[დღის ინტერვიუ] "თუ საქართველოში ალექს ფერგიუსონი ჩამოვა, პირველი მე მივესალმები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. მისი აზრი მით უფრო ფასეულია ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი უმწვრთნელოდაა დარჩენილი.

გუშინ "ლელომ" ძოძუაშვილს კითხვებით მიმართა და მისგან საინტერესო პასუხებიც მოისმინა...

- ჩვენ, ყველას ერთად, უნდა გვაერთიანებდეს ერთი დიდი მიზანი. ეს მიზანი არის ის, რომ საქართველოს ნაკრები გავიდეს 2018 წლის მუნდიალზე, წავიდეს რუსეთში. თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ისე, არავითარ შემთხვევაში არაფერი გამოვა.

თუ გვინდა, რომ დავიბრუნოთ ფეხბურთი, ის ფეხბურთი, რომელიც გვქონდა, ერთად უნდა დავდგეთ. საქართველოს ნაკრებს შეუძლია, გავიდეს
მსოფლიოს ჩემპიონატზე. დამიჯერეთ, ეს შესაძლებელია, მაგრამ მთავარი, ვიმეორებ - ჩვენი ერთიანობაა.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - მხოლოდ მწვრთნელი, ცალკე აღებული ნაკრების მწვრთნელი, ვერაფერს შეცვლის, თუ მას ყველა გვერდით არ დაუდგა. აქ მე ვგულისხმობ ფეხბურთის ფედერაციას, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს... იმავე ექსპერტებს, რომელთაც შეუძლიათ, ქართული ფეხბურთისთვის კარგი საქმე გააკეთონ.

- ექსპერტებში ვის გულისხმობთ?
- ჩვენ გვინდა, რომ რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდეთ. ახლა ნახეთ, რამდენიმე კაცი ვართ ცოცხალი, ვისაც სხვადასხვა დროს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატებზე და თან მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს - მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, თუნდაც, მე...

ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, როგორია გზა მსოფლიოს ჩემპიონატისკენ, როგორ უნდა წავიდეთ იქ. ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, ჩემი აზრით, აზრი ექსპერტებსაც უნდა ჰკითხოს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ქართული ფეხბურთისთვის კარგი საქმე გავაკეთოთ.

მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ?! პატარა ქვეყანაა ლატვიაც, მაგრამ ხომ გახსოვთ, რამხელა წარმატებას მიაღწია? იმ წარმატებას ჩვენ, ქართველებმა ჩავუყარეთ საფუძველი. ჩავედით ლატვიაში, შევკრიბეთ ყველა და მთელი რესურსი გამოვიყენეთ.

- ქართველი თუ უცხოელი? ვინ უნდა დაინიშნოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად?
- თუ უცხოელი იქნება, უნდა იყოს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც ყველაფერი დამტკიცებული ექნება. თუ საქართველოში ჩამოვა ალექს ფერგიუსონი, რეზო ძოძუაშვილი იქნება პირველი, ვინც ხელებს ასწევს და მიესალმება ამ კაცს.

ისეთ მწვრთნელს მე ვერ მივესალმები, რომელიც ალალბედზე იქნება შერჩეული. იცით, რა არის? დაჯდეს მწვრთნელი და აგვიხსნას თავისი ხედვა, გვითხრას, რას და როგორ აპირებს. გვითხრას საფეხბურთო საზოგადოებას, ვეტერანებს, ჟურნალისტებს... თქვენ ხომ კარგად იცით ფეხბურთი თეორიული თვალსაზრისით.

იქნებ ხაჭაპურის გამოცხობას აპირებს და ყველის ნაცვლად, ლობიოს გამოყენება სურს. ესეც ხომ შესაძლებელია?

- გეგულებათ ქართველი მწვრთნელი, ვინც ნაკრებს წარმატებით უხელმძღვანელებს?
- მე კი მეგულება, მაგრამ ახლა არ გვინდა დაკონკრეტება...

- მაინც, როგორი მწვრთნელი სჭირდება ეროვნულ გუნდს?
- ფეხბურთი არის ორგვარი - კარგი და ცუდი. ჩვენ გვინდა მწვრთნელი, რომელიც გააღვიძებს იმ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც ჩვენ ვთამაშობდით და ეს არის აუცილებელი. ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ნაკრების მომავალი თავკაცი.

ნაკრები ჩამაბარეს და მორჩა - საკითხისადმი ასეთი მიდგომა არამც და არამც არ შეიძლება. საქართველო ტალანტების ქვეყანაა და თუნდაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყველგან უნდა ეძებოს ფეხბურთელი. თუ გნებავთ, მან ყველა სტადიონის ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს.

მე ქუთაისში, რიონის პირას, სილაზე გავიზარდე. გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩემზე ნიჭიერი მაშინაც ბევრი იყო და ახლაც ბევრია საქართველოში. უბრალოდ, სწორი ძებნა სჭირდება. მე თუ შევძელი მსოფლიოს გაოცება, მათაც შეუძლიათ!

- არის კი საქართველოს ნაკრებში დღეს ისეთი თაობა, რომ წარმატებას მიაღწიოს?
- ერთ ისტორიას გავიხსენებ. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი გუნდი გვყავდა "დინამოში" - მეოცე საუკუნეში შევქმენით ოცდამეერთე საუკუნის გუნდი. არ დაგვავიწყდეს, ეს რა პერიოდია. ირგვლივ ავტომატები გრიალებენ და ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ.

დავიჟინე, ამ გუნდით მოსკოვში უნდა წავიდეთ, "თანამეგობრობის თასზე" უნდა ვითამაშოთ-მეთქი. მინდოდა, მენახვებინა საფეხბურთო საზოგადოებისთვის, რა შეგვეძლო. კარგად გახსოვთ, რა თაობაც გვყავდა - ქინქლაძე, შოთა, ჯამარაული, ყაველაშვილი...

რამდენიმე გულშემატკივარმა მითხრა - რეზო, იქნებ არ ღირდეს წასვლა, ძლიერი გუნდები იქნებიან იქ, არ შერცხვეო. მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა ერთი-ორი კაცი, ვისაც არ მოსწონდა, "დინამოში" რომ ვმუშაობდი.

მათი პოზიცია ასეთი იყო: გაუშვით ძოძუაშვილი "თანამეგობრობის თასზე", იქნებ წააგოს, კისერი მოიტეხოს და მოვხსნათ მერეო... არადა, მოხდა პირიქით. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ქართული ფეხბურთი გავახსენეთ ხალხს.

რატომ მოვყევი ეს ამბავი ახლა? ჩვენ თუ ვიძახეთ, ფეხბურთელები არ გვყავს, რა გვეშველებაო, ასე არასოდეს არაფერი გამოვა. მწვანილი ხომ ყოველთვის ამოვა საქართველოში? ისე არ გამოილევა ნიჭიერი ფეხბურთელი. უბრალოდ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

მე უდიდეს პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს. თქვენ დიდებულად იცით ფეხბურთი, მაგრამ იცით თეორიულად. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთთან უნდა შევაზავოთ. თქვენ, ვთქვათ, ბევრი რამ ჩემზე კარგად იცით, მაგრამ მე შეიძლება ის ვიცოდე, როგორ უნდა ჩაუდგა მოწინააღმდეგეს ტანი ან როგორ უნდა დაარტყას ფეხბურთელმა ბურთი ზუსტად კარში...

ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ყველანაირი ცოდნა უნდა გავაერთიანოთ - ექსპერტის, მწვრთნელის, ჟურნალისტის, ფეხბურთელის...

- რას იტყვით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე?
- ჩვენ უნდა ჩავატაროთ ძალიან მკაცრი ჩემპიონატი. დიდი და დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ჩაწყობას და სხვა საშინელებებს. სადაც ეს ამბებია, იქ არ არის ფეხბურთი და ეს ყველამ იცის.

დანდობა არ უნდა იყოს ასეთ შემთხვევებში, მთელი სიმკაცრით უნდა იყოს ბრძოლა. ეს აზიანებს მთლიანად ქართულ ფეხბურთს და ისეთი საკითხია, რომ ყველა უნდა შევიკრათ.

აქვე უნდა ვთქვა იმის თაობაზეც, რომ ბრძოლა უნდა დაიწყოს ქართულ სტადიონებზე ხულიგნობის წინააღმდეგ. ძალიან არ მიყვარს, როცა ფეხბურთელი ყველანაირ ზღვარს სცდება.

ჩვენს ჩემპიონატში ხშირად ასეთი საქციელი დაუსჯელი რჩება, ასეთ დროს კი ევროთასებზე სულ სხვა მოთხოვნებია. გადიან მერე იქ ჩვენი გუნდები და ძალიან ხშირად იღებენ წითელ-ყვითელ ბარათებს.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ძლიერი ნაკრები გვყავდეს, აუცილებლად უნდა გვქონდეს ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი. ამის გარეშე ძალიან რთული იქნება. არადა, გვაქვს რესურსი საიმისოდ, რომ უკეთესი ჩემპიონატი გვქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
მახსოვს მიხიჩა რიგის სკონტოს რო ჩაუდგა სათავეში.რამოდენიმე ქართველი წაიყვანა სათამაშოდ. ერთ-ერთ ფეხბურთელს კითხეს:რო ჩახვედი რაიმე მომზადება ან კომისია გაიარეო? იმან ვაჟკაცურად მართალი პასუხი გასცა: მიხიჩას მიყვანილ ფეხბურთელს იქ არავინ სინჯვასო... ისე ხო არ გვჭირს კაცს მამა დავიწყებოდა და მამინაცვალს დასტიროდაო...
kaxa
12:56 17-02-2016
0
ჩვენ უცხოელებს მეტ პატივს ვცემთ ვიდრე ჩვენებს სანამ ამ ფსიქოლოგიით ვიცხოვრებთ არფერი გამოგვივა
guram
06:54 13-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული