"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო ამბები - ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის "დინამოს" დიდი წარმატებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს, თენგიზ სულაქველიძეს, "ლელო" ჩვენი ფეხბურთის აქტუალურ თემებზე ელაპარაკა.

სულაქველიძე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და მისი პოზიცია ამადაც მნიშვნელოვანია...

- ბატონო თენგიზ, საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არ ჰყავს მწვრთნელი. თქვენი აზრით, ფეხბურთის ფედერაციამ ამ პოსტზე ქართველი სპეციალისტი უნდა ამჯობინოს თუ უცხოელი?
- ჩემი აზრი ასეთია: საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას.

- რატომ ქართველი?
- ჩვენ გვყავდა უცხოელი სპეციალისტები
ნაკრებში. რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს, ასეულობით ბავშვთა სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ეყოფოდა.

- როგორი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს?
- ჯერ ფეხბურთელებზე ვიტყვი. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, ბოლომდე დაიხარჯონ, თავი დადონ მინდორზე. ჩვენი თაობა ისე წავიდა დიდი ფეხბურთიდან, არ ეღირსა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების დაცვა. ახლა ამ თაობას აქვს საამისოდ უნიკალური შანსი...

გაჭირვებული ხალხი ყიდულობს ბილეთს, მიდის სტადიონზე, ქომაგობს ბოლომდე და მან საპასუხოდ უნდა მიიღოს ჩვენი ფეხბურთელების თავდადება..

რაც შეეხება მწვრთნელს... ბუნებრივია, ნაკრებს მცოდნე, კომპეტენტური სპეციალისტი სჭირდება. საბჭოთა კავშირის ნაკრებში რამდენიმე სპეციალისტთან მიმუშავია. თავი არასოდეს დამიზოგავს და ასევე იყვნენ სხვებიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო, ეს კი საქართველოს ნაკრებია - ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი...

- იქნებ, ცოტა უფრო ვრცლად გვითხრათ იმ მწვრთნელებზე, ვისთანაც გიმუშავიათ საბჭოთა კავშირის ნაკრებში?
- მალოფეევთან, ბესკოვთან და ლობანოვსკისთან ვიმუშავე და უნდა გითხრათ, სამივე ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო...

- ...და თქვენში ყველაზე დიდი კვალი რომელმა მათგანმა დატოვა?
- ლობანოვსკიმ. ის დიდი მწვრთნელი იყო.

- რომელს გამოარჩევდით მისი თვისებებიდან?
- არნახული პროფესიონალი იყო. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. ნაკრებს თამაში აქვს, ესპანეთში მივფრინავთ. ვასილი რაცს, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, ერთი წუთი დააგვიანდა აეროპორტში. წარმოიდგინეთ, სულ ერთი წუთი დააგვიანა და თან საქმე ეხება ამხელა ფეხბურთელს... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნაკრები რაცის გარეშე გაფრინდა ესპანეთში...

ლობანოვსკის ჰქონდა ერთი დიდებული სამწვრთნელო თვისება - მასთან არასოდეს არაფერი დაგეკარგებოდა. არ არსებობდა გუნდში "მისიანი" და "სხვისიანი". ოღონდ გეთამაშა და... როცა ვაგებდით, არ მახსოვს, ლობანოვსკის რომელიმე ფეხბურთელისთვის დაებრალებინა მარცხი. ვაგებდით ყველა ერთად და ვიგებდით ასევე ყველა ერთად!

მაშინ საზღვარგარეთ რომ წავიდოდით, თამაშის წინა დღეს ერთი საათით შეგვეძლო გასვლა მაღაზიაში, საყიდლებზე, გარეთ ავტობუსი გველოდა. თუ იმ ერთ საათს გადააცილებდი, უნდა შეგუებოდი იმას, რომ ავტობუსი აღარ დაგხვდებოდა. რეჟიმის ოდნავ დარღვევასაც კი ვერ იტანდა.

- გამომეტყველებითაც ძალიან მკაცრი იყო...
- მე ბევრი არ მინახავს მისნაირი კარგი ადამიანი. დიდებული კაცი იყო, დიდი და ღრმა შინაგანი სამყაროთი.

- გეგულებათ დღეს ქართველი სპეციალისტი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა საქართველოს ნაკრებში?
- ჩემი აზრით, გვყავს ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო მწვრთნელები. ქართველი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს ნაკრებში და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ!

თავის დროზე, თბილისის "დინამოში" გერმან ზონინი მოიყვანეს. ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი მასზე უკეთ გააკეთებდა საქმეს, მის ხელში სულ აირია გუნდი...

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც უნდა გკითხოთ...
- მე ასე მგონია: ამ პროგრამის დამტკიცება თითოეული ჩვენგანის უდიდესი გამარჯვებაა. თავის დროზე, საბჭოთა კავშირის ხანაშიც კი არ ჰქონია ფეხბურთს ამხელა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის შედეგად ქართული ფეხბურთი სულ მალე იგრძნობს მნიშვნელოვან წინსვლას.

ერთიცაა - მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს მტკიცე საძირკველი სჭირდება. ზოგადად კი, ჩვენი ფეხბურთის მომავალს იმედით ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 61 /
lula-ს. არ გახსოვს ჭომას გოლი გაეტანოს ხომ? იმდენი.... ფეინორდთან შენ გაიტენე გოლი ხომ???? სად იბადებით ასეთი ბოღმის ბუკეტები. ეს ერთი. მეორეც. თენგიზა არ იყო იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელსაც აუცილებლად გოლის გატანა უნდა მოსთხოვო. მას სულ სხვა ამპულა ქონდა, როგორც დინამოში, ისე ნაკრებში და საუკეთესოდაც ართმევდა თავს.
kote
10:33 15-02-2016
0
თენგიზ სულაქველიძე–სუპერუნივერსალი!ფეხბურთელი,რომელიც აკმაყოფილებდა სრულიად სხვადასხვა ფილისოფიის მწვრთნელების მოთხოვნებს!უდიდესი მოცულობის ,,შავ,, სამუშაოს ასრულებდა და ამავე დროს ,,შემოქმედებაშიც,,იყო შესანიშნავი(გოლები ფეიენოორდის,ბასტიის კარებში ყველაზე ფილიგრანული ტექნიკის ფეხბურთელსაც გააოცებდა)!დღეს თენგიზ სულაქველიძე იქნებოდა ნებისმიერი ტოპ–კლუბის ძირითადის შეუცვლელი ფეხბურთელი(მასკერანო?სულაქველიძე მასკერანოს გაანგრევდა!)))
ზაზა ახალაია
11:14 15-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული