ლევან კობიაშვილი: ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახა ცხადაძეს!

AutoSharing Option
13 იანვარს საქართველოს ფეხბურთის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების და მათი ანაზღაურების საკითხი განიხილეს.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აღმასკომზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთათვის ხელფასები განისაზღვრა, რასაც გუნდის წარმატების შემთხვევაში ბონუსები დაემატება.

კობიაშვილის თქმით, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ახალი მწვრთნელებისთვის (ვასილ მაისურაძე, გიორგი ყიფიანი) ეს პირობები მისაღებია, ხოლო რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე, მისთვის ჯერ უცნობია. სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, ცხადაძეს წარმატებად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის
შესარჩევში მესამე ადგილის დაკავებაც ჩაეთვლება.

კობიაშვილმა განაცხადა, რომ ახლა თავად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სახელფასო სისტემას, თუმცა ფედერაცია მას სრულ ნდობას უცხადებს და სურს, რომ ცხადაძემ თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხადაძემ ფედერაციის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, კობიაშვილის თქმით, "ამ საკითხზე საუბარი უმჯობესია მაშინ მოხდეს, როდესაც ცხადაძის პოზიცია გახდება ცნობილი". მისივე განმარტებით, იმედი აქვს, რომ პასუხი დადებითი იქნება.

"ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელების ხელფასები გარკვეული პროცენტით შემცირდეს, თუმცა დაწესდება ახალი, მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელსაც მწვრთნელი მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც მიიღებს. ეს იდეა მოიწონა აღმასკომმაც. ახალი სისტემა ორიენტირებულია შედეგზე.

კახა ცხადაძის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების მიზანია, რომ მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გუნდმა ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი დაიკავოს. მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც, ანუ თუ გუნდი მესამე ადგილზე გავა, მაღალი ჰონორარით ისარგებლებენ მწვრთნელები.

ეს სისტემა გავაცანით თავად კახასაც და ველოდებით მის პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ახალ სისტემას გაიზიარებს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახას. გვჭირდება, რომ იყოს ჩვენთან და იდგეს ჩვენ გვერდით, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა კობიაშვილმა.

კობიაშვილი უკმაყოფილო დარჩა ცხადაძის ბოლოდროინდელი განცხადებებით მედიაში, რაც სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ კახა ცხადაძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ასევე იხილეთ:
[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ნაკრებში ხელფასს მაისიდან 25 პროცენტით შევიმცირებ!
[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ვინც ჩემ წინააღმდეგ რაღაც კამპანიას ააგორებს, საკადრის პასუხს გავცემ!
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეროვნულ სჰემპიონატატს ტუ აფინანსებტ ტქვიტ ბოლობოლო რისტვის მოვიდა კობიასჰვილი არ მესმის სერიოზული და განსაკუტრებული რა გაკეტდა მიტხარიტ
0
ეს ბიჭი--კობიაშვილი ჯერჯერობით ჭკვიანურად და გულიანად მიყვება საქმეს.წარმატებებს ვუსურვებ...
status quo
20:25 13-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული