmob. Madloba kvelas
kaxa cxadadze
10:35 14-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული