ნიკა კვეკვესკირი: საფეხბურთო თავხედობის გარეშე რთულია, წარმატებას მიაღწიო

AutoSharing Option
23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ფასეული ფეხბურთელი გახდა. ის ძალიან კარგად შეერწყა კახა ცხადაძის გუნდს. კვეკვესკირი მშვენიერი იყო გერმანიასთან მატჩში, სადაც, მანუელ ნოიერი რომ არა, ის ბურთი აუცილებლად "ცხრიანში" გაეხვეოდა...

ეროვნული გუნდის ბოლო ორ ამხანაგურ მატჩს კვეკვესკირი ტრავმის გამო გამოაკლდა.

"ლელო" ბაქოს "ინტერის" საყრდენ ნახევარმცველს დაუკავშირდა და მიმდინარე თემებზე ინტერვიუ სთხოვა...

- როგორია ამჟამად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა დრო დაგჭირდებათ მოედანზე დასაბრუნებლად?
- ჯერ კიდევ ვმკურნალობ. ალბათ, ორი კვირა დამჭირდება საიმისოდ, რომ გუნდთან ერთად სრული
დატვირთვით ვივარჯიშო.

- ნახავდით საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩს...
- რა თქმა უნდა, ორივე თამაში ვნახე...

- ...და როგორ შეაფასებდით ამ მატჩებს?
- ესტონეთთან მწვრთნელმა ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. როცა ამდენი ცვლილება კეთდება, რთულია, ორგანიზებულობა შეინარჩუნო. ჩემი აზრით, სწორედ ამის პრობლემა გვქონდა ესტონეთთან შეხვედრაში და მარცხსაც ამ გარემოებას ვაბრალებ...

რაც შეეხება ალბანეთთან მატჩს, 87 წუთის განმავლობაში გასვლაზე რომ უგებ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასულ ნაკრებს, ერთი მხრივ, ეს ძალიან დადებითი მომენტია, მაგრამ... ძალიან დამწყდა გული, რომ თამაში ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ.

- უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ კახა ცხადაძის გუნდში კარგად ჩაეწერეთ და ამის ნათელი მაგალითი იყო გერმანიასთან მატჩი. თქვენი დარტყმის შემდეგ მანუელ ნოიერმა "მკვდარი ბურთი" მოიგერია...
- ძალიან ბედნიერი ვარ, ამ მატჩში რომ ვითამაშე. საერთოდ, საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. დავამატოთ ამას ისიც, რომ კონკრეტულად გერმანიასთან, ასე თუ ისე, დადებითი კუთხით წარმოვაჩინეთ თავი. იმ მატჩში ვაჩვენეთ, რომ პროგრესის გზაზე ვართ და ეს სასიამოვნო იყო როგორც ჩემთვის, ისე მთელი გუნდისთვის. ნოიერი კი დიდებული მეკარეა და ეს ჩვენთან მატჩშიც დაამტკიცა - მართლაც სასწაული ბურთები აიღო...

- ამას წინათ, კახა ცხადაძემ თქვა: ნიკა კვეკვესკირს ერთი შესანიშნავი თვისება აქვს - მინდორზე არავის უფრთხის, ძალიან თამამიაო...
- ჩემი აზრით, საფეხბურთო სითამამის თუ, ასე ვთქვათ, თავხედობის გარეშე რთულია, წარმატებას მიაღწიო ან თუნდაც - შემტევი ფეხბურთი ითამაშო. გულწრფელად გეტყვით, როცა მინდორზე გავდივარ, არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ ზოგჯერ მოწინააღმდეგე, რეიტინგებით თუ სტატისტიკით, ჩემზე ძლიერია. მე მინდორზე გავდივარ იმისთვის, რომ ვითამაშო ფეხბურთი, ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

- თქვენი აზრით, როგორი იყო საქართველოს ნაკრებისთვის 2015 წელი?
- მე მგონი, ეს უფრო გარდამავალი წელი იყო, ვიდრე - ბრძოლა კონკრეტული მიზნებისთვის. შეიცვალა მწვრთნელი, ტაქტიკა, მიდგომა... საერთოდ - სანაკრებო ფილოსოფია. ბოლო ოფიციალურმა თამაშებმა გვიჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ და იმედია, პროგრესს გავაგრძელებთ. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დიდი ნდობა გაჩნდა.

- ბაქოს "ინტერის" საქმე როგორ მიდის? გამოსწორდა კლუბის ფინანსური მდგომარეობა? ქართველები რჩებით?
- როგორი ფინანსური მდგომარეობაც უნდა იყოს კლუბში, ჩვენთვის, ქართველებისთვის, მოტივაციად მხოლოდ ზაურ სვანაძის ფაქტორიც კმარა. ასეა თუ ისე, მე დღეს "ინტერის" ფეხბურთელი ვარ და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო გუნდის წარმატებისთვის. ასევეა თითოეული ქართველი, ვინც აქ თამაშობს.

- რამდენად ხართ კმაყოფილი აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონით? ხომ არ არის შანსი, რომ კარიერა უფრო მაღალი დონის ლიგაში გააგრძელოთ?
- რასაკვირველია, მაქვს სურვილი, რომ ჩემი თავი უკეთეს გუნდსა და ლიგაში გამოვცადო, მაგრამ ფაქტია, "ინტერისა" და აზერბაიჯანის ჩემპიონატის დამსახურებაც არის, საქართველოს ნაკრების წევრი რომ ვარ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭს წარმატებებს ვუსრვებ მაგრამ... ერთი თამაში ითამაშა და უკვე დაიწყეს ნოიერს რომ ის ბურთი არ აეღო და ისა და ესა... დაწყანრდით ვნახოთ როგორ გააგრძელებს,ერთი თამაშით და ერთი დარტყმით ნუ აიყვანთ ხოლმე მეცხრე ცაზე.....
cezar
19:38 23-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული