ცხადაძის წელიწადი: პროგრესი დამაფიქრებელი დასასრულით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული საფეხბურთო წელი ჩაატარა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით. ეს არ არის პატარა პერიოდი. ამ დროის განმავლობაში გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია.

როგორი იყო საქართველოს ნაკრებისათვის 2015 წელი? ვეცდებით, ჩვენს წერილში ამ კითხვას ვუპასუხოთ.

პირველი მატჩი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძემ პირველი მატჩი 2015 წლის 25 მარტს ჩაატარა. ამხანაგურ მატჩში ჩვენი მეტოქე მალტის ნაკრები იყო. თამაში თბილისში გაიმართა და მიზანი ერთადერთი გვქონდა - მოგება!

მოკლედ ვთქვათ, რა მდგომარეობაში იყო საქართველოს ნაკრები იმ დროს, როცა გუნდში ცხადაძე მივიდა.
ეს იყო დემორალიზებული კრებული, რომელსაც დავიწყებული ჰქონდა გამარჯვების გემო. სხვა საკითხია ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ-მორალური მდგომარეობა.

ცხადაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა მალტას 2:0 მოუგო. 83 წუთის განმავლობაში მალტელებს უშედეგოდ ვუტევდით, მერე კი ნავსი გავტეხეთ. ჯერ ჯაბა კანკავამ გაახარა "მიხეილ მესხზე" შეკრებილი პუბლიკა, მერე კი ვაკო ყაზაიშვილმა წამოგვახტუნა შესანიშნავი გოლით.

ოფიციალური დებიუტი
კახა ცხადაძემ ნაკრები ოფიციალურ შეხვედრაში პირველად 29 მარტს დამოძღვრა. ქართველთა გამომცდელს აღარ იკითხავთ? - თვით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - გერმანია. თბილისში პლანეტის უპირველესმა გუნდმა ულაპარაკოდ მოგვიგო მარკო როისისა და თომას მიულერის გოლებით.

ამის მიუხედავად, განსაკუთრებით მეორე ნახევარში იყო მომენტები, როცა საქართველოს ნაკრებმა გვირაბის ბოლოს შუქი დაგვანახა. ცხადი იყო, უფრო მეტად ვთამაშობდით ფეხბურთს და მეტადაც ვცდილობდით შეტევას...

სხვანაირი საქართველო
კახა ცხადაძე არ არის ჯადოქარი, სამ-ოთხ დღეში მნიშვნელოვნად შეეცვალა ეროვნული გუნდის თამაშის სურათი და ფეხბურთელების ფსიქოლოგია. ამისთვის მწვრთნელს სრულფასოვანი შეკრება სჭირდებოდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ავსტრიული შეკრების შემდეგ ჩვენ სულ სხვანაირი საქართველოს ნაკრები ვიხილეთ.

ამის დასტური იყო ავსტრიულ ლინცში გამართული ამხანაგური მატჩი უკრაინის ძლიერ ნაკრებთან. ქართველებმა მოწინააღმდეგეს ტოლი არც ერთ კომპონენტში არ დაუდეს და მთელ რიგ ეპიზოდებში დაჯაბნეს კიდეც, მაგრამ... სამწუხაროდ, მაინც წავაგეთ.

კრავეცისა და კონოპლიანკას მიერ გატანილ ბურთებს გვიანი გოლით მათე ვაწაძემ უპასუხა.

ვგონებთ, ბიჭებმა პირველად სწორედ ამ მატჩში ირწმუნეს, რომ თამაში ყველასთან შეიძლება და ისიც შეიძლება, რომ ბურთს ვფლობდეთ და მეტოქეს პირველ ნომრად ვეთამაშებოდეთ...

პოლონური კოშმარი
...რა კარგად იყო ყველაფერი 62-ე წუთამდე?! ფავორიტი პოლონეთი ევროშესარჩევი ციკლის მატჩში შინ ვერაფერს გვიხერხებდა. ზუსტად ამ დროს არკადიუშ მილიკმა ანგარიში გახსნა.

ცხადაძის გუნდი არც ამან დააბნია და შეტევას მიეძალა, მაგრამ ვერ გაიტანა. არადა, შეეძლო - გაიხსენეთ გიორგი ნავალოვსკის დარტყმული, რომელიც ხარიხას მოხვდა...

მერე კი ვნახეთ ბოლო წუთების კოშმარი. საქართველოს ნაკრებმა სწორედ ბოლო ოთხ წუთში 3(!) გოლი გაუშვა და ანგარიშმა ძალზე მძიმე სახე მიიღო - 0:4.

ცხადაძის ხელმძღვანელობით, ეროვნულ გუნდს პირველად "ჩაეძინა" შეხვედრის ბოლო წუთებზე. თურმე, პირველად და არა - უკანასკნელად...

ნანატრი გამარჯვება
4 სექტემბერს ნანატრი გამარჯვების დროც დადგა. ევროშესარჩევი ციკლის საშინაო მატჩში დავამარცხეთ შოტლანდია და დიდადაც გავიხარეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო საბედისწერო მარცხი ბრიტანელთათვის - დიდწილად, სწორედ "დინამო არენაზე" ნაწვნევი ალიყურის გამო დარჩა გორდონ სტრაჩანის გუნდი ევროპის ჩემპიონატს მიღმა...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შოტლანდიასთან შეხვედრაში საქართველომ გამარჯვება ალალად დაიმსახურა. საგოლე მომენტებიც გვქონდა და მატჩის მეტი წილიც ის ფეხბურთი ვითამაშეთ, რომელსაც საქართველოს პირველი გუნდისგან ველით და ვითხოვთ.

ერთადერთი გოლი იმ მატჩში 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ თამაშის ერთ-ერთი გმირი - ჯანო ანანიძე მძიმედ დაგვიშავდა და აგერ, დღემდე მკურნალობს...

დავიღალეთ!
7 სექტემბერი. რომ არა ჩაგდებული მეორე ტაიმი, საქართველოს ნაკრებს თავისუფლად შეეძლო დუბლინური შესარჩევი მატჩიდან, სულ მცირე, ქულა მაინც წამოეღო. ქულებზე დაგეშილ ირლანდიას პირველ ტაიმში მართლაც არაფრით ჩამოვრჩით და ნერვებიც დავაწყვიტეთ.

დაიწყო მეორე ტაიმი და... სქოთებთან თბილისური რკენით გადაქანცულ ქართველებს დაღლა დაეტყოთ. "სამყურებმა" ერთადერთხელ იძალეს: 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსმა გაგვიტანა.

კიდევ ერთი ტრავმა - დაგვიშავდა ლევან მჭედლიძე და რაკი ამ დროს ჩვენს სამწვრთნელო შტაბს სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა, მატჩის ბოლო წუთები 10 კაცით ჩავამთავრეთ.

გოლები და სტვენა
8 ოქტომბერს თბილისში ვისტუმრეთ ბეჩავი გიბრალტარი და ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით 4 გოლი გავუტანეთ (მათე ვაწაძე - 2, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი).

მოვიგეთ დამაჯერებლად, მაგრამ ქომაგთა ნაწილმა გუნდს მაინც უსტვინა - ევროპული ფეხბურთის ახალმოსახლეთა კარში ბევრს 10 და მეტი გოლის მოლოდინი ჰქონდა. ის კი დაგვავიწყდა, რომ სულ მალე გერმანიას სტუმრად უნდა შევბმოდით...

იმედის მატჩი
11 ოქტომბერს, ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლაიპციგში დაგვიხვდა გერმანია, რომელსაც ევროფორუმის საგზური ჯიბეში ჯერაც არ ედო...

ყველა კომპონენტში მაგრად ვითამაშეთ. თავი დადო ნუკრი რევიშვილმა. რომ არა მანუელ ნოიერის ბრწყინვალება, იქნებ ზესენსაციური ქულაც წამოგვეღო გერმანიიდან, მაგრამ... არ გამოვიდა.

თომას მიულერის 11-მეტრიანს ჯაბა კანკავამ ეფექტური და შედეგიანი დარტყმით უპასუხა. გერმანიამ მაქს კრუზეს გვიანი გოლით ძლივსღა მოგვიგო...

SOS! დამაფიქრებელი დასასრული
2015 წელი ორი ამხანაგური მატჩით დავასრულეთ. გასვლაზე ულაპარაკოდ წავაგეთ ესტონეთთან. ჩვენი აზრით, ეს იყო ცხადაძის ყველაზე ცუდი მატჩი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ესტონეთმა ყველა კომპონენტში გვაჯობა, პირდაპირ ვთქვათ - "გადაგვირბინა".

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს კი 88-ე წუთამდე 2:0-ს ვუგებდით, მაგრამ... მერე ისევ "ჩაგვეძინა" და ორი გოლი გავუშვით. მოგება ჩვენი რომ გვეგონა და ვხარობდით, სწორედ მაშინ გაგვითანაბრეს "არწივებმა"...

"არის პროგრესი, მაგრამ ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. თუ რამე გამოგვეპარა, ეს პროგრესი აუცილებლად გადაიქცევა რეგრესად. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - თქვა ცხადაძემ და მის ამ სიტყვებს ბოლომდე ვეთანხმებით.

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, 2015 პროგრესის წლად ჩავთვალოთ, ოღონდ - დამაფიქრებელი დასასრულით. ახლა ასი თვალისა და ყურის გამობმა გვმართებს, რათა, მწვრთნელის თქმის არ იყოს, მართლაც არაფერი გაგვეპაროს!

ციფრები
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩი ჩაატარა. ჩვენებმა მოიგეს 3 მატჩი, ფრედ დაასრულეს 1 და წააგეს 6. გავიტანეთ 11 და გავუშვით 16 გოლი.

3-3 გოლია მათე ვაწაძისა და ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე. 2 ბურთი შეაგდო ჯაბა კანკავამ.

სქემა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 3-4-2-1 სქემას იყენებდა ამ 10 შეხვედრაში, რომელიც, მეტოქიდან გამომდინარე, ზოგჯერ სხვადასხვანაირად ტრანსფორმირდებოდა ხოლმე.

ზუსტად ვიცით, საქართველოს ნაკრების სათამაშო არსენალში მალე კიდევ ერთი სათამაშო სქემა გაჩნდება - ერთით მეტი შემტევით. გაჩნდება და, ალბათ, გამოგვადგება კიდეც - იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გვექნება ისეთი საშინაო და საგარეო მატჩები, რომლებიც აუცილებლად მოსაგები იქნება და ეს სიტუაცია უთუოდ "პირველ ნომრად" თამაშს მოგვთხოვს.

სტაბილურობის ძიებაში
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თუ რამ აკლია და ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა თუ რამეზე უნდა იმუშაოს, ეს სტაბილურობაა. ეს მცნება, რომლის გარეშეც თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ჯერაც ვერ იქცა შინაურად ჩვენი გუნდისთვის.

იშვიათია, ნაკრებმა მთელი თამაში სტაბილურად ჩაატაროს. ხან პირველი ტაიმი გვივარდება, ხან - მეორე, ხან კიდევ - მატჩის კონკრეტული მონაკვეთი.

მონაპოვარი
ესტონეთთან უსახურად წაგებამ და ალბანეთთან დაკარგულმა გამარჯვებამ გული კი დაგვწყვიტა, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები ახლა იმაზე უკეთესი გუნდია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო.

ძველებურად აღარ გვეშინია, ვთამაშობთ ფეხბურთს და შეტევას ვცდილობთ. ჯერ ყოველთვის არ გამოგვდის, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია.

სათამაშო რგოლების მიხედვით
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე ნუკრი რევიშვილია. მას სათამაშო პრაქტიკა აქვს. გიორგი ლორია კი ჯერაც მკვიდრდება სამარის "კრილია სოვეტოვში".

დაცვა მეტ-ნაკლებად სტაბილურად თამაშობს. ისე ჩანს, რომ იქ ერთ-ერთი მთავარი კაცი რუბინელი საბა კვირკველიაა. არ იყო კვირკველია და ესტონეთ-ალბანეთთან უკანა ხაზის შეცდომებმაც იმატა.

ნახევარდაცვაში თამაშობს გუნდის ლიდერი და კაპიტანი ჯაბა კანკავა. როცა ჯანო ანანიძე გამოჯანმრთელდება, საქართველოს ნაკრების შუა ხაზის ძალა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ნახევარდაცვის ცენტრში გვყვანან ისეთი ბიჭები, მათი იმედი რომ უნდა გვქონდეს.

ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია - ამ შემტევებზე ჩვენი გუნდი დიდადაა დამოკიდებული. ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი ნაკრებში კარგები არიან. ჭანტურია კი ბოლომდე უნდა გაიხსნას და თუ ეს მოხდა, მაშინ ის ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინება მუნდიალის შესარჩევ ციკლში.

საქართველოს ნაკრები თითქოს უკვე წაკითხული წიგნია, ყველა ფეხბურთელზე ყველაფერი ვიცით, ჭანტურია კი უნდა "აფეთქდეს".

გამოკვეთილ თავდამსხმელებში უდავო პრიმა ლევან მჭედლიძეა. ეგაა, ის ხშირად ტრავმიანობს. გოლების გატანა მათე ვაწაძესაც შეუძლია...

ეპილოგის მაგიერ
ბევრი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იოლი ჯგუფი შეგვხვდა. მთლად ასე არ მგონია, თუმცა, როცა VI კალათში ხარ, უკეთესსაც ძნელად თუ ინატრებ.

საქართველოს ნაკრები ახლა იმ დონეზეა, რომ გიჟი უნდა იყო, მუნდიალზე უეჭველად გასვლა დაგეგმო. ჩვენ ასე დავწეროთ: დიდებული იქნება, თუ ეროვნული გუნდი საუკეთესო ორ ნაკრებს შორის მოხვდება, თუ არა და, არც მესამე ადგილი უნდა იყოს მიუღებელი შედეგი.

რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და არც გადაჭარბებული მოლოდინი შევქმნათ.

თუ ყველაფერი საჩვენოდ წავიდა, თუნდაც მეორე ადგილის დაკავება შესაძლებელია, მაგრამ მანამდე ძალიან კარგი ამხანაგურები და შეკრებები გვჭირდება.

მკითხველს ვერ მოვატყუებთ. ჩვენი მომავალი მეტოქეები - უელსი, ავსტრია, ირლანდია და სერბეთი დღეს ჩვენზე წინ არიან. მათ უმოკლეს დროში უნდა დავეწიოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
უნდა გაუშვათ ეგენი კველა ჩივაძეც უნდა მიაკოლოთ
beso
16:51 19-11-2015
0
იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა
fexburtis movaruli
17:26 19-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული